სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

როგორი ბოლო ზარი ჰქონდათ ცნობილ ქართველებს
22-05-2019
-
+


სკოლის დამთავრება, რომელიც ბოლო ზართან და ბანკეტთან ასოცირდება, უმრავლეს შემთხვევაში, დაუვიწყარ მოგონებად იქცევა ხოლმე და წლები ვერ ახუნებს. როგორი ბოლო ზარი ჰქონდათ ცნობილ ქართველებს და რითი გამოირჩეოდა გარკვეული პერიოდები ერთმანეთისგან, „ეტალონს“ თავად უამბეს.

რუსუდან ფეტვიაშვილი, მხატვარი:

- ის პერიოდი, რაც სკოლაში ვსწავლობდი, ყველა კლასის ბოლო ზარზე ბევრი სამუშაო მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მთხოვდა, რამე დამეხატა მათ პერანგსა თუ  წინსაფარზე. სკოლაში ყველა მიცნობდა და ადვილადაც მთხოვდნენ ამის გაკეთებას.

- თავად თუ გაქვთ თქვენი სკოლის დამთავრებისას ბავშვებისგან მოხატული წინსაფარი?

-არა, რადგან არ ვარ სენტიმენტალური. ზოგი ინახავს ძველ ნივთებს... მე არ მიყვარს ძველი რამეების შენახვა. კი მომიხატეს წინსაფარი ბავშვებმა, მაგრამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტოც კი არ მაქვს, ყურადღებას არ ვაქცევდი ასეთ რამეს. ჩემს წინსაფარზე არავის არაფერი დაუხატავს, ძირითადად, სურვილები და კლასელების ხელმოწერები იყო.

- თქვენ რას ხატავდით სხვების პერანგებსა და წინსაფრებზე, თუ თვითონ გთხოვდნენ, რა უნდა დაგეხატათ?

- ძირითადად, ცხოველის დახატვას მთხოვდნენ. ზოგს ქალის თავს ვუხატავდი, ზოგს – კაცის თავს, ზოგს – ფრინველს და ზოგსაც – თევზს. ისეთ რამეს ვხატავდი, რისი დახატვაც სწრაფად შეიძლებოდა. მე–5 კლასიდან ყველა წლის ბოლო ზარის დროს ამით ვიყავი დაკავებული.



- სკოლის დამთავრება რასთან ასოცირდებოდა თქვენთვის?

- ყველა რომ გილოცავს სკოლის დამთავრებას, შენც გიხარია. წარწერიანი პერანგით მოდიხარ ქუჩაში მეგობრებთან ერთად ბედნიერი... ახლაც რომ ვხედავ ბავშვებს წარწერებიანი პერანგებით, ბედნიერებით მევსება გული. გადამდებია ეს სიხარული და ბედნიერება.

ისეთი შეგრძნება იყო, რომ  ახალი ცხოვრება  იწყებოდა. დიდი შემართებით ვიყავით – ქვეყანაში ცხოვრება უნდა შეგვეცვალა, ქართველი ერის წარმატებაში დიდი როლი უნდა გვეთამაშა, კარგად უნდა გვესწავლა უმაღლესშიც...

- უკვე იცოდით, სწავლა სად უნდა გაგეგრძელებინათ?

- დიახ, თავიდანვე ვიცოდი, რომ სამხატვრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა. ზურა ნიჟარაძე იყო მაშინ აკადემიის რექტორი. სკოლის დამთავრებამდე დიდი გამოფენა მქონდა „მხატვრის სახლში“. კომუნისტების დროს გეგმა არსებობდა და მახსოვს, ჩემი გამოფენა 3 თვე გაგრძელდა. მაშინ თემო გოცაძემ, რომელიც მხატვრის სახლს ხელმძღვანელობდა, მითხრა, გეგმა ისე შესრულდა, სიურპრიზი უნდა გაგიკეთო და აკადემიაში უგამოცდოდ უნდა მივაღებინო შენი თავიო. პირობა რომ შეესრულებინათ და, ამავე დროს, სხვისთვისაც არ წამერთმია აკადემიაში ადგილი, პირდაპირ მეორე კურსზე ჩამრიცხეს. ზურაბ ნიჟარაძეც თანახმა იყო ამაზე... თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე ჩამრიცხეს. მერე, გოგი ალექსი-მესხიშვილმა მითხრა, რად გინდა, აკადემიაში დროს რომ ხარჯავ, უკვე მხატვარი ხარო. ამასობაში ხელშეკურულება დავდე პარიზის გამომცემლობასთან – „ვეფხისტყაოსნისა“ და ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები უნდა შემექმნა. თან, იქ სახელმწიფო თოჯინების თეატრის 15-მეტრიან კედელს ვხატავდი. ექსტერნად ჩავაბარე გამოცდები და ასე დავამთავრე აკადემია.

- სკოლის ბანკეტი გქონდათ?

- მე რომ სკოლა დავამთავრე, ანდროპოვის დრო იყო – სსრკ-ს მაშინ ის მართავდა – და აკრძალული იყო სკოლის ბანკეტის გადახდა. მახსოვს, ბუტერბროდები, ნამცხვრები გავაკეთეთ და ერთ-ერთი კლასელის სახლში აღვნიშნეთ ჩუმად. ვინმეს რომ გაეგო, სკოლის დირექტორი დიდ საყვედურს მიიღებდა. დირექტორი მაინც იყო საქმის კურსში, მაგრამ თვალს ხუჭავდა –როგორ შეიძლებოდა, ბავშვებს სკოლის დამთავრება არ აღგვენიშნა?!

ასე რომ, ლამაზად ჩავიცვით და კლასელის სახლში ასე ჩუმად შევიკრიბეთ. ისეთი დრო იყო, ვის რისი საშუალება ჰქონდა და რა გვეცვა... ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვეგონა, რომ კარგად გვეცვა. მახსოვს, ბევრი ვიმხიარულეთ. გვიანობამდე ვერც კი დავრჩით, რადგან შეიძლებოდა, ვინმეს ეჩივლა და იმ ოჯახს პოლიცია დასდგომოდა თავზე. აკრძალული იყო ღამით რამდენიმე კაცის ერთად შეკრება, ღვინის დალევა, სუფრასთან ჯდომა... როგორც მახსოვს, ამ კანონმა რამდენიმე წელს გასტანა კდა მაინცდამაინც ჩვენი სკოლის დამთავრებას დაემთხვა.

ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი:

- საოცარი განცდა იყო სკოლის დამთავრება. ველოდი იმ დღეს, როდესაც თეთრ პერანგს ჩავიცვამდი და მასზე სამახსოვრო წარწერები გაჩნდებოდა ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან თუ პედაგოგებისგან. იმ პერანგს ახლაც ვინახავ. ერთხელ გადავხედე იმ წარწერებს და სასიამოვნო რამეები გამახსენდა.

ჩემს მეგობარს, მხატვარ მიშკა ყაულაშვილს, რომელსაც პიკასოს ვეძახდით, ჩემს პერანგზე დავახატინე ვიოლინოს დიდი გასაღები. ამის გარდა, მისალოცი წინადადებები წერია და წარმატებებს მისურვებენ. ბევრი გულიც ხატია...

ბოლო ზარი რომ გვქონდა, იმავე საღამოს შიომღვიმეში წავედით ექსკურსიაზე, ძალიან კარგი დრო ვატარეთ და ბავშვებმა ერთმანეთს ბევრი სამახსოვრო წუთები დავუტოვეთ. საოცრად კარგი ემოციებით დავიმუხტეთ. აჟიტირებულები ვიყავით. ამ დროს გგონია, რომ დიდი და დამოუკიდებელი ადამიანი ხარ.

სკოლაში ისეთ დროს ვსწავლობდი, როცა არ იყო გათბობა და ნავთი დაგვქონდა, რომ არ გავყინულიყავით. ბევრი კარგი რამ ვისწავლე. კარგი პედაგოგები და დამრიგებელი გვყავდა. ლალი ქაფიანიძე იყო ჩემი დამრიგებელი, რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია.

სკოლის დამთავრება საინტერესო, სხვა ეტაპის დასაწყისის მოლოდინთან ასოცირდებოდა. იმ წელსვე ჩავაბარე უნივერსიტეტში. მხიარული ბოლო ზარი გვქონდა, რომელსაც ექსკურსია და ბანკეტი მოჰყვა. ისეთი კარგი კლასი მყავდა, მას მერე რამდენჯერმე შევიკრიბეთ და მშვენიერი დროც გავატარეთ. ბევრი კარგი გასახსენებელი ამბავიც გვაქვს შატალოებით და სხვა ცელქი ქცევებით, რასაც სკოლაში ჩავდიოდით. თუმცა, ისეთ რამეს არ ვაკეთებდით, რაც ვინმეს ზიანს მოუტანდა. 36 ვიყავით კლასში და  უმეტესობა ფრიადოსანი იყო. გართობაც, სწავლაც და სიცელქეც ზომიერი ვიცოდით. თბილისის 39–ე საჯარო სკოლა დავამთავრე. 26 წელია ამ სკოლაში ასწავლის დედაჩემი და არ მქონდა უფლება, რამე სერიოზული დამეშავებინა. ვუფრთხილდებოდი დედასაც, ოჯახსაც... შვილი ხომ ყოველთვის ოჯახის სახეა?! დედა დაწყებითი კლასების პედაგოგია. საუკეთესო პედაგოგია, რომლისნაირ მასწავლებელსაც სიამოვნებით ვანდობდი ჩემს შვილს.

დავით ზურაბიშვილი – მწერალი, პოლიტიკოსი:

- სკოლა არ მიყვარდა და როცა დავამთავრე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგა ხანს ვინახავდი თეთრ პერანგს, რომელიც სკოლის დამთავრების დღეს მეცვა და ზედ წარწერები იყო. გაიცვითა დროთა განმავლობაში და გადაუვიდა წარწერები. ახლა აღარც ჩანს არაფერი.

- რატომ არ გიყვარდათ სკოლა?

- საბჭოთა სკოლა არ იყო კარგი და იმიტომ. კი მყავდა ერთი–ორი კარგი მასწავლებელი, რომელიც ბევრ კარგ რამეს გვასწავლიდა, მაგრამ სკოლაში ისეთი ატმოსფერო იყო... დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა არ იყო, რუტინა, კორუფცია სუფევდა. მასწავლებლების მხრიდან კი მუდმივად იყო ბულინგი, დაცინვა... მახსოვს, მასწავლებლები მეძახდნენ დეგენერატს, გონებრივად და ფიზიკურად მახინჯს, არადა, კარგად ვსწავლობდი.

- მასწავლებლები გეძახდნენ ასე, სწორად გავიგე?

- დიახ, მასწავლებლები. ბავშვის ცემაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. ერთი სასწავლო ნაწილის გამგე გვყავდა, მასთან ვისაც შეიყვანდნე, ყველამ ვიცოდით, რომ სცემდა. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და არც გვიკვირდა. არადა, ახლა რომ ვიხსენებ, შემზარავი სიტუაცია იყო. შესაბამისად, სკოლის დამთავრება სასიხარულო იყო. კლასელები დღემდე ვხვდებით ერთმანეთს, გადავვარდებით ხოლმე იმ ძველ დროში და ათას რამეს ვიხსენებთ.



- პერანგზე რა დაგაწერეს კლასელებმა და ახლობლებმა?

- ძირითადად, სახელებსა და გვარებს აწერდნენ. ყველაზე სევდიანი კი ის იყო, რომ აფხაზეთის ომის მერე რომ დავხედე იმ პერანგს, ვისი ხელმოწერაც იქ იყო, უმეტესობა ცოცხალი აღარ იყო, ზოგი სად დაიღუპა და ზოგი – სად.

- ბანკეტიც გქონდათ?

- დიახ, წყნეთში გვქონდა ბანკეტი ერთი ჩვენი კლასელის აგარაკზე. მაშინ პირველად ჩავთვალე თავი დიდად და მოვწიე და დავლიე ბლომად. ყველა ჩემი თანაკლასელი ბიჭი ეწეოდა ჩემ გარდა და მე პირველად სკოლის ბანკეტზე მოვწიე და დავთვერი.

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ბიომრავალფეროვნების, დასახლების ტიპებისა და მეურნეობის დარგების განვითარების შესახებ ისაუბრეს
პროექტის მიზნებია - ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებების (გენდერული თანასწორობის) კუთხით
კონფერენციის თემა იყო - ,,მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ხარისხიანი განათლება“
სიახლეები
გრიფირებული სახელმძღვანელოები მომავალ სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის ითარგმნება
შერჩეული კანდიდატები გადანაწილდებიან შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედების დროს მასში 325 ბავშვი იყო ჩართული
ახალი სასწავლო წლიდან შესაძლოა, მე-7 კლასში რუსული ენის ძველი სახელმძღვანელოები დარჩეს
საინტერესო
ჩვენს ორგანიზმს რა თქმა უნდა, აქვს უნარი, ებრძოლოს ტოქსინებს
თუ რომელ ენას მიანიჭოთ უპირატესობა, თავად ბავშვი გიკარნახებთ, უფრო ზუსტად, მისი შესაძლებლობები
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში გაიმართება
საზოგადოება