სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ნუცა თოფურია: „პირველ კლასში რომ მივედი, გამრავლების ტაბულა ზეპირად ვიცოდი“
24-03-2019
-
+


„მხოლოდ ქართულის“ ფინალისტი, ნუცა თოფურია ბავშვობაში ტელეკონკურსში მონაწილეობის მისაღებად დედას ბებიასთან ერთად გაეპარა. იმ კონკურსში, რომლესაც „ანა–ბანა“ ერქვა, გრანპრი აიღო. „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა კი არ უნდოდა – ფიქრობდა, რომ ამისთვის მზად არ იყო, თუმცა ამჯერად დედამ არ დაანება და ნუცა სამ საუკეთესო მომღერალს შორის აღმოჩნდა.

ნუცა თოფურია 18 წლისაა. სკოლა გასულ წელს დაამთავრა და ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. რაც თავი ახსოვს,  მღერის. სკოლაში, გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც მღეროდა. ამის გამო, დედამისი სკოლაშიც დაიბარეს და შენიშვნა მისცეს. დედამ ბევრი იცინა, ნუცამ კი სწორედ სიმღერით გაითქვა სახელი.

–  თბილისის 63–ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც ყოფილი მე–7 გიმნაზია იყო. ძალიან კარგად მახსოვს სკოლის წლები. პირველ კლასში რომ მივედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მახსოვს, ყველა ტიროდა, მე კი პირიქით, დედას ვეხვეწებოდი, წადი, დამტოვე-თქო. დედა სკოლამდე რაღაცებს მასწავლიდა და ძალიან მონდომებული ვიყავი, მიხაროდა სწავლის დაწყება.

– რას გასწავლიდათ დედა სკოლამდე?

– სანამ სკოლაში შევიდოდი, ვიცოდი ყველა ასო, ციფრი, კითხვა და გამრავლების ტაბულა. ასეთი მომზადებული მივედი სკოლაში!

– თქვენი აზრით, პირველკლასელ ბავშვებს სწავლის ეშინით და პირველ დღეებში სკოლაში დარჩენა ამიტომ უჭირთ?

– არა მგონია. ვფიქრობ, უცხო გარემოში რომ ტოვებენ მარტო, ამას არ არიან მიჩვეულნი და ტირიან. მე ძალიან კომუნიკაბელური ბავშვი ვიყავი და ყველაფერს ადვილად შევეგუე.

ჩემი სკოლა იმდენად მიყვარს, რომ, როცა დავამთავრე, მაინც სულ სკოლაში ვიყავი. ახლა იმდენად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ მაინც ხშირად მივდივარ. თან ისე მხვდება ყველა, იმდენად თბილი გარემოა... მასწავლებლების ნახვაც მინდა ხოლმე და სკოლელებისაც. პატარებთან ყოველთვის ვმეგობრობდი და ყველასთან თბილი დამოკიდებულება მაქვს. ყველა ზეიმზე ვმღეროდი სკოლაში და ძალიან უხარიათ, როცა მივდივარ და ჩემთვისაც ბედნიერება მოაქვს მათ ნახვას. ვგიჟდებოდი ჩემი დაწყებითის მასწავლებელზე. მერე, როცა მაღალ კლასში გადავედით და დაგვშორდა, იმდენი ვიტირე... ისტორიის მასწავლებელი, მეგი კურტანიძე  გახდა ჩემი დამრიგებელი, რომელიც ასევე ძალიან შემიყვარდა და ასე გადავიტანე პირველ დამრიგებელთან განშორება. საოცარი დირექტორი გვყავდა – ნანა მონიავა და სულ მიხაროდა სკოლაში სიარული. მაღალ კლასებში რომ გადავედი, კი მეზარებოდა დილით ადრე ადგომა და ცოტას ვაცდენდი.

„ანა–ბანაში“ რომ ვმონაწილეობდი, ისე შემიწყო ჩემმა სკოლამ ხელი, რომ არასდროს დამავიწყდება. ამიტომაც ვსაუბრობ სკოლაზე ასე აღფრთოვანებით. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ნანა მელაძეც უზომოდ მიყვარდა. ჩემი მესამე დამრიგრებელი ქეთინო ჩაჩუა იყო, რომელიც ქიმიას მასწავლიდა და ასევე ძალიან მიყვარდა.

–  როგორი ბავშვი იყავით?

– ძალიან აქტიური ვიყავი. ყველა ღონისძიებაში ვმონაწილეობდი და ორგანიზატორობასაც ვუწევდი. გამაღიზიანებლად ცანცარა არ ვყოფილვარ. ალბათ ამიტომაც ვუყვარვარ ყველას...

– კარგად სწავლობდით?

– კი, ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი და ოქროს მედლის კანდიდატიც ვიყავი, მაგრამ მათემატიკამ და ფიზიკამ 9–იანები დამიწერეს... არ მიყვარდა მათემატიკა.

–  არადა, პირველ კლასში გამრავლების ტაბულა გცოდნიათ...

– დიახ, მაგრამ მერე ხომ იცით... მათემატიკა ბოლოს, უნარების მასწავლებელმა შემაყვარა, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი. არასოდეს მქონია გართულება, რომ სულ 10–იანებზე მესწავლა, მე–10 კლასშიც ათოსანი ვიყავი და მე–11–მე–12 კლასებში 9–იანები შემომერია. დილიდან საღამომდე რომ სხედან და თავს აკლავენ სწავლას, ასე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ყველაფერს ვასწრებდი. „აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ“–ს მეძახდნენ, რადგან ყველგან ვიყავი. როცა გაკვეთილი არ ვიცოდი, არ მივდიოდი სკოლაში. ძალიან აქტიური ვარ და როცა სხვები აქტიურობდნენ და მე ვერა, არ მომწონდა. ამიტომაც, ვცდილობდი, გაკვეთილზე უსწავლელად არ შევსულიყავი.

– გახსოვთ, როდიდან მღერით?

– მახსოვს, 3 წლის ასაკში „იავნანას“ რომ ვმღეროდი. ბავშობაში, ამ სფეროში პედაგოგი არასოდეს მყოლია. ყველა სიმღერას ჩემით ვიმახსოვრებდი და ვმღეროდი. „ანა–ბანაში“ ისე მივედი, მასწავლებელი არც მყოლია. მაშინ მე–5 კლასში ვიყავი. რაც ვიცოდი, ის სიმღერები ვიმღერე კასტინგზე. დედაჩემს არ უნდოდა, იმ პროექტში მიმეღო მონაწილეობა – პედაგოგი არ გყავს და სად მიდიხარო. მე და ბებიაჩემი ჩუმად გავიპარეთ, დავრეგისტრირდით და დედა რომ მოვიდა სახლში, დავახვედრეთ ამბად, რომ მეორე დღეს კასტინგზე მივდიოდი. მახსოვს, მარინა ბერიძემ ჩემი სივი გვერდით გადადო, სადაც ცოტა ფურცლები ედო. დამწუხრებული გამოვედი და დედაჩემს ვუთხარი, ალბათ ვერ გადავედი შემდეგ ტურში–მეთქი. დედაჩემი ვერ მიხვდა, რა მოხდა, მაგრამ ნახევარ საათში დაურეკეს და ახარეს, თქვენი შვილი საუკეთესო 12 ბავშვს შორის მოხვდაო. ამ კონკურსში გრანპრი ავიღე და ამის მერე კი დაიჯერა დედაჩემმა ჩემი.

– ამ წარმატების მერე როგორ გაგრძელდა სიმღერასთან თქვენი ურთიერთობა?

–  პედაგოგთან, ნანა ჟღერიასთან მივედი და მას მერე მასთან ვემზადები. ახლა სულაც არ მინდოდა „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა, ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი მზად ასეთი მასშტაბური და სერიოზული პროექტისთვის, მაგრამ დედაჩემმა ძალით გამიყვანა. ძალიან კმაყოფილი კი დავრჩი და ახლა რომ ვფიქრობ, რაზე ვამბობდი უარს... ბევრ ენაზე მიმღერია, მაგრამ ქართულად სულ სხვა გულით ვმღერი. ამიტომაც მგონია, რომ ქართული უფრო ჩემია, ვიდრე უცხოური.

–  ალბათ სულ ღიღინებთ...

– დიახ, სულ ღიღინში ვარ. არასოდეს ვიქცეოდი სკოლაში ისე ცუდად, რომ დედაჩემი დაებარებინათ. ცოტა რომ წამოვიზარდე, დაიბარეს და უსაყვედურეს – თქვენი შვილი გაკვეთილზე მღერისო. არადა, ისე ვმღეროდი, ვერც ვხვდებოდი. საკონტროლო წერის დროსაც ვღიღინებდი. ერთხელ წამოვხტი და ცეკვა დავიწყე... დედაჩემმა თქვა, სკოლაში ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდიო, მაგრამ იქიდან რომ გამოვიდა, ბევრი იცინა. „ანა–ბანაში“ რომ მივიღე მონაწილეობა, სკოლაშიც მიხვდნენ, სულ რატომ ვმღეროდი. ახლაც სულ ვღიღინებ. ხანდახან ქუჩაში ცოტა ისე რომ შემომხედავენ ხოლმე, მაშინ ვხვდები, რომ უნდა გავჩუმდე, თორემ ისე ვერც ვამჩნევ, რომ ვმღერი და ეს სხვასაც ესმის.  

– ახლა სად სწავლობთ?

–  „ჯიპაში“. აქ მოხვედრა ჩემი ოცნება იყო და მოვხვდი კიდეც. ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ვსწავლობ.

– გაინტერესებთ ეს საქმე?

– პიარი და მარკეტინგი მაინტერესებს ძალიან. მინდოდა, მუსიკისგან ცოტა განსხვავებული პროფესია მქონოდა, რადგან ეს სულ იქნება ჩემს ცხოვრებაში. ყველამ, ვინც გაიგო, ამ სპეციალობაზე ვაბარებდი, მითხრა, ნამდვილად შენი შესაფერისია, რადგან აქტიური, კომუნიკაბელური ხარ და გამოგივაო. ჯერჯერობით მომწონს ეს ყველაფერი. უნივერსიტეტში ზუსტად ისეთი გარემო დამხვდა, როგორიც მინდოდა. რომ მივდიოდი, წამოსვლა აღარ მინდოდა, მაგრამ მერე დაიწყო „მხოლოდ ქართული“ და სულ ვაცდენდი. ახლა ისევ დავბრუნდი და ყველანაირად ხელს მიწყობენ.


კომენტარები


სკოლები

თბილისის N106 საჯარო სკოლა მოსწავლეებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩევა

კლუბის წევრებმა ჩამოიარეს საკლასო ოთახები, ნახეს და გადაიღეს ენის სიწმინდის დაცვის ბიულეტენები

მოსწავლეებმა გალერეაში ლეონარდო და ვინჩის რეპროდუქციები დაათვალიერეს 

ღონისძიება პირველი კლასის მოსწავლეებმა და მათმა ხელმძღვანელმა, ხათუნა ქუთათელაძემ, გამართეს 

სიახლეები

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

გრანტის გაცემის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი უნარებისა და არჩევითი საგნის შედეგებს

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

საინტერესო

გაიმართა ფოტოგამოფენა, სადაც ქალაქ ახალციხისა და ციხის ძველი ფოტოსურათები წარმოადგინეს

14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა

„დედა ენა“ ერთადერთი წიგნია, რომელსაც ხალხმა ძეგლი დაუდგა
მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა
ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება
ეტალონი

90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება

ახალგაზრდების მონაწილეობით ფარსათის N2 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს 

ტრენინგი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეთა სახელმწიფო ენასთან ინტეგრაციას მოიაზრებს

მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან გუნდს ამხელა სიხარულისთვის“.

ქობულეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საზოგადოება