სიახლეები
სკოლები

„სამშობლო-საქართველოა, გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა“ - თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ სირაძე სამშობლოზე
16-01-2018
-
+


სამშობლო!

და მაინც რა არის სამშობლო ?...

კედლიდან საყვარელი მამულიშვილის პორტრეტი შემეხმიანა, რომელიც სულ მიღიმის.

პოეტის მზერამ მისეული სიტყვები შემახსენა:

„ჩემთვის სამშობლო აკაკის „განთიადია“, დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანია“,დემეტრე მეფის ,,შენ ხარ ვენახი“, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და ,,ვეფხისტყაოსანია“, ბრძოლაი საკვირველია.

როგორც ჩანს, სამშობლო ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შემიძლია“(ნ.დუმბაძე).

ახლა კი შევეცდები გავაგრძელო სამშობლოს ცნებაზე საუბარი, რომელსაც ასე მარტივად შევეჭიდე თურმე.

დიდი სიამაყის  გრძნობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემი სამშობლო-საქართველოა, გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა.

ბაგრატიონთა დინასტიიდან აღმოცენებული ყლორტი, დავითიან-სოლომონიანთა მიწა-სამშობლო.

სამშობლო ის ფენომენია, რომელიც ყველა ღირებულებაზე მაღლა დგას .

იმ აგურებით ნაშენი სახლია, რომელსაც თითოეული ადამიანი დებს ქვეყნის აღორძინებისთვის, ის საძირკველია, რომელიც ფარნავაზს ქვითკირით უშენებია.

„წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავლისა“(ილია).

სამშობლო ადგილი არ არის სადაც დავიბადე, იგი ადგილია, სადაც ჩემი ფესვები მყარადაა გართხმული.

იგი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია, დედასავით მარადიულია, უანგარო სიყვარულივითაა, უბრალოდ გვიყვარს ისე, როგორც დედა შევიყვარეთ დაბადებიდან უანგაროდ:

„როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“(რაფიელ ერისთავი).

„სამშობლო მხოლოდ მინდორი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა“(გურამ დოჩანაშვილი).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სამშობლო ჩემი გენია, ჩემი ენაა, წარსული, აწმყო და მომავალია.                                                                                                                                        

იგი ისეთივე ურღვევია, როგორც კვართი უფლისა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს მასზე უზენაესი ღირებულება, სამყაროს შემოქმედი-ყოვლაწმინდა  სამება.

          ვინ ვარ მე?

სამშობლოს ფერხულში ჩაბმულ ადამიანთაგან ერთ-ერთი სულიერი,ვისაც მისი ტკივილი და გაჭირვება გულზე დამჩნევია, დალხინება და დღესასწაული  კი-სულზე:

 „აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა,

   დაე, დაე გვძრახვონ- ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი“(ილია).

ისევ ჩემს თანამემამულეს მოვიშველებ:

„სამშობლო ტაძარია სალოცავი, მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე , მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონოს ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან’’(ნ.დუმბაძე).

მოდი და არ გაუფრთხილდე  იმ ქონებას, რომელიც ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულა , რომ ზედ ახალი ნაყოფი აღმოცენებულიყო.

ამიტომ ამ ღირსეული მიწისა და ზეცის შემყურეს გვევალება ვიყოთ ღირსეული შვილი ჩვენი მამულისა, მოვიხადოთ წმიდათაწმიდა ვალი ჩვენი ქვეყნის , მშობელი ხალხის,ზოგადად, ადამიანური ბუნებისა და საკუთარი სინდისის წინაშე.

აქტიური ცხოვრებით ვიცხოვროთ, რადგან ვისაც არ მოსწყურებია, მისთვის წყალი უბრალო სითხეა, ვისაც არ ჰყვარებია - იმას არ უმღერია;

ვისაც არ სტკენია-მას სიხარულის გაგება გაუჭირდება;

ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის.

ილიას დავიმოწმებ:

„მოქმედება და მოქმედებაა ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“.

„ჰოი, ბოროტო წარვედ ჩემგან, დღეო ნათელო, მოვედ შენ!“

              ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი.

ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა, ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს,უნდა იომოს.

ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება.

პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია.

ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა, ხელები რომ გაშალო, თავ-ბოლოს მიწვდები.

ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა  გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოქალაქე დადის და უხეში ჩექმით შენი სამშობლოს ნორჩ ბალახს თელავს, ისე უნდა გტკიოდეს, თითქოს  შენს სხეულს თელავდეს ვინმე.

სამი უმთავრესი ღირებულებაა:

,,მამული, ენა და სარწმუნოება“(ილია).

თუ ამასაც ვეღარ გავუფრთხილდებით, რაღა კაცები ვიქნებით?

სოლომონ დოდაშვილს შევეხმიანები:

,,ნუუკუე არა ვართ ჩვენ შვილნი მამა-პაპათაგანი,

ნუუკუე არ ძალგვიძს შენახვა საკუთარი მამულისა,

მაშ,რაისათვის ცოცხალ ვართ?“

და უმთავრესი:

,,ჩვენ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“(ილია).

ჩვენ ის თაობა უნდა ვიყოთ, რომლებიც არა ომით, არამედ დიპლომატიური მიგნებით შეაჩერებს მცოცავ ოკუპაციას, ყოველდღიური მედგარი ბრძოლით შევინარჩუნებთ ტრადიციებს და ღირსეულად შევეგებებით ცხოვრების ახალ გამოწვევებს.

მიღებულ განათლებას, არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ.

,,მამულისა ჩვეულებისამებრ სვლით“ შევძლებთ აღვადგინოთ დაცემული საქართველო:

,,სწავლისა  შუქით განათებული,

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით

სამშობლო მიწის სიყვარულითა“(გრ.ორბელიანი).

დაე,გვიყვარდეს ერთმანეთი , რადგან ხალხის სიყვარული სამშობლოს სიყვარულის ტოლფასია. რატომ? იმიტომ , რომ  თუ თავად ადამიანის სრულყოფს პროცესი  არ დამთავრდა , ერის სრულყოფას როგორღა შევძლებთ?

ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ფუფუნება ხომ ადამიანებთან ურთიერთობაა.

ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა... სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს:

,,შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად“(გოეთე).

                 ხელმეორედ ვეძებ პასუხს კითხვაზე :

ბოლოსდაბოლოს, რა არის სამშობლო?

მე ამაყი ვარ, რადგანაც გამაჩნია სიტყვაზე პასუხი:

სამშობლო თურმე წინაპართა გზაზე სიარულია, დიდებული წარსულია ჩემი ქვეყნისა,

ამაყი გენი და ჯიშია, ილია, ვაჟა და აკაკია...

დიდი გალაქტიონი...

მამული, ენა და სარწმუნოებაა,ჩემი ქვეყნის ვაზი, ჭურ-მარანი და  ქვევრია, კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, მშფოთვარე თერგი და არაგვი, სამშობლოსათვის შეწირული ვაჟკაცებია, ის ტკივილია, უაზროდ რომ დახოცეს ჩემი თანატოლები ერთ-ერთ სადარბაზოში...

            ამიტომ  თვალს ლურჯი ცისკენ ვაპყრობ და შევღაღადებ

უფალო, მომეცი ძალა, რომ ვიყო შენი ღირსეული შვილი, უნარი მომეცი,რომ ვთქვა მადლობა და ბოდიში, არ მოგვერიოს ამპარტავნება, გზა მანახვე, რომელიც შენამდე მომიყვანს, შემეწიე და  მაცხოვნე.

,,უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაიმკვიდროს იმ დროს მთასა წმიდასა შენსა? რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა და იტყოდის ჭეშმარიტსა“(დ.ფს.კ.||)

 დაე, არ მოშლოდეს ქართველობას ნათელი მომავლის იმედი, ამინ!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ სირაძე

ესსე, მცირე ნოველა, საკუთარი ლექსი - სამშობლოზე, ფოტოებთან ერთად გამოგვიგზავნეთ მისამართზე: etaloniganatleba@etaloni.ge 

P.S. სასურველია - საკუთარი ფოტოსთან ერთად, ოჯახის და სკოლის ფოტოებიც გამოგვიგზავნოთ. კონკურსი მთავრდება თებერვლის ბოლოს.


კომენტარები


სიახლეები
თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა 
უფასოდ იმგზავრებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები
სკოლები
ჩოხატაურის ჩაისუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ნიჭს სხვადასხვა მიმართულებით ამჟღავნებენ
საინტერესო
იაპონიის სკოლებს ახალი წევრები, ინგლისურად მოლაპარაკე რობოტები შეუერთდებიან
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
სასექტემბრო მზადება უკვე აქტიურ ფაზაში შედის და
ეტალონი
სიახლეები