სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

როგორ მოვიქცეთ, თუ ფუტკარმა ან კრაზანამ დაგვკბინა და რა დროს არის მოსალოდნელი სავალალო შედეგი მწერის ნაკბენისას - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები 
10-08-2019
-
+


ფუტკრის, კრაზანის თუ ბზიკის ნაკბენი ხშირად ალერგიულ შოკს იწვევს, რაც შესაძლოა სიკვდილითაც დამთავრდეს და ამის მაგალითები ჩვენს ქვეყანაში ზაფხულის დადგომისთანავე დაფიქსირდა. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ არსებობს საშუალებები, რითიც შეგვიძლია სიცოცხლე მწერის ნაკბენს არ შევწიროთ.

რა დროს მთავრდება სიკვდილით მწერის ნაკბენი, როგორ მოვიქცეთ მწერებთან და რა ვატაროთ თან, რომ სავალალო შედეგი თავიდან ავიცილოთ? ამ და სხვა კითხვებზე ბიძინა კულუმბეგოვმა გვიპასუხა.

- ზაფხულის პერიოდი გამოირჩევა ინსექტური ალერგიით, რომელიც მწერების ნაკბენის მიმართ ალერგიას ნიშნავს. ინსექტური ალერგია ახასიათებს ისეთი მწერების ნაკბენს, როგორიც არის ფუტკარი, ბზიკი, ნესტრიანი ჭიანჭველა და კრაზანა. ყველაზე გავრცელებული, რომელსაც ძლიერი ალერგია ახლავს, გახლავთ ფუტკრის ნაკბენი. ფუტკარი  არის კეთილი მწერი, რომელიც არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს თავს დაესხას. მას აქვს თავისი საქმე - დღეში რამოდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროს, რომ თავისი სამუშაო შეასრულოს. თუ ფუტკარმა არ იგრძნო ჩვენგან აგრესია, ფეხი თუ არ დავაბიჯეთ, თავს თუ არ დავესხით, ის ადამიანს არ ავნებს. იმ შემთხვევაში, თუ ფუტკარმა ჩვენ აღგვიქვა, როგორც საფრთხე და გვიკბინა, ესე იგი, მისი ნესტარი, რომელიც ჩვენს კანში მოხვდა, მოსცილდა და ის მოკვდა.  ნესტარი რჩება იმ ადგილას, სადაც ნაკბენია და იქიდან ფუტკრის შხამი ჩვენს სხეულში ვრცელდება. ამ დროს, კბენიდან დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში, რაიმე ბასრი საგნის წრიული მოძრაობით უნდა ამოვაგდოთ ის ნესტარი, რადგან, სხვა შემთხვევაში, შხამის გავრცელება კიდევ უფრო გაიზრდება და ასევე, - გაიზრდება ალერგიის განვითარების რისკიც. ასე რომ, ნესტარის მოცილება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. როდესაც ნესტარი ამოვარდება, იმ ადგილას რაიმე ცივი უნდა დავიდოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ასევე, თუ იმ ბასრი საგნით კანი დავაზიანეთ, აუცილებელია ის ადგილი საპნით ჩამოვიბანოთ, რომ ინფექცია არ შეიჭრას სხეულში, არ გვაქვს გარანტია, რომ ჩვენს ხელთ იმ მომენტში სუფთა დანა მოხვდება.   

რაც შეეხება კრაზანას, მას უფრო მეტი აგრესია ახასიათებს. ის ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ ზამთრის  გასატარებლად და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. ეს არის ხილი, სხვადასხვა სასმელი... როდესაც ვტოვებთ ხილის ნარჩენს, ტკბილსასმელიან ბოთლებს და ა.შ. ბზიკი და კრაზანა უფრო მეტი მოდის ჩვენსკენ. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კრაზანას შეუძლია გვიკბინოს, შხამი ჩატოვოს ჩვენს ორგანიზმში, ანუ დაგვნესტროს და გააგრძელოს ცხოვრება. მრავალჯერად შეიძლება გვიკბინოს ერთმა ბზიკმა და კრაზანამ, რადგან მათ არ სცილდებათ ნესტარი და ამით განსხვავდება კრაზანასა და ბზიკის ნაკბენი ფუტკრისგან.

- როგორც უნდა მივხვდეთ,  რომ რომელიმე მწერების ნაკბენზე ალერგია გვაქვს?

- ნორმალურია, როცა მცირე ლოკალური რეაქცია აქვს ჩვენს კანს - ოდნავ წითლდება ნაკბენი ადგილი. ეს შეიძლება იყოს 3 ან 8 მილიმეტრი. ანუ, თუ სიწითლე დიდად არ გასცილდა ნაკბენ უბანს, ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა ტოქსინის შეყვანაზე და არ ნიშნავს, რომ ალერგია გვაქვს. თუ მაგალითად, კიდურზე გვიკბინა და რამოდენიმე წუთის მერე მთელი ხელი მოიცვა სიწითლემ, ვგრძნობთ, რომ მოძრაობს ეს შეშუპდა და თვალსა და ხელს შუა დიდდება, ამას უკვე სერიოზული ალერგიული რეაქცია ჰქვია და სწრაფ და დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

გენერალიზებული რეაქციების, ანაფილაქსიური შოკის რისკი ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს აქვთ. ის ადამიანთა პოპულაციის 0,5%-ს არ აღემატება. 1 000-დან 5-ს თუ დაემართება გენერალიზებული რეაქციის რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ ერთდროულად ბევრმა მწერმა გვიკბინა. ამ დროს ადამიანს ნაკბენიდან რამდენიმე წუთში შეიძლება დაეწყოს მთელი სხეულის ქავილი. ასევე იწყება სხეულის ნებისმიერ, ნაკბენისგან მოცილებულ უბანზე ჭინჭრის ციება ანუ გამონაყარი, მთელი სხეულის კანზე სრული, გენერალიზებული გაწითლება მიდის... ამავე დროს შეიძლება პაციენტმა იგრძნოს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, მუცლის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება, გაუძლიერდეს გულისცემა, ანუ გული აუფრიალდეს. შესაძლოა ასევე, რომ ამ მოვლენებისა და წნევის ვარდნის გამო, ადამიანს გონებაც დაეკარგოს. ეს არის ანაფილაქსიური შოკი.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?

- ყველას, ვინც ქალაქიდან გასვლას გეგმავს, სადაც მაღალი ალბათობაა მწერებთან შეხვედრისა, ვურჩევ, მომზადებული იყოს. ყველამ უნდა შეეცადოს, ექიმს ჰკითხოს, რა წამალი წაიღოს და რა დოზით გამოიყენოს. ბავშვებისთვისაც მათი ასაკისა და წონის მიხედვით უნდა მოინიშნონ წამლის დოზა. ამ რეკომენდაციის გაცემა ოჯახის ექიმსაც შეუძლია.

თუ ვამჩნევთ, რომ გენერალიზირებულ რეაქციასთან გვაქვს საქმე, სწრაფად უნდა მოვახდინოთ ანტიალერგიული პრეპარატის ორმაგი დოზის მიცემა. თუ 5 წლამდე ბავშვს 2,5 მილილიტრს ვასმევთ რაიმე ანტიალერგიულ სიროფს, ამ დროს უკვე 5 მილილიტრი უნდა მივცეთ; თუ 5-ს იღებს, 10 მილილიტრი მივცეთ და ა.შ. მაგალითად, დეზლორატადინის ორი ტაბლეტი უნდა მივცეთ და არ უნდა შეგვეშინდეს ამ ანტიალერგიული წამლების დოზის ზრდისა. ჩვენს პირად აფთიაქში ასევე აუცილებლად უნდა გვქონდეს სტეროიდის შემცველი რომელიმე ამპულა. ჩვენს ქვეყანაში ძირითადად მაინც დექსამეტაზონის ამპულაა ცნობილი. ეს ამ პრეპარატის საერთაშორისო სახელია. სოფელში ვინც ცხოვრობს, მათაც მუდმივად უნდა ჰქონდეთ ეს პრეპარატები. 20 თუ 50 თეთრი ღირს ეს ამპულები და ყველა უნდა იყოს ამით შეიარაღებული.

- გენერალიზირებული რეაქციის დროს დექსამეტაზონიც გაორმაგებული დოზით უნდა მივიღოთ?

- არა, ბავშვის წონაზეა დამოკიდებული. ნახევარი ამპულა, 1 ამპულა... 15 კილოს ზემოთ უკვე ორი ამპულაა დასაშვები. ანუ, 13 წლის ზემოთ 2 ამპულა უნდა მისცეთ ერთჯერადად ყველას, 60 წლისაც რომ იყოს.

როგორც წესი, თუ პირველად დაემართა ბავშვს თუ მოზრდილს მწერის ნაკბენზე დიდი ლოკალური რეაქცია და, მით უმეტეს, გენერალიზირებული და წამლებით ვუშველეთ, შემდგომში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ალერგოლოგის რეკომენდაცია. უნდა უთხრას ექიმს, რომ მას მწერის ნაკბენისგან დაემართა. გენერალიზირებულ რეაქციაზე წაყრუება არ შეიძლება, თორემ მეორედ რომ გიკბინოს და არ იცოდე როგორ მოიქცე, სიკვდილით დამთავრდება. მთელი ხელი რომ შეგიშუპდეთ ერთი პატარა ნაკბენის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ იცოდეთ, შემდგომი ფაქტის დროს როგორ მოიქცეთ.

- თქვენი რეკომენდაცია როგორია, როგორ უნდა მოიქცნენ?

 -საქართველოში სამწუხაროდ არ იყიდება ადრენალინის აუტოინექტორი, რომელიც მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიულებმა თან უნდა ატარონ. ამ აუტოინექტორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ თავად შეუძლია პაციენტს გაიკეთოს და დრო არ დაკარგოს. მისი საბაზრო ღირებულება ევროპაში 80 ევროა. ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მითხრა, იქ 830 დოლარი ღირს ერთი კალმისტარი და იქნებ საქართველოში ვიშოვო იაფადო. იქ ამ პრეპარატს დაზღვევა არ აფინანსებს და ის ამერიკელისთვისაც ფუფუნებაა.

- სხვა გამოსავალი არ არსებობს?

- არსებობს. ადრენალინის ამპულა დაახლოებით 30 თეთრი ღირს. უნდა შეიძინოთ ასევე ინსულინის ნემსი და მწერის მიერ დაკბენის შემთხვევაში უნდა გაუკეთოთ თქვენი ოჯახის იმ წევრს, ვისაც ერთხელ უკვე აქვს გადატანილი გენერალიზირებული რეაქცია. ოღონდ ექიმისგან უნდა იცოდეთ, რამდენი ამოიღოთ ამპულიდან და რამდენი ხაზი გაუკეთოთ ინსულინის შპრიცით. ამას დრო სჭირდება - ამპულა უნდა გატყდეს, ადვილად მისაგნებ ადგილას უნდა გედოთ, მაგრამ ამით, სასწრაფოს მოსვლამდე სიცოცხლეს შეუნარჩუნებთ ბავშვს თუ მოზრდილს. აუტოინექტორის გაკეთებას სხვა ადამიანის მონაწილეობა არ სჭირდება და იმიტომაცაა საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მწერის ნაკბენის მიმართ ალერგიის დროს განმეორებთი რეაქცია უფრო რთულია 50%-ში.

- ბატონო ბიძინა, ნესტრიანი ჭიანჭველა ბრძანეთ. მასაც შეუძლია შოკი და ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს?

- არა, მას უფრო ლოკალური რეაქციები ახასიათებს და შოკში არ აგდებს. შოკში აგდებს ფუტკრის, კრაზანის და ბზიკის შხამი. აბებს ვასმევთ, ამპულებს ვუკეთებთ, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძლიერი რეაქციის დროს, ოჯახის რომელიმე წევრმა მაშინვე სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს უნდა დაურეკოს.

თუ კიდურზეა დაკბენა, სანამ სასწრაფო მოვა, შეიძლება ლახტის დადება, რომელიც 3 წუთი უნდა გავაჩეროთ და 5 წუთით შევასვენოთ. ისე, როგორც გველის ნაკბენზეა, რომ ეს შხამი არ წავიდეს სისტემურ მოქმედებაში, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ კიდურის განგრენა გამოვიწვიოთ. თუ სისტემურ რეაქციას ვატყობთ, უნდა წამოვაწვინოთ და ფეხები თავთან შედარებით ცოტა მაღლა უნდა ავუწიოთ.

- თუ ასეთი ალერგიის დროს ანტიალერგიული წამლები არ გვაქვს და სასწრაფო დახმარების მოსვლაც გვიანდება, სასიკვდილოდ განწირულია ადამიანი?

- ეს უბედური შემთხვევებია. ზოგი გველის ნაკბენი წამში კლავს ადამიანს და ვერავითარი სამედიცინო დახმარება ვერ ასწრებს მისვლას... ბუნებრივია, ამის რისკები არის და ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ. როგორც წესი, თუ ერთხელ მაინც არ აქვს გადატანილი ადამიანს  გენერალიზირებული რეაქცია და მის მახსოვრობაში ეს ანტისხეულები არ არის, სიკვდილის რისკი ფაქტობრივად ნულის ტოლია. პირველი ნაკბენისგან ფაქტობრივად არავინ კვდება. ვინც ამის საშიშროების წინაშე დადგა, ისინი მანამდეც იქნებოდნენ დაკბენილნი და ადგილობრივი რეაქციაც მძაფრი იქნებოდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ამიტომ, ცოტა დიდი და სისტემური რეაქციის დროს ყური არ უნდა მოვიყრუოთ და შემდგომ შემთხვევას მომზადებულნი უნდა შევხვდეთ.

- თუ ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენზე ალერგია გვაქვს, შესაძლოა ამისგან განკურნება?

- დიახ, არსებობს იმუნოთერაპიის ჩატარების შესაძლებლობა ანუ აცრა ამ შხამზე. შხამის მიმართ აცრა გრძელდება 3 წლის განმავლობაში და დადგენილია, რომ ამ 3 წლის შემდეგ 95% ბზიკზე და კრაზანაზე და 85% ფუტკარზე, ინკურნება. თუ ვხედვთ, რომ ანტისხეულები სისხლშია, ვთავაზობთ, ეს აცრა გაიკეთონ.

ჩამოგითვლით ასევე პრევენციულ მეთოდებს, რომ ფუტკრის თუ კრაზანას კბენა თავიდან ავიცილოთ და ისინი მტრად არ ვიქციოთ:

  1. არ ვიაროთ ფეხშიშველი და ღია ფეხსაცმელებით ბალახებსა და მინდორში;
  2. თუ ვატყობთ, მწერები ჩვენკენ მოდიან, არ გავაკეთოთ მკვეთრი მოძრაობები. გაქცევა მათ უფრო მეტად აგრესიულს ხდის და ხელის მოქნევა, ბევრად უარესია. ამიტომ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ;
  3.  თუ მწერებთან შეხვედრა გიწევთ, არ მოიხმაროთ მძაფრი სუნის მქონე სუნამოები, დეზოდორანტები, ლოსიონები, რადგან ეს სუნი იზიდავს მწერებს;
  4. არ ატაროთ ღია ფერის და, განსაკუთრებით, ყვავილებიანი სამოსი, რადგან ეს მწერებს იზიდავს, მოეჩვენებათ რომ თქვენ ყვავილი ხართ;
  5. მოერიდეთ გარეთ კვებას, არ დატოვოთ განსაკუთრებით ტკბილი საკვების ნარჩენები. როცა ხილს გათლით, მოათავსეთ ცელოფნის პარკში და სწრაფად მოაშორეთ იმ ადგილს, სადაც იმყოფებით;
  6. დამცავი ბადეები გააკეთეთ კარსა თუ ფანჯრებზე;
  7. გაჩერებული მანქანა კარგად დაათვალიერეთ შიგნიდან და ისე ჩასხედით, რადგან ამ მწერებს უყვართ ფანჯარაჩამოწეულ ავტომანქანაში შეძრომა და დახურულ სივრცეში დაკბენის ალბათობაც დიდია. 

კომენტარები


სკოლები
სექტემბრიდან ხაშურის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს დახვდებათ უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო
„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა“
სკოლის აღსაზრდელები ბანაკისთვის კონკურსის შედეგად შეირჩნენ
სიახლეები
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი ცნობილია
განისაზღვრა მიმართულებები და დღეს ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეც
წესი არ ვრცელდება სპეციალურ მასწავლებელზე
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა
საინტერესო
ბავშვებს სთავაზობენ ვეგეტარიანულ, ჰიპოალერგიულ და დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ საკვებს
ასევე არ დაგავიწყდეთ სკოლის მოსწავლისთვის სამუშაო ადგილის მოწყობა
ეს მცენარე ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სანიტარია
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება