სიახლეები
საინტერესო , სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლა

''სათვალის ეფექტი'' - ანუ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ტოლერანტობა
07-01-2018
-
+


ადამიანები ერთმანეთს ნაკლებად ვგავართ და შესაბამისად, მრავალი ნიშნით განვსხვავდებით.

ზოგს თეთრი კანი აქვს, ზოგის კი შედარებით მუქად გამოიყურება. ზოგს საკმაოდ ფართო თვალების ჭრილი აქვს, ზოგიერთს კი ზედმეტად წვრილი. ზოგს ძალიან გაუმართლა და ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია საკუთარი საფულის იმედად იყოს მაშინ, როცა, მის გვერდით, ვიღაც გამუდმებით ხელგაწვდილი და დახმარების მოლოდინშია. ვიღაც შვებას ქრისტეში ჰპოვებს, ვიღაც კი წმინდა ცნებებს ყურანიდან იზეპირებს. ვიღაც თავის ცხოვრებას საპირისპირო სქესს უკავშირებს და ურთიერთობას საკურთხეველთან ამყარებს, ვიღაცას კი ბედნიერებისთვის მხოლოდ მისივე სქესის წარმომადგენელი სჭირდება. ვიღაც კი სრულიად ჯანმრთელია და არასდროს არაფერი სტკენია, ვიღაც კი მუდამ  საავადმყოფოს კარებთან ათენ-აღამებს,  ან   ვიღაც ძალიან ლამაზია და ამ მხრივ თვითდაჯერებული, ვიღაც კი უბრალო კომპლიმენტს მონატრებული.

და მაინც, ყველაფრის მიუხედავად,  ერთი რამ გვაერთიანებს, ადამიანობა, რაც გვავალდებულებს გვესმოდეს, რომ შეგრძნებები თითქმის იდენტური გვაქვს, რადგან თანაბრად  გვტკივა დამცირება, გვიხარია შექება და განვიცდით უსამართლობას. ვიყოთ ერთმანეთისადმი ტოლერანტულები და პატივი ვცეთ ერთმანეთს, განსხვავებული ღირებულებებისა, თუ ფიზიკური მონაცემების  მიუხედავად,  ნიშნავს, რომ გაგვაჩნდეს მაღალი ადამიანური ფასეულობები, რომლებიც თავისთავად როდი ყალიბდებიან ადამიანის თვითშეგნებაში. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ადამიანი, ბავშვობაში წარმოადგენს სუფთა დაფას, რომელზეც დროთა განმავლობაში აღიბეჭდება მთელი მისი გააზრებული ცხოვრების კვალი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ბავშვს მაღალი ადამიანური ღირებულებების მაგალითები ხშირად ვაჩვენოთ. უნდა გვესმოდეს, რომ მასში ტოლერანტობის განცდა და სხვათა პატივისცემის უნარი, ცხოვრების სწორედ ამ ეტაპზე  უნდა  განვავითაროთ. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ არამხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ მისი ბუნების, შინაგანი სამყაროს სრულყოფაზე.

სასკოლო სივრცეში, ტოლერანტული ღირებულებების სწორად გააზრება, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის გარანტიაა. მაშინ, როცა მოსწავლეებს შეუძლიათ განსხვავებული კულტურის, რასის, სქესის, რელიგიური ხედვისა, თუ ფიზიკური ნაკლის მქონე კლასელთან  არაძალადობის გზით  ურთიერთობა, ეს უკვე  ემპათიური  უნარების გამოვლენის საუკეთესო მაგალითია. აუცილებელია მოსწავლე მივიყვანოთ იმ კონდინციამდე, რომ ადამიანებში ეძებონ სრულფასოვანი პიროვნება  და არა  რაიმე  ნიშნით  გამოკვეთილი სტატუსი. გიყვარდეს და აღიარო ადამიანი ისეთი,  როგორიც არის, ნიშნავს, რომ ცხოვრობდე  ტოლერანტული პრინციპების დაცვით.

არაემპათიური და არატოლერანტული დამოკიდებულება, განსაკუთრებულად ცუდ კვალს  მოზარდის ფსიქიკაზე ტოვებს. ამ პროცესს არ ჰყავს გამარჯვებული მხარე, რადგან ძალადობის მსხვერპლს  არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება, მოძალადე კი არასწორი ღირებულებების  მქონე პიროვნებად ყალიბდება. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე განათლების სისტემა აქტიურად მუშაობს მოსწავლეებში ტოლერანტული ცნობიერების ამაღლების კუთხით და ამ მიმართულებითპედაგოგებს უამრავ საგანმანათლებლო პროგრამას, თუ მეთოდურ ლიტერტურას სთავაზობს, პრობლემა მაინც საკმაოდ აქტუალურია. თანამედროვე სკოლებში, დღესაც  ხშირად  შეხვდებით მოსწავლეთა მხრიდან ერთმანეთის განსხვავებული ნიშნით ჩაგვრის ფაქტებს.

პედაგოგიური მოღვაწეობის მეხუთე წელს ვითვლი და ამ მცირე ხნის მანძილზე, მოსწავლეების მხრიდან, არატოლერანტული გამოვლინების არაერთი შემთხვევის მომსწრე გავმხდარვარ, თუმცა ამჟამად ყურადღებას ერთ განსაკუთრებულ შემთხვევაზე გავამახვილებ.

უბედური შემთხვევის შედეგად, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და სათვალის ტარება მოუხდა. მაშინ მე-7 კლასის მოსწავლე იყო. ცხოვრების ახალ წესთან შეგუება ძალიან გაუჭირდა და არასრულფასოვნების კომპლექსი გაუჩნდა, რამაც უარყოფითი გავლენა მის აკადემიურ მოსწრებაზეც იქონია. ხშირად შემიმჩნევია სკოლის ეზოში განმარტოებით მდგარი, თუმცა მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მისი ჩაკეტილობისა და უხასიასთობის მიზეზი, შესაძლოა მისი რამდენიმე თანაკლასელი ყოფილიყო.

პარასკევი იყო. გაკვეთილების ბოლოს, სადამრიგებლო კლას საათას ვატარებდი. თემად სწორედ ტოლერანტობა მქონდა არჩეული, რომლის ფარგლებშიც, ადამიანთა მიერ ერთმანეთის ჩაგვრის  რამდენიმე მაგალითი განვიხილეთ, მათ შორის, ფიზიკური ნაკლით გამოწვეულიც. შეხვედრა, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებმა დებატებიც კი გამართეს. შევამჩნიე, რომ სწორედ ის მოსწავლე, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა, პასიურ მდგომარეობაში ყოფნას არჩევდა და საუბარში არ ერეოდა. მას რამდენიმე კითხვაც კი დავუსი, თუმცა ძალიან მოკლე პასუხებით შემოიფარგლა და გადავწყვიტე მასთან ცალკე მესაუბრა. კლას საათი დამთავრდა და ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდით. როგორც ჩვენი საუბრიდან გაირკვა, გოგონა თანაკლასელთა მხრიდან, ყოველდღიური ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. გოგონამ აღნიშნა, რომ მას ბრუციანად და მოხუც ბებოდაც მოიხსენებდნენ. ცხადია, ვეცადე დამემშვიდებინა და დავპირდი, რომ პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დავეხმარებოდი. 

მომდევნო დღეების განმავლობაში მონიტორინგი გავამკაცრე. ვაწარმოებდი უბრალო დაკვირვებას, ვცდილობდი მოვლენები შემეფასებინა და ინტერვენციები მხოლოდ შემდეგ დამეგეგმა. აღმოვაჩინე, რომ გოგონა ნამდვილად გარიყულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თანაკლასელების მხრიდან,  მისი მისამართით ნასროლ რამდენიმე იროუნიულ რეპლიკასაც მოვკარი ყური. ჩემ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი, მის მშობელთან გასაუბრება იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი მას შემდეგ შეიცვალა, რაც სათვალის ტარება დაიწყო. ვკითხე, ხომ არ უხსენებია გოგონას მისი უხასიათობის რეალური მიზეზი, რაზეც მშობელმა განაცხადა, რომ გოგონა ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. გადავწყვიტე, აღნიშნული საკითხი მომდევნო კლას საათის შეხვედრაზე განმეხილა.  მანამ კი პრობლემის მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ მეთოდზე მეფიქრა. წავიკითხე რამდენიმე მეთოდური სტატია და ვნახე არაერთი საინტერესო ვიდეო.  ბოლოს კი მოვიფიქრე აქტივობა, რომელიც მოსწავლეებთან შეხვედრისას უნდა განმეხორციელებინა. გადავწყვიტე, რომ ეს ყოფილიყო რიგგარეშე შეხვედრა გაკვეთილების ბოლოს. ერთ-ერთ დასვენებაზე სათითაოდ შევხვდი თითოეულ  მოსწავლეს და ვთხოვე გაკვეთილების შემდეგ შემხვედროდნენ. შეხვედრის შესახებ არაფერი მითქვამს იმ მოსწავლისთვის, რომელიც ჩაგვრას განიცდიდა, რადგან,  მოსალოდნელი საუბრის თემატიკიდან გამომდინარე, გადავწყვიტე უხერხულობის მომენტი ამერიდებინა მისთვის.

შეხვედრაზე, მოსწავლეებს შეკრების მიზანი გავაცანი და პირდაპირ საქმეზე გადავედი. ერთ-ერთი მოსწავლე ვიხმე დაფასთან, ხოლო დანარჩენეს ვთხოვე დაესახელებინათ ადამიანის რამდენიმე ფიზიკური ნაკლი. კლასმა რამდენიმე მათგანს გაუსვა ხაზი და დაფასთან მდგარ მოსწავლეს ვთხოვე თითოეული მათგანი დაფაზე დაეწერა. ჩამონათვალს შორის იყო მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემაც, რაც მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.  შემდეგ  ვთხოვე კლასს, რომ  ჩამოთვლილთაგან აერჩიათ ერთი ნაკლი, რომელიც მათ გარშემო ყველაზე ხშირი და აქტუალური იყო. არ გამკვირვებია, რომ არჩევანი მხედველობის პრობლემაზე შეაჩერეს. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო და საუბარი აქტიურ ფაზაში შევიდა. 

მოსწავლეებს ვკითხე, თუ რომელი მათგანის მშობელი ატარებს სათვალეს. აღმოჩნდა, რომ ხუთი მოსწავლის მშობელს ჰქონდა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა, რის გამოც იძულეულნი იყვნენ სათვალე ეტარებინათ. ამ მოსწავლეებს შორის ორი სწორედ ის მოსწავლე აღმოჩნდა, რომელიც მათ თანაკლასელს ბრუციანს ეძახდა. გადავწყვიტე კლასის ორგანიზების ფორმა შემეცვალა. მერხები ორ მწკრივად დავაწყვეთ ისე, რომ საკლასო ოთახის ცენტრი თავისუფალი დარჩენილიყო. შემდეგ სწორედ იმ ხუთ მოსწავლეს ვთხოვე აეღოთ თავიანთი სკამები და  სწორედ ოთახის შუაგულში წრეზე დამსხდარიყვნენ, რამაც თავიდან დაბნეულობა გამოიწვია. შემდეგ მივუახლოვდი მათ და ვუთხარი, რომ კლასის შუაგულში, მათი განსხვავებულობის გამო აღმოჩნდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მეტი კონკრეტიზაცია ისურვა და განვუმარტე, რომ წრეზე სხედან იმიტომ, რომ შედარებით სუსტი გონებრივი შესაძლებლობების მქონე მშობლების შვილები არიან. როცა მათ გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ მიზანში გავარტყი. გადავწყვიტე აღებული გეზისთვის არ გადამეხია და ისინი დროებითი სიცრუის გავლენის ქვეშ, სასურველი  მიზნის მიღწევამდე მემყოფებინა. სიცრუის ფარგლებში, მათ ამერიკელი მეცნიერების მიერ დადგენილი სტატისტიკური მონაცემებიც გავაცანი, რომლის მიხედვითაც, სათვალეებიანი ადამიანები, შიგადაშიგ გონებაჩამორჩენილობის მაგალითებსაც ავლენენ, რამაც, ცხადია, მოსწავლეებში კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მეცნიერთა დასკვნებს სისულელე უწოდეს და თავიანთი მშობლების შეურაცხყოფით გამოწვეული განცდის დაფარვა სცადეს. გადავწყვიტე, რომ სიცრუის ნიღაბი ბოლომდე მომერგო. მეტი თავდაჯერებულობისთვის მათი მხარეც დავიჭირე და მეცნიერთა კვლევებში ეჭვი მეც  შევიტანე. ბოლოს ვთხოვე მოსწავლეებს, რომ თავიანთი მოსაზრებები გამოეთქვათ ამ დასკვნებთან დაკავშირებით. თითოეულმა მათგანმა მკაცრად დაგმო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მისი ნაკლი განსაზღვრავს. მკვლევართა დასკვნების უარსაყოფად, მათ იმ წარმატებულ ადამიანთა ფოტოები ვაჩვენე, რომლებიც სათვალეს ატარებდნენ, თუმცა ძალიან წარმატებულები იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მოვუყევი მათ მიღწევებზე. 

შეხვედრის დასასრულს ვკითხე მათ, თუ რამდენად სამართლიანად მიაჩნდათ ადამიანის აზროვნების სრულყოფილებაში  ეჭვის შეტანა მისი ფიზიკური ნაკლის გამო, რაზეც ერთხმად აღიარეს, რომ ერთი ხელს არ უშლის მეორეს. მივხვდი, იმდენად გულნატკენები იყნენ, რომ არცერთ მათგანს არ გახსენებია,  მათი მხრიდან თავიანთი თანაკლასელის, სწორედ ამ ნიშნით ჩაგვრის ფაქტები.მეც გადავწყვიტე გამიზნულად არ გამესვა ამისთვის ხაზი, რადგან არ მსურდა ეფიქრათ, რომ მათი ემოციები ექსპერიმენტისთვის გამოვიყენე. შეხვედრა აღელვებულ ნოტზე დასრულდა. მომდევნო დღეს,  ძალადობის მსხვერპლი გოგონა კომპიუტერულ ლაბორატორიაში შევიყვანე და ვცადე დამერწმუნებინა, რომ ფიზიკური ნაკლი სულაც არ ლახავს ადამიანის ღირსებას. ვუთხარი, რომ მოდაშიც კია მისი ტარება, რადგან თანამედროვე გაგებით, სათვალე ადამიანს გაცილებით ინტელექტუალურ იერს სძენს, რაზეც გოგონას გაეღიმა. ბოლოს კი წინა დღეს გამოყენებული ფოტოები მასაც ვაჩვენე და კიდევ ვთხოვე, რომ ამ ყველაფერზე კარგად დაფიქრებულიყო.

მომდევნო დღეებში მოვლენებს შორიდან ვაკვირდებედი და ძალიან გამიხარდა, როცა ძალადობის მსხვერპლი გოგონა, ერთ-ერთ მის თანაკლასელთან ერთად,  კომპიუტერულ ლაბორატორიაში ვიხილე. ისინი ერთ-ერთ  ვიდეოპორტალზე მუსიკალურ რგოლებს ათვალიერებდნენ. გოგონასთან პირისპირ საუბარი გადავწყვიტე, რაც გაკვეთილების ბოლოს მოვახერხე კიდეც. გამოვკითხე თანაკლასელებთან ურთიერთდამოკიდებულების დეტალები. გოგონა გამომიტყდა, რომ ბოლო სამი დღის მანძილზე, მისდამი უარყოფითმა დამოკიდებულებამ იკლო, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ შიგადაშიგ მაინც ჰქონდა ადგილი მისი მისამართით ირონიულ გამოვლინებებს. მივხვდი, რომ არსებული პროგრესი კიდევ უნდა განმემტკიცებინა. მოსწავლეებთან მომდევნო შეხვედრა ისევ დაზარალებული მოსწავლის გარეშე უნდა შედმგარიყო.

''ახალი ხედვა'' სწორედ ასე დავარქვი აქტივობას, რომელიც კლასთან  მორიგი  შეხვედრისას  გამოვიყენე.  ვიცოდი, რომ ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი და იმასაც ვგრძნობდი, რომ წინა შეხვედრაზე  განხილული, საკმაოდ მტკივნეული თემის გაგრძელება უკმაყოფილებას გამოიწვევდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი იმაშიც, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად რაიმე განსხვავებულლი სტრატეგიისთვის უნდა მიმემართა. აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთ ტრენინგზე გაგვაცნეს და გადავწყვიტე, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით, ჩემს პრაქტიკაშიც დამენერგა. აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეებში ემპათიისა და ტოლერანტული უნარების განვითარება. 

ამჯერად აქტივობაში სწორედ ის ოთხი მოსწავლე ჩავრთე, რომლებიც მათი თანაკლასელისადმი უარყოფით და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ავლენდნენ. ვთხოვე მათ დაფასთან ახლოს დამსხდარიყვნენ და ერთმანეთისთვის ხელები ჩაეჭიდათ. შემდეგ თითოეულ მათგანს სათვალე მივაწოდე და ვთხოვე გაეკეთებინათ, რამაც გარუკვევლობა გამოიწვია, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ მათზე მორიგ შეტევას ვგეგმავდი. შემდეგ ვთხოვე მათ, რომ ისევ თავიანთ ადგილებს დაბრუნებოდნენ და მთელი 45 წუთის მანძილზე ჩუმად მსხდარიყვნენ, რამაც მათში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მათი ემოციები  გამიზნულად  უგულვებელვყავი. საუბარი დანარჩენ მოსწავლეებთან განვაგრძე და მათ ექსკურიის იდეა შევთავაზე, რამაც დადებითი ემოცია გამოიწვია. ვთხოვე მათ, რომ სავარაუდო მარშრუტები დაესახალებინათ და ერთობლივად შეგვეჩერებინა არჩევანი ერთ-ერთზე. გახმოვანდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოო არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოსწავლეები თავიანთი მოსაზრებების არგუმენტირებას ცდილობდნენ. 

ვამჩნევდი, რომ ჩუმად მსხდომ ოთხ მოსწავლეს ბრაზი ახრჩობდა და ერთ-ერთმა მათგანმა მისი იდეაც კი გაახმოვანა, თუმცა მას შევახსენე, რომ ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდა. კითხვაზე, თუ რა იყო მათი გაჩუმების მიზეზი, ისევ სიცრუის მეთოდიდან გამომდინარე ვუპასუხე და განვუმარტე, რომ ერთ-ერთი მკვლევარის თანახმად, სათვალეებიან ადამიანებს არ აქვთ უფლება ჩერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან კვლევებზე დაყრდნობით, მათ არ გააჩნიათ არგუმენტაციის უნარი. ჩემმა პასუხმა მოსწავლეების უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზრდა და  აღნიშნეს, რომ მსგავსი კვლევების ჭეშმარიტებას არასდროს დაიჯერებენ. კითხვაზე, თუ რამდენად ლახავს ამგვარი მიდგომა სათვალეებიანი ადამიანების უფლებებს, ცალსახა პასუხები მივიღე. ერთხმად აღიარეს, რომ ამგვარი მიდგომა შეურაცხმყოფელია და ფეხქვეშ თელავს ამ ადამიანთა უფლებებს. მათი პასუხები ყურადღებით მოვისმიინე და არარეალური მკვლევრის დასკვნა მეც ეჭვქვეს დავაყენე. შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სათვალეები მოვახსნევინე და ვთხოვე ექსკურსიასთან დაკავშირებულ საუბარში ჩართულიყვნენ. საბოლოო გადაწყვეტილებაც ერთობლივად მივიღეთ. შეხედრის ბოლოს მოსწავლეებს ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი დავინტერესებულიყავი მათი სათვალებიანი თანათოლის აზრით ექსკურსიასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ სათვალებიანის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით არალოგიკური იქნებოდა. გავოცდი, როცა ერთ-ერთმა ყოფილმა ''სათვალებიანმა'' განაცახადა, რომ სასურველი იქნებოდა მისი აზრიც მოგვესმინა იმ მოტივით, რომ შესაძლოა, უკეთესი ვარიანტი შემოეთავაზებინა. შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.

ექსკურსია ერთ კვირაში, ერთ-ერთ ისტორიულ მხარეში მოვაწყვეთ. დღე საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები შევთავაზე. ვთხოვე მათ, რომ გაეხსენებინათ ქართული, ტრადიციული, ფოლკლორული სიღერები და ბუნების წიაღში შეესრულებინათ. გავაცანი მათ ძველი თამაში ''დროშის გადატანა'' და ვთხოვე ეთამაშათ ის. გავყავი მოსწავლეები ორ ჯგუფად. სათვალებიანი მოსწავლე სწორედ იმ  ბავშვებთან დავაწყვილე, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. თამაში ძალიან მოეწონათ და ძალიან ისიამოვნეს. ვაკვირდებოდი მათ დამოკიდებულებას ერთმანეთისადმი და დავრწმუნდი, რომ ჩემმა ექსპერიმენტებმა სასურველი შედეგი გამოიღეს. დღეს გოგონა ისევ სათვალეს ატარებს, მაგრამ თანაკლასელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

როგორც ვხედავთ, მოზარდების მხრიდან ერთამენთისადმი არატოლერანტული დამოკიდებულების ფაქტები, სხვადასხვა მოტივითა და ფორმით ვლინდება, რომლის მთავარი მიზეზიც იმ სოციალურ უნარ-ჩვევეთა ნაკლებობაა, რომლებიც ადამიანთა შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობას განაპირობებენ. გამომდინარე აქედან, თითოეული პედაგოგის ვალია, კარგად შეისწავლოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური თავისებურებები, იკვლიოს და გაიაზროს მათი პიროვნული დამოკიდებულებები, თუ შეხედულებები. მან უნდა იზრუნოს არამარტო იმაზე, რომ მოსწავლის აკადემიური შედეგი გააუმჯობესოს და რაც შეიძლება მეტი ფაქტობრივი ცოდნა გადასცეს, არამედ ხელი უნდა შეუწყოს მასში მოაზროვნე და ჰუმანური პიროვნების ჩამოყალიბებას. ის უნდა ეცადოს მოსწავლეებში სიყვარულის მარცვალი გააღვივოს, რათა ხელი შეუშალოს მასში ანტისაზოგადოებრივი მიდრეკილებების გაღვივებას. აუცილებელია, მოსწავლე გავათავისუფლოთ ეგოცენტრული აზროვნებისგან და ვაჩვენოთ, რომ ადამიანები სხვანაირადაც და ზოგ შემთხვევაში მათზე უკეთაც ფიქრობენ. მოსწავლეებში ტოლერანტული უნარ-ჩვევების გაღვივებას ადვილად შეძლებთ, თუ:

●  პატივს სცემთ მათ, თუნდაც მიუღებელ აზრს.

● არატოლერანტულ გამოვლინებებს ჩავახშობთ არა პირადი ინტერესების კარნახით, არამედ არგუმენტირებული მაგალითების მოშველიებით.

● ხშირად მიმართავთ როლურ თამაშებს ემპათიის უნარის განვითარების მიზნით. სთხოვთ მოსწავლეებს ხშირად ისაუბრონ განცდებზე,  ან შეაფასონ მოვლენები მსხვერპლის პოზიციიდან.

● აჩვენებთ ისეთ ვიდეორგოლებს, რომლებიც სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარებათ.

● საკუთარ თავზე გამოაცდევინებთ მოსწავლეს იმ განცდას, რომელსაც  არატოლერანტული დამოკიდებულება იწვევს ადამიანში.

● დაარწმუნებთ მოსწავლეს იმაში, რომ ღვთის წინაშე ყველა თანაბარია და რომ ადამიანებს იდენტური განცდები გააჩნიათ.

და ბოლოს. თუკი პედაგოგი თავადვე ირწმუნებს იმას, რომ მონდომების შემთხვევაში, აუცილებლად შეძლებს მოსწავლის მსოფლმხედველობიდან განდევნოს ყოველგვარი ანტისაზოგადოებრივი გამოვლინება, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის თავისუფლად შეძლებს ღირსეული, კაცთმოყვარე და ჰუმანური პრინციპების მქონე პიროვნების აღზრდას, რომელიც ადამიანში, პირველ რიგში, პიროვნების დანახვას ეცდება. 

ავტორი - სეფიეთის სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბიჭიკო ოჩიგავა


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
 ნებისმიერ მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, ამიტომ პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზის დადგენა და მისი მოგვარება
ის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობს, რითაც სასწავლო პროცესს მეტად ამრავალფეროვნებს
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება