სიახლეები
სამასწავლებლო

„I-VI კლასებში ძალიან კარგი შედეგია, ბოლო კლასებში კი ერთგვარი ჩავარდნაა“ - დირექტორები განათლების მინისტრის განცხადებას აფასებენ
19-03-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, I-VI კლასებში მოსწავლეებს კარგი შედეგები აქვთ, შემდეგ კლასებში კი „ერთგვარი ჩავარდნაა“

„სკოლა რომ განვიხილოთ, როგორც მთლიანი სისტემის შედეგი, ასეთი საინტერესო სურათი იკვეთება - მაგალითად, I-VI კლასებში ძალიან კარგი შედეგია, რაც ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით დასტურდება. ანუ, სისტემა მეტ-ნაკლებად კარგად მუშაობს და შედეგებს გვაძლევს. მერე სისტემაში ხდება რაღაც, რომელიც არ მუშაობს პოზიტიურად და ნეგატიურ შედეგებს გვაძლევს... ბოლო კლასებში ერთგვარი ჩავარდნა ხდება“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით დირექტორები, მათ სკოლის მაგალითზე რომელ კლასებში აქვთ მოსწავლეებს კარგი შედეგი.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კვიახიძეების საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ დიასამიძე:

„ჩვენს სკოლაში სულ 12 მოსწავლე სწავლობს და ეს თანაფარდობა, ასე რომ ვთქვათ, დაცულია. ზოგადად კი ზუსტად ისეა, როგორც მინისტრმა ბრძანა: დაწყებითი კლასის მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან და უკეთ სწავლობენ, ვიდრე მაღალ კლასებში“. 

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდის საჯარო სკოლის დირექტორი ციალა უგულავა:

„ჩემი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ამ განსხვავებას დიდად ვერ ვამჩნევ. როგორც ჩანს, ეს მცირეკონტიგენტიანი სკოლების პლიუსია, რომ მოსწავლეები თანაბრად კარგად სწავლობენ, როგორც დაწყებით კლასებში, ისე მაღალ კლასებში“. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთო კიკალიშვილი:

„რეალობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, მოსწავლეები დაწყებით კლასებში უფრო მეტად მოტივირებულები და სწავლას მოწყურებულები არიან. შემდგომ კი, პროგრამის ზრდასთან ერთად, იცვლება მათი განწყობა და სიზარმაცისკენ მიილტვიან. თუმცა, მე უფრო მეტად გამოვყოფდი IX კლასამდე მოსწავლეებს და შემდგომ, რადგან ამ ასაკობრივ ჭრილში უფრო მეტად შეინიშნება განსხვავება“. 

თემურ ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა სამუშია:

„ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მშობლების ჩართულობით არის განპირობებული. V-IV კლასამდე მშობლები მეტად არიან დაინტერესებული მოსწავლეების სწავლის დონით, ეხმარებიან და გვერდში უდგანან მოსწავლეებს ყოველდღიური მასალის მომზადებაში. თუმცა, დაწყებითი საფეხურის შემდეგ მოსწავლეთა, ალბათ 10-15 % ვერ იაზრებს, რომ სწავლა მნიშვნელოვანია. მშობლების ჩართულობაც იკლებს და ამიტომ ხდება, რომ ისინი ვერ ახერხებენ ქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება. ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების კარგი გუნდი. ჩვენთან ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობაა, გვყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ მისცენ მოსწავლეებს საუკეთესო განათლება“.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით მიქელაძე:

„მე ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლე კარგად სწავლობს, ის დაწყებით კლასშიც და მაღალ კლასებშიც ასე გააგრძელებს სწავლას და პირიქით. ზოგადად, VI კლასის შემდეგ რაღაც-რაღაც ფაქტორების გათვალისწინებით მოსწავლეებში სიზარმაცე იჩენს თავს, ამიტომ მინისტრის განცხადებას გარკვეულწილად ვეთანხმები“. 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გორდეზიანი:

„გარკვეულწილად ვეთანხმები ამ განცხადებას, რადგან ჩვენს სკოლაშიც, თითქმის, ანალოგიური სიტუაციაა. თუმცა, ნამდვილად არსებობს კატეგორია ბავშვებისა, რომლებიც I კლასიდან დაწყებული XII კლასის ჩათვლით საუკეთესო შედეგებით ასრულებენ სკოლას. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა VI კლასამდე უფრო მაღალია, ვიდრე VI კლასის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლის ხარისხს“.

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მინდია ცხვედიანი:

„ეს ალბათ, გამოწვეულია მათი რთული გრაფიკით, ბევრი საგნით და ა.შ. თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაინც ძალიან ინდივიდუალურია. არიან მოსწავლეები, რომლებიც VI კლასამდე ვერ სწავლობენ ისე კარგად, როგორც VI კლასის შემდეგ და პირიქით. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ სკოლაში ძალიან კარგი შედეგები ფიქსირდება. ბავშვები ახერხებენ წარმატებით ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ მაღალი შეფასებები“.
 
ქალაქ ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ჩიხელიძე:

„მოგეხსენებათ, V კლასამდე მოსწავლეებისთვის არ არსებობს ნიშნები და მათთვის არის განმავითარებელი შეფასება. ამდენად, ამ საკითხზე ასე მარტივად საუბარი, ალბათ, შეუძლებელია. ამ თემაზე უფრო ღრმად განათლების სამინისტრო და ანალიტიკოსები მუშაობენ“.

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექტორი გიული ხარხელი:

„ბავშვის აკადემიური მოსწრება ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად არის ჩართული მშობელი ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი უკვე გაიზრდა და ის დამოუკიდებლადაც შეძლებს სასკოლო მასალის მომზადებას, თუმცა ეს ასე არ არის. I კლასიდან XII კლასის ჩათვლით, ნებისმიერ ეტაპზე აუცილებელია მშობლის აქტიური ყურადღება. ჩვენი სკოლა არ არის ძალიან დიდი, ამდენად, ჩვენი ინდივიდუალური მიდგომების დამსახურებით, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი სკოლა ამ პრობლემის წინაშე დგას, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბავშვის გონებრივი განვითარება მაინც ინდივიდუალურია“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი ლულა ხვიჩავა:

„ვფიქრობ, პირველ რიგში მაინც მშობელზეა დამოკიდებული, რამდენად არის ის დაინტერესებული ბავშვის სასკოლო ცხოვრებით. დაწყებით კლასებში მეტად თანამშრომლობენ ისინი სკოლასთან და თითოეულ პედაგოგთან. მაღალ კლასებში უკვე ვეღარც საგნების მომზადებაში დახმარება შეუძლიათ და სკოლასთანაც კარგავენ ისინი კონტაქტს. ასევე აღსანიშნავია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც მშობლებს, ასევე ბავშვებს დაწყებითი კლასის შემთხვევაში უფრო მაღალი აქვთ“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მაცი ჯალაღონია:

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ბავშვები VI კლასის ზემოთ ნაკლებად სწავლობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ XI და XII კლასში აუცილებელია სასწავლო მასალის გადახედვა და შეცვლა. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობა. რომელიც დაწყებით კლასებში უფრო მაღალია ვიდრე უფროსკლასელების შემთხვევაში“

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანდუკის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა წიკლაური:

„მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მოსწავლეები დაბალ საფეხურებზე უკეთესად სწავლობენ, ვიდრე მაღალ კლასებში. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ის, რომ დაბალ კლასებში ბავშვიც და პედაგოგიც მეტად არიან მობილიზებული და აქტიური. მართალია ეს აკადემიური მოსწრება დამოკიდებულია იმაზეც, რომ დროთა განმავლობაში საგნები რთულდება და ეკარგება ბავშვს მოტივაცია. დაინტერესებაც აღარ არის იმდენად მაღალი და აქედან გამომდინარე, ვერ ახერხებს მობილიზებას სკოლის ყველა საგანზე და პედაგოგიც ვერ ღებულობს იმდენად კარგ შედეგს, რაც მას უნდა“.

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ბელა კიკნაძე:

„ჩვენი სკოლის მაგალითზე, რომელიც საბაზოა, შემიძლია ვთქვა, რომ V კლასამდე ბავშვები მეტად არიან მოტივირებული, მეტი ყურადღებით ეკიდებიან ნებისმიერ საგანს. ვერ ვიტყვი, რომ VI კლასის შემდეგ აღარ სწავლობენ ბავშვები, ეს ნამდვილად არ არის ასე. მართალია შეინიშნება ნაკლები ყურადღება და მოტივაცია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და მათი აკადემიური მოსწრებაც სხვადასხვაგვარი“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა აკობია:

„ჩვენი სკოლა არის საბაზო. VI კლასის ზემოთ მხოლოდ ერთი IX კლასი გვაქვს. ვფიქრობ, რომ VI კლასამდე მოსწავლეები უფრო ადვილად უმკლავდებიან სასკოლო მასალას. მართალია, VI კლასის შემდეგ პროგრამა ცოტა რთულდება, იცვლებიან პედაგოგებიც და ეს ყველაფერი სირთულეს წარმოადგენს ბევრი ბავშვისთვის, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი IX კლასელები ამ პრობლემის წინაშე დგანან. მათ ძალიან კარგი აკადემიური მოსწრება აქვთ დღემდე“.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
აქტივობებს სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ
მათ ლამაზი სიმღერა შეასრულეს, სიტყვა წარმოთქვეს, ლექსები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს
წლევანდელ გამოფენას განსაკუთრებული ხიბლი პედაგოგ ლალი ქშუტაშვილის კალიგრაფიულმა ნიმუშებმა შესძინა
აღსანიშნავია, რომ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მასწავლებელ მარიამი გიორგაძის სადამრიგებლო IV კლასში დიდი წარმატებით დასრულდა
სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 9 აპრილის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება