სიახლეები
სიახლეები

რა სჭირდებათ მასწავლებლებს პროფესიული ზრდისთვის? -„პედაგოგები ტრენინგებით დიდ ცოდნას იღებენ“ 
22-08-2019
-
+


„ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს, კალამს მსოფლიოს შეცვლა შეუძლია“. მასწავლებლობა ერთ-ერთი უძველესი პროფესიაა. ამ საქმის დაუფლება კი ძალიან შრომატევადია და სათანადო მომზადებას მოითხოვს.

რა საშუალებით არის შესაძლებელი პედაგოგთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა? - ამ საკითზე სასაუბროდ etaloni.ge სკოლის პედაგოგებს ესაუბრა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი - ლალი მარგიანი:

„ძალიან ბევრი ტრენინგი მაქვს გავლილი და შემიძლია საკუთარი მაგალითებიდან გამომდინარე აღვნიშნო, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგა. მუდმივად თვალს ვადევნებ ჩემი კოლეგების საქმიანობებს, რაც დიდი პრიორიტეტია ჩემთვის, თუმცა  მხოლოდ ტრენინგებით მასწავლებლები ვერაფერს მიაღწევენ, მათ პირველ რიგში, შინაგანი სურვილი და მოტივაცია უნდა გააჩნდეთ, რომ განვითარდნენ. კარგად არის ნათქვამი „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია“. პირადად მე „მასწავლებლის სახლის“ მიერ გამოცხადებული ყველა ტრენინგი გავლილი მაქვს და შედეგითაც კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, ვფიქრობ, აღნიშნული გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგი, რომელიც ერთ კრედიტსაც ვერ მიიღებს თავისი საგნის გამოცდაზე, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძიოს. ვფიქრობ, შანს, რომელსაც გაძლევენ, უნდა გამოიყენო და ეცადო ღირსეულად ატარო პედაგოგის სახელი. მასწავლებელი ვალდებულია მუდმივად ფიქრობდეს პროფესიულ განვითარებაზე, რადგან მოსწავლეებს სიახლეები სჭირდებათ“.

მარნეულის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი - ზვიად გიორგაძე:

„ვფიქრობ, პროფესიული განვითარებისთვის ყველაზე მეტად მასწავლებლის პროფესიული უნარების ტრენინგები გვეხმარება. პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდები, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი არ არის“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაჯლოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი - ასმათ ცირდავა:

„მე აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ქართული ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ჩვენი სკოლის აზერბაიჯანელი პედაგოგები ხშირად მონაწილეობენ მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ტრენინგებზე და აღნიშნული ტრენინგებით დიდ ცოდნას იღებენ. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, მასწავლებელი ვალდებულია საგნის კომპეტენცია გამოცდებით დაადასტუროს. ჩვენი სკოლის აზერბაიჯანელი  პედაგოგები საგნის გამოცდას თავიანთ ენაზე აბარებენ, თუმცა პროფესიული უნარების ჩაბარება ქართულ ენაზე ხდება, რის გამოც მასწავლებლებს გამოცდების ჩაბარება ძალიან უჭირთ“.

დმანისის მუნიციპალიტეტის ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის პედაგოგი - ლელა სკანდაროვა:

„ვფიქრობ, პედაგოგებს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მეტად პროფესიული ტრენინგები ადგებათ. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, არაქართულენოვან პედაგოგებს ძალიან უჭირთ პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარება. ამიტომ, ჩემი აზრით, მათთვის ტრენინგებზე სიარული უფრო მნიშვნელოვანია“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზაკის საჯარო სკოლის პედაგოგი - ცაულინა მალაზონია:

„რეგიონში ვმუშაობ და ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია აღვნიშნო, რომ ბევრჯერ დავრეგისტრირდი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებზე, თუმცა ჯერ არავინ დამკავშირებია. როგორც ჩანს, ტრენინგების თვალსაზრისით, პრიორიტეტი უფრო მეტად ქალაქის სკოლებია. ჩვენ იმისთვისაც მზად ვართ, რომ თბილისში გავიაროთ ტრენინგები, მაგრამ არავინ გვიკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი პედაგოგი ვხდები, მაინც მჭირდება პროფესიული განვითარება. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, აღნიშნული გამოცდები 2012 წელს ჩავაბარე. ვფიქრობ, გამოცდებისთვის მზადების პროცესი და თვითონ გამოცდებიც მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგი - ცირა კახაძე:

„პროფესიული ტრენინგები ძალიან გვეხმარება ახალი სწავლის მეთოდების უნარების განვითარებაში, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობაში, ახალი ინოვაციური მეთოდების დანერგვაში. მე მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები გავიარე, აღნიშნულმა ტრენინგებმა ბევრი რამ მასწავლა, რაც ძალიან გამომადგა პრაქტიკაში. რაც შეეხება გამოცდებს, ვფიქრობ, ეს გამოცდები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პედაგოგებს მოდუნების საშუალებას არ აძლევთ, გამოცდების საშუალებით, პედაგოგები ცდილობენ ახლის სწავლასა და გაკეთებას, თუმცა ჩემთვის დაწყებითი კლასების სერტიფიცირების გამოცდები უფრო რთულია, ვიდრე მაღალი კლასების გამოცდები“.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლის პედაგოგი - შორენა ვარაზაშვილი:

„ძალიან მომწონს ახალი სკოლის მოდელი და ვფიქრობ, აღნიშნული მოდელი ყველა სკოლაში უნდა დაინერგოს. მიმაჩნია, რომ ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ახალი მეთოდოლოგიითა და მიდგომებით სწავლება. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებს, ჩემი აზრით, აღნიშნული გამოცდები ახალი პროგრამებითა და მეთოდოლოგიით ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან ის პედაგოგებს მოდუნების საშუალებას არ აძლევთ და გარკვეულწილად, მონიტორინგის საშუალებასაც იძლევა“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ძმუისის საჯარო სკოლის პედაგოგი - ეკატერინე ხარატიშვილი:

„საგნობრივი ტრენინგები ჩემი აზრით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდები მასწავლებელთა ცოდნის შემოწმებისთვის აუცილებელია. მე გავიარე აღნიშნული გამოცდები, ტრენინგებზეც ხშირად დავდივარ და ყველა ახალი ინფორმაცია საინტერესოა ჩემთვის. რაც შეეხება პედაგოგთა სერტიფიცირების გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს, ვფიქრობ, ეს ტრენინგები მრავლისმომცველია და სიახლეების შესწავლის საშუალებას იძლევა. პირადად მე, ტრენინგებზე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ძალიან მადგება“.

დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგი - ნატა კვარაცხელია:

„მიმაჩნია, რომ მასწავლებელთა პროფესიული ტრენინგები პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა თუ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა მასწავლებელმა გაკვეთილზე ვერ გამოიყენა, ყველაფერს აზრი ეკარგება. პირადად მე, ყველა გავლილი ტრენინგი ძალიან მადგება პროფესიულ ზრდასა და პრაქტიკაში გამოყენებაში, თუმცა აღნიშნული ტრენინგები გათვლილია დიდკონტიგენტიანი სკოლებისთვის. ამიტომ, ბევრჯერ ვთხოვეთ ტრენერებს, რომ მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც დაეხმარონ იმ მეთოდების დანერგვაში, რომლებიც მათ სწავლებაში დაეხმარებათ“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კლუბის წევრი მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად, იმყოფებოდნენ მასწავლებლის სახლში
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება