სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„საბავშვო ბაღების ტრადიციული ზეიმები პატარებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა“ - ინტერვიუ გამოცდილ მეთოდისტთან
02-06-2019
-
+


2018 წელს, თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების სააგენტოს დაკვეთით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადდა თბილისის საბავშვო ბაღების საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორები–მეთოდისტები, სადაც მათ დეტალურად გაიარეს კურსი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი“. ახალი სტანდარტების მიხედვით, ტრადიციული ზეიმები, რომლებიც საბავშვო ბაღებში სადღესასწაულო დღეებში იმართებოდა, პატარების სტრესულ მდგომარეობაში ჩაგდებად ჩაითვალა და მიდგომაც შეიცვალა - მოწყობილ ზეიმებზე  დამფრთხალი და ატირებული პატარები ვეღარ უნდა ნახოთ...

თბილისის 25–ე საჯარო ბაგა–ბაღის მეთოდისტი, ელენე ზარიძე Etaloni.ge-ს  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით ბაგა–ბაღისთვის შემუშავებულ მეთოდებზე მოუყვა.

- საბავშვო ბაღი ის სივრცეა, სადაც ბავშვი განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპებს გადის. სკოლამდელ ასაკში მიღებული ინფორმაცია, განცდილი ემოცია პიროვნების ფორმირებაში უდიდეს როლს ასრულებს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვის განვითარების ეს ეტაპი სწორად წარიმართოს. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში მეთოდოლოგიური მიმართულება რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც უფროსი ასაკის ხალხს ახსოვს, საბჭოთა მეთოდოლოგიიდან და რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო ეგრეთ წოდებული ზეიმები.

- თანამედროვე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტები ე.წ. ზეიმებზე უარს ამბობს?

- აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, თუ რას გულისხმობდა „ზეიმი“ ადრე და რა ხდება ამ კუთხით ბაღებში დღეს. საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო „ზეიმების“ ისეთი პრაქტიკა, რაც ბავშვებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა და არათუ ხელს უწყობდა მათ თავისუფალ განვითარებას, არამედ თრგუნავდა. მაგალითისთვის, სტრესია წინასაზეიმო სამზადისი, როცა ბავშვები გადიან ხანგრძლივ რეპეტიციებს, იღლებიან, ნერვიულობენ... დამთრგუნველია მაყურებლის წინაშე დგომა, სადაც ბავშვი ვერ ახერხებს კონცენტრირებას ნასწავლ მასალაზე, ნერვიულობს ტექსტზე, ამან შესაძლოა მშობელი გააღიზიანოს და ა.შ. ეს ყველაფერი კი „საზეიმო“ განწყობას ნამდვილად ვერ შექმნის. ზეიმის ასეთი მოძველებული ფორმა გვიბიძგებდა იქითკენ, რომ ხდებოდა დაყოფა „ნიჭიერ“ „საშუალო“ და „სუსტ“ ბავშვებად. მსგავსი შეფასებები და იარლიყები სამუდამო კვალს ამჩნევს ბავშვის ფსიქიკას და მე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მიდგომები დღეს უკვე დაშვებული აღარ არის.

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბაღებში ცნება „ზეიმები“ ნელ-ნელა ჩანაცვლდა მრავალფეროვანი აქტივობებით, ღონისძიებებით და ეს ყველაფერი ტარდება ახალი ფორმატით.



თითოეულ ბავშვს აქვს თავის გამოვლენის საშუალება, რა ფორმითაც თავად სურს. ღონისძიების დაგეგმვაში ჩართულია გუნდი: დირექტორი, მეთოდისტი, ფსიქოლოგი, მშობელი და აუცილებლად სპეც. პედაგოგი, რომ დავიცვათ ყველა  ბავშვის ინტერესი. მაგალითისთვის, ჩვენს საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიებები დავგეგმეთ მშობლებთან ერთად, რომლებიც ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში, მოირგეს ბაღში არსებული სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმები, თავად გადაიქცნენ ზღაპრის გმირებად – თოვლის ბაბუა, ფიფქია, ყინულის დედოფალი, წითელქუდა, ჯამბაზი... ამ პროცესში საინტერესო აღმოჩენებს ვაკეთებთ. ვიგებთ, რომ არაჩვეულებრივი სიმღერის და ცეკვის ნიჭით დაჯილდოვებული მშობლები გვყოლია. შედეგად, ახალ წელს ბავშვებს მოვუწყვეთ ნამდვილი დღესასწაული. ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ, იცეკვეს არა დადგმული, არამედ თავისუფალი ცეკვა, არ ჰქონდა ადგილი სტრესსა და გაღიზიანებას. ღონისძიების ბოლოს, ზღაპრის გმირებმა აღნიშნეს, თუ როგორი რთული და საპასუხისმგებლო იყო მათთვის ეს პროცესი და აღიარეს, რომ ეს რთული იქნებოდა ბავშვებისთვის.

იმისათვის რომ ბავშვები გააბედნიერო, მათ უნდა მისცე თავისუფალი არჩევანის საშუალება. პომპეზურ, ფართომაშტაბიან წარმოდგენებზე ბავშვები იღლებიან და სტრესს განიცდიან. მათ მიღწევებს, უნარებს და შესაძლებლობებს სხვა ფორმითაც აჩვენებს აღმზრდელი მშობლებს, ამისათვის არა რის საჭირო ზეიმის მოწყობა და ბავშვის სცენაზე წარდგენა. ჩვენ მთელი წლის განმავლობაში, გავდივართ თემატურ პროგრამას, რომლის დასასრულს ვაჯამებთ აქტივობებით, რაშიც მშობლებიც არიან ჩართულნი. ვაწყობთ აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენებს, რაც ბავშვებს უზომოდ აბედნირებს და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ისინი მშობლებთან ერთად ასრულებენ სახალისო, საინტერესო, განმავითარებელ აქტივობებს.

- როგორი აქტივობები მოსწონთ ბავშვებს?

- განსაკუთრებით ემოციური და შთამბეჭდავია ბავშვებისთვის სტუმრის მოწვევა ბაგა-ბაღში. სულ ახლახანს პროექტ „მწერებთან“ დაკავშირებით გვეწვია ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის წევრი და ბავშვებს ესაუბრა ფუტკარზე, ფუტკრის ოჯახზე, აჩვენა საინტერესო ანიმაცია, მოიტანა მეფუტკრის სამოსი, საჭირო ინვენტარი, ასევე ფიჭა, რომლითაც ბავშვებმა დაამზადეს სანთელი, დააგემოვნეს თაფლი. ასეთი შემეცნებითი აქტივობები პატარებისთვის საინტერესო და ინფორმაციულია. პროგრამიდან და თემატიკიდან გამომდინარე, ვთანამშრომლობთ და ვმეგობრობთ ლიტერატურის მუზეუმთან, თბილისის მთავარ ბიბლოთეკასთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან. ჩვენი პარტნიორები სპეციალურად ქმნიან ასაკობრივად შესაფერის პროგრამას და გვმასპინძლობენ.

ბავშვი ბედნიერია, როცა გვერდით ჰყავს ის, ვინც უყვარს და საქმიანობს მასთან ერთად, როცა გრძნობს რომ მასზე ზრუნავენ და ის მნიშვნელოვანია. ამ დროს მას უხარია იყოს შემეცნებითი აქტივობის ნაწილი და მზადაა შეიმეცნოს უფრო მეტი. ეს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა და ეს მისია დღეს ჩვენ, საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებსა და მეთოდოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელებს გვაკისრია. ჩვენი ბაღის მაგალითზე, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახალი მიდგომები და ახალი პრაქტიკა წარმატებით დავამკვიდრეთ და მზად ვართ, გავიზიაროთ ნებისმიერი სიახლე, რაც ჩვენი ბავშვების სასიკეთოდ იქნება მიმართული.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება