სიახლეები
სამასწავლებლო

რა მეთოდებით ხდება სკოლაში დისციპლინის დამყარება - დირექტორები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ
26-03-2019
-
+


დისციპლინა სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. საინტერესოა რა მეთოდებით ახერხებენ წარმატებული დირექტორები დისციპლინის დამყარებას სკოლებში.

რა აპრობირებული მეთოდებით ხდება სკოლებში დისციპლინის დამყარება და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია მშობლის ჩართულობას ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში.

Etaloni.ge აღნიშნულ საკითხზე სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წილოსანი:

„ვფიქრობ, დასჯის ნებისმიერი მეთოდი მიუღებელია. ნებისმიერ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და საუბარი ნებისმიერ საკითხზე. პედაგოგმა უნდა მოძებნოს ამა თუ იმ საქციელის გამომწვევი მიზეზი და შეიმუშაოს გზები ამ პრობლემების მოგვარებისთვის, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი დამსჯელი ღონისძიების გარეშე“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ წიტაიშვილი:

„ვფიქრობ, დასჯის ძველი მეთოდები, ფიზიკურად შეხება მოსწავლესთან და ა.შ. სრულიად მიუღებელია. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე დისციპლინაზე და ვფიქრობთ, რა მეთოდებით არის შესაძლებელი სიმშვიდის დამყარება სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს გაწერილი ქცევის კოდექსში. თუმცა, ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად აუცილებელია სისტემა მუშაობდეს მოწესრიგებულად. ვფიქრობ, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კომპიუტერის ჩამორთმევა, გაკვეთილიდან გაშვება, ექსკურსიაზე წასვლაზე უარის თქმა მოსწავლისთვის და ა.შ. რითაც შეძლებს მოსწავლე საკუთარი დანაშაულის დანახვას. ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული რთული შემთხვევები ნამდვილად არ ხდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ცხადია დამრიგებელი იძახებს მშობელს და დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბავშვის გარიცხვაც“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ღვინიაშვილი:

„საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ქცევის კოდექსიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მეტად ამართლებს მოსწავლესთან მეგობრული დამოკიდებულება, საუბარი და რჩევა ამა თუ იმ საკითხზე. გამოგვიყენებია ასეთი სახის მექანიზმიც, რომ ბავშვისთვის დაგვივალებია სკოლის ეზოს პატარა მონაკვეთის დალაგება და მოვლა“. 

თბილისის N35 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიკვილაძე:

„დასჯის მექანიზმები კი არა, სიტყვა „დასჯაც“ კი დაუშვებელია, როდესაც საქმე მოსწავლეს ეხება. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ საუკეთესო მეთოდია მოფერება, საუბარი და ახსნა. უკიდურეს შემთხვევაში ხდება მშობელთა კრებები და მშობლის ჩარევა“.

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე:

„ეს არის სასკოლო ცხოვრებაში ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ძალიან დიდხანს შეიძლება ვისაუბროთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული სტრატეგიები, რომელსაც მიმართავს პედაგოგი იმისათვის, რომ დაარეგულიროს და შესაბამისად წარმართოს სასწავლო პროცესი. შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვისთვის ინდივიდუალური დამატებითი დავალების მიცემა. უკიდურეს შემთხვევაში კი მიმართავენ სკოლის სასწავლო ნაწილს და დირექტორს“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორი თამილა შულაია:

„ნებისმიერ სადამსჯელო ღონისძიებას ბავშვებთან ურთიერთობა სჯობს. აუცილებელია პედაგოგმა მოიპოვოს მოსწავლის ნდობა და სიყვარული. იყოს გულღია და გულწრფელი მასთან. ასეთ დროს ბევრად უფრო მარტივად ხდება ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა. ჩვენს სკოლაში არ არის ფსიქოლოგი, რომელიც კონკრეტულ თემებზე ისაუბრებს ბავშვთან. ვფიქრობ, ამ საქმეს ჩვენ, თითოეული პედაგოგი, ძალიან კარგად ვართმევთ თავს და ვეხმარებით ჩვენს ბავშვებს ყველა პრობლემის გადაჭრაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. ხშირად სწორედ მშობლის ნაკლები ყურადღება განაპირობებს კონფლიქტებს ახალგაზრდებში. მშობელი, მასწავლებელი და ბავშვი არის უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც ერთად უნდა აგვარებდეს ნებისმიერ პრობლემას“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან გაბაიძე:

„ვფიქრობ, მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ამდენად, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სწორედ მშობელს, რომელთან ერთადაც ვიმსჯელებთ არსებული პრობლემის მოგვარებაზე“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კვათანის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა საკანდელიძე:

„დღეს მოსწავლეებმა კარგად იციან, რომ აქვთ უფლებები, რომელიც არავინ უნდა დაარღვიოს. მე პირადად, მოსწავლეებთან ყოველთვის თბილი მიდგომებით ვაგვარებ ნებისმიერ პრობლემას. დავუჯდები ხოლმე, ვესაუბრები, ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, შვილების გამოცდილებას და მათთან ერთად ვცდილობ ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავლის პოვნას. ყველა პედაგოგი ცდილობს იყოს მეტად ლოიალური და ეს დამიჯერეთ, მეტად ჭრის ბავშვებთან მიდგომების დროს, ვიდრე სხვა მეთოდები“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა აბესაძე: 

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. სიმართლე გითხრათ, მეტად გამოკვეთილი პრობლემები ჩვენთან არ ფიქსირდება. მაგრამ მე, როგორც დირექტორი მივიჩნევ, რომ ინდივიდუალური საუბრები ნებისმიერ სადამსჯელო ღონისძიებას ჯობს. ასაკიდან და ხასიათებიდან გამომდინარე თითოეულ მათგანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ბავშვთან უნდა გქონდეს დისტანციაც და ამავდროულად უნდა იყო ძალიან მეგობრული. აქვე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსწავლის მშობელი აქტიურად იყოს ჩართული მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში და იყოს ინფორმირებული ნებისმიერ საკითხზე“.

ბათუმის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ხარჩილავა:

„ჩვენ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, პირველ რიგში უპირატესობას ვანიჭებთ ბავშვთან საუბარს. გააჩნია შემთხვევას, შესაძლებელია მანდატურის და მშობლის ჩართვა გახდეს საჭირო. ზოგადად, მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს, რაც 50% -ით ამცირებს იმ პრობლემებს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი აზა გადელია:

„ბავშვებთან ურთიერთობის მრავალი მექანიზმი არსებობს. გააჩნია, რა დარღვევასთან გვაქვს საქმე. ძირითადად საჭიროა კლასის დამრიგებელი გაესაუბროს მოსწავლეებს. თუმცა შესაძლებელია საჭირო გახდეს რაღაც სანქციები. მაგალითად, როდესაც ბავშვებს შორის არის უთანხმოება, შეიძლება კონკრეტული მოსწავლეები რამდენიმე დღით განთავისუფლებული იყვნენ საგაკვეთილო პროცესიდან. ხშირად ხდება კლასის დამრიგებელთან ერთად ანალოგიური შემთხვევების განხილვა, მსჯელობა, რომლის საფუძველზეც ბავშვები თავად ხვდებიან, რომ არასწორად იქცევიან. სხვათა მაგალითზე დაყრდნობით, მეგობრების და პედაგოგის აზრის მოსმენა ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ასეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კარელიძე:

„მართალია ჩემს სკოლაში ასეთი პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება ბავშვებს საუკეთესო მეთოდია მათთან მეგობრული ურთიერთობა. ვფიქრობ, არც სკოლის დირექტორს და არც რომელიმე პედაგოგს, არასოდეს უნდა დაავიწყდეს, რომ ისიც ყოფილა ბავშვი და მოსწავლესაც სწორედ ისე უნდა მოექცეს, როგორც მას გაუხარდებოდა, რომ მოქცეოდა სკოლის დირექტორი ან პედაგოგი. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ბავშვობიდან მოვდივარ. არ მიმაჩნია, რომ რაიმე მკაცრი ზომები, დადებითად იმოქმედებს რომელიმე ბავშვზე“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება