სიახლეები
ინტერვიუ

ნოდარიკო ხუციშვილი: „რომელ ასაკშიც უნდა იყო, რისი სწავლაც მოგინდება, უნდა ისწავლო“
30-04-2019
-
+


პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი, ნოდარიკო ხუციშვილი დიდხანს ეძებდა იმ პროფესიას, რომელიც მას ბედნიერებას მოუტანდა. ამბობს, რომ დღემდე, 35 წლის ასაკში, გარკვეულწილად, ისევ ძიებაშია. საყვარელი საქმე უკვე აქვს – ტურიზმი და სიმღერა, თუმცა უნდოდა, არქიტექტურა ან დიზაინი ესწავლა.

ნოდარიკო ცნობილი ქართველი მომღერლის, გიო ხუციშვილის უფროსი ვაჟია პირველი ქორწინებიდან. ამბობს, რომ ბავშვობაში მამის მიერ  მოტანილი კანფეტი თუ ქურთუკი დიდ სიხარულს ანიჭებდა, რადგან ისეთ რთულ პერიოდს დაემთხვა მისი ბავშვობა, საჩუქრებით განებივრებული არ ყოფილა.

–  სკოლაში 29 წლის წინ მივედი და არც მახსოვს კარგად ეგ დღე. თბილისის 53–ე სკოლაში ვსწავლობდი და სულ დედაჩემისა და მამაჩემის მეგობრების შვილები იყვნენ ჩემს კლასში. ჩვენს დროს სხვანაირი იყო სკოლა. დღეს უკეთესი ინვენტარი აქვთ და უკეთესი პირობები. დროც რთული იყო მაშინ – გასული საუკუნის 90–იანი წლები და ცუდ პირობებში გვიწევდა სწავლა. მახსოვს უშუქობა, ელექტროქურა და ა.შ. ამის მიუხედავად, ბევრი კარგი მახსოვს სკოლიდან. ხან ვხულიგნობდით...

– როგორ ხულიგნობდით?

– ბავშვები ვიყავით და როგორც ამ ასაკს სჩვევია, ვაგიჟებდით მასწავლებლებს, მახეებს ვუგებდით – ხან ჭიკარტებს ვუწყობდით სკამზე, ხან დაფაზე რაღაცას ვწერდით... ამის მიუხედავად, მაინც ჯანსაღი ურთიერთობა გვქონდა მასწავლებლებთანაც და თანაკლასელებთანაც. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და დღემდე გვახალისებს შეხვედრა. სკოლა მაშინ ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ვერთობოდით კიდეც და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალებაც გვქონდა. 

– როგორ სწავლობდით?

– მე–9 კლასამდე კარგად ვსწავლობდი. ბებიაჩემმა, დედაჩემის დედამ ფიზიკა, ქიმია იცოდა კარგად, გიოს დედამ – ისტორია და ჰუმანიტარული საგნები. ორივეს მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. მე–9 კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე ავურიე.

ბავშვობაში მინდოდა, ექიმი გამოვსულიყავი. კარგად გაცნობიერებული რომ არ გაქვს, რა რატომ გინდა, ის პერიოდი მქონდა და  ამიტომ, მე–9 კლასის მერე გადავედი სამედიცინო პროფილის მქონე სკოლა „აიეტში“.  53–ე სკოლის შენობის პირველ სართულზე ჰქონდათ ფართი ნაქირავები. ერთი წელი ვისწავლე, მაგრამ რომ დავფიქრდი... რომ იზრდები, მერე სხვაგვარად აღიქვამ რაღაცებს. კოსმონავტი რომ გინდა გამოხვიდე ბავშვობაში და მარტო გაფრენა რომ გგონია კოსმონავტობა, ისე დამემართა. 

–აღარ მოგეწონათ ექიმობა?

–საპატიო პროფესიაა, მაგრამ რაღაცნაირად ჩემი არ იყო. 17 წლის ასაკშიც არ უნდა ირჩევდეს ადამიანი პროფესიას. მაშინაც ვერ ხვდები, რა გინდა გამოხვიდე. ძალიან პატარა ხარ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად. 35 წლის ვარ და ცოტა ხნის წინ კიდევ არ ვიყავი ბოლომდე ჩამოყალიბებული.

დედაჩემი ხელოვნებათმცოდნეა და ეს სფეროც სულ მაინტერესებდა – არქიტექტურა, დიზაინი, მხატვრობა... მაგრამ, მაშინ ისეთი დრო იყო, ამ სფეროში ყველას უჭირდა და ვფიქრობდი, რომ კიდევ დიდი ხანი არაფერს ეშველებოდა. ამიტომ, უფრო შემოსავლიან საქმეზე ფიქრობ ადამიანი და ისე გამოვიდა, რომ „იესემში“, მენეჯმენტის სკოლაში ჩავაბარე. მივხვდი, არც  ფინანსები იყო ჩემი. ასე, საყვარელი საქმის ძებნა–ძებნაში წამოვედი იქიდანაც და ბანკში დავიწყე სიარული პრაქტიკაზე. 18 წლის ვიყავი მაშინ და გამოვიდა ისე, რომ ადრეული ასაკიდან დავიწყე მუშაობა. კიდევ ბევრ ადგილას ვიმუშავე... რომშიც წავედი და იქ მარკეტინგი ვისწავლე. მერე, მარკეტინგის კუთხით ვიმუშავე დიდი ხანი ჯერ კიდევ მაშინ, ეს სიტყვა ბოლომდე კარგად აღქმულიც რომ არ იყო საქართველოში.

რადგან ცუდი დრო იყო, იმ განათლების მიღება, რომელიც ადრეულ ასაკში შემეძლო, მერე მომიწია. კარგი იქნებოდა, თავიდანვე არქიტექტურა თუ დიზაინი მესწავლა. ხელოვნება უფროა ჩემი საქმე.  მადლობელი ვარ დედაჩემის, რადგან ისეთ რაღაცებზე მატარა ბავშვობაში, რაც მაშინ უმნიშვნელო მეჩვენებოდა. მაგალითად, ფოტოგრაფიაზე დავდიოდი, მთაში, თხილამურებზე, უცხო ენებზე... ეს ყველაფერი ძალიან გამომადგა, რადგან 5 წლის წინ ტურისტულ სფეროში დავიწყე მუშაობა და ახლაც ვარ ამ საქმეში ჩართული. მაინტერესებს ღვინო, ქვევრი... ბევრი მეგობარი მყავს ამ სფეროში და ბევრი საინტერესოც ხდება ამ მხრივ საქართველოში. ადრე, 25 წლის ასაკში ყველაფერი უკვე ნასწავლი და მოთავებული უნდა გქონოდა. ეს განცდა ახალ თაობას არ აქვს, რაც ძალიან მიხარია. რომში რომ ვსწავლობდი, 40 წლის კურსელი მყავდა და ვფიქრობდი, რა უნდა ამას აქ–მეთქი. ახლა კი ვთვლი, რომ ეს ამბავი ძალიან ნორმალურია. რომელ ასაკშიც რა მოგინდება, უნდა ისწავლო.

– კიდევ გინდათ რაიმეს სწავლა?

– დიდი სიამოვნებით ვისწავლიდი და გავიღრმავებდი ცოდნას ღვინის, კულინარიის სფეროში. ამ ასაკში უკვე გააზრებული გაქვს, რა რისთვის გინდა. 17 წლის ასაკში კი ამას ვერ ხვდები. მნიშვნელოვანია, რომ კარგი ზოგადი განათლება გქონდეს მიღებული და მერე კარგად გაიაზრო, რა გინდა.

– მამის როლი როგორია თქვენს აღზრდაში და  მასთან ურთიერთობა როგორ გახსოვთ თქვენი ბავშვობიდან?

– მოგეხსენებათ, დედაჩემი და მამაჩემი გაშორებულები იყვნენ და ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობდით, მაგრამ ყოველთვის ნორმალური და ადამიანური ურთიერთობა ჰქონდათ მშობლებს ერთმანეთთან. მამა აფხაზეთში იბრძოდა და ის პერიოდი ცოტა ბუნდოვნად მახსოვს. მისი თაობის ადამიანებიდან ბევრი აღარ არის ცოცხალი. რთული პერიოდის გამოვლა მოუწიათ ჩემი და ჩემი მეგობრების მამებს. მაშინ ვერ აღვიქვამდი, რა სირთულე იყო ეს. გიო რაღაცნაირად გამოძვრა მაშინ სიტუაციიდან, რაც სხვებს გაუჭირდათ. ამით ვამაყობ კიდეც. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მიხაროდა, ნაყინზე რომ წამიყვანდა. დედაჩემმა, ერთ ახალ წელს, ბალიშის ქვეშ შოკოლადი დამიდო – „მარსი“ რომ ერქვა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მიხარია, რომ ახლანდელ ბავშვებს ასეთი „სიხარულები“ არ აქვთ. ერთად წავედით დასასვენებლად–მეთქი, რომ ვთქვა, ასეთ რამეს ვერც ვიხსენებ. მაშინ მთავარი იყო, გადარჩენილიყავი და ამიტომაც, ცოტა სხვა ფორმა ჰქონდა ამ ურთიერთობებს, 24 საათი რომ სახლში ყოფილიყო გიო და  ჩემთან ეთამაშა, ვერ გადავრჩებოდით. აუცილებლად რაღაც უნდა ეკეთებინა. მე და მამას მუდამ საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. თვითონ უფრო უხაროდა, რაიმეთი რომ გამახარებდა. მაშინ რომ გამეაზრებინა, რის ხარჯზე მოჰქონდა ჩემთვის, მაგალითად, ქურთუკი, რაც ძალიან მახარებდა, კიდევ უფრო დავაფასებდი.

– ნოდარიკო, სიმღერა როდის დაიწყეთ?

– ბავშვობიდან ვმღერი. დედაჩემი კარგად მღეროდა... დედაჩემის მამა, გურამ ბაკურაძე გურამ ბზვანელის ჯაზ–კვარტეტში მღეროდა. სახლში ყველა ვმღეროდით და არავის გაკვირვებია ჩემი სიმღერა. არც მე მდომებია, რომ სცენაზე ავსულიყავი და მომღერალი მრქმეოდა. სახლში ვღიღინებდი ხოლმე. არც სიმღერაზე მივლია. მუსიკა კი სულ მიყვარდა. მერე და მერე, გვიან ასაკში უფრო დავინტერესდი ამ სფეროთი. ჩემს მეგობარ მუსიკოსებთან ვიმღერე და...

– და მამის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდით საზოგადოების წინაშე.

– ასე მოხდა. გიომ იცოდა, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ვმღეროდი პატარა კლუბებში, მაგრამ ყველა არ მიცნობდა და ტელევიზიაში გამოჩენამ თავისი ქნა. ჩემს უმცროს ძმას, ზუკას კი ყველა იცნობდა, ბავშვობიდან მაგრად მღეროდა და თავიდანვე ზუსტად იცოდა, რომ ამ სფეროში უნდა ყოფილიყო. ყველა მეკითხებოდა, შენ რატომ არ ჩანდი აქამდეო. არადა, თავად არ მქონია ამის სურვილი. გიო მოდიოდა ხოლმე, გვისმენდა მე და ჩემს მეგობრებს და მოსწონდა. ამაყობდა  სხვებთან, ნახეთ, ნოდარიკომ როგორ იმღერაო.

– მამას კიდევ რითი ჰგავხართ, გარდა იმისა, რომ თქვენი ხმაც ჰგავს, შესრულების მანერაც და ამას ყველა აღნიშნავდა?

– ალბათ, ბევრ რამეში ვგავარ და ამას სხვები უფრო ამჩნევენ. გიოც ასეთი იყო – ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, ემოციური იყო... გამოკვეთილად ერთნაირები ვიყავით ტემპერამენტით და ა.შ.  მისი ცხოვრება, თავისი შეცდომებითა და თავისი პლუსებით, შეგონებაა ჩემთვის. ხშირად ერთად ვუსმენდით  მუსიკას. ახალს რომ გააკეთებდა რამეს, მასმენინებდა და უხაროდა. გიომაც მოზრდილ ასაკში დაიწყო სცენაზე გამოსვლა. ემოციებით მღეროდა სულ და მეც ასე ვარ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება