სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

ქართულ-სომხური სიმდიდრე და მიღწევები, რომლითაც ახალციხის რესურსცენტრის უფროსი ამაყობს
31-05-2019
-
+


ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ხათუნა ხმალაძე ახალციხეშია დაბადებული და  გაზრდილი. ამბობს, რომ ბავშვობაში ყველაზე მეტად სოფელში, ბებიასთან და ბაბუასთან ყოფნა უხაროდა, რადგან ბუნებასთან სიახლოვე მაშინ უფრო უწევდა. ბუნება დღემდე ძალიან უყვარს. პროფესიაც ამ სფეროს დაუკავშირა - ბიოლოგიის სპეციალისტი გახდა და მერე, სკოლასა თუ უნივერსიტეტში სხვებსაც ბუნების სიყვარულს უნერგავდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 სკოლაა. აქედან 12 სომხურენოვანია და 2 - ორსექტორიანი, სადაც სწავლა სომხურად და ქართულად მიმდინარეობს. ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ სხვადასხვა ერების ერთ ქალაქსა თუ სოფელში ცხოვრებას ადამიანთა ურთიერთობისთვის ხელი არასოდეს შეუშლია და თავად მუდამ სომეხი ეროვნების მეგობრებითაა გარშემორტყმული.

– ბავშვობა ახალციხეში გავატარე. ქალაქის პირველ სკოლაში ვსწავლობდი. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მზრუნველი ხალხით ვიყავი გარშემორტყმული. ძალიან მიყვარდა, როცა უფროსები მაქებდნენ. მეც ყველას მიმართ ყურადღებიანი ვიყავი. არ მიყვარდა ტყუილი და ეს ბოლომდე გამომყვა. ყველაზე ხალისიანი პერიოდები მაშინ გვქონდა, როცა ზაფხულში სოფელში მივდიოდით. ბებოსთან და პაპასთან ერთად როცა ვიყავი, უფრო მეტი თავისუფლება მქონდა, ბევრი ბავშვები ჩამოდიოდნენ სოფელში და ერთად ტყეში დავდიოდით... ძალიან ლამაზი ბუნებაა ჩვენს სოფელში, წინუბანში. ულამაზესი ხეობაა. მე კი ლამაზი ბუნება ბავშვობიდან მიყვარდა და მახარებდა.

მამა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი იყო,  დედა ექთანი. თუ რამე კარგია ჩემში, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაა და ისინი ჩემთვის მისაბაძი ადამიანები არიან. ჩემს წარმატებაში, მშობლებთან ერთად ჩემს მასწავლებლებს დიდი წვლილი მიუძღვით და მინდა, მადლიერება გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენს სახლში სტანდარტივით იყო – კარგად უნდა გვესწავლა. აზრადაც არ მომივიდოდა, რომელიმე გაკვეთილი არ მესწავლა და სკოლაში მოუწესრიგებელი წავსულიყავი. ჩემი მშობლები ყველანაირად გვიწყობდნენ ხელს, რომ კარგი მოსწავლეები ვყოფილიყავით. წრეებზეც დავდიოდი – მუსიკაზე, მხატვრულ კითხვაზე... მაშინ ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი არ გვქონდა, როგორც დღეს, მაგრამ მუსიკალური განათლება აუცილებელი იყო. სკოლაში ბევრ ღონისძიებას ვატარებდით და მე ძალიან აქტიური ვიყავი ამ მხრივ. ბევრ ოლიმპიადაშიც მიმიღია მონაწილეობა. მე–8 კლასში ვიყავი, როცა კონფერენციაზე თემა წარვადგინე და პირველი ხარისხის დიპლომი მივიღე. ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო მაშინ.

- რომელ სფეროში აიღეთ დიპლომი?

– ბიოლოგიაში. ჩემი პროფესიის არჩევაც ამ სფეროს დავუკავშირე – ქიმია–ბიოლოგიის სპეციალისტი ვარ. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩემივე სკოლის ქიმია–ბიოლოგიის კაბინეტის ლაბორანტად დავიწყე მუშაობა. მერე ჩავაბარე უმაღლესში და როგორც კი დავამთავრე სასწავლებელი, ისევ ჩემს სკოლაში გავაგრძელე მუშაობა. ჩემს მასწავლებლებთან ერთად მიხდებოდა მუშობა და ამის გამო ცოტა მერიდებოდა კიდეც. ძალიან მიყვარდა და მიყვარს ბავშვები. მომწონს, როცა ბავშვს შეუძლია მსჯელობა და საკუთარი აზრის გამოთქმა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არ მიყვარდა, როცა ბავშვები იზეპირებდნენ ტექსტს და ისე ყვებოდნენ.

- რა გახსოვთ თქვენი ბავშვობიდან, რომელი მასწავლებელი უშვებდა შეცდომას, რაც არ უნდა გაგემეორებინათ არასდროს, როგორც პედაგოგს?

- ბავშვებს რომ ვუყურებ, ჩემს ბავშვობასთან ვავლებ პარალელს - ეს მეც ხომ გამიკეთებია. ვცდილობ, ის არ გავიმეორო, რაც მასწავლებლებისგან მე არ მომწონდა. ბავშვს უფროსმა ისეთი გარემო უნდა შეუქმნას, რომ აღარ ჰქონდეს ისეთი რამის გაკეთების სურვილი, რაც არ მოუტანს სარგებელს.

- მაგალითად, რა პარალელი გაგივლიათ თქვენს ბავშვობასთან?

- მაგალითად, ბავშვობაში რომ მეტყოდნენ, ეს არ გაკეთოო, უფრო ვაკეთებდი. აკრძალვა არ არის კარგი, არჩევანის შესაძლებლობა უნდა მისცე ბავშვს. ბავშვს ყოველთვის უნდა დაანახო ის რისკი, რის გამოც რაღაცაზე უარს ეუბნები. ბავშვი ყოველთვის გრძნობს სიყვარულს, შენს  დამოკიდებულებას მის მიმართ და მათთან მუდამ სამართლიანი უნდა იყო. ყველა ბავშვს ისე ვექცევი, როგორც ჩემს თანატოლსა და მეგობარს. ბევრი რამ მისწავლია მათგან და გულწრფელიც ვარ მათთან დამოკიდებულებაში. თუ ბავშვი ამას ხედავს, უკეთესად აგყვება და დაგიჯერებს. ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველას, ყველა ბავშვი საყვარელია და მასწავლებელს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა მათ აღზრდაში.

- სკოლაში რამდენი წელი იმუშავეთ?

- 15 წელზე მეტი ვიმუშავე. ბიოლოგიას, სამოქალაქო განათლებას ვასწავლიდი. უნივერსიტეტში ეკოლოგიაში ვკითხულობდი ლექციებს. ერთი პერიოდი, გარემოს დაცვის რეგიონალურ სამმართველოშიც ვმუშაობდი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი რომ გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე. მასწავლებლის გამოცდილება მქონდა, საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვაკმაყოფილებდი და ჩემი კანდიდატურა შეირჩა. საგანმანათლებლო მიმართულებით, ეკოლოგიის განხრით, არასამთავრობო სექტორშიც ვმუშაობდი.

- როგორი რეგიონია ახალციხის მუნიციპალიტეტი და რა სირთულე დაგხვდათ?

- არ არის სირთულე, რომელსაც შეიძლება ვერ გაუმკლავდე. სკოლებთან ვთანამშრომლობდით აქტიურად და თუ სადმე რაიმე საკითხი იყო გადასაწყვეტი, მათ გვერდით ვდგებოდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული მოსწავლისთვის სკოლაში საინტერესო გარემო იყოს და იქ ხალისით მიდიოდნენ. ბავშვმა თავი არ უნდა იგრძნოს უყურადღებოდ. მშობელი, მასწავლებელი, ბავშვი - ერთობლივად უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართული. ძალიან აქტიური სკოლები გვყავს და სპორტულ ღონისძიებებში, ოლიმპიადებზე იღებენ მონაწილეობას და წარმატებასაც აღწევენ. ბევრი წარჩინებული მოსწავლე გვყავს. მოსწავლეთა თვითმმართველობაც აქტიური გვყავს, სკოლების ადმინისტრაციაც და მშობლებიც.

- ეს რეგიონი იმით გამოირჩევა, რომ ბევრი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს...

- დიახ და ეს ჩვენი სიმდიდრეა. ჩვენი ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა მეგობრული დამოკიდებულებით, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობით... ქართული და სომხური სკოლები ერთმანეთთან მეგობრობენ, ერთობლივად ახორციელებენ ღონისძიებებს. უამრავი არაქართველი მეგობარი მყავს. კომფორტულად ვგრძნობთ მათთან ერთად თავს და გვიხარია ერთმანეთის წარმატება. 

მუდამ ვცდილობ, სიახლეები დავნერგო, ინოვაციური პროექტები განვახორციელო, ვმონაწილეობ ტრენინგებში, რომ არ ჩამოვრჩე მოვლენებს. გარდა ამისა, ვარ მასწავლებელთა ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ტრენერი და ამ მიმართულებითაც ვარ ჩართული საგანმანათლებლო პროცესში.

„ეტალონი“ რომ ტარდება ჩვენს მხარეში, ეს ყველასთვის დიდი დღესასწაულია. ყველას ძალიან გვიყვარს ეს პროექტი, კარგი საქმე კეთდება ჩვენი ახალგაზრდობისთვის. საშუალება ეძლევათ წარმატებულ ახალგაზრდებს, რომ წარმოჩნდნენ, წახალისდნენ და მათი შრომა დაფასებული იყოს. მოსწავლეები ისეთი ხალისით ერთობიან და უმაღლდებათ მოტივაცია... „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც პასუხობს ეროვნულ და საერთაშორისო გამოწვევებს და თანაბარ შესაძლებლობას აძლევს სოფლის და ქალაქის კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეებს. ეს არის ნიჭიერების აღმომჩენი, ეროვნული, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც გვეხმარება, სასკოლო საზოგადოება, მშობელი, მასწავლებელი, მოსწავლე გავერთიანდეთ.

- ბავშვები გიყვართ, მაგრამ არ გყავთ საკუთარი შვილები...

- დიახ, არ შემიქმნია ოჯახი. დისშვილები მყავს, რომლებიც ჩემთან იზრდებოდნენ და ბავშვებზე მზრუნველობა მათზე და მოსწავლეებზე მაქვს გადატანილი. სულ საქმეში ვიყავი ჩართული და ისე მოხდა, ოჯახის შექმნის დრო გამეპარა...

- დაკვრა, სიმღერა, ცეკვა - რა გეხერხებათ?

- ვუკრავ და სიმღერაც შემიძლია, ცეკვაც... მიყვარს ხელოვნება. ვმღერი მეგობრების წრეში. ფოტომოყვარულიც ვარ და ბუნებაში სიარულიც მიყვარს. ჩვენი მხარე მდიდარია ისტორიული ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით, ლამაზი ბუნებით. ხშირად დავდივარ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან მიყვარს ბუნება და გარემოს დაცვით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც მუდმივად ვთანამშრომლობ. ჩვენი სამინისტროს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით ბევრი პროექტი ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენც ვაწყობთ ღონისძიებებს ამ კუთხით. ძალიან მიყვარს მცენარეები და მათი მოვლა. ბევრი კარგი პროექტი გვაქვს ამ მიმართულებით გაკეთებული. მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი რეგიონის ყველა პედაგოგს, დაახლოებით 900 მათგანს, ბზის ნერგი ვაჩუქე. ამ ნერგებით კავკასიის  გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი დაგვეხმარა. ბზა სიცოცხლის და სიწმინდის სიმბოლოა, წითელ ნუსხაშია შეტანილი, აღნიშნული აქტივობა გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, ხელს ვუწყობთ ენდემური სახეობის გავრცელებას.

გასულ წელს, ყველა პირველმა და მე-12 კლასელმა, დაახლოებით 650-მა ბავშვმა დარგო სახელობითი ნერგები და ყველა სკოლის ეზო გავამწვანეთ. ეს იყო ნიკო კეცხოველის პრემიის და  დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული  „დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე“.  მთის მუხისა და თელას ნერგები დარგეს.  სახელობითი ნერგებია და მათ თითოეული მოსწავლე მოუვლის. ამაშიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვეხმარა.  ბევრ ქვეყანაში გაცვლითი პროგრამით ვარ ნამყოფი. მუდამ ვცდილობ, სხვა ქვეყნების გამოცდილება შევისწავლო და ჩემს ქვეყანაში დავნერგო.

- სახლშიც გაქვთ მცენარეები?

- დიახ, სახლში და ეზოში ბევრი ყვავილი მაქვს და სიამოვნებით ვუვლი. დაღლილი რომ მიდიხარ სახლში, მათი მოვლით ბევრ დადებით ენერგიას იღებ. დედასაც ძალიან უყვარს მცენარეები და ერთად ვალამაზებთ გარემოს. თუ სადმე საინტერესო მცენარეს ვნახავ, აუცილებლად უნდა გავახარო.


კომენტარები


სკოლები
ხოჯორნელი ვარსკვლავები მათ საკუთარი შემოქმედებით მიესალმნენ
ღონისძიება გაჯერებული იყო სიმღერებით, ცეკვებით და თეატრალური ნომრებით
სასწავლო პროცესს პედაგოგი ზეინაბ ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
სიახლეები
რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვები
მანდატურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ კონკურსის პირობები და სავალდებულო მოთხოვნები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება