სიახლეები
ინტერვიუ

ემზარ კვიციანი: „სვანეთში მე და ჩემი მეგობრები 6 კილომეტრს გავდიოდით ფეხით, რომ სკოლამდე მიგვეღწია“
09-03-2019
-
+


საქართველოს პარლამენტის წევრი, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ემზარ კვიციანი სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების წინააღმდეგია. ამბობს, რომ სკოლაში კარგად სწავლის სტიმული ბავშვებისთვის სწორედ გამოცდებია და მისი გაუქმება მათ ამ სტიმულს გაუქრობს.  

 „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები... სწორად გავიგე, არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება?“ – იკითხა ემზარ კვიციანმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც განათლების რეფორმების გატარების იყო საუბარი. კვიციანმა მინისტრ ბატიაშვილს მიმართა, ხედავს თუ არა საჭიროებას, რომ სახელმწიფომ მოიფიქროს სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და ერს გამრავლების მიმართულებას მისცემს. საბოლოოდ, ასეთი პროგრამა თავად მოიფიქრა და მის განხორციელებასაც აპირებს.

 ემზარ კვიციანი სვანეთში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ სკოლაში კარგად არ სწავლობდა. დაწყებით კლასებში დედამისი ასწავლიდა და ხშირად პატარა ემზარს საკლასო ოთახში გამოკეტავდა ხოლმე, სანამ, მაგალითად, გამრავლების ტაბულას არ ისწავლიდა.

ემზარ კვიციანმა „ეტალონთან“ თავისი ბავშვობა გაიხსენა და აგვიხსნა, ხედავს თუ არა კავშირს გამოცდების გაუქმებასა და ერის გამრავლებას შორის და რა ფორმით აპირებს თავად შეიტანოს წვლილი ქართველების  გამრავლების საქმეში.  

– კოდორის ხეობაში, გულრიფშის რაიონის სოფელ ჩხალთაში გავიზარდე. ჩემს სოფელში რვაწლიანი სკოლა იყო. 1967 წლის პირველ სექტემბერს მივედი სკოლაში. ჩემი მასწავლებლები უძვირფასესი ქალბატონი გუნდი სიდიანი და დედაჩემი  გახლდნენ. დედაჩემიც დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და ქალბატონი გუნდიც. დედაჩემი რომ პირველ და მესამე კლასს ასწავლიდა, გუნდი – მეორეს და მეოთხეს. ასე იცვლებოდნენ ყოველ წელს. ძალიან მწარედ მახსოვს, დედაჩემმა მე და ჩემი მეგობარი რომ  ჩაგვკეტა კლასში და სანამ გამრავლების ტაბულა არ ვისწავლეთ, სახლში არ გაგვიშვა.

– მკაცრი იყო დედა?

ძალიან მკაცრი იყო. მე დედაჩემის მერვე შვილი ვარ. 4–5 წლის ასაკიდან სულ სკოლაში დავყვებოდი და შეიძლება ითქვას, სამასწავლებლოში გავიზარდე.

– რა ნიშნებზე სწავლობდით?

– ფრიადოსანი არ ვყოფილვარ. ძალიან ცელქი გახლდით. თამაშით ვერ ვიღლებოდი და სწავლა მეზარებოდა. ბავშვობიდან რასაც მაძალებდნენ, იმას ჯიუტად არ ვაკეთებდი. 3-4–იანებზე ვსწავლობდი. 5-იანი სიმღერაში მეწერა.

– კარგად მღერით?

კი, ვახერხებ. ქართული სუფრა და მისი წესები მიყვარს და ხომ იცით, სმა სიმღერის გარეშე არ ვარგა. ხანდახან, გაკვეთილებს შორის შესვენებების დროს გარეთ არ გავდიოდით და მთელი იმ დროს განმავლობაში ვმღეროდით. ქიმიის გაკვეთილი არ მიყვარდა... ციური კბილაშვილი გვასწავლიდა. ერთხელ ვმღეროდი და გამომიძახა... მითხრა, რა გამღერებს შე საცოდავო, გაკვეთილი არ იციო.

ისტორია ყველას უყვარს და მეც მიყვარდა, მაგრამ კითხვა მეზარებოდა. მასწავლებელს თუ მოვუსმენდი, წაკითხვა აღარც მჭირდებოდა, შემეძლო მომეყოლა. ასე ვიღებდი 3-იანებს და 4-იანებს.

– წიგნების კითხვა გიყვარდათ?

ისე რა. მე უფრო ტყეში ბოდიალი, ნადირობა, ცხენზე ჯდომა და სპორტი მიყვარდა. აქტიური ბავშვი ვიყავი და ჩემთვის რთული იყო ერთ ადგილას ჯდომა.

– როგორი იყო თქვენი ბავშვობა სვანეთში, რა გიჭირდათ, რა გენატრებოდათ?

დღევანდელი გადასახედიდან რომ ვუყურებ, არაფერიც არ გვიჭირდა. დედა მასწავლებელი იყო და მამა – მეტყევე. არ ჰქონდათ დიდი ხელფასი, მაგრამ გვყოფნიდა. პური ყოველთვის გვქონდა და ჩასაცმელიც. თუმცა, მახსოვს, ჩემი 15 წლით უფროსი დის, მერიკოს სამოსიც ჩამიცვამს და ჩემი უფროსი ძმებისაც. ასეთმა ცხოვრებამ და–ძმებს შორის სიყვარულის განმტკიცებაც იცის. მე და ჩემი და–ძმები ერთმანეთისთვის სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობთ და ალბათ ეს იმ გაჭირვებიდან და სიყვარულიდან მოდის, თუ როგორ გვზრდიდნენ და გვეფერებოდნენ მშობლები.

რვაწლიანი სკოლა რომ დავამთავრე, მერე, მე–9–მე–10 კლასებში, 6 კილომეტრს გავდიოდით ფეხით მე და ჩემი მეგობრები, რომ სკოლამდე მიგვეღწია. მუხლიც გაგვიმაგრდა ამ სიარულით. კლდოვანი, უკაცრიელი ადგილის გავლა გვიწევდა. კლდეებზე ცოცვაც მიყვარდა. ასე, ვარჯიშით დავდიოდით მანძილს სკოლამდე და პირველ გაკვეთილს თითქმის სულ ვაცდენდით. დავრბოდით, ვვარჯიშობდით და ვგიჟობდით მე და ჩემი მეგობარი ლაშა გურჩიანი.

მერე, სვანეთიდან სოხუმში ჩავედი. 6 თვე ვივარჯიშე ჭიდაობაში და საქართველოს ჩემპიონატზე გავედი. თბილისიდან აღარ გამიშვეს და ფალავანთა კლუბში დამიტოვეს.

– სვანეთშიც ჭიდაობდით?

სვანეთში ჩვენით ვვარჯიშობდით, სოხუმში „დოსააფიც“ დავამთავრე. ეს იყო „საშოფრო“ მომზადება, რომ სანამ ჯარში წახვიდოდი, მანქანის მართვა გცოდნოდა. 1979 წლის 9 მაისს წავედი ჯარში და ვლადივოსტოკში მოვხვდი. მოგვიანებით, ნოვოსიბირსკში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე დაუსწრებლად. კიევში გენშტაბის აკადემიაც დავამთავრე. სამშობლოში რომ ჩამოვედი, აქ უკვე ომები და არეულობა დაიწყო. ჩავერთე ომში და დავიდარაბაში...

– რა გენატრებათ ბავშვობიდან?

დედა... უკეთილშობილესი ქალი იყო დედაჩემი. ხშირად მომდიოდა ჩხუბი და იცით რის გამო? დედას რომ შემაგინებდნენ. დედა მთხოვდა ხოლმე, თუ ჩხუბობ, ფეხში მაინც დაარტყი, ყბაში ნუ ურტყამო. არ არსებობს წუთი, დედა რომ არ გამახსენდეს. საჭმელების კეთება მიყვარს და როცა რამეს ვაკეთებ, სულ ის მიტრიალებს თავში, დედა როგორ აკეთებდა. სარკეში რომ ვიხედები, ვხედავ, დედაჩემს რომ ვგავარ რაღაცით და მახსენდება... მამა ადრე გარდამეცვალა, 18 წლისაც არ ვიყავი... ასე რომ, ვისაც მშობელი ჰყავს, ყველას ვურჩევ – მშობლის პატივისცემა არ გადადოთ!

– პარლამენტში განათლების მინისტრის სტუმრობისას გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას დაუკავშირეთ. იქნებ აგვიხსნათ, რა კავშირია მათ შორის?

მინისტრმა ბრძანა, გამოცდების გამო სკოლები დაცარიელდაო. მე შევეკითხე, მართლა ასე თქვით-მეთქი. კიო, მიპასუხა. ანუ, ეს რას ნიშნავს, გამოცდების გაუქმება გაამრავლებს ბავშვებს სკოლებში-მეთქი. ეს იყო ირონიული კითხვა, მაგრამ ლიბერალებმა ეს კითხვა შემოატრიალეს, რადგან ცდილობენ, როგორმე გამამარგინალონ, დააკნინონ ჩემი პიროვნება.

– თუმცა, ამავე დროს დემოგრაფიაზე ალაპარაკდით და მოუწოდეთ, მოიფიქრეთ სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობთ ერის გამრავლებასო.

დიახ, რადგან კატასტროფული მდგომარეობაა დემოგრაფიის თვალსაზრისით. დიახ, უნდა იყოს სოციალური პროგრამები, რაც ოჯახების შექმნას შეუწყობს ხელს, ყველა ბავშვზე უნდა ჰქონდეს ოჯახებს დახმარება... აქედან გამომდინარე, აღარც გამოცდები გვექნება გასაუქმებელი მოსწავლეების უკმარისობის გამო–მეთქი.

– ამბობთ, რომ თავად უნდა იზრუნოთ შეყვარებული წყვილების დაოჯახებაზე.

დიახ და დახმარება იმ ემიგრანტებს ვთხოვეთ, რომლებიც მოხუცებს კი არ უვლიან კაპიკებისთვის, არამედ წარმატებულები არიან და დიდი ბიზნესები აქვთ საზღვარგარეთ.  ფონდი უნდა შევქმნათ, სადაც ეს მილიონერებიც დადებენ ფულს და მეც – ჩემი ხელფასიდან. ამ თანხებს ოჯახების შესაქმნელად და გენოფონდის გადასარჩენად გამოვიყენებთ. რაც ეს ამბავი გავაჟღერე, ახალქალაქიდან მამა დავითმა გამომიგზავნა 30 კაციანი სია, ვინც ვერ ფინანსების არქონის გამო ვერ ოჯახდება. ერთმა დედამ მომწერა, 4 წელია ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს და ვერ მოჰყავს, რადგან საშუალება არ აქვსო. ერთმა ადამიანმა, რომელიც საზღვარგარეთ მანქანაზე მუშაობს, მომწერა, ყოველთვე ჩემი ხელფასიდან 100 ევროს ჩავრიცხავ თქვენს ფონდშიო. ამ დროს კი ლიბერალებმა ქილიკი დაიწყეს, ვითომ ემიგრანტებისგან გვინდა ფულის შოვნა. სხვათა შორის, მუდამ მქონდა ოცნებად, რომ სვანეთიდან რაც შეიძლებოდა მეტი ბავშვი მომეწყო უმაღლესში. უფალმა ამისრულა ეს ოცნება და 1995 წლიდან 2004 წლამდე 500 ბავშვი მოვაწყვე.

– „მოაწყვეთ“, რას ნიშნავს?

რას და იმას, რომ იმდენი ვიბრძოლეთ იმ პერიოდში, მაშინდელმა ხელისუფლებამ მოგვცა ლიმიტი, რომ 50 ბავშვი მიეღოთ ჩვენი რეგიონიდან. ახლა ჩემი ოცნებაა, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარ ჩემს ქვეყანას დავეხმარო ოჯახების შექმნაში და, რა თქმა უნდა,  განსაკუთრებით, მთის ზონაში.

– ბატონო ემზარ, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეთანხმებით თუ არა?

რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები! რეპეტიტორებთან დადიან ბავშვები და იქ სწავლობენ და ამიტომ დაცარიელდა სკოლებიო. გამოცდაზე ხომ მაინც მიდიოდა ბავშვი სკოლაში?! ახლა გამოცდა რომ აღარ ექნება, საერთოდ აღარ მივა. აბა, რისთვის სწავლობს ბავშვი? მოსწავლის კარგად სწავლის სტიმული სწორედ ისაა, რომ გამოცდა ჩააბაროს. თუ გამოცდა არ ელოდება, არც ისწავლის. ყველა ვუნდერკინდი ხომ არ არის?!

– თქვენც ხომ აღიარეთ, რომ არ სწავლობდით სკოლაში კარგად. ახლა კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრი ხართ. გამოდის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სკოლაში სწავლას, რომ წარმატებული გახდე?

ცოდნა მერე, ცხოვრებამ მომიტანა. პარლამენტი კი არჩევითი ორგანოა, სადაც ადამიანები  გირჩევენ. ადამიანებმა შეიძლება არა მხოლოდ ნასწავლობის და განათლებულობის გამო, არამედ იმიტომ აგირჩიონ, რომ გიცნობენ ადამიანად, რომელიც ზრუნავს სხვებზე, უყვარს თავისი ქვეყანა და დარწმუნებულები არიან, რომ მისთვის ბევრ რამეს გააკეთებ. ბევრს აქვს პრეტენზია ჩემს განათლებასთან დაკავშირებით, მაგრამ ისინი, ვინც მაქილიკებენ და ვითომ ძალიან განათლებულები არიან, რატომ ვერ იგებენ ჩემს ლაპარაკს? იმიტომ, რომ განათლება არ ჰყოფნით, ჩემი ნათქვამი რომ გაიგონ!  განათლება აუცილებელია, მაგრამ სწორი განათლებაა მთავარი.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
მეთორმეტეკლასელებს სამი საგნის ექსპერტები შეხვდებიან - დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება