სიახლეები
ინტერვიუ

ირმა ხეცურიანი: „ბავშვობაში ჩანთის ფული არ გვქონდა და წიგნები ცელოფნის პარკით დამქონდა“
05-06-2019
-
+


პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი, რომელიც 15 ოქროს მედლის მფლობელია, ეტლში 18 წლის ასაკში ჩაჯდა. მანამდე კი იყო ცუდად მოსაგონარი, მაგრამ, ამავე დროს, ბედნიერი ბავშვობა...

ირმა ხეცურიანი აფხაზეთშია დაბადებული. პირველი კლასიც იქ დაამთავრა, მერე კი ლტოლვილის სტატუსით წყალტუბოში გააგრძელა ცხოვრება. ამბობს, რომ ბავშვობაში ხშირად გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. კარგად სწავლობდა. ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზეც მოეწყო. მერე კი საბედისწერო დღეები დაუდგა – სიმსივნის ამოკვეთას,  რომელიც სხეულში ძალიან სწრაფად იზრდებოდა, მოძრაობის უნარის შეუზღუდვა მოჰყვა.

ირმა ხეცურიანი ახლა ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ ქალად მოიაზრება. ეტლში მჯდომარე მსოფლიოში ყველას აოცებს და ამბობს, რომ ფარიკაობამ ცხოვრება სხვა თვალით დაანახა.

ირმა ხეცურიანი „ეტალონს“ თავის ბავშვობასა და წარმატების ამბებზე მოუყვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და რომ მთავარი მონდომებაა.

- აფხაზეთში დავიბადე. მხოლოდ პირველი კლასი ვისწავლე იქ. იმ პირველი კლასიდან ბევრი რამ არ მახსოვს, რადგან ალბათ შიშმა იმოქმედა და წაშალა იმ პერიოდის მოგონებები. საბავშვო ბაღი უფრო კარგად მახსოვს. მახსოვს, როგორ ვმღეროდი, როგორ ვსწავლობდი დაკვრას... ხშირად მენატრება ის დრო და მიფიქრია, ბავშვობაში დაბრუნებას თუ ვისურვებდი, ალბათ სწორედ აფხაზეთში. ალბათ ყველა მომენტს ერთი ჩასუნთქვით დავიმახსოვრებდი, რომ არ დამვიწყებოდა. ახლა კი ბუნდოვნად მახსოვს.

ომის გამო სახლის დატოვება მოგვიწია. წყალტუბოში გადმოვედით საცხოვრებლად და ერთი წელი სკოლაში არ მივლია, რადგან მაშინ თავის დამკვიდრებაზე და იმაზე ფიქრობდნენ ჩემი მშობლები, როგორ შეგუებოდნენ მოცემულ მდგომარეობას. ერთ ოთახში ვცხოვრობდით, საკვებზე ფიქრი... არავის ახსოვდა სწავლა. მომდევნო წელს კი პირდაპირ მესამე კლასში დამსვეს. ვერ დავეწიე პროგრამას, ძალიან რთული გამოდგა პირველის შემდეგ მესამე კლასი. ძალიან გამიჭირდა და მასწავლებელმა დედას უთხრა, დავაბრუნოთ ერთი კლასით უკან და გაიაროს მეორე კლასის პროგრამაცო. დამაბრუნეს მეორე კლასში და გამოვიდა, რომ ერთი წლით გვიან დავამთავრე სკოლა. კარგი მოსწავლე ვიყავი. მარტო მათემატიკა მიჭირდა. მაღალ კლასებში მათემატიკაში მასწავლებელთან მომზადება დავიწყე და დავძლიე კიდეც ეს  საგანი.

სკოლაში გატარებული წლები მაინც ძალიან კარგად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ „ჩამოთრეულები“ ვიყავით და  არ გვიღებდა სოციუმი სრულფასოვან წევრებად. ბავშვები ვერც აცნობიერებდნენ, ისე თვლიდნენ, რომ რადგან იქ დაგვხვდნენ, ისინი იყვნენ მართლები და მათ ჩვენ „გავუფუჭეთ“ ცხოვრება.

- გამოდის, სერიოზული ბულინგის მსხვერპლი იყავით?

- დიახ და მწარედ მახსენდება, ჩემს ქვეყანაში ჩამოთრეულს რომ მეძახდნენ. მათხოვარსაც მეძახდნენ... ნელ–ნელა, ცოტა რომ გავიზარდეთ, სხვებიც მიეჩვივნენ ჩვენს იქ ყოფნას და გავაცნობიერეთ კიდეც, ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. დღეს იმ ხალხთან, ვინც მაშინ „ჩამოთრეულად“ მთვლიდა და მიიჩნევდა, რომ არ ვიყავი ღირსი, აქ მეცხოვრა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. უფროსების ნათქვამს იმეორებდნენ, თორემ შეუძლებელია ბავშვს ასეთი რამ მოუვიდეს აზრად.

- განიცდიდით?

- რა თქმა უნდა! იყო პერიოდი, როცა ისე გვიჭირდა, რომ ჩანთაც კი არ მქონდა და წიგნები ცელოფნის პარკით დამქონდა. მაშინ ერთმა ჩემზე ცოტა დიდმა ბავშვმა მომაძახა, რა იყო, ჩანთის ფულიც არ გაქვსო. გაბრაზებული მივედი სახლში. სანატორიუმში ვცხოვრობდით მეექვსე სართულზე და რადგან იქ წყალი არ ამოდიოდა, მახსოვს, დედა ეზოში დამხვდა, ხალიჩას რეცხავდა. მივედი დედასთან, პარკი დავუგდე და ვუთხარი, სკოლაში არ წავალ, სანამ ჩანთას არ მიყიდით–მეთქი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ჩანთის კი არა, საჭმლის ფულიც არ გვქონდა.

- გიყიდათ ჩანთა?

- მაშინვე ვერა, მოგვიანებით მიყიდა. ცუდი ბავშვი არ ვიყავი და მალევე მივხვდი, რომ დედას ტყუილად ვეკამათე. ისევ პარკით დავდიოდი და სხვების ცინიკურ დამოკიდებულებას აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

ჩემს კლასში ყველა აფხაზეთიდან დევნილები ვიყავით, ალბათ გაგვიფრთხილდნენ. ბულინგს სხვა კლასების მოსწავლეები და სხვა სკოლის ბავშვები ახორციელებდნენ. ძალიან მეგობრული კლასი  მქონდა. თუ რაიმე პრობლემა გვქონდა, ყველა ერთად ვიბრძოდით მის გადასაჭრელად. შესაბამისად, მეგობრების ნაკლებობას არ განვიცდიდი. ყველას ერთმანეთი გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით. დღესაც ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები და ვინარჩუნებ მათთან კონტაქტს. მასწავლებლებისგანაც არ მიგრძვნია ცუდი დამოკიდებულება. პირველ კლასში ჩუმი და წყნარი ვიყავი, მაგრამ წყალტუბოში გადასული ბუნტისთავი გავხდი. მე და ჩემი კლასელი სულ დირექტორის კაბინეტში ვიყავით. ყველაზე კარგად ჩვენ ორნი ვსწავლობდით და ყველაფერს ჩვენვე ვაშავებდით. კულტურულად, დიპლომატიურად ვახერხებდით მე და ჩემი მეგობარი მთელი კლასის ამბოხებას.

- მაგალითად, რა დროს ააბუნტეთ კლასი?

- მაგალითად, რუსულის გაკვეთილი არ ვიცოდით და გვინდოდა გაგვეცდინა. მთელი კლასი ავიყოლიეთ. ერთი ბავშვი დარჩა მხოლოდ კლასში და ამიტომ, ის დავტუქსეთ. ამის გამო დიდი საყვედურიც მივიღეთ. გვითხრეს, ამის მერე როგორი კარგადაც არ უნდა ისწავლოთ, თუ მსგავსს გაიმეორებთ, კარგ ნიშანს მაინც არ დაგიწერთო და მერე ცოტა დავშოშმინდით.

საკმაოდ კარგ ნიშნებზე დავამთავრე სკოლა – 4–იანები და 5–იანები მეწერა ყველაფერში.  ჰუმანიტარულ საგნებში ვიყავი ძლიერი. ფიზიკაც არ გამომდიოდა. მასწავლებელიც არ გვყავდა ისეთი საინტერესო, რომ შეეყვარებინა ეს საგანი. კარგი ადამიანი იყო, მაგრამ არ ვუჯერებდით და დიდად არ გვიყვარდა ეს საგანი. გამოცდების დროს ვთხოვდით, წინასწარ ეთქვა საკითხები, რომ გვესწავლა, თორემ ვერ ჩავაბარებდით. თვითონაც კეთილგანწყობილი იყო და გვეხმარებოდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველ კურსზე ვიყავი, როცა ეს ყველაფერი დამემართა... მას მერე ვეღარ დავბრუნდი უნივერსიტეტში, თორემ კარგად ვსწავლობდი.

- რა დაგემართათ, რატომ ჩაჯექით ეტლში?

- კეთილთვისებიანი სიმსივნე მქონდა ზურგის ტვინიდან აღმოცენებული, რომელიც სწრაფად იზრდებოდა. შესაბამისად, საჭიროებდა სასწრაფო ოპერაციას. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ვეღარ ავდექი... ძალიან გამიჭირდა მაშინ. არავისთან ურთიერთობა არ მინდოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემი მდგომარეობა დასაცინი იყო, ყველას და ყველაფერს გავურბოდი. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად საკმაოდ დიდი დრო, რამდენიმე წელი დამჭირდა, მაგრამ შევძელი.



ოპერაციის შემდეგ, ქვედა კიდურების სრული პარალიზება მოხდა. თვენახევარი ვერც კი ვჯდებოდი. მერე, გადამსვამდნენ და გადმომსვამდნენ. საზღვარგარეთ სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობა რომ გავიგე და წავედი, მერე დავიწყე ფიზიკური აქტივობა. ფეხზე ვერ დავდივარ, მაგრამ ახლა ბევრად მოძრავი ვარ და ეს სპორტის დამსახურებაა. მიწევს ბევრი მოძრაობა, ბევრი შრომა, მუშაობა და ვუძლებ ამ ყველაფერს.

- ტკივილიც ახლავს თქვენს მდგომარეობას?

- ოპერაციის შემდეგ ფსიქოლოგიური ტკივილი მქონდა. ფეხს რომ მოაჭრიან ადამიანს, მაინც ჰგონია, რომ ფეხი აქვს და სადღაც ბოლოში სტკივა. ეს არის ფსიქოლოგიური ტკივილი, გგონია, რომ გტკივა. შესაბამისად, ტკივილები დღემდე მაქვს. ყრუდ, მაგრამ მაინც მტკივა. ვისწავლე, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციო. ასეთი ტკივილების გამო, ოპერაციის შემდეგ ოთხი წელი არ მიძინია. ღამეში მხოლოდ ორი საათი მეძინა. ექიმმა მითხრა, რომ ეს ფსიქოლოგიური მომენტი იყო და ამაზე უნდა მემუშავა. მეც მივეჩვიე. ასეთ დროს ვიღაც ტკივილგამაყუჩებელსაც იყენებს და ჰგონია, რომ თუ დალევს, გაუვლის. მე გამაყუჩებელს – არა, მხოლოდ ძილის წამალს ვიღებდი, რომ დამეძინა.

- ასეთ მდგომარეობაში 15 ოქროს მედალი მოიპოვო მსოფლიო ჩემპიონატებზე, ძალიან ძლიერი უნდა იყო. როგორ შეძელით?

- ყველაფერი დრომ მოიტანა. თავიდან ფარიკაობა მოყვარულის დონეზე დავიწყე. თუ რამეს ხელი მოვკიდე და ვთქვი, გავაკეთებ–მეთქი, წყალი არ გაუვა, სხვაგვარად არ შემიძლია. როცა ჩემმა მეგობარმა ამ სპორტში ჩაბმა შემომთავაზა, პარაოლიმპიურ კომიტეტის ოფისმენეჯერად ვმუშაობდი. ეს იყო ჩემი პირველი სამსახური. მანამდე სრულ ვაკუუმში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება ისე, რომ ფეხზე გავლაზე არ მეფიქრა. თბილისში ჩამოვედი სამუშაოდ და დამოუკიდებლობასაც მივეჩვიე. ხელფასი არ მქონდა. მხოლოდ ივენთებს თუ დავგეგმავდი, იქიდან მეკუთვნოდა წილი. ერთი წელი ვიმუშავე ასე და მომწონდა ეს ყველაფერი. სხვა ქვეყნების პარაოლიმპიურ კომიტეტებთან კავშირის დამყარება მევალებოდა.  ჩვენთან მაშინ იწყებდა პარაოლიმპიური კომიტეტი მუშაობას. ისე გავითქვიფე ამ ყველაფერში, რომ არც ვიცოდი, სხვა რა შეიძლებოდა მეკეთებინა. პარაფარიკაობა  პოპულარული იყო სხვა ქვეყნებში და ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა, სპორტის ეს სახეობა საქართველოში წარმატებული გაგვეხადა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ მე ვიქნებოდი მისი წარმომადგენელი.

მეგობარმა მითხრა, პარამოფარიკავეებს ეძებენ და იქნებ სცადოო. 27 წლის ვიყავი მაშინ და ვიფიქრე, რა სპორტული მე ვარ–მეთქი, მაგრამ სიახლე მინდოდა და ვთქვი, კარგი, ვცდი-მეთქი. პირველი ვარჯიში იმდენად რთული და უცხო მომეჩვენა, შემეშინდა, რატომ დავთანხმდი, ვერ შევძლებ–მეთქი. პირველი შეჯიბრი ექვსი თვის შემდეგ, გერმანიაში გაიმართა და პანიკა მქონდა, არაფერი გამომდის–მეთქი. არადა, შეუძლებელია, 6 თვეში რაიმე შედეგი დადო. მეორე შეჯიბრი კანადაში ჩატარდა, სადაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გავხდი და მას მერე დავიწყე სერიოზული ფიქრი. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შემიყვარდა ფარიკაობა და იმდენად სიამოვნებით ვვარჯიშობდი ყოველდღე, რომ არც კი ვწუწუნებდი, რომ ვიღლებოდი. დღეს ცხოვრება აღარც შემიძლია ვარჯიშისა და ფარიკაობის გარეშე.

- როგორი სპორტია, რა გიზიდავთ?

- ბევრი ფიქრია საჭირო. ინტელექტს, სწრაფ, ლოგიკურ,  სხარტ აზროვნებას, გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს და ფსიქოლოგიურადაც გცვლის. უფრო მებრძოლი ხდები, უფრო – მშვიდი, დაკვირვებული და ცოტა – ცბიერიც, რადგან ცოცხალ მეტოქესთან გიწევს დაპირისპირება და მისი ინტელექტი უნდა გადაფარო, თუ მოგება გინდა. უნდა გამოიცნო მისი ფიქრები წინასწარ, თუ რას აპირებს. სულიერადაც იცვლები – მოთმინების უნარი გიმუშავდება და მიზანდასახული ხდები.

- ირმა, ფეხზე რომ გაიაროთ, ამისთვის თუ იბრძვით და რამდენად გაქვთ შანსი?

- არ ვიცი, აღარც მიკითხავს. ფეხზე გავლის გზებს ნამდვილად არ ვეძებ, რადგან როცა ვეძებდი, შედეგი იმდენად მიზერული იყო, ბევრი იმედგაცრუება შემხვდა. ახლა ფარიკაობა მეხმარება ფორმის შენარჩუნებაში და იმაში, რომ სულ აქტიური ვიყო, ორგანიზმი სულ ტონუსში მქონდეს. შესაბამისად, აღარც განვიცდი.  ახლა ჩემი მიზანი ოლიმპიადაზე წასვლა და წარმატების მიღწევაა. რომ ვერ დავდივარ, ეს ფარიკაობაში ხელს არ მიშლის. საბედნიეროდ, გავლაზე ბევრს აღარ ვფიქრობ, ეს უფრო დედაჩემს ეფიქრება, ვიდრე მე.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება