სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ექსკურსიების სეზონი დაიწყო - არის თუ არა დაცული მოსწავლეთა უსაფრთხოება და ითვალისწინებენ თუ არა რეკომენდაციებს?
19-05-2019
-
+


სკოლებში ექსკურსიების სეზონი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია საუბრობენ, ექსკურსიებთან დაკავშირებით კანონის დონეზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე, ამ მხრივ  არაფერი შეცვლილა. სკოლები კი იმ რეკომენდაციებით სარგებლობენ, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან გადაეგზავნათ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან.

ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ რეგულაციების შემოღება და გამკაცრება სასკოლო ექსკურსიების დროს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა. ერთ-ერთი ავტოავარია 2018 წლის 9 ივნისს მოხდა - თბილისიდან სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი გომბორის უღელტეხილზე, ხევიდან გადავარდა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მე-6 კლასის მოსწავლე.

როგორც ცნობილია, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობასთან დაკავშირებით „ბავშვთა უფლებათა კოდექსში“ (მუხლი 66. საჯარო ღონისძიებებში ბავშვის უსაფრთხოების დაცვა) კონკრეტული რეგულაციებია გაწერილი, თუმცა კანონპროექტი ჯერ პირველი მოსმენითაც არ არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელს სრულყოფილად უნდა ჰქონდეს მონაწილეთა მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია ბავშვის სპეციალური საჭიროებების შესახებ, ინფორმაცია ღონისძიების ინსტრუქტორის, მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის და გადამზიდავის კვალიფიკაციაზე, ტრანსპორტის გამართულობასა და ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმის შესახებ; ღონისძიების გამართვის ადგილი, დრო და ხანგრძლივობა უნდა ეცნობოს შესაბამის პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურებს; თუ კი ბავშვების ჯგუფური ტრანსპორტირების დროს, დროებითი განთავსების ადგილებში და ორგანიზებულ ჯგუფებში ღონისძიების ორგანიზატორის მიერ არ არის უზრუნველყოფილი ექიმისა ან ექთნის 24 საათიანი მომსახურება, იმ პირთა შორის, რომლებიც იღებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე მეთვალყურეობის პასუხისმგებლობას, უნდა იყოს სულ მცირე ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელსაც გავლილი აქვს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი...

მანამდე კი სანამ კონკრეტული რეგულაციების მიღება კანონის დონეზე მოხდება, etaloni.ge დაინტერესდა, როგორ იცავენ სკოლები ექსკურსიების პერიოდში მოსწავლეთა უსაფრთხოებას და ითვალისწინებენ თუ არა სამინისტროს რეგულაციებს. აღნიშნულის გასარკვევად ჩვენ რამდენიმე სკოლის დირექტორის კომენტარებს გთავაზობთ:

სენაკის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ნანეიშვილი:

„როცა მშობლები განცხადებით მოგვმართავენ, გვყავს სატრანსპორტო კომპანია, რომელსაც მივმართავ წერილით და თავად გვთავაზობს რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გავლილი აქვს ტექნიკური დათვალიერება და გამართულია. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას მშობლებს, შემდგომ ხდება მძღოლის დაბარება, რომელსაც მოაქვს მისი პირადობა და მანქანის ტექნიკური დათვალიერების საბუთი. მანქანას ვიზუალურად ვამოწმებთ და ასე ხდება შერჩევა მშობლების თანხმობის საფუძველზე. როცა ორი მანქანა მიდის ექსკურსიაზე, მაშინ ხდება სამართალდამცავებთან დაკავშირება და საპატრულო მანქანის გაყოლა. სამართალდამცავებს ასევე მივმართავთ გამოსაშვები საღამოების პერიოდშიც, რათა ბავშვის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს“.

თბილისის N14 საჯარო სკოლის დირექტორი მაკა გიორგაძე: 

„სამინისტროდან გადმოგვეგზავნა რეგულაციები, რომელიც ექსკურსიებთან დაკავშირებით შემოიღეს. დამრიგებლებთანაც მქონდა შეხვედრა, ავუხსენი რას ითვალისწინებდა ეს რეკომენდაციები, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებით თუ რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ მძღოლებმა, იქნება ეს ავტომობილის მიერ გავლილი ტექნიკური დათვალიერება, მგზავრების დაზღვევის, მძღოლის შესაბამისი კატეგორიის ფლობის თუ სხვა საჭირო დოკუმენტები. რამდენიმე კლასი წელს უკვე იყო წასული იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილი იყო. მოსწავლეებს ექსკურსიაზე ექთანიც ჰყავდათ.  სხვათა შორის, შარშან ექსკურსიაზე ბაკურიანში მივდიოდით და წასვლამდე სამხარაულის ბიუროში დავრეკე, სასწრაფო დახმარების ბრიგადაც და სამაშველო სამსახურიც გაფრთხილებული იყო, რომ ექსკურსიას ვგეგმავდით და ისე ვიყავით წასული, მაშინ კიდევ არ იყო ასეთი რეკომენდაციები, მაგრამ ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ასე მოვიქეცით“.

თბილისის N69 საჯარო სკოლის დირექტორი იასონ ყარმაზანაშვილი:

„ზოგადად, რაც მოთხოვნებია, ყველაფერს ვითვალისწინებთ. აუცილებელია, მძღოლს ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა, მგზავრების დაზღვევა, ასევე ავტომობილს ტექნიკური დათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი.  ტრანსპორტის შერჩევა ორგანიზებულად ხდება. საწყისს ეტაპზე შესაძლებელია მშობლებმა შეარჩიონ ავტომობილი, თუმცა, საბოლოოდ ჩვენთან უნდა შეათანხმოს და თუ მისაღები პირობებია, შემდგომ ვაძლევთ ამის ნებართვას ან ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას, რომელ ტრანსპორტზე გააკეთონ არჩევანი. იმდენად მოკლე მანძილზე ხდება ჩვენი ექსკურსიების დაგეგმა, თან ყოველთთვის ერთი და იმავე ტრანსპორტს ვიყენებთ, რომ საჭიროება არ ყოფილა დამატებით, თუნდაც, საპატრულო ეკიპაჟი გაგვეყოლებინა ექსკურსიებზე მოსწავლეებისთვის“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება