სიახლეები
ინტერვიუ

უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე დიფტერიის გავრცელებას
23-02-2019
-
+


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საკუთარი შვილი ჟურნალისტების თვალწინ წითელაზე ზედმეტად აცრა, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ვაქცინაცია სრულიად უსაფრთხოა, თუ ბავშვს განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ წითელას ვირუსით წელს ერთი ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ფატალური შედეგები კვლავ მოსალოდნელია, თუ 150 ათასი ადამიანის ვაქცინაცია არ მოხერხდება. მან etaloni.ge-ს ასევე უამბო, რითი იყო გამორჩეული წლევანდელ ზამთარს გრიპის ვირუსი და უნდა ველოდოთ თუ არა გაზაფხულზე დიფტერიის გავრცელებას. 

– ბატონო პაატა, რითი იყო გამორჩეული წლევანდელი გრიპის ვირუსი და მისი სტატისტიკა სხვა წლებისგან?

– ეს იყო ჩვეულებრივი ზამთარი, ჩვეულებრივი გრიპით. წამყვანი იყო H1N1 ტიპის ვირუსი და ისეთივე სიმძიმით მიმდინარეობდა, როგორც ბოლო 10 წლის მანძილზე 5–ჯერ. ევროპაში, რუსეთში ახლა დაიწყო ამ ვირუსის შემოტევა. საფრანგეთში 1 000 კაცზე მეტია ამ შტამპის ვირუსით წელს დაღუპული. ხორვატიაში 45 ადამიანი გარდაიცვალა. როდესაც H1N1–ია, სამწუხაროდ, მძიმე შემთხვევები უფრო მეტია. ეს ახალი ვირუსია და ბოლო 10 წელია, რაც დედამიწაზე დადის.

– გრიპის გამო გარდაცვალების რამდენი შემთხვვევა დაფიქსირდა ოფიციალურად?

– დადასტურებულია 20 შემთხვევა.

– ითქვა, რომ თებერვალში კიდევ ელოდებოდით გრიპის გააქტიურებას.

– თებერვლის ბოლოს, შესაძლოა, ოდნავი მატება დაფიქსირდეს. ახლაც არის გრიპის შემთხვევები. უბრალოდ, როდესაც მასმედია ატეხავს ხოლმე აჟიოტაჟს, ხალხი იგებს ამის შესახებ და მაშინ ატყდება პანიკა. ჩვენთან უფრო ადრე დაიწყო ვირუსის შემოტევა. სხვა ქვეყნებში კი ახლაა მზარდი. სამწუხაროდ, ზამთარი გრიპის გარეშე მსოფლიოში არსადაა.

– 10 წლის წინ გრიპის ვირუსის ახალი შტამის გამოჩენა რას უკავშირდება? სპეციალურად, ლაბორატორიებში იქმნება ახალი ვირუსებიო, ამბობენ.

– არა, ეს აბსოლუტური სისულელეა. გრიპის პირველი პანდემია 1918 წელსაა აღწერილი, როცა დედამიწაზე 50 000 ადამიანი დაიღუპა და ეს იყო H1N1. მაშინ მას ისპანკა ერქვა, ანუ ესპანური გრიპი. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც გრიპის ვირუსიც კი არ იყო აღმოჩენილი, არამცთუ ლაბორატორია არსებობდა. ამის მერე, ეს შტამი დროდადრო აქტიურდება.  ვირუსები ადამიანებზე გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობენ დედამიწაზე. დედამიწა პატარაა და მით უმეტეს, დღევანდელი მიმოსვლის პირობებში უფრო დაპატარავდა. 1918 წელს არც თვითმფრინავები იყო, რომლითაც რამდენიმე საათში სხვა ქვეყანაში აღმოჩნდებოდი, მაგრამ იყო გემი, მატარებელი... ჩვენთან ახლა ზამთარია და სამხრეთ ნახევარსფეროში – ზაფხული. იქ გრიპი არ არის, გრიპი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია. ჩვენთან რომ მორჩება, მერე დაიწყება სამხრეთ ნახევარსფეროში და ა.შ.

– ანუ ვირუსი ყინვაში ინახება და სიცხეში კვდება?

– დიახ, ვირუსი სიცხეში, მზის პირდაპირი სხივებით კვდება და ყინვაში დიდხანს ინახება. ჩვენ მაცივრებში ვინახავთ ბაქტერიებს, ვირუსებს მინუს 80 გრადუსზე.  თუ გინდა შეინახო მიკრობი, უნდა გაყინო. თან, რაც უფრო კარგად გაყინავ, მით უფრო კარგად შეინახება. შესაბამისად, სადაც სიცივეა, იქ ვირუსები აღარ არიან.

– წითელას ეპიდემიაა ქვეყანაში. როგორია მონაცემები ამ მხრივ და რას უნდა ველოდოთ?

– წელს უკვე 60 000–ზე მეტი ადამიანი ავცერით. თუ მოსახლეობა შესაბამისად აიცრება, მოვერევით. ბავშვებს სჭირდებათ ორი აცრა – 1 და 5 წლის ასაკში. დიდებისთვის კი სრულიად საკმარისია 1 აცრა. ვინც 1 და 5 წლის ასაკშია აცრილი, მათ აღარ სჭირდებათ, მთელი ცხოვრება ჰყოფნით, მაგრამ მოზრდილ ასაკში რომ აუცრელია, ერთი  ვაქცინა ეყოფა.

– ზოგი მშობლები მიიჩნევს, რომ აცრა ბევრად სახიფათოა, ვიდრე შეყრილი ვირუსი...

– 60 000 ადამიანი აიცრა ბოლო 2 კვირაში. გაგიგიათ, რომ ვინმეს რამე დაემართა?! წითელას გამო წელს, სამწუხაროდ,  ერთი პატარა ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა – აცრილი არ იყო. კონფიდენციალურობის დაცვის გამო მისი სხვა მონაცემის გამხელა არ შემიძლია. საფრანგეთის მთავრობა მშობლებს აჯარიმებს იმის გამო, რომ შვილებს არ ცრიან.

– აქაც იყო მსგავსი მცდელობა – პრობლემები შეექმნათ სკოლებში მასწავლებლებს, ბავშვებს...

– ჩვენ კანონმდებლობაში არ გვიწერია, რომ  უნდა დააჯარიმო, თუ არ არის აცრილი ვინმე. სკოლებში მოვითხოვეთ, რადგან მასწავლებლობა  ისეთი პროფესიაა... ჩემთან, ლაბორატორიაში ყველა აცრილი უნდა იყოს, თუ არ აიცრება, არ ვამუშავებ. მასწავლებელიც უნდა აიცრას და მისი მოსწავლეებიც, რადგან სხვის ბავშვს არ უნდა შეუქმნა პრობლემა. არსებობენ ბავშვები, ვისი აცრაც მართლა არ შეიძლება. შესაბამისად, ყველა სხვა უნდა იყოს აცრილი.

– რა შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის აცრა წითელაზე?

– მაგალითად, იმუნოდეფიციტი თუ აქვს, სიმსივნე თუ აქვს და ქიმიოთერაპიას იტარებს. ასეთების აცრა არ შეიძლება და ისინი რომ დავიცვათ, სხვა ყველა უნდა ავცრათ, რომ დაავადება არ გავრცელდეს.

– გაზაფხულზე დიფტერია  გვემუქრებაო, ითქვა. მართალია ეს ამბავი?

– არა, დიფტერია ნამდვილად არ გვემუქრება, თუმცა უკრაინაში ამ მხრივ დიდი პრობლემებია. რუსეთი აწარმოებს ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანიას და ეს ყველაფერი იმის შედეგია. ჩვენ დიფტერიის გამო გასული საუკუნის 90–იანი წლების შუა პერიოდში დიდი პრობლემები გვქონდა. ძლივს დავამარცხეთ დიფტერია და, სხვათა შორის, აცრებით. მაშინ 3 მილიონ ნახევარი ადამიანი ავცერით დიფტერიის წინააღმდეგ და თან, ვაქცინა ინდური იყო. ეს აღარავის ახსოვს. საბედნიეროდ, ამის გამო, ამ ეტაპზე ჩვენ დიფტერიის შემობრუნების არ გვეშინია. ბავშვები თუ გააგრძელებენ ასევე კარგად აცრას, როგორც დღეს ხდება, არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. უკრაინაში კი ცუდი სიტუაციაა, რადგან რუსული პროპაგანდისტული მანქანა ისე მოქმედებს, რომ არ იცრებიან.

– გაზაფხულისთვის როგორ მოვემზადოთ, რა გავითვალისწინოთ?

– გაზაფხული მოვა და გრიპიც წავა. წითელაც წავა, თუ აიცრება ყველა. თუ არ ავიცრებით, წითელა არ წავა.

– წითელას გავრცელების სეზონი არ აქვს?

– შემოდგომიდან გაზაფხულამდე პერიოდში უფრო ხშირია, მაგრამ წელს ალბათ ზაფხულამდე მაინც გასტანს. ზაფხულშიც კი შეიძლება თითო–ოროლა ფაქტი კიდევ დაფიქსირდეს, თუ აუცრელი მოსახლეობა არ აიცრება.  როცა ქვეყანაში 150 000–მდე ადამიანია, ვისაც შეიძლება წითელა დაემართოს... წითელა საკმაოდ მძიმე დაავადებაა და შეიძლება ზოგი შემთხვევა ფატალურადაც დამთავრდეს.

– ზოგმა ალბათ არ იცის, აცრილი არის თუ არა. როგორ მოიქცნენ?

– აიცრან და მორჩა, პრობლემა აღარ იქნება. ბავშვების ინფორმაციას უკვე კომპიუტერში ვინახავთ, მაგრამ მოზრდილების შემთხვევაში ცოტა რთულია ამის  დადგენა. არაფერი დაუშავდება, თუ აცრილია და კიდევ აიცრება ვინმე. ჩემი შვილი, მაგალითად, სამჯერ არის აცრილი.

– სამჯერ რატომ აცერით?

– ჟურნალისტების თვალწინ ავცერი, რათა ყველასთვის დამენახებინა, რომ დამატებითი აცრა პრობლემა არ არის.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები დააფიქსირეს
ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანზორ იაშვილის ლექსი - „ახალი წელი სოფელში“
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება