სიახლეები
სკოლები

გაეცანით თბილისის N62 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებლის ლიზი ნიჟარაძის საგნობრივი ტიპის სტატიას „ოთარაანთ ქვრივის“ ანალიზისთვის
28-02-2019
-
+


თბილისის N62 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა ლიზი ნიჟარაძემ „ოთარაანთ ქვრივის“ ანალიზისთვის მეთოდური, საგნობრივი ტიპის სტატია - „ისევ ღირებულებები“ მოამზადა.

პედაგოგის სტატიას უცვლელად გთავაზობთ: 

„ისევ...

ფიქრები ოთარაანთ ქვრივობასა და სოსიაობაზე, რა ფენომენია მორიდება-თავმდაბლობასა და ტანჯვაში

ურჩხულებს თუ ებრძვი, გამუდმებით უნდა ფიქრობდე თავად არ ემსგავსო მათ - ნიცშეს ეს სიტყვები მრავალ მოსაზრებას იტევს. ამ სიცოცხლის ფილოსოფოსის სიტყვები ტყუილად არ გამხსენებია - სიცოცხლე, ილია ჭავჭავაძე იქნებ, სწორედ ამიტომ ხატავს ორ, თითქმის იდეალურ პერსონას, სოსიასა და ოთარაანთ ქვრივის სახით, ან იქნებ არის ამ ორ წუთისოფელთან ჭიდილში დამარცხებულ პერსონაჟებში გარკვეული ნიჰილიზმი? მარტინ ჰაიდეგერმა ნიცშე ღმერთის მაძიებელ უკანასკნელ გერმანელ ფილოსოფოსად მოიხსენია. „ოთარაანთ ქვრივში“ არის ძიება, რომელი გზა მიდის ტაძრამდე? საით სიარული არის გადარჩენა, ან რა სჯობს, განდეგილობა სოსიას მსგავსად, თუ ქვრივის დარად ბრძოლა, საზოგადოების, სოციალური ფენების, ეკონომიკური პრობლემების გათავისება და ამ ასპარეზზე მოღვაწეობა? მოგეხსენებათ, ილია ოთარაანთ ქვრივის გზას ადგა, მაგრამ იქნებ, მასაც ჰქონდა კითხვები, იქნებ ნიჰილიზმი ამ თავგადადებულ მოღვაწესაც ეუფლებოდა? 

ოთარაანთ ქვრივის სახისმეტყველებაზე საუბარი, პირველ რიგში, მისი სახელით უნდა დავიწყოთ.  რატომ არ არქმევს ილია მას სახელს? სტანდარტული პასუხი შესაძლოა ასე ჟღერდეს: მარტო ერთს არ გულისხმობს, ზოგადი სახეა. მოდით, სხვა რაკურსით შევხედოთ ამ საკითხს. მის წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის ბედნიერი დედა, ადამიანი, მეუღლე გახლდათ. ძლიერი გლეხის ოჯახი, მზრუნველი მეუღლე სწორედ ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, ქალს შრომაც კი არ სჭირდებოდა ზედმეტად, არც იცოდა როგორ ერჩინა თავი, თევდორე სიკვდილის ჟამს ეუბნება, რომ ყველაფერს ისწავლის, ყველაფერს შეძლებს - „მე კი თითებიდამ ზეთი და ერბო მწვეთდა თუ! ვირჯებოდი და უტკივარს ლუკმას ვჭამდიო. ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშისო. ოღონდ ჭირს ნუ დაუტყდები, ნუ გაელახვინებიო....“, საგულისხმოა ისიც, რომ, როგორც ჩანს, მეუღლე ხედავდა მეორე ნახევრის პოტენციალს, მას არ ეშინოდა სიკვდილის, ცოლ-ქმრობის უღელში ქალის მარტოდ დარჩენის. რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ამ წყვილის სიცოცხლე კვლავინდებურად აუმღვრევლად გაგრძელდებოდა? თევდორე სიკვდილის ეპიზოდში უკვე რეალიზებული პიროვნებაა, აი, მისი მეუღლე კი ვერ შეძლებდა საკუთარი თავის პოვნას, იქნებოდა ბედნიერი, მაგრამ განვითარება, წინსვლა, ჩამოყალიბება, შესაძლებლობების აღმოჩენა, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეიქნებოდა. მაშ, გამოდის, რომ თევდორეს გარდაცვალება იყო აუცილებელი გარდაუვლობა ქალის ზრდისთვის. ბედნიერება, ტკბობა ხელისშემშლელ ფაქტორად გვევლინება, ტკივილი კი განვითარების გზად. ბიბლიური პარადიგმებით კარგად აიხსნება ილიასეული ხედვა. სამყაროც კი, ტკივილის წყალობით, დიახ, წყალობით, ხდება უკეთესი. ძველი აღთქმის მიხედვით წაბილწული კაცობრიობა წარღვნამ შთანთქა, რათა ახალი, უკეთესი ერა დაწყებულიყო. ახალი აღთქმის მიხედვით, ხსნა ყველას სანაცვლოდ ერთის გაწირვაში, იესოს ჯვარცმასა და ტკივილში იყო. ქრისტიანული აზროვნებით წმინდანები ცვლიდნენ ქვე ყანას ტანჯვით, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, მიდგომა კი, ყველა შემთხვევაში მსგავსია. ამ ლოგიკით, შეიძლება ვთქვათ, რომ ოთარაანთ ქვრივი ერთგვარი წოდება, ლეგიტიმური სახელია ამ პერსონაჟის, ვინაიდან პიროვნული სრულყოფა სწორედ ქვრივობის ტკივილმა, ბრძოლის უნარმა განაპირობა.

ვფიქრობ, სადავო არ არის ქვრივის ზნეობრიობა, რაც მატერიალურისა და არამატერიალური ღირებულებების ჭიდილში დასაწყისიდანვე ვლინდება (- ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია... ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს მეძახიანო...), მართლის თქმის პრინციპიც უმალ იკვეთება: „ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე”. ეს ილიასეული ხედვა არაერთ ნააზრევში გვხვდება, თუნდაც ლექსი „ჩემო კალამო“ შეგვიძლია გავიხსენოთ, ამავე მოსაზრებას ამყარებს გურამიშვილი, რომელიც დროს უსწრებს, როცა კრიტიკული პოზიციიდან განიხილავს ქვეყნის ავს. 

წუთისოფლის ფილოსოფიური განხილვაც არ არის უცხო ქვრივისთვის, რომელმაც ანგარიში არ იცის, თითქოს ამით ფიქრის უნარის პრიორიტეტულობაზე მიგვანიშნებს ავტორი, ცოდნას აღემატება აზრი, ხოლო ფიქრი აუცილებელი „ატრიბუტია“, ერთგვარი საგზალია, პიროვნული ზრდის გზაზე, რასაც პერსონაჟის სიტყვები ადასტურებს „გული ადგილიდამ უნდა მისძრასმოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა. ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის: ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”.

 არ უნდა გამოგვრჩეს უმთავრესი - ქმედება, ბრძოლის უნარი, ვინაიდან სხვაგვარად წინსვლა შეუძლებელია, აკი თავად ილია ამბობს „მგზავრის წერილებში“: „ნეტავი შენ, თერგო! იმით ხარ კარგი, რომ მოუსვენარი ხარ. აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გარდაიქცე და ეგ შენი საშიშარი ხმაურობა ბაყაყების ყიყინზედ არ შეგეცვალოს. მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“, ოთარაანთ ქვრივი ამ ღირსებით შემკული პიროვნებაა, მას სიმართლის დევნაში რკინის ქალამნების ჩაცმაც რომ დასჭირდეს, უკან არ დაიხევს - „ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის დავეჩაგვრინები. თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო”.  ამ პერსონაჟის სახე კი არ შელახა, არამედ გაალამაზა, სრულყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლამ, თუმცა მისი სახის გასახსნელად უმნიშვნელოვანესია სიკეთე, უანგარობით, ერთობის გრძნობით ნაკვები, ის, რასაც გიორგის, შვილის, გამო აკეთებს ქალი დასაფასებელია, მაგრამ აღსაფრთოვანებელი ის საქმენია, რომელთაც არა პირადი, არამედ ზოგადი ინტერესების გათვალისწინებით სჩადის. მარტივი შტრიხებია გლახასთვის ხელის გამართვა, წვრილშვილიანი ქალის თანადგომა და სხვა, რადგან აქ მადლობას იღებს ქვრივი სანაცვლოდ, უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ის რჩევები, ის გზის ჩვენებაა, რასაც მრავლად ვხვდებით ნაწარმოებში, რადგან ამ ტიპის სიკეთეს, ე.წ. „სხვის საქმეს“, მხოლოდ უარყოფითი მოაქვს, სოფელში ბავშვებს მისი სახელით აშინებენ, მასთან შეხვედრას თავს არიდებენ, გაურბიან, დიახ, ამ ქმედების საპასუხოდ სიყვარულსაც კი ვერ იღებს ქალი. აქედან გამომდინარე, ის არა პატივისთვის, არა სარგებლისთვის, არა „ტაშისთვის“, არამედ სულის მშვენიერებისდა გამო იქმს კეთილს, ასეთი საქმენი კი, არა კერძო, არამედ საზოგადო საქმეს, საზოგადო სიყვარულს ემსახურება.

„დიდ ეთიკაში“, არისტოტელე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ სათნოების მიზანი ზნეობრივი მშვენიერებაა. სიკეთე და მშვენიერება მისთვის ერთი მთლიანობაა, არისტოტელეს ეკუთვნის ტერმინი „კალოკაგათია“, რაც კეთილისა და მშვენიერის თანამყოფობას ნიშნავს. „არ იქნება შეცდომა, თუ ყოვლად წესიერი ადამიანის მიმართ ვიხმართ გამოთქმას კალოკაგათია, რადგან როცა კაცი ყოველმხრივ კარგია, მასზე ამბობენ, რომ ის მშვენიერიცაა და კეთილიც. მშვენიერია როგორც სათნოება, ისე მისგან გამომდინარე მოქმედებანი“ (არისტოტელე 1994: 67). არისტოტელეს მხედველობაში ჰქონდა ზოგადად კეთილი, რაც საყოველთაოდ კეთილია, და ზოგადად მშვენიერი, რაც ობიექტურად მშვენიერია: „კეთილია ის, ვისთვისაც კეთილი არის ზოგადი კეთილი, მშვენიერი კი არის ზოგადი მშვენიერი. აი, ასეთი კაცია კეთილიცა და მშვენიერიც. მაგრამ ვინც ზოგად სიკეთეს არ თვლის სიკეთეთ, ის არ იქნება არც კეთილი და არც მშვენიერი“ (არისტოტელე 1994: 67). 

ილია, ამ პერსონაჟის სახით, სწორედ სიკეთისა და მშვენიერების ერთობას გვაჩვენებს, არისტოტელეს მსგავსად, ის უმთავრესად ზოგად საქმეს, ზოგად სიყვარულს, ზოგად სიკეთეს მიიჩნევს, ამის დასტურია გიორგის ქმედების აშკარა მოწონება ქვრივის მხრიდან, როცა მანასაანთ გოლა კუპრაანთ თედოს უსამართლო ქმედებისგან დაიცვა შვილმა. ეთიკა ღრმა კავშირშია ქვრივის ესთეტიკურ სახესთან, ეს შტრიხები ქმნის დაუვიწყარ ზნეობრივ გმირს. 

სათნოებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავმდაბლობაა, ნიჭი, რომლის გარეშეც, როგორც ქრისტიანული მოძღვრება გვეუბნება, ვერავინ შევა სამოთხეში, სწორედ ამ თვისებით გამოირჩევა სოსია მეწისქვილე, ერთი შეხედვით ეპიზოდური პერსონაჟი, რომელსაც ილია განდეგილ, მარტოსულ გმირად წარმოგვიდგენს. მისი ასკეტური ბუნება პროფესიაშიც ვლინდება, სოსია მეწისქვილეა, ადამიანი, რომელიც დროს დოლაბის ტრიალში ფქვავს, ადამიანი, რომელსაც განმარტოება აძლევს საშუალებას მეტი იფიქროს, მეტად მიუახლოვდეს უფალს, შეიცნოს საკუთარი თავი, გარედან შეხედოს წუთისოფელს, შეაფასოს, აღმოაჩინოს, გადააფასოს... მარტოობას თავისი ფასი აქვს, ეს კარგად იცოდნენ ლიტერატურისა თუ პოეზიის კორიფეებმა, მარტოობის ორდენის კავალრებმა, ეს კარგად მოეხსენება რელიგიურ მოღვაწეთ, განდეგილებს, შავ ბერებს, სალოსებს, ქრისტიანობისთვის წამებულთ, ბუდიზშიც კი განმარტოებას შეუძლია სამყაროთი ტკბობა შეგაძლებინოს. იქნებ, სწორედ ამ მდგომარეობამ აპოვნინა სოსიას ქალი, რომელშიც იმთავიდან დაინახა რაღაც ისეთი, რომლის მსგავსი, ანალოგი, ვერ ჰპოვა, იქნებ სოსიას ქვრივში ქალზე მეტად, ის ზნეობრივი გმირი უყვარდა, რომელსაც შეეძლო გამკლავებოდა აბობოქრებულ წუთისოფელს, რომელმაც თავად მეწისქვილე გადათელა. ასკეტური ბუნების მიუხედავად, სოსია ჩანს ყველგან, სადაც თანადგომაა საჭირო, არჩილთან, მეჯინიბის ეპიზოდში, გიორგის დაღუპვის დროს, ოთარაანთ ქვრივის ტკივილის თანაზიარად, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის არ ჰგავს თავად ილიას პოემის განდეგილს, ალბათ, უფრო აკაკის პოემა „თორნიკე ერითავის“ გაბრიელ სალოსის ტიპს მიეკუთვნება, როცა სჭირდებათ ყოველთვის გვერდზეა, მზადაა დაეხმაროს, ხელი გაუწოდოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუდამ ჩრდილშია, თითქოს კულისებიდან მოქმედებს, თვალს ადევნებს ცხოვრების მიმდინარეობას და მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა ამის აუცილებლობას ხედავს. მისთვის პირადი არაფერი არსებობს, შეუძლია თანადგომა, სხვისი ტკივილის გათავისება, თანაზიარობა, მხოლოდ ზოგადი სიკეთე აბადია, რაც არისტოტელეს მიხედვითაც, ადასტურებს მის სულმშვენიერებას, ის „კალოკაგათია“.

ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს თავმდაბლობისა და კაცთმოყვარეობის უბადლო მაგალითები: ოთარაანთ ქვრივს ვერ შებედა ხელის თხოვნა, თევდორეს თავი ვერ გაუტოლა (აქ შეიძლება საუბარი დაბალ თვითშეფასებასა და ფსიქოლოგიურ პორტრეტზე, თუმცა ეს სხვა კუთხით მიმოხილვისას მეტად უპრიანი იქნება), საფლავზე ორჯერ შეურაცხყვეს, ძაღლსაც კი შეადარეს, მაგრამ სოსიას სიყვარული ადამიანებისადმი უცვლელი დარჩა, შვილო... რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი იარაღი, რომლითაც ფასეულობები გადაირჩინა, სიყვარული შეინარჩუნა, სწორედ თავმდაბლობაა.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ ორივე პერსონაჟი _ ოთარაანთ ქვრივი და სოსია მეწისქვილე - „კალოკაგათია“, მაგრამ მათი წუსოფელთან საბრძოლველი იარაღი განსხვავებულია. ქვრივი ხმაურიანი, სიტყვის, სიმართლის ძალით აღჭურვილი მეომარი, ხოლო სოსია, უჩუმარი, უსიტყვო, გრძნობებით სავსე რაინდია.

დავუბრუნდეთ მთავარ ხაზს, რომელი გზა არის უპირატესი, პასუხი ასეთია: მართებულია იმ გზით სიარული, რომელსაც აქვს გაგრძელება, რომელსაც აქვს შედეგი. რით შეაფასა ილიამ სოსიას ქმედებანი? ერთადერთი სიტყვით - ცოდოა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სოსია დამარცხდა. რა ბედი ეწია ქვრივს? გაგრძელება, ანუ შვილი, იმქვეყნად წავიდა, თავად მის საფლავზე გარდაიცვალა და წრფელი ცრემლითაც კი, არავის დაუტირია (რა თქმა უნდა, სოსიას გარდა), სად იყო ის წვრილშვილიანი ქალი, გლახა ან სხვა, ვისაც საკუთარი სულმშვენიერება, სიკეთე უბოძა ქალმა? ისიც ცოდოა, როგორც ილია ამბობს: „მართლა, რომ ცოდოა!.. მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო? ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევა-კრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისსოფელში.“, შესაბამისად, ვერც მან გაიმარჯვა, ან ვის გაუმარჯვნია წუთისოფელზე? გარკვეულწილად პესიმისტურია დასასრული, ერთადერთი იმედი ნაწარმოებში გიორგის სიკვდილმა გააჩინა, კესოს ცრემლს ილია განთიადის დასაწყისს ამიტომაც უწოდებს. ჩატეხილი ხიდის აღდგენის საწყისი თითქოს ჩანს, მაგრამ ბოლო ეპიზოდი ერთი სოციალური ფენის ადამიანთა ესოდენ დიდი გულგრილობა, რა თქმა უნდა, ამ ნაპერწკალსაც აქრობს. მასშტაბურად თუ ვიფიქრებთ, ასეა, თვით ქრისტეს ჯვარცმამ ვერ შეძლო საზოგადოების განკურნება და ერთი გიორგი, ერთი ქვრივი ან სოსია ამას როგორ მოახერხებენ? 

კითხვას, რომელიც დასაწყისში დავსვი _ რომელი გზაა მართებული, უმჯობესი, შედეგიანი, შეიძლება ასე ვუპასუხოთ: მთავარია ქვეყნად იყვნენ ასეთი ქვრივები, სოსიები, „კალოკაგათები“, რადგან ისინი უკეთესს ხდიან, თუნდაც წამით, წუთისოფელს. ქვრივის სიცოცხლის გამართლება სოსიას გულწრფელი ცრემლი იყო, როგორც ტიციანი იტყოდა: „ერთ კაცს ხომ მაინც გულზე მოხვდება..“, და ქარჩხაძის იგის მსგავსად, ერთ „ზუში“ მაინც დარჩება სინათლე. 

რაც შეეხება ნიცშესეულ „ურჩხულებს“, იქნებ მთავარი სწორედ ის არის, რომ ამ ორ გმირში მათ ფეხი ვერ მოიკიდეს. სიცოცხლის სიყვარული კი ბოლო ფრაზაში უარყოფილია, ილია ღმერთს ეძებს მიწაზე სამართლის აღსადგენად, ის ერთეულებშია, მათში, ვინც შეძლო ღვთის ხატება საკუთარ თავში გადაერჩინა. წუთისოფელში ყველა ცოდოა, - ავტორის ბოლო ფრაზაში ცხოვრებისეული ნიჰილიზმის უკან მიღმიერი სამყაროს იმედი იგრძნობა.

ილიამ საკუთარი სიცოცხლით შეძლო ეთქვა, რომ ბრძოლა არასოდესაა უშედეგო, საბოლოოო დაღუპვას ხელს სწორედ ასეთი ადამიანები უშლიან.

ჩემი შემდეგი ნააზრევი „ოთარაანთ ქვრივის“ ერთ-ერთ სათქმელს, ქვრივის კარმიდამოსავით დაცულ, ეკონომიკურად ფეხზე მდგარ, სამართლიან საქართველოს მოდელს შეეხება, რომლის შექმნასაც ასე ესწრაფვოდა ილია ჭავჭავაძე“.

© თბილისის N62 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლიზი ნიჟარაძე.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პედაგოგი განმარტავდა, რომ მან საკუთარი სიმართლისა და რეპუტაციის დაცვის მიზნით გაამჟღავნა აღნიშნული ინფორმაცია...
ბაღის თანამშრომლების პროფესიული განვითარების ცენტრი შეიქმნება - დეტალები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება