სიახლეები
ეტალონი

„სკოლის დირექტორის ტრაგედია, ცრემლებიანი ჭიათურა და თქვენი ეტალონი'' - „ეტალონის'' ავტორისა და წამყვანის ემოციური წერილი
28-04-2017
-
+


ინტელექტ-ჩემპიონატ ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში ჭიათურის სკოლის დირექტორის თამაზ ცუცქირიძის ოჯახის ტრაგედიას ეხმიანება:

''სკოლის დირექტორის ტრაგედია, ცრემლებიანი ჭიათურა და თქვენი ეტალონი...


20 აპრილს ჭიათურაში „ეტალონის“ მეორე ტურს ვატარებდით. ხუთშაბათი დღე იყო, მზიანი დარი იდგა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ნუგზარ მიროტაძესთან ერთად მომავალ გეგმებზე პირისპირ ვისაუბრეთ და მერე მისი ოფისიდან კულტურის ცენტრისკენ ფეხით გავემართეთ.

უკვე ორი წელია, რაც „ეტალონი“ ტელეეთერში აღარ გადის და ვფიქრობდი, ხალხს მალე მივავიწყდები-მეთქი, - სინამდვილეში ასე არ მოხდა, საქართველოს ყველა კუთხეში თანამიგრძნობენ. ასე აღმოჩნდა ჭიათურაშიც, გზადაგზა ჭიათურლები მხვდებოდნენ და ისე მესალმებოდნენ, თითქოს მათი ყველაზე სასურველი სტუმარი ან დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრი ვყოფილიყავი. მართლაც უცნაური ხალხი ვართ ქართველები, ორი უკიდურესობა გვაქვს _ ან უდიდესი სიყვარული ვიცით, ან უდიდესი ?!?!?! . . .

ჭიათურის კულტურის ცენტრი დიდი შენობაა, ხალხით გადაჭედილი დამხვდა, ჩემი ვარაუდით 500 ადამიანი მაინც იქნებოდა. იმ დღეს სრულიად ჭიათურის მუნიციპალიტეტის 37 სკოლის 81 რჩეული, ტესტირება გამოვლილი მოსწავლე მონაწილეობდა. ჰოდა, წარმოიდგინეთ მათი აქტიური გულშემატკივრები - ზოგი სკოლა მონაწილის გამამხნევებელი ტრანსპარანტითაც იყო მოსული - დიდი ჟივილ-ხივილი იდგა. დავიწყეთ „ეტალონის“ მეორე ტური, იყო აჟიოტაჟი, იუმორი, ემოციები, შეძახილები...

რაღაც მომენტში, გადავწყვიტე სცენაზე მომეხმო ადამიანი, რომელიც წინა რიგში იჯდა და მეცნო კიდეც, და არც მეცნო - მისი თვალები, ტანი, ხმა მახსოვდა, მაგრამ მთლად გაჭაღარავებული არ მახსენდებოდა...

მოვიხმე სცენაზე და და როცა ის ჩემკენ მოაბიჯებდა, დარბაზი დიდიან-პატარინად გაისუსა და დაიძაბა კიდეც... 

ეს ადამიანი, სვერის სკოლის დირექტორი, თამაზ ცუცქირიძე აღმოჩნდა, რომელმაც „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამახსენა, რომ შარშანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ მისი სკოლიდან იყო. მერე სპორტის სასახლეში 2015 – 2016 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენის ფინალი გაიხსენა და, ნეტავ იმ დროსო, დაატანა.

- მაშინ, 21 მაისს, სპორტის სასახლეში ჩემს მეუღლესთან და ერთადერთ ვაჟიშვილთან ერთად მოვედი, და მათთან ერთად ვხარობდიო - მძიმედ წარმოთქვა და ცრემლები გადმოუგორდა, დარბაზში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა და აქა-იქ ქვითინიც გაისმა...

- მაშინ ისინი ცოცხლები იყვნენ, ახლა კი სრულიად მარტო ვარო, - შემომხედა და მკითხა, - ბატონო გოჩა, დღეს მე ვარსებობ და მითხარით, როგორ ვიცოცხლოო? - დარბაზს გავხედე, ხალხი მდუმარედ ფეხზე იდგა, ჭირისუფლობდა ჭიათურა. მანდილოსნებთან და ბავშვებთან ერთად ბევრ მამაკაცსაც მოსდიოდა ცრემლი, და მათ შორის ჭიათურელების საპარლამენტო რჩეულს სულხან მახათაძესაც.

- უნდა იცოცხლოთ და სკოლასა და ბავშვებსაც მიხედოთ-მეთქი, - შეძლებისდაგვარად ომახიანად გავამხნევე და „ეტალონის“ კითხვებს მივუბრუნდი.

„ეტლონის“ მე-2 ტურმა, ტრადიციულად, დიდი ვნებათაღელვით ჩაიარა.

თამაზ ცუცქირიძეს კი იმ დღეს კიდევ ერთხელ შევხვდი...

იმერეთში სტუმარს სუფრის გარეშე რომ არ გამომიშვებდნენ, თავიდანვე ვიცოდი, - თუმცა, ასეთ სიტყვაკაზმულ ვახშამს არ მოველოდი, ალბათ იმიტომაც, რომ თამადად ერთ-ერთი სკოლის ისტორიკოსი დირექტორი შეირჩა. სუფრასთან კიდევ რამდენიმე სკოლის დირექტორი ბრძანდებოდა, მათ შორის ბატონი თამაზ ცუცქირიძე. სწორედ იქ გავარკვიე, რომ მისი ცოლ-შვილი, გორთან ახლოს ავტობანზე ავტოკატასტროფაში დაღუპულიყო. ბატონი თამაზი სოფელ სვერში, სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს და ხშირად ღამეს ცოლ-შვილის საფლავზე ატარებს თურმე, მერე კი დილით სკოლაში მიდის.

და როცა ბატონმა თამაზმა იგივე მკითხა, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებასო, ჩემი მოსაზრება ასე დავასაბუთე:

- თუ ადამიანი ახლობელს კარგავს, ბუნებრივად უჩნდება დამნაშავის დასჯის სურვილი და ეს ასეც უნდა მოხდეს, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ამას კანონი და სასამართლო არეგულირებს, თუმცა ცივილიზაციამდე კავკასიაში და კერძოდ, საქართველოში, არსებობდა სისხლის აღების წესი და ეს, ჩემი აზრით, ველურობის გამოვლენა კი არა, სამართლიანობის აღსრულების სურვილი და ვაჟკაცობის დასტურიც გახლდათ, მაგრამ რა ქნას ადამიანმა თქვენს შემთხვევაში? ჩემს აზრს მოგახსენებთ: ბატონო თამაზ, თქვენი ცოლ-შვილის დაღუპვაში დამნაშავედ სიკვდილი აღიქვით და დადეთ პირობა, რომ მას სამაგიერო უნდა გადაუხადოთ. . . სიკვდილისთვის სამაგიეროს გადახდად კი თქვენი დიდი ხნის სიცოცხლე ჩაითვალება და თანაც, უფალმა მოგცათ საშუალება, როგორც სკოლის დირექტორმა, მრავალ ახალგაზრდას ცხოვრებაში სწორი გზებით სიარული ასწავლოთ და შესაბამისი განათლებაც მისცეთ!!! ასე რომ, თქვენ უნდა იცოცხლოთ, ბატონო თამაზ!!! უნდა იცოცხლოთ!!!

არ ვიცი როგორ შევძელი იმის გადმოცემა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი სიტყვების შემდეგ სუფრასთან ტაში გაისმა. ბატონი თამაზი კი ჩემთან სწრაფად მოვიდა და გულწრფელად მითხრა, - თქვენ მართლა ჩვენი ეტალონი ხართ... დამარწმუნეთ, რომ უნდა ვიცოცხლო და არა ვიარსებო და ისიც დამანახეთ, რისთვისაც უნდა ვიცოცხლოო!!!''


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება