სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

მამა სერაფიმე: „უფალს შევპირდი, რომ მის გზას დავადგებოდი. დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას...“
11-08-2019
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში მოღვაწე მოძღვარი, მამა სერაფიმე ბით-ხარიბი, რომელიც წარმოშობით ასირიელი გახლავთ და ქრისტეს ენაზე გალობით გაითქვა სახელი, ბავშვობაში ზოგ მასწავლებელს უჯანყდებოდა და მათ გაკვეთილზე აღარ შედიოდა.

მამა სერაფიმე ბავშვობაში თბილისში ცხოვრობდა. მერე, ოჯახური პირობების გამო, ციმბირში მოუწია წასვლა და სკოლაც იქ დაამთავრა. გარკვეული პერიოდი უკრაინაში ცხოვრობდა, სადაც ტაიკვანდოში სპორტის ოსტატიც გახდა, მაგრამ ბოლოს გულმა საქართველოში და იმ ადგილას გამოუწია, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობენ. ასურელების ქანდაში ჩამოსახლება მათი პირველი გენოციდის შემდეგ, 1833 წლიდან დაუწყიათ. ისინი  ძირითადად ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან  და სირიიდან გადმოსახლებულან. ამჟამად  სოფელში 2000-ზე მეტი ასურელი ცხოვრობს. ოჯახების უმეტესობა შერეულია და ისინი ქართულად და ასურულად საუბრობენ.  მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება. 

მამა სერაფიმე ბავშვობიდან მღერის.  ერთი პერიოდი საესტრადო სიმღერებს მღეროდა. უკვე სასულიერო პირი იყო, არამეულ ენაზე გალობა რომ შექმნა. მან „ეტალონს“ საკუთარ ბავშვობაზე უამბო და ქრისტეს ენაზე გალობის შექმნის ამბავი მოუყვა.

მახსოვს, ბაღის გამოსაშვები საღამოსთვის ფოტოს გადაღება უნდოდათ ჩემთვის და მე არაფრით ვთანხმდებოდი. მასწავლებელმა შემოიტანა დიდი ბურთი და შემპირდა, ამ ბურთს გაჩუქებ, ოღონდ სურათი გადაიღეო. დავთანხმდი და გადავიღე.

სკოლაში სწავლის დასაწყისი პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო. 7 წლის ასაკში ბეტონის ამრევ მანქანაში ჩაავვარდი და 2 წელი საერთოდ არ ავმდგარვარ ფეხზე. მერე რაღაც ექსპერიმენტალური აპარატი მეკეთა და იმით დავდიოდი სკოლაში.

- ბეტონის ამრევ მანქანაში როგორ ჩავარდით, ძალიან ცელქი იყავით?

- კი, ძალიან ცელქი ვიყავი. გარეთ ვთამაშობდით ბავშვები. მუხიანში ხდებოდა ეს ამბავი - პირველი მიკრორაიონის მე-9 კორპუსს აშენებდნენ. ეს კარგად მახსოვს. პატარა მანქანა მქონდა და ის ჩამივარდა იმ ბეტონის მანქანაში. ხელი ჩავყავი, ამ დროს ჩაირთო და ბეტონთან ერთად დამატრიალა... ორი წლის მერე დავდექი ფეხზე. ხელი ისეთ დღეში მქონდა, მხოლოდ იმ ხელზე 11 ოპერაცია დამჭირდა. ფეხიც საშინლად მქონდა...

- სკოლაში სწავლობდით, როცა ეს ამბავი მოხდა?

- დიახ, მეორე კლასში უნდა გადავსულიყავი. დაწყებით კლასში გვასწავლიდა ინგა შოთაევნა. კომუნისტების დროს ვსწავლობდი და მაშინ სახელითა და მამის სახელით მივმართავდით მასწავლებლებს. ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო და ყველანაირად გვერდით დამიდგა. მოდიოდა, მასწავლიდა... მისი წყალობით, სასწავლო წელი არ გამიცდა და მადლობელი ვარ ღმერთისა, რომ ასეთი მასწავლებელი მყავდა. ძალიან ბევრი რამაა და დამოკიდებული მასწავლებლებზე.

მე-5 კლასში უფრო თამამი გავხდი და დამჯერი აღარ ვიყავი. სულ ვჩხუბობდი, შარიანი გახლდით, მაგრამ მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი. რომელი მასწავლებელიც არ მიყვარდა, მის გაკვეთილზე არც შევდიოდი. მე-8 კლასში ფიზიკის მასწავლებელმა ჩემი გარიცხვა მოითხოვა სკოლიდან - არც ერთხელ შემოსულა ჩემს გაკვეთილზეო. გადაირია ქიმიის მასწავლებელი, თქვენთან შეიძლება არ დადის, მაგრამ მე 5-იანს ვუწერო. იგივე თქვა ლიტერატურის მასწავლებელმა. რომელი მასწავლებელიც მიყვარდა, მათ საგანს ვსწავლობდი. ბოლოს, ფიზიკაში გამოცდა ჩავაბარე და ისე გადავედი მომდევნო კლასში. თან ჩემი მოთხოვნა იყო, რომ სხვა მასწავლებლისთვის ჩამებარებინა გამოცდა და არა იმისთვის, ვის გაკვეთილზეც არ დავდიოდი. ამის მერე, რუსეთში, ციმბირში გადავიდა ჩემი ოჯახი და იქ ვსწავლობდი. დღემდე მიყვარს ჩემი 175-ე სკოლა. მივდივარ ხოლმე. ჩემი ალგებრისა და გეომეტრიის და კიდევ სხვა საგნების მასწავლებლები ჩამოდიან ხშირად ჩემთან, მონასტერში. ძალიან მიყვარდა ალგებრა, რადგან უნიკალური მასწავლებელო გვყავდა - ქალბატონი ლიდა. მკაცრი იყო, მაგრამ მთელ კლასს მაინც სასწაულად გვიყვარდა.

- როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვს უყვარდეს? ან, ფიზიკის მასწავლებლის მიმართ თქვენს პროტესტს რა იწვევდა?

- ფიზიკის მასწავლებელს ერთხელ ეგონა, რომ მე ვლაპარაკობდი და სახაზავი ჩამარტყა თავში. ეს ფაქტი იმდენად შემზარავი იყო... არასდროს არავის ვუცემივარ მანამდე და ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი... ალბათ ამპარტავანიც ვიყავი მაშინ, მაგრამ მას მერე  მის გაკვეთილზე აღარ შევსულვარ. ახალგაზრდა იყო და ალბათ პრაქტიკაც აკლდა.

ქალბატონი მანანა გიორგევნა, ლიტერატურის მასწავლებელი გვიყვარდა ყველას, რადგან, მაგალითად, როცა ლექსს ვყვებოდით, გვეუბნებოდა, მხოლოდ ზეპირად ნუ ამბობთ, შეიგრძენით, იმ ლექსში იცხოვრეთო... ყველაფერს ისე მხატვრულად და ლამაზად აკეთებდა, თეატრი გეგონებოდათ მისი გაკვეთილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას ისე ყვებოდა, აშკარად განიცდიდა. მეგობარი იყო ჩვენი. სხვა მასწავლებლებიც ტკბილად მახსენდება. ვენერა ვლადიმეროვნა იყო მერე ჩვენი დამრიგებელი და თან შრომას გვასწავლიდა. თუ დირექტორთან დამიბარებდნენ, შემომყვებოდა და ეუბნებოდა, გავითავალისწინოთ, რომ ბავშვს ესა და ეს პრობლემა აქვსო. ასევე იქცეოდა ჩემს მშობლებთან - დედაჩემი რომ ბრაზდებოდა, ეუბნებოდა, ქალბატონო მაია, ძალიან გთხოვთ, არ ეჩხუბოთო. 

სკოლა მეორე სახლია ბავშვისთვის. დილის 9-ზე უკვე იქ ხარ და 2-3 საათამდე რჩები. ხანდახან 4 საათამდე გვიწევდა ყოფნა, რადგან, თუ რამეს ვერ გავიგებდით, მასწავლებელი რჩებოდა ჩვენთან ერთად და გვამეცადინებდა. ბავშვებს სულ ვეუბნები, სკოლა თქვენი მეორე სახლია და როგორც ოჯახში გასწავლიან ზნეობას, სკოლამაც უნდა ჩაგიტაროს მორალური ცხოვრების გაკვეთილები-მეთქი. 12 წელი სწავლობ იქ და სახლია აბა რა არის?! ყველა ბავშვს მოვუწოდებ, ვურჩევ, რომ ეს ცხოვრების ყველაზე ლამაზი წლები იმდენად სასიკეთოდ გამოიყენონ, რომ, საბოლოოდ, საქართველოს ეამაყებოდეს ისინი. ღვთის წყალობა ყველა ჩვენგანშია. ბავშვი კი სუფთა და სპეტაკია. პატარა რომ ვიყავი და 2-იანი მივიღე, დედაჩემმა იტირა. ეს რომ დავინახე, მას მერე დავიწყე სწავლა, რომ დედაჩემის გული გამეხარებინა. ბავშვებს მიზნად უნდა ჰქონდეთ, რომ გული გაუხარონ მშობლებსა და მასწავლებლებს და ისევ მათ გამოადგებათ ეს ყველაფერი.

- მამაო, ციმბირში წასვლა რატომ მოგიწიათ?

- ეს 90-იანი წლები იყო და ცხოვრება რთული გახლდათ. სურსათსაც ვერ ვყიდულობდით... როგორც ყველა ასურელი, მამაჩემიც ხელოსანი კაცი იყო. მას ციმბირიდან სამსახურის შემოთავაზება ჰქონდა და იქ გადავედით. გაჭირვებამ წაგვიყვანა. იქ დავამთავრე სკოლა და რომ დავბრუნდი, საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე.

- ბავშვობიდან მღეროდით?

- დიახ, ვცდილობდი... ორი ვოკალის მასწავლებელი მყავდა - ლალი ნიკოლაძე და ალი მხეიძე. ბადრი ასათიანი სწავლობდა ამ სასწავლებელში. დღეს ის რეჟისორია. მას დავეხმარე, რაღაც წავიმღერე  და ამ დროს  ლალიმ იყვირა, ალი, შეხედე, რა მასალა აქვს ამ ბავშვსო. მეხვეწებოდნენ, თუ გინდა ნუ ივლი, ოღონდ გამოცდები ჩააბარეო. იშვიათად მივდიოდი სასწავლებელში...

სპორტით ვიყავი დაკავებული - ტაიკვანდო იტეეფში ვვარჯიშობდი და სპორტის ოსტატიც გავხდი. საქართველოში ოთხგზის ჩემპიონი რომ გავხდი, უკრაინაში წავედი და იქ დავიწყე ამ დარგში მუშაობა. დღესაც ჩამოდიან ჩემთან ის სპორტსმენები, ვინც ჩემთან ერთად ვარჯიშობდა.

- ესტრადაზეც მღეროდით...  მაშინ არამეული გალობის შესახებ უკვე იცოდით?

- არა, მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ქართულ-არამეული სიმღერა სცენაზე. ქართულად იწყებოდა და არამეულში გადადიოდა. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. ჩვეულებრივი, საესტრადო სიმღერა იყო.  მხოლოდ ერთხელ ვიმღერე ბესო კალანდაძის „ტირიფები“. სხვა დროს მხოლოდ იმას ვმღეროდი, რასაც მე თვითონ ვწერდი. მხოლოდ ჩემი და ჩემი დის დაწერილ სიტყვებზე და მუსიკაზე ვმღეროდი.

- გალობა როდიდან დაიწყეთ?

- უეცრად. 2013 წლის იანვრის დასაწყისი იყო. უკვე სასულიერო პირი ვიყავი. სეფისკვერებზე გავუშვი ჩემი მრევლი და გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ვტრაპეზობდით. რა გჭირს შვილო-მეთქი, ვკითხე. რაღა რა მჭირს მამაო, სეფისკვერებზე რომ ვიყავი იკითხეს სადაა ძველ ქანდაში ქრისტიანული ტაძარი, მანდ თათრები არ ცხოვრობენო. ვუთხარი, დამშვიდდი შვილო, არ ინერვიულო, ისეთ გალობას დავწერ, მთელი მსოფლიო გაგვიცნობს-მეთქი. ეს სიტყვები ისე, წამომცდასავით, არც მიმიქცევია ყურადღება. ტრაპეზს რომ მოვრჩით, თავისთავად, გულში დავიწყე გალობა. მერე თითქოს ხმებში დავალაგე. დავუძახე მგალობლებს და... 2013 წლის შობის ღამეს, 7 იანვარს პირველად ვიგალობეთ არამეულ ენაზე და ეს გალობა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა მართლმადიდებლურ სამყაროში.

ქანდაში  2000 ასურელი ცხოვრობს, თუმცა დედები უმეტესობას ქართველები გვაყავს. ბევრი მთიული ქალია ჩვენს სოფელში გამოთხოვილი, სვანებიც... განათლების სამინისტრომ ახლა უკვე დაგვინიშნა არამეულის გაკვეთილი. ვერ გადახვალ მე-7 თუ მე-8 კლასში, თუ არამეული არ ჩააბარე.

- მამა სერაფიმე, მღეროდით, სპორტით იყავით დაკავებული... სასულიერო ცხოვრების გზას როგორ დაადექით?

- მადლობა ღმერთს, მონასტერში რომ წამოვედი. უფალს შევპირდი და ღვთის წყალობით შევასრულე. უფალს რომ შევპირდი, მის გზას დავადგებოდი, დიდხანს გავურბოდი ამ დაპირებას, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ეს გადაწყვეტილება მივიღე.

- დღესაც წერთ საგალობლებს?

- რა თქმა უნდა! მსოფლიომ გავიცნო. ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყანაში და მუსიკის საღამოებს ვატარებთ. ვიყავით კვიპროსზე, იტალიაში, შვედეთში... პოლონეთში და კანადაში ახლა მივდივართ.

- როგორ აღიქვამენ ქრისტეს ენაზე გალობას?

- სტოკჰოლმში ოფიციალურად მიგვიპატიჟა საქართველოს ელჩმა შვედეთში, ბატონმა მალხაზ კაკაბაძემ. რაღაც ფესტივალი ტარდებოდა და უნდოდა, ჩვენს შესახებაც გაეგო მსმენელს. ამ ფესტივალს ესწრებოდნენ შვედეთის მეფე და დედოფალი. რომ მოვრჩი გალობას, ერთი წუთის განმავლობაში არავინ უკრავდა ტაშს. ვიფიქრე, მორჩა, არ მიგვიღო ხალხმა-მეთქი. თურმე ყველა ელოდებოდა, როდის ექნებოდათ რეაქცია მეფესა და დედოფალს. ისინი ფეხზე ადგნენ და ისე დაგვიკრეს ტაში. ამის მერე ტაში აღარ ჩერდებოდა. დედოფლის ცრემლები რომ დავინახე... ეს უსაზღვრო ემოცია იყო.


კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება