მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
19-01-2018
დაკოპირებულია
-
+
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი
ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად
სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დიდი აიაზმის წესით, ნათლისღების წინა დღე, 18
იანვარი, წყლის კურთხევის დღეა. ამ დღეს მორწმუნეები ერთდღიანი მძიმე
მარხვით აღნიშნავენ. ტაძრებში წყალი ნათლისღების დღესაც ეკურთხება.
წირვის
დასრულებამდე სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეასრულებს. უწმინდესი ახლად ნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს
ასხურებს. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. წმ.
სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის
ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით
გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი
საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ".