სიახლეები
ინტერვიუ

ეკა მჟავანაძე: „თუ რაიმეს სწავლა გინდა, მაინც ისწავლი და მნიშვნელობა არ აქვს, კემბრიჯში სწავლობ თუ მაღალმთიანი სოფლის სკოლაში“
26-10-2019
-
+


მსახიობი ეკა მჟავანაძე ბავშობაში, ფაქტობრივად, მარჯანიშვილის თეატრში იზრდებოდა. მისი მამა, კუკური მჟავანაძე ამ თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ და პატარა ეკა სამსახურში ხშირად მიჰყავდა. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ძლიერი იყო, რომ პროფესიის არჩევისას სხვა არაფერზე უფიქრია.

ამჟამად ის მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და ქართულ ფილმებსა და სერიალებშიც აქტიურად იღებენ. თავად ორი ვაჟის დედაა - 28 და 22 წლის შვილები ჰყავს. უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია, უმცროსი კი  ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. ორივეს მსახიობობა უნდოდა, მაგრამ დედამ არ დაანება, რადგან ფიქრობს, რომ მსახიობის ცხოვრება ურთულესია.

- სკოლაში სიარული არ მიყვარდა და არც ვიცი, რატომ. კარგ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ალბათ იმიტომ მეზარებოდა სკოლაში წასვლა, რომ დილით ადრე ადგომა არ მიყვარდა და ვერ ვიტანდი ტექნიკურ საგნებს. ფაქტობრივად, ბებია მზრდიდა. დედა დილით მიდიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ექიმი გახლდათ - ქეთი დადიანი. სკოლა იქვე, სახლთან მქონდა. ბარნოვზე ვცხოვრობდი და 53-ე სკოლაში დავდიოდი.

ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა და სულ რაღაცას ვწერდი. არ მიყვარდა ფიზიკა, მათემატიკა... ქიმიას კიდევ რაღაცას ვუგებდი. ცუდი ნიშნები არ მყავდა. ერთხელ ფიზკულტურაში გამომყვა ორიანი. 

- მოუქნელი ბავშვი იყავით?

არა, პირიქით, ახტაჯანა ბავშვი ვიყავი.  ფიზკულტურის მასწავლებელი გავაბრაზე. არ მახსოვს ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ჩამი საქციელი არ მოეწონა და ჯიბრში ჩამიდგა... მერე ისეთი ამბავი ატყდა ამაზე... უკან ვეღარ წაიღო თავისი დაწერილი ნიშანი.  ფიზკულტურის გაკვეთილზე დარბაზში ვიცვამდით ხოლმე სსრკ-ს დროინდელ სპორტულ შარვალს, მუხლები რომ ჰქონდა გამობერილი. თან, კაცი იყო ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი... დედაჩემმა ლამის ინფარქტი მიიღო, ოროსნების სიაში რომ აღმოვჩნდი ფიზკულტურის გამო. ალბათ ძალიან გავაბრაზე ის კაცი... მქონდა პერიოდები, შატალოზეც დავდიოდი, მაგრამ ისეთი შემთხვევები, რომ დედა დაებარებინათ სკოლაში და ეთქვათ, თქვენი შვილი ცუდად იქცევაო, არ მქონია.

ქართულის გაკვეთილი მიყვარდა ძალიან. ქართულის  მასწავლებელი მეტყოდა ხოლმე, ეკა, ხვალ გაგიძახებ და შენ რომ იცი, ისე მომიყევიო. ილია ჭავჭავაძე მიყვარდა ძალიან, კარგადაც ვწერდი... მაინც სულ თეატრი მიყვარდა.  მამაჩემი, კუკური მჟავანაძე, წლების განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის მოადგილე გახლდათ. ჰქონდა სახალხო თეატრი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. შეიძლება ითქვას, რომ სულ თეატრში ვიზრდებოდი. ყველა ჟურნალი მქონდა გამოწერილი, რაც თეატრსა და კინოს ეხებოდა. ჩემი ოთახი მქონდა სახლში და მახსოვს,  ჟურნალ-გაზეთებითა და წიგნებით იყო იქაურობა სავსე  და სულ ვკითხულობდი. თეატრითა და კინოთი ვცხოვრობდი. ყველა კინოს ისტორია ზეპირად ვიცოდი და არა მხოლოდ ქართულის, რუსული კინოც კარგად ვიცოდი. რუსული ფილმები გადიოდა რუსულ არხზე. უცხოურიც გადიოდა ხანდახან, მაგრამ სამწუხაროდ, ამით განებივრებულები არ ვიყავით. ყველა სპექტაკლი, რაც იდგმებოდა, 3-4-ჯერ მქონდა ნანახი და არ მბეზრდებოდა. ვბაძავდი მსახიობებს - როგორ ეცვათ, როგორ თამაშობდნენ...  სულ სარკის წინ ვტრიალებდი. ნაბოლარა ბავშვი ვიყავი და მარტო ვიზრდებოდი ბებიასთან. 8 წლის ვიყავი, ორივე და რომ გამითხოვდა და, როგორც დედისერთა, ისე ვიყავი გათამამებული. მამა და ბებია მათამამებდნენ, დედა - იმდენად არა.

- ალბათ ბევრი არც გიფიქრიათ, სად უნდა გაგეგრძელებინათ სწავლა...

ყველამ იცოდა, რა მინდოდა.  ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლებმაც იცოდნენ, სად ვაბარებდი და ამიტომ არ იკლავდნენ თავს, რომ ჩემთვის ფორმულები ესწავლებინათ ზეპირად და აუცილებლად ამოცანები ამომეხსნა. არც ნიშანს მიფუჭებდნენ. დღესაც, ვინც ცოცხალია, დირექტორი თუ მასწავლებლები, ყველა დიდი სიყვარულით მხვდება.

- რომელი წიგნი და პერსონაჟი გიყვარდათ ბავშვობაში?

იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩემი მეზობელი რომ წაიკითახვდა რამეს და იტყოდა, ეს წავიკითხეო, მაშინვე მეც უნდა წამეკითხა. ვგიჟდებოდი ტომ სოიერზე, კარლსონზე, მერი პოპინსზე. სულ მინდოდა, ისე ჩამეცვა, როგორც მერი პოპინსს ეცვა.

- ორი ვაჟი გყავთ. მკაცრი დედა იყავით მათი ბავშვობისას?

დიახ, გაკვეთილებსაც ვიბარებდი, რადგან ბიჭებს ვზრდიდი, მათთან მომთხოვნი და მკაცრი ვიყავი.

- ამ სიმკაცრემ შედეგი გამოიღო?

მე მაინც სულ უკმაყოფილო ვარ და სულ კრიტიკის ქვეშ მყავს ორივე, მაგრამ, ცუდები ნამდვილად არ არიან, სიკეთეც აქვთ... შეიძლება პროფესიონალი არ იყო ყველაფერში, მაგრამ ელემენტარული განათლება ხომ უნდა გქონდეს?! მუსიკაზე დამყავდა პატარა ორი წელი. ახლახან მითხრა, რას გიშავებდი, რატომ მტანჯავდიო.

- როგორც თქვენ იტანჯებოდით მათემატიკითა და ფიზიკით, ისე დატანჯეთ შვილი მუსიკით?

დიახ, მაგრამ ელემენტარულს ვთხოვდი. რატომ იქნებოდა ცუდი, დაკვრა რომ გცოდნოდა-მეთქი, ვუპასუხე. არადა, ჰქონდა ამის მონაცემები. ახლა ნოტების კითხვაც იცის და - ელემენტარული რაღაცებიც მუსიკაში. რაც უფრო მეტი იცი, ხომ უფრო კარგია?! რეჟისორმა მედიკო კუჭიხიძემ, რომელიც ძალიან განათლებული და ჩემი საყვარელი ქალბატონია, 60 წლის ასაკში უმაღლესი ფიზიკა ისწავლა. მოუნდა და ისწავლა!

- თქვენმა შვილებმა მსახიობის პროფესია არ აირჩიეს?

არა, არც ერთმა. უფროსი საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია და უკვე მუშაობს. უმცროსი ბიზნესადმინისტრირების ფკულტეტზე  სწავლობს. მსახიობობის სურვილი ორივეს მე გავუქრე. უამრავი მსახიობი ვიცი, ვინც დეპრესიაშია იმის გამო, რომ როლი არ აქვს. ეს სფერო დაუნდობელია და არ იცი, რა გელის. ჩემი უმცროსი შვილი სერიალ „გუნცაძეების ოჯახში“ თამაშობდა პატარა ბიჭის როლს. ერთ ფილმშიც გადავიღე, „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ ვათამაშე ჩიკას შვილის, სანის მეგობრის როლი და ბედნიერი იყო.

იხილეთ ფოტო 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება