სიახლეები
სამასწავლებლო

მეგობრული თუ მკაცრი დამოკიდებულება მოსწავლესთან?! როდის მიიღება სასურველი შედეგი - დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
29-03-2019
-
+


რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგს მოსწავლესთან მეგობრული ურთიერთობა ქონდეს და მოაქვს თუ არა პედაგოგის მიმართ შიშს მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრება?!

საინტერესოა, როგორი ურთიერთობა აქვთ პედაგოგებთან წარმატებულ მოსწავლეებს და როდის მიიღწევა სასურველი შედეგი?! რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცეში მეგობრული ატმოსფერო და ახდენს თუ არა პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობა სწავლის ხარისხზე. 

აღნიშნულ საკითხზე Etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო სუბარი:

„მოსწავლესთან მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია. როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელი მხოლოდ გაკვეთილს არ მოითხოვს მისგან და ნამდვილი გულშემატკივარია, ცხადია მეტი ინტერესი უჩნდება საგნის მიმართ და გაკვეთილებს უფრო ხალისით და სიყვარულით ამზადებს. ამდენად, მასწავლებლისა და მოსწავლის კარგი ურთიერთობა ნამდვილად განაპირობებს ბავშვის მაღალ აკადემიურ ხარისხს“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე:

„თავისთავად ცხადია ბავშვთან მეგობრული დამოკიდებულებით უკეთეს შედეგს მივიღებთ. ბავშვისთვისაც მეტად საინტერესო იქნება პედაგოგთან ურთიერთობა და შესაბამისად, მისი აკადემიური ხარისხიც უკეთესი იქნება“.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულის საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი გელაძე:

„ბავშვთან სიმკაცრე ყოვლად დაუშვებელია. ჰუმანური მეთოდებით და მეგობრული დამოკიდებულებით შეიძლება ბავშვს სწავლა შეაყვარო. როდესაც ბავშვს მასწავლებლის ეშინია და ამ შიშით სწავლობს გაკვეთილებს, შესაძლებელია ძალიან კარგადაც სწავლობდეს, მაგრამ ეს ცოდნა იქნება ტრაფარეტული და რეალურად ასეთი ნასწავლი არასოდეს გამოადგება“.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გარდაფხაძე:

„როდესაც თავდაპირველად მოსწავლეებთან მომიწია შესვლა, ვცდილობდი მკაცრი ვყოფილიყავი და მეგონა ამით მიიღწეოდა შედეგი. ბავშვები შიშის ფონზე სწავლობდნენ კარგად, თუმცა მათ თითქოს თვითშეფასება ქონდათ ძალიან დაბალი და ვხედავდი კომპლექსებს. შემდეგ გავიარეთ რაღაც ტრენინგები და გადამზადებები. შევცვალე დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და მე ზუსტად ვიცი, რომ ბავშვებთან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულებით მიიღება ის შედეგი, რისთვისაც ვმუშაობთ ბავშვებთან. ბავშვებს მეტად აქვთ საკუთარი თავის რწმენა და მოტივაციაც მაღალია“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორი კობა ბარდაველიძე:

„უპირატესია, მოსწავლესთან მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს. არასოდეს მქონია ბავშვთან მკაცრი დამოკიდებულება და არ ვიცი რა შედეგზე გადიან ის მოსწავლეები, ვისაც პედაგოგები მკაცრად ეპყრობიან. თუმცა, ზუსტად ვიცი, რამდენად წარმატებულები არიან ბავშვები, როდესაც მათთან პედაგოგები მეგობრობენ. ასეთია, მაგალითად, ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“, რომელთანაც ჩვენ, ყველა პედაგოგი ყოველთვის ძალიან ვმეგობრობდით და წარმატებაც სახეზეა“.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭუმბურიძე:

„როდესაც მეგობრული ურთიერთობაა ბავშვთან , მაშინ ნამდვილად მიიღება საუკეთესო შედეგი. პედაგოგებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვთან ურთიერთობისას, ბრძანებით ნათქვამზე მეტად, მეგობრული და თბილი ნათქვამი ჭრის“.

ხონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ მანაგაძე- ანდრიაძე:

„როდესაც მოსწავლის მეგობარი ხარ, აძლევ მას საშუალებას თავად მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, უფრო ამართლებს, ვიდრე როდესაც შენს აზრს მოახვევ თავს. მეგობრული ურთიერთობა უმნიშვნელოვანესია, როდესაც საქმე მოსწავლეებს ეხება“.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლის დირექტორი ლელა არაბული:

„სიმკაცრით ბავშვს საგანს ვერასოდეს შეაყვარებ. ჩემი პრაქტიკით შემიძლია ეს დანამდვილებით ვთქვა. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეს პედაგოგს. ხშირად ვეკითხები ბავშვებს აზრს და ვითვალისწინებ მათ რჩევებს. მომდევნო კვირაში ღია გაკვეთილი გვაქვს დაგეგმილი. ბავშვებს შევთავაზე მიეღოთ მონაწილეობა გაკვეთილის დაგეგმვაში, მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივად შეადგინეს ბავშვებმა გეგმა. იმდენად მომეწონა, რომ სწორედ მათი არჩეული მიმართულებებით ვგეგმავ წარვმართო გაკვეთილი“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი მარიამ გელაშვილი:

„ვერასოდეს ექნება ბავშვს მოტივაცია, თუ მას პედაგოგის მიმართ შიში აქვს. სრულიად განსხვავდება შემთხვევა, როდესაც პედაგოგი ახერხებს მოსწავლესთან პრობლემებზე საუბარს. უყვება და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ეს მნიშვნელოვნად აძლიერებს ბავშვის მოტივაციას და შედეგიც, თავისთავად ცხადია, მაღალია“.

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლის დირექტორი თინა ზარიძე:

„ზოგადად, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლესთან, უმნიშვნელოვანესია. თუმცა, ვფიქრობ, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს კანონმორჩილი და როდესაც მოსწავლე რამეს არღვევს და მისი საქციელი ეწინააღმდეგება სკოლის შინაგანაწესს, პედაგოგმა უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად. თუმცა, როდესაც საქმე სწავლას ეხება, მეგობრული ურთიერთობის დროს უკეთესი შედეგი მიიღწევა, ვიდრე მკაცრი დამოკიდებულების დროს“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მელქოშვილი:

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვს, მის ხასიათებს და დამოკიდებულებებს. მართალია, ყოველთვის მეგობრულ ურთიერთობას ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა, შესაძლებელია ბავშვმა შენი მეგობრული დამოკიდებულება ბოროტად გამოიყენოს და ჩათვალოს, რომ მას ყოველთვის ეკუთვნის დაუთმონ და ვერ მიიღო პედაგოგმა ის შედეგი, რაც გინდა. თუმცა, არსებობენ ბავშვები, რომლებთანაც სწორედ ამ მეგობრული დამოკიდებულებით აღწევ შედეგს“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება