სიახლეები
სამასწავლებლო, ინტერვიუ

უმაღლესი, პროფესიული, უცხოური სასწავლებელი - საჯარო სკოლების დირექტორები აბიტურიენტების არჩევანს აფასებენ
15-03-2019
-
+


etaloni.ge აქტიურად აგრძელებს აქტუალური და საინტერესო თემების ირგვლივ საქართველოს გამორჩეული საჯარო სკოლების დირექტორების მოსაზრებების მკითხველისთვის გაცნობას. 

ამჯერად, დავინტერესდით თუ რას ანიჭებენ აბიტურიენტები უპირატესობას - უმაღლეს, პროფესიულ თუ უცხოურ სასწავლებლებს. 

ამ საკითხზე სკოლების წარმატებულმა მენეჯერებმა თავიანთი ხედვა წარმოგვიდგინეს: 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი:

„მოსწავლეებს ძირითადი აქცენტი უმაღლესზე აქვთ, პროფესიულ სასწავლებლებს ნაკლებად ირჩევენ. წელს უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეები ნაკლებად გვყავს, თუმცა წინა წლებში ჩვენი სკოლის სამმა კურსდამთავრებულმა ისწავლა საზღვარგარეთ: მირიან გამრეკელაშვილმა, კახი კახნიაშვილმა და გრიგოლ გაგოშიძემ“. 

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე:

„რა თქმა უნდა, მოსწავლეები უფრო მეტად უმაღლესი განათლების მიღებით არიან დაინტერესებულები, პროფესიული სასწავლებლები კი უკანა პლანზეა გადასული. სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ჯერ კიდევ გააზრებული და გაცნობიერებული პროფესიული განათლების სარგებლიანობა და დიპლომზე აკეთებენ აქცენტს. ჩვენი სკოლიდან პირდაპირ უცხოეთში სწავლა ჯერ-ჯერობით არავის გაუგრძელებია, თუმცა უნივერსიტეტიდან სხვადასხვა პროგრამით წასულა რამდენიმე კურსდამთავრებული“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი:

„ჩემი სკოლა საბაზოა და ამ თემასთან პირდაპირი შეხება არ გვაქვს, თუმცა გეტყვით იმას, რომ მთლიანად მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასა და სურვილზეა დამოკიდებული, სად გააგრძელებს სწავლას. ჩვენ გვყავს მოსწავლეები, რომლებიც სხვა სკოლებში აგრძელებენ სწავლას და ამავდროულად, ისეთებიც, რომლებიც გარკვეულ პროფესიას ეუფლებიან“. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის დირექტორი მამედ მირზაევი:

„მიმდინარე წელს, მხოლოდ ორმა მოსწავლემ გადაწყვიტა დაუფლებოდა პროფესიას პროფესიულ სასწავლებლებში, დანარჩენები კი სწავლის გაგრძელებას აპირებენ უმაღლესში. დავამატებ იმასაც, რომ პროგრამა 4+1 აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთი წლის მანძილზე იფიქრონ მომავალზე და შემდგომ აირჩიონ სასურველი მიმართულება. წელს არა, თუმცა სამი წლის წინ გვყავდა მოსწავლე, რომელიც ამჟამად თურქეთში სწავლობს და საკმაოდ წარმატებულადაც“. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აზადა მურადოვა:

„მოსწავლეები უფრო მეტად უმაღლესში აბარებენ, თუმცა რაღაც ნაწილს პროფესიული სასწავლებლებიც აინტერესებს. წელს, სამწუხაროდ არ გვყოლია ასეთი მოსწავლე, თუმცა რამდენიმე წლის წინ ჩვენმა კურსდამთავრებულმა გერმანიაში არჩია სწავლის გაგრძელება და წარმატებებსაც მიაღწია“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი:

„ჩვენი სკოლა ცხრაწლიანია, თუმცა გეტყვით, რომ მოსწავლეები უფრო მეტად პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევენ, ვიდრე უნივერსიტეტებს. რა თქმა უნდა, უმაღლესში სწავლის გაგრძელების მსურველებიც გვყავს, თუმცა ძირითადი ნაწილის მაინც პროფესიის დაუფლებას ამჯობინებს“. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი მუხამედ ხალილოვი:

„რადგანაც სოფლებში და რაიონებში პროფესიული სასწავლებლების შესახებ მოსწავლეები დიდად არ არიან ინფორმირებულები, მათი უპირველესი არჩევანი მაინც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებია. რაც შეეხება, უცხოეთში სწავლის გაგრძელების მსურველ მოსწავლეებს, ბოლო წლებში გვყავდა რამდენიმე ასეთი კურსდამთავრებული, რომლებმაც თურქეთში, იტალიაში გააგრძელეს სწავლა“. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ რეხვიაშვილი:

„თუ გავითვალისწინებთ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას, მოსწავლეები უპირატესობას უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებენ. სამწუხაროდ, ჯერ ჩვენი სკოლის არც ერთ მოსწავლეს არ გაუგრძელებია სწავლა პროფესიულ სასწავლებელში, თუმცა ჩვენ გვყავს მეათეკლასელი უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც მზარეულობაზე ოცნებობს და ალბათ ამ მიმართულებით დაეუფლება პროფესიას“. 

აბაშის მუნიციპალიტეტის დანიელ თოფურიას სახელობის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა:

„მოსწავლეებს ძირითადად გეზი მაინც უმაღლესი სასწავლებლებისკენ აქვთ აღებული. სამწუხაროდ, ჩვენს რაიონში არაა პროფესიული დაწესებულება ან კოლეჯი, რომ აბიტურიენტები ამ მიმართულებითაც დაინტერესდნენ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით არ გვყოლია ისეთი მოსწავლე, რომელმაც პროფესიული კუთხით არჩია სწავლის გაგრძელება“. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ოლეგ გულორდავა:

„გვყავს ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ორივე მიმართულებით აბარებენ, თუმცა მეტწილად, რა თქმა უნდა, უპირატესობა უმაღლეს სასწავლებელს ენიჭება. წელს არა, მაგრამ წინა წელს გვყავდა მოსწავლე, რომელმაც უცხოეთში გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება“. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი მანანა შავდია:

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და წელს, მაგალითად, მოსწავლეების რაოდენობა გაიყო - 6 აბიტურიენტიდან 3 უმაღლესში აბარებს, სამი კი - პროფესიულ სასწავლებელში. თუმცა, თუ წინა წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, აბიტურიენტები უფრო მეტად უმაღლესისკენ ისწრაფვიან“. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის დირექტორი ხაიალა შარაევა:

„ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ 4+1 პროგრამაში, რომელიც მართლა ძალიან ეხმარება აბიტურიენტებს ადაპტაციაში და განვითარებაში. სასწავლებლებს რაც შეეხება, უფრო მეტად უმაღლესში სწავლას არჩევენ, ვიდრე პროფესიულში, თუმცა რამდენიმე ისეთი მოსწავლეც გვყავს, რომელმაც კონკრეტული პროფესიის დაუფლება არჩია უნივერსიტეტს“. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექტორი ჯანსულ შაინიძე:

„ზოგადად, უმაღლესი განათლება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი წარმატებისთვის, ამიტომ მოსწავლეები უფრო მეტად არჩევანს ამ კუთხით აკეთებენ. სამწუხაროდ, პროფესიული სასწავლებლები მათ დიდად არ აინტერესებთ. ჩვენთან ასეა - ან საერთოდ არ აგრძელებენ სწავლას, ან მხოლოდ უმაღლესში მიდიან“. 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი არმენაკ ფოლორჩიანი:

„პროფესიულ სასწავლებელში მოსწავლეების ძალიან მცირე რაოდენობა მიდის, მათი ძირითადი ნაწილი უმაღლესში სწავლას არჩევს. ბოლო ორი წლისგან განსხვავებით, მოსწავლეებმა აქტიურად დაიწყეს თბილისის უნივერსიტეტებში სწავლა, აქამდე სომხეთში მიდიოდნენ სასწავლებლად. ამის გარდა, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები 4+1 პროგრამაშიც აქტიურად არიან ჩართულები“. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება