სიახლეები
სამასწავლებლო

შემცირდა თუ არა წელს უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რიცხვი - დირექტორების შეფასებები
27-03-2019
-
+


„აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე არ გავა, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები“, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია აცხადებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში კი ამბობენ, რომ რეგისტრაციის პროცესში აბიტურიენტების სიმცირესთან დაკავშირებით საუბარი არამართებულია, ვინაიდან ბოლო წლების მიხედვით, აპლიკანტების ძირითადი ნაწილი რეგისტრაციის ბოლო დღეს აქტიურდებიან. ცენტრის ცნობითვე, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაანონსებული სიახლე არც გამოცდის „გამარტივებას“ და არც „გართულებას“ არ გულისხმობს. 27 მარტის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 19 200-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს გავლილი.

 

Etaloni.ge დირექტორებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად შეიცვალა თუ არა  წელს როვნული გამოცდების ჩაბარების მსურველთა რიცხვი დაანონსებული სიახლეების გამო.

თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გახარია:

„ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა საუბარი მეთორმეტე კლასელებთან და გავიგეთ მათი აზრი. არსებობს კლასები, სადაც მოსწვალეებს ზოგად უნარებთან დაკავშირებული სიახლე გაუხარდათ და არსებობს კლასები, სადაც მათ პირიქით „გააპროტესტეს“. მათ აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი. მე შემიძლია ჩვენი სკოლის მაგალითზე, რომ აღნიშნული სიახლე საერთოდ არ აისახა წელს ჩაბარების მსურველთა რიცხვზე. გვყავს არაჩვეულებრივი მეთორმეტე კლასელები, რომლებიც აქტიურად დადიან სკოლაში და კარგად სწავლობენ. ვინც აპირებდა წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას, მისი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. არავის გადაუვადებია მომავალი წლისთვის იმის გამო, რომ ზოგადი უნარებისთვის თავი დაეღწიათ“. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ბუთლიაშვილი:

„წელს ჩაბარების მსურველთა რიცხვი, არსებული სიახლიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შემცირებულა. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად არ არსებობს ამის ტენდენცია. ჩვენი მოსწავლეები უკვე დარეგისტრირდნენ და ელოდებიან ეროვნულ გამოცდებს. შემიძლია გითხრათ ჩვენი მოსწავლეების დამოკიდებულება გამოცდების გაუქმებასთან და ზოგადი უნარების ჩაბარებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. როდესაც მათი აზრი მოვისმინე, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მათი აზრით, ეს ნამდვილად არ იყო კარგი გადაწყვეტილება“.

მცხეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვერიკო მაჩხანელი:

„ჩემი აზრით, ეს ცვლილება დიდად არ იმოქმედებს ზოგად ფონზე. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ზოგადი უნარები იქნება არჩევითი და სურვილის შემთხვევაში, მოსწავლე შეძლებს ზოგადი უნარების ქულების დახმარებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას. რაც შეეხება ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და მათ გადაწყვეტილებაში შესაძლო ცვლილებას უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებასთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია ჩემთვის არ არის ცნობილი და ამაზე საუბარი არ შემიძლია“.

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ კაკაბაძე:

„ალბათ, ვისაც ჩაბარება უნდოდა, წელს მაინც ჩააბარებენ და ამ გადაწყვეტილების გამო ერთ წელს არ დაკარგავენ . ამდენად, ვფიქრობ, ჩვენს სკოლაში ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იქნება. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილებას, მოსწავლეებისთვის იყო სასიხარულო. რადგან რაც უფრო გავამარტივებთ გამოცდებს, მათთვის მეტად მისაღები იქნება“.

გორის N11 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ სამსონაშვილი:

„ჩვენი სკოლის მაგალითზე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩაბარების მსურველთა რიცხვი ნამდვილად არ შემცირებულა. ვინც აპირებდა წელს უმაღლესში ჩაბარებას, ისინი ემზადებიან გამოცდებისთვის. მოსწავლეებს ცხადია გაუხარდათ ეს გადაწყვეტილება. რაც უფრო გამარტივდება გამოცდები, მათთვის უმჯობესია. რაც შეეხება პედაგოგების განწყობას, ამ შემთხვევაში აზრი ორად გაიყო. პედაგოგების ნაწილი ამას დადებითად შეხვდა, ნაწილი- უარყოფითად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება არ არის ცუდი, თუმცა ზოგადი უნარები მაინც უნდა იყოს გამოცდებზე, რაღაც სახით უნდა ფიქსირდებოდეს მოსწავლის ზოგადი უნარები“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ქორიძე:

„ჩემი სკოლიდან, ვინც იყო აბიტურიენტი წელს, ყველა დარეგისტრირდა. ამდენად, ამ სიახლეს არ უმოქმედია ბავშვებზე. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, აზრი ორად გაიყო. არის ნაწილი ბავშვებისა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეს ზოგადი უნარები იყო ძალიან კარგი მათთვის და სხვადასხვა უნარებს უვითარებდა. თუმცა, ნაწილი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ ეს საგანი დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა. არ არის სასკოლო საგანი და დამატებით პედაგოგის მოძებნა უწევდათ. ამდენად, ბავშვების გარკვეული კონტიგენტისთვის ეს სასიხარულო ამბავია“.

თელავის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჯავახიშვილი:

„ჩვენი მეთორმეტე კლასელები, ვისაც სტუდენტობა უნდოდა, წელსვე აბარებენ გამოცდებს და მომავალი წელს არ ელოდებიან გამარტივებულად უნივერსიტეტში ჩაბარების იმედით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეებიც და პედაგოგებიც ერთ აზრზე ვართ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგადი უნარები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო. ამ აზრს იზიარებენ ჩვენი მეთერთმეტე კლასელებიც“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავის საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი ჩიტორელიძე:

„მოსწავლეებში 100 % -იანი სურვილია უნივერსიტეტში ჩაბარების. დაველოდებით სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამჯერად, ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა განწყობაზე საუბარი რთულია“.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის დირექტორი ვალენტინა ბაშლიკი:

„ვფიქრობ, არსებულმა სიახლემ არ იმოქმედა უნივერისტეტში ჩაბარების მსურველთა რიცხვზე. რაც შეეხება მოსწავლეებისა და პედაგოგების დამოკიდებულებას ამ საკითხზე, აზრი ორად გაიყო. ზოგს მოსწონს, ზოგს- არა“.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ყორღანაშვილი:

„მოსწავლეები, რომლებიც გეგმავდნენ წელს ჩაბარებას და მობილიზებული იყვნენ გამოცდებისთვის, მათ გადაწყვეტილება ამ სიახლემ ვერ შეაცვლევინა. ბევრი პროგრესულად მოაზროვნე საღად შეხვდა ზოგადი უნარების არჩევითი საგნების სიაში გადანაცვლებას. ხოლო, ვისთვისაც ეს იყო ფინანსური შემოსავლის წყარო, მისთვის ცხადია არ არის ეს ამბავი სასიხარულო. ოჯახები ნამდვილად გახარებულები არიან, რადგან ძალიან ბევრი ფინანსები იყო საჭირო მოსწავლის ამ საგანში მოსამზადებლად“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი:

„ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელები, რომლებიც წელს აბარებდნენ უნივერსიტეტში, ისინი დარეგისტრირებულები არიან და ელოდებიან გამოცდებს. ჩემი აზრით, ეს სიახლე მოსწავლეებისთვის ძალიან სასიხარულოა და ასევე დადებითად შეხვდნენ ამ სიახლეს პედაგოგები“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
პედაგოგი მოსწავლეებს ბუნებრივი რესურსების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა და გარემოს დაცვისკენ მოუწოდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება