სიახლეები
ინტერვიუ

ინგლისში დაბადებულის საქართველოში ნაპოვნი სამშობლო - ჯოზეფ სმიტის ჩვენებური ცხოვრება
02-03-2019
-
+


34 წლის ჯოზეფ სმიტი დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 7 წლის წინ ჩამოვიდა. საქართველოს სილამაზითა და კულტურით ისე იყო აღფრთოვანებული, ამბობდა, რომ ბუნებით ქართველი იყო, რომელიც ინგლისში დაიბადა და ნამდვილი სამშობლო აქ  იპოვა. ორ წელიწადში უკვე გამართული ქართულით ლაპარაკობდა და მალე ქართულ რადიოშიც დაიწყო მუშაობა. ჩვენი ქვეყანა ახლაც ძალიან უყვარს, მაგრამ გულდაწყვეტილია და ამბობს, რომ აქ იმედები გაუცრუვდა, რის გამოც, შესაძლოა, საქართველო დატოვოს.

- ჯოზეფ, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, როგორი განათლების სისტემაა ინგლისში?

- მე ინგლისის სოფელში გავიზარდე. პატარა სკოლაში დავდიოდი, სადაც ერთ ოთახში სამი კლასის ბავშვები ერთად ისხდნენ. სულ, ალბათ, 5 ბავშვი ვიყავით. იმ სოფელში იყო დიდი მინდვრები, ბევრი სახლები და უსაფრთხო სოფლური გარემო. სოფლებში ძირითადად ანგლიკანური ეკლესიებია და დილაობით, გაკვეთილების დაწყებამდე იქ ვგალობდით. მოძღვარი მოდიოდა და გვესაუბრებოდა. აქცენტი კეთდებოდა მუსიკაზე, ხელოვნებაზე... გვიტარდებოდა ველოსიპედის მართვის გაკვეთილები და ეს იყო სახელმწიფო პროგრამა. 6–7 წლის ბავშვები ვიყავით, როცა მოგვიტანეს ველოსიპედები და ტარება გვასწავლეს. ეს ძალიან გამომადგა და ამ საკითხს მერე არაერთი კვლევა მივუძღვენი. რაც უფრო ადრე დაჯდები ველოსიპედზე, დიდი ალბათობით, მომავალში მით უფრო ადრე დაიწყებ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას. ახლაც დავდივარ ველოსიპედით და მიხარია, რომ ქართველი ბავშვებისგან განსხვავებით, პატარაობიდან მომეცა საშუალება, ველოსიპედით სოფლის ბილიკებზე მევლო.

3.jpg

14–15 წლის ვიყავი, სხვა სავალდებულო სკოლაში რომ მივედი. ეს სპეციალიზებული სკოლებია – ზოგი სპორტის სკოლაა, ზოგი – ენების შემსწავლელი... მეზობელ სოფელში დავდიოდით კერძო მანქანებით. მე სპორტის სკოლაში დავდიოდი. რადგან იქ არ ისწავლებოდა ესპანური ენა, სხვა სკოლაშიც ჩავაბარე ზოგადი უნარების გამოცდა და იქაც ვსწავლობდი. 16–დან 19 წლამდე უმაღლესისთვის მოსამზადებელი სწავლებაა, ე.წ. კოლეჯი. კოლეჯი რაიონულ ცენტრში მდებარეობდა, მაგრამ იქ ბევრი მოსწავლე მოსაწევის მოყვარული იყო და ძალიან თავისუფალი სტუდენტური გარემო სუფევდა, მე ამ სიტუაციას არ ავყოლილვარ. თავდაუზოგავად ვემზადებოდი, სამი ენა – ფრანგული, ესპანური, იტალიური და ეკონომიკა ჩავაბარე კემბრიჯის უნივერსიტეტში მოსახვედრად. ეს მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც როგორც გაკვეთილებზე, ისე მის დაწყებამდე თუ დამთავრების შემდეგ მეხმარებოდნენ. დღემდე მახსოვს მათი სახელები და გვარები. კემბრიჯის უნივერსიტეტი კი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს წამყვანი სასწავლებელია. ბედნიერი ვარ, რომ კარგი ბავშვობა მქონდა და კარგი განათლება მივიღე.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- კემბრიჯის უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ლონდონში გადავედი საცხოვრებლად და ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არაბული ენის სპეციალისტი ვიყავი. აღმოსავლეთმცოდნე ვარ პროფესიით. მაგისტრატურაც დავამთავრე ეკონომიკური განვითარების საკითხების განხრით...

საქართველოში პირველად 2011 წელს ჩამოვედი. სამი დღე ვიყავი და მაშინ ვთქვი, რომ ამ ქვეყანაში საცხოვრებლად აუცილებლად ჩამოვიდოდი. სამაგისტრო პროგრამა უნდა გამევლო და მაშინ ლონდონში იმიტომაც დავბრუნდი. იმ სამ წელიწადში, სანამ კვლავ ჩამოვიდოდი, უამრავი რამ შევისწავლე საქართველოზე. 2014 წელს კი კვლავ ჩამოვედი საქართველოში არჩევნებზე რამდენიმე დღით ადრე და დამკვირვებელი ვიყავი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გუნდიდან.

- რითი მოგხიბლათ საქართველომ, რატომ მოგინდათ აქ ცხოვრება?

- მართლმადიდებელი ქრისტიანობა მაინტერესებდა ძალიან. რაღაცები უკვე ვიცოდი. ასევე, ქართული ღვინის დიდი ფანი ვიყავი უკვე. აქ ისეთი მწვანე გარემო იყო... მანამდე, ახლო აღმოსავლეთშიც ვიყავი ნაცხოვრები, მაგრამ აქ ისეთი სიმწვანე, განსხვავებული კულტურა, განსხვავებული გარემო და ხალხი ვნახე... ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ენების შესწავლით იყო გატაცებული, ქართული ენა დიდი აღმოჩენა გახლდათ. ამიტომაც გადავწყვიტე დარჩენა.

7.jpg

- აქ პედაგოგადაც მუშაობდით...

- დიახ, ინგლისურ ენას ვასწავლიდი, მაგრამ არ მომეწონა მასწავლებლობა.  მინდოდა, უფრო მეტი დრო დამეხარჯა ქართულის სწავლაში და აქაური კულტურის გაცნობაში. მიმაჩნია, რომ მაშინ მასწავლებლობა დროის გაცდენა იყო. სასწავლებელიც გავხსენი და ქართულ ენასაც ვასწავლიდით უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ და ქართული ენის სწავლების მოკლე კურსის გავლა უნდოდათ.

ამის მერე, ჟურნალისტიკით დავინტერესდი. ვფიქრობდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ სფეროში მემუშავა, მაგრამ აქაურ ინგლისურენოვან გამოცემაში დამიბეჭდეს ჩემი შეხედულებები ქართული ენის სწავლის პროცესზე. მერე, კიდევ დამირეკეს და მთხოვეს, სხვა თემაზე დამეწერა. მაშინ ინგლისურენოვანი ჟურნალისტების ნაკლებობა იყო და დავიწყე მუშაობა – სხვადასხვა გამოცემებში ვიბეჭდებოდი.

- ითვლება, რომ ქართული ენა რთულია შესასწავლად. ასე გამართულად მეტყველება რამდენ ხანში მოახერხეთ?

- ორი წელი უფრო მეტი მესმოდა, ვიდრე ვლაპარაკობდი. 2016 წელს დავიწყე ინტენსიური მომზადება, მინდიდა „ჯიპა“–ში ჩამებარებინა და საჯარო მმართველობის სპეციალობა შემესწავლა. მაშინ უკვე დაინტერესებული ვიყავი თვითმმართველობის საკითხებით. მანამდეც ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროცესებში, როგორც სამოქალაქო აქტივისტი, აქციებზეც დავდიოდი. 2015 წელს უკვე ვფიქრობდი, რომ კენჭი მეყარა თვითთმმართველობის არჩევნებში და ეროვნული გამოცდებისთვის უნარებს რომ აბარებენ, იმ კურსით ვემზადებოდი. ეს ძალიან დამეხმარა, რადგან მერე უკვე შევძელი გამართულად მესაუბრა იმ თემებზე, რომელსაც ვეჭიდებოდი, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი.

ქართული ენა ლამაზიცაა, რთულიც და თავისებურიც. არაბულიც ვიცი, აფრიკული ენაც მისწავლია... ლინგვისტიკაც დავამატე უნივერსიტეტში შესასწავლად თავის დროზე და კარგად ვიცი, რა არის ენა, როგორ ისწავლება და ა.შ. ქართული ენა რთული სასწავლია და ევროპული ენებისგან განსხვავებული. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, როცა უცხოელი გრამატიკულ შეცდომებს უშვებს და ისე ლაპარაკობს.

- „ჯიპაში“ ჩააბარეთ?

- არა, რადიო „ჯიპაში“ კი ვმუშაობ... ისევ მინდა, ჩავაბარო. სწავლა არასოდეს არის გვიანი. ახლა ვფიქრობ, რა მჭირდება ამ ეტაპზე. მერე დაველაპარაკები ამ სასწავლებლის ხელმძღვანელობას და გადავწყვეტ, რა გავაკეთო.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭიც იყარეთ.  ეს აქ საბოლოო დამკვიდრებისთვის გჭირდებოდათ?

1.jpg

- 2017 წელს ვიყარე კენჭი. ძალიან მალე მოხდა ჩემი ინტეგრირება საქართველოში. 2017 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭეს და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ახლა ველოსიპედის პოპულარიზაციის თემაზე ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ ველოსიპედისტი გარდაიცვალა – ავტომანქანა დაეჯახა და ამის გამო აქციებს ვმართავთ. უსაფრთხო გარემო ძალიან მნიშვნელოვანია და, ასევე – სათანადო ეკონომიკური გარემოს შექმნა. ამიტომ, კიდევ ჩავერთვები არჩევნებში. ახლა, სალომე ზურაბიშვილის მაგივრად რომ უნდა აირჩიონ პარლამენტის წევრად მთაწმინდის ოლქში, ერთი ადამიანია, ვინც მომწონს და მას უნდა დავეხმარო საარჩევნო კამპანიაში. მერე კი, ალბათ, მეც ჩავერთვები. ახლა, ჯერჯერობით, ორი გადაცემა მიმყავს რადიოში და ველოსიპედის პოპულარიზაციით ვარ დაკავებული.

- საქართველოდან წასული ემიგრანტებიდან თითქმის ყველას აქვს სამშობლოს ნოსტალგია. თქვენ არ გენატრებათ თქვენი ქვეყანა? ან როგორია თქვენი შემოსავალი იქ, სადაც მინიმალური ხელფასებია და ხალხი ლუკმა–პურის საშოვნელად სხვა ქვეყნებში გარბის?

- დიახ, საქართველოში ძალიან მცირე ხელფასი მაქვს, რაც რთული ასატანია. ამ ეტაპზე ძალიან სერიოზული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გეგმები მაქვს და ამ დისკომფორტს ვიტან, მაგრამ როდემდე გავძლებ, არ ვიცი. გრძელვადიან გეგმებს რაც შეეხება... იმედია, რაიმე ისე შეიცვლება საქართველოში, რომ აქ დავრჩე და არ ვიშიმშილო. ჩემი კლასელებისგან განსხვავებით, მართლა ძალიან ცუდად მაქვს საქმე ფინანსური თვალსაზრისით. კებრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტებში არ გამზადებენ კრახისთვისა და სიღარიბისთვის. ბევრჯერ მიფიქრია წასვლაზე და ახლაც ვფიქრობ. მაინც მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, ასეთ ლამაზ გარემოში და ასეთ საინტერესო ხალხთან ერთად მემუშავა.

- თუ კენჭს იყრით და დეპუტატი გახდებით, ეს ალბათ თქვენს ფინანსურ მდგომარეობასაც გამოასწორებს...

- დიახ, ასეა და დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, არ მოვკვდები მშიერი, თუმცა ეს დიდი პასუხისმგებლობა იქნება და აუცილებლად ისე ვიმუშავებ, რომ ღირსეულად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობები. უკვე 7 წელია, რაც აქ ვცხოვრობ და ბევრ ქართველზე მეტი ვიცი ამ ქვეყნის შესახებ. ხალხს ვაკვირვებ კიდეც ჩემი ცოდნით. ადამიანს ეცვლება შეხედულებები.. ახალი ჩამოსული აღარ ვარ აქ და აღარც – ისეთი აღფრთოვანებული, როგორც თავიდან. ამ ბოლო დროს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა ფინანსური საკითხი და ამ კუთხით, საქართველომ იმედები გამიცრუა.

- განათლების საკითხებს თუ ადევნებთ თვალყურს და რას მიიჩნევთ ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის მთავარ პრობლემად?

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა საჯარო სკოლებში. მასწავლებლებს მცირე ხელფასი აქვთ. მშობლებსაც არ აქვთ სკოლების მიმართ ნდობა და არც გამკვირვებია, როცა წავიკითხე, როცა ბავშვები დამამთავრებელ კლასებში აღარ დადიან სკოლებში, რადგან უამრავ საგანში ემზადებიან. ვფიქრობ, არანორმალური სიტუაციაა, როცა ფიქრობ, რომ სკოლაში სიარულს აზრი არ აქვს და დამატებითი გადასახადი უნდა იხადო, რომ რაიმე ისწავლო. იგივე მასწავლებლები, ვინც შენს შვილს სკოლაში ასწავლის, უნდა მიიყვანო სახლში და დამატებით მოამზადებინო. ეს მართლაც არანორმალური ამბავია. ამიტომაც, ამ სფეროში რეფორმა და ინვესტიცია აუცილებელია. განათლება ნებისმიერი სახელმწიფოს ხერხემალია, რის გარეშეც არ არსებობს არც დემოკრატია და არც – განვითარება.  არც უნივერსიტეტებში ისწავლება ისეთი საგნები, რაც ქვეყნის განვითარებას და წინსვლას ემსახურება. აქ ყველა ახალგაზრდას სურს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გახდეს, რადგან ითვლება, რომ ამ სფეროში არის პერსპექტივა, რათა მოიპოვოს დაფინანსება და უცხოეთში განაგრძოს სწავლა, მაგრამ რამდენი სპეციალისტი სჭირდება ქვეყანას ამ სფეროში?! არანაირი სტრატეგია არ არსებობს, რომ ახალგაზრდები საყოფაცხოვრებო საგნებით დააინტერესონ. სწორედ ამ დარგშია გასატარებელი სერიოზული და ძირეული პოლიტიკა, თორემ ქვეყანას არანაირი წინსვლა არ ექნება.

- 34 წლის ასაკში დასაოჯახებელი ხართ. ქართველი გოგონები არ მოგწონთ?

- ერთმა მოჭიდავემ თქვა, პირად ცხოვრებაში როგორ ვიქნები, სულ ლეიბზე ვარო. მეც ჩემს საკუთარ ლეიბზე ვარ – სულ ვმუშაობ, არ მცალია, თორემ ვერ ვიტყოდი, რომ ქართველი გოგონები არ მომწონს. უბრალოდ, ერთდროულად იმდენ რამეზე ვმუშაობ, რომ პირადი ცხოვრების ამბები ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ბერბიჭა ვარ. მეკითხებიან ხოლმე, შვილი არ გინდაო? ჯერ მინდა, რაიმე სერიოზული განაცხადი გავაკეთო ჩემს საქმეში და წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის განვითარების პროცესში და მერე ვიფიქრებ დაოჯახებაზე. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება