სიახლეები
ინტერვიუ

უკრაინის საბავშვო ხმის გამარჯვებულ ალექსანდრე ზაზარაშვილს ვარსკვლავური ცხოვრება დაეწყო
02-08-2019
-
+


ალექსანდრე ზაზარაშვილმა წელს უკრაინული მუსიკალური შოუ „ვოისი“ მოიგო. ქარელის მუნიციპალიტეტის  სოფელ რუისში მცხოვრებმა ბიჭმა „ბრმა“ ქასთინგზე ფურორი მოახდინა - მას ჟიურის ოთხივე წევრი შემოუბრუნდა და მას მერე, ფინალის ჩათვლით, ლიდერობა არავის დაუთმო.

ალექსანდრე ამბობს, რომ გამარჯვებას ნაკლებად ელოდა, რადგან უკრაინელი არ იყო და ამ ერისგან ასეთ მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა. უკრაინის ტელეშოუში მოხვედრამდე უამრავი კონკურსი გაიარა. თითქმის ყველა საერთაშორისო კონკურსიდან გრანპრის ტიტულით დაბრუნდა, თუმცა არ უმართლებდა ქართულ ტელეშოუებში. 2016 წელს „ნიჭიერში“ ნახევარფინალამდე მიაღწია, 2018 წელს კი, პროექტ „რანინაში“, რომელსაც ევროვიზიისთვის ქართული კონკურსანტი უნდა შეერჩია, მე–5 ადგილი არგუნეს და „ევროვიზიისთვის“ დაიწუნეს.

სიმღერა 3 წლის ასაკში დაიწყო. უამრავი კონკურსისა და მუდმივად ვოკალში მეცადინეობის პირობებში სკოლაში სიარულს ხშირად ვერ ახერხებს, თუმცა, მაინც კარგად სწავლობს ყველა საგანს. შუაღამეს  პედაგოგთან დადის და სკოლაში მაინც მომზადებული მიდის... უყვარს წიგნების კითხვა. აინტერესებს მსოფლიოს ისტორია, კითხულობს ენციკლოპედიებს...

- ალექსანდრე, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც უკრაინის „საბავშვო ხმის“ გამარჯვებული გახდი?

- უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. ახლა უფრო დაკავებული ვარ და უფრო ნაკლები დრო მრჩება ჩემი თავისთვის. ის ერთი კვირაც კი, რომელიც უნდა დამესვენა, საქმეებში გამოვიყენე და უკვე დავიწყე რაღაცაზე მუშაობა, რომელიც ჯერჯერობით საიდუმლოა და ამის შესახებ ხალხი მალე გაიგებს... უკრაინაში გამარჯვების შემდეგ ბულგარეთში ვიყავი. 4 წლის წინ იქ გამართულ ფესტივალში ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ გავიმარჯვე და ახლაც მიმიწვიეს. 4 წელია მეპატიჟებიან და წელსაც ჩავედი.

- მოგვიყევი, სიმღერა როგორ დაიწყე და ეს ამბავი  ხომ არ გიშლის ხელს, რომ სკოლაში კარგად ისწავლო?

- ჩემი და ჩვენი სოფლის გუნდში „მროვში“ მღეროდა. 3 წლის ვიყავი, რომ ერთ–ერთ რეპეტიციაზე წავყევი  და ერთი ბავშვი, რომელიც სოლოს მღეროდა, ვერაფრით ასრულებდა კარგად ერთ ადგილს, უცბად მე წავიმღერე. გაიგონა მასწავლებელმა და აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო, რომ გაეგო, ვინ წაიმღერა. როცა გაიგო, მე ვიყავი, გუნდში ამიყვანა. 4 წლისამ ფესტივალზე სოლო ვიმღერე. მას მერე ძალიან შემიყვარდა სცენა.როცა ვმღერი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ.

მუდამ ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა და სკოლაში სწავლაში მიშლიდა ხოლმე ხელს, რადგან ხშირად ვაცდენდი. მუდამ ვცდილობდი, გაცდენილი გაკვეთილები ამენაზღაურებინა. მაგალითად, როცა „რანინაში“ გამოვდიოდი, იქიდან დაბრუნებული, ღამის 12 საათზე ჩემს პირველ მასწავლებელთან, ლელა სულეიმანაშვილთან მივდიოდი და ის მამეცადინებდა, რომ სკოლაში მოუმზადებელი არ წავსულიყავი. ღამეები გამითენებია მეცადინეობაში. სამწუხაროდ, ჩემი გაცდენები მაინც უშლის სკოლაში ჩემს ქულებს ხელს. ყველაზე მეტად ქართული მიყვარს და ამ საგანში 10-იანები და 9-იანები მიწერია. სხვა საგნებშიც 10-იანები და 9-იანები მყავს და ითვლება, რომ, გაცდენებიდან გამომდინარე, მაინც კარგად ვსწავლობ.

- სოფელში ცხოვრობთ. მოგვიყევი, როგორია ეს ცხოვრება, გიწევს რაიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესრულება?

- სოფელში ცხოვრება ალბათ ყველა ბავშვისთვის კარგია, მაგრამ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ქალაქში ვცხოვრობდე. შეიძლება მალე ჩვენი ოჯახი თბილისში გადავიდეს საცხოვრებლად. რაც შეეხება სოფლის საქმეს, არაფერი ვიცი. მახსოვს, 2-3 წლის ვიყავი, ბებიას რომ გავეკიდებოდი ხოლმე, ძროხებს რომ გარეკავდა საბალახოდ. 3 წლის ასაკში უკვე გუნდში ვმღეროდი და საღამოს 7 საათზე ვბრუნდებოდით მე და ჩემი და სახლში. ასე რომ, არც მაშინ მეცალა სხვა საქმისთვის, რთული იყო აქამდე მოსვლა.

- არდადეგებს როგორ ატარებ ხოლმე, როგორი დასვენება გიყვარს?

- ჩემს ოჯახთან ერთად მიყვარს დასვენება. სხვა ქვეყანაში თუ ვარ, კარგად ვერ ვისვენებ. ჩემს სახლში რომ ვარ, იმას ვეძახი დასვენებას. უკრაინაში გამარჯვების მერე, ორი კვირა დავყავი ბულგარეთში. ჩემს დაბადების დღესაც იქ შევხვდი - 13 წლის გავხდი. საკურორტო ზონაა, მაგრამ მაინც ვერ დავისვენე, სულ საქმეში ვიყავი.



გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ. თუ სიმშვიდე მინდა, მთაში  ყოფნა მირჩევნია. თუ გართობა და გიჟობა მინდა, ზღვაზე მივდივარ. როცა რაიმე პროექტში ვიღებ მონაწილეობას, რასაც დიდი ნერვიულობა და განცდები მოაქვს, მერე სიმშვიდე მინდება. ამ დროს ღამეები არ მძინავს და იმის მოლოდინში ვარ, რა მოხდება. როცა ასეთი დაღლილი ვარ, სიმშვიდე და მთა მჭირდება.

- ზღვაზე როცა ხარ, ვისთან ერთად ერთობი?

- მაგალითად, მე და მამაჩემი შევდივართ ხოლმე ზღვაში და ბევრს ვცურავთ... უკან არ ვიხედები, თორემ მერე შიში მიპყრობს. ცურვა კი ვიცი, მაგრამ ბევრს რომ გავცურავ, წინ უნდა ვიყურო და უკან არ უნდა მოვიხედო. წინ თუ ვიყურე, ალბათ შემიძლია, მთელი ზღვა გადავლახო.

ახლა მალე მივდივარ ჩემთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარ ადგილას, ბათუმში. ვგიჟდები ბათუმზე. თან, წელს ორმა ემიგრანტმა საჩუქარი გამიკეთა, მიყიდეს ჯესი ჯეის კონცერტის ორი ბილეთი და მივდივარ მის კონცერტზე, რომელიც აჭარაში გაიმართება.

- უკრაინაში როგორ შეხვდნენ შენს გამარჯვებას...

- დაუჯერებელი რამ ხდებოდა ჩემს თავს. ფოტოებს იღებდნენ ჩემთან ერთად, მეხუტებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ მათი ფავორიტი ვიყავი... ეს უდიდესი ბედნიერება იყო. უკრაინელმა ხალხმა რომ მე ამირჩია, ეს ჩემთვის შოკი იყო. ვფიქრობდი, რადგან უკრაინელი არ ვიყავი, დიდი შანსები არ მქონდა, მაგრამ ქუჩაში რომ გავდიოდი და ვხედავდი, როგორი განწყობა ჰქონდათ ჩემდამი, ყოველგვარი ნერვიულობა მეხსნებოდა და საკუთარ თავს ვამხნევებდი, მოგცემენ ხმას, შენ მარტო სიმღერაზე იფიქრე-მეთქი. სულ ასე ველაპარაკებოდი ჩემს თავს და საერთოდ არ მეძინა. ისედაც ვერ ვიცლიდი დასაძინებლად. ღამის 2 საათზე მივდიოდი შინ და დილის 8-ზე ისევ კონკურსზე უნდა ვყოფილიყავი. მანამდე  უნდა მოვწესრიგებულიყავი, ტანსაცმელი გაგვემზადებინა...იცით რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში? ერთ დღეს დავიძინე და რომ გავიღვიძე, სულ სხვა ცხოვრება დამეწყო. ძალიან მომწონს პოპულარობა. ახლა ვიცი, რომ უფრო მეტი უნდა ვიშრომო და მსოფლიო დონის მომღერალი გავხდე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება