სიახლეები
სამასწავლებლო

„შესაბამისი პენსიის არსებობის შემთხვევაში, არცერთ ასაკოვან პედაგოგს არ უღირს იაროს სკოლაში“- დირექტორების მოსაზრებები
14-02-2019
-
+


მასწავლებლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის ცნობით, პედაგოგების პენსიაზე გასვლის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა პენსიაზე გასვლა ნებაყოფლობითი იქნება. აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაისის თვეში გახდება ცნობილი.

etaloni.ge დაინტერესდა რას ფიქრობენ სკოლების დირექტორები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალ იდეაზე და თვლიან თუ არა, რომ პედაგოგების პენსია უნდა განსხვავდებოდეს სხვა პროფესიის წარმომადგენლების პენსიისაგან.

ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:

„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პედაგოგს განსხვავებული პენსია. უნდა იქნეს, ალბათ, შემუშავებული სპეციალური პაკეტი, ისევ როგორც სპეციალური ორგანოს წარმომადგენლებისთვის არის შემუშავებული, რომლითაც მეტად იქნება დაფასებული პედაგოგის საქმიანობა“.

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იაკობიშვილ- ჩერქეზიშვილი:

„ვფიქრობ, რომ უნდა ჰქონდეს პედაგოგს მაღალი პენსია, რაც მისცემს შესაძლებლობას პედაგოგებს საპენსიო ასაკში დათანხმდნენ იმ ანაზღაურებას, რასაც პენსია ითვალისწინებს. მასწავლებლებს ზოგადად, ძალიან უჭირთ სკოლის დატოვება, მათ ძალიან უყვართ სკოლა და ბავშვებთან ურთიერთობა. ამ ყველაფერზე უარის თქმა, კიდევ უფრო რთული ხდება, როდესაც არ არის შესაბამისი საპენსიო ანაზღაურება. ეს კი შესაძლოა, გახდეს მიზეზი იმის, რომ სკოლაში საგანმანათლებლო პროცესები მნიშვნელოვნად შეფერხდეს, არასაკმარისი საპენსიო ანაზღაურება შესაძლოა ასევე გახდეს მიზეზი იმის, რომ სკოლამ ვერ შეძლოს ახალგაზრდა კადრების მიღება და ა.შ.“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მსხალაია:

„იცით, პედაგოგობა საკმაოდ შრომატევადი პროფესიაა. მასწავლებელი საშვილიშვილო საქმეს აკეთებს და ვფიქრობ, მისი ეს ღვაწლიც შესაბამისად უნდა იქნეს დაფასებული. ის ფაქტი, რომ სკოლაში ასაკოვანი პედაგოგები ასწავლიან, ეს მხოლოდ დაბალი პენსიითაც არ არის განპირობებული, არიან პედაგოგები, რომლებსაც უბრალოდ ძალიან უყვართ საკუთარი პროფესია და მათთვის რთულია სკოლაზე უარის თქმა. თუმცა, ძალიან ბევრი პედაგოგი ამბობს, რომ მაღალი პენსიის არსებობის შემთხვევაში ისინი მშვიდად შეძლებდნენ სკოლიდან წასვლას“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური:

„პედაგოგს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი პენსია. იმიტომ რომ ეს არის ის პროფესია, რომელიც ყოველდღიურ ძალიან დიდ გონებრივ მუშაობას მოითხოვს, ასევე ძალიან დიდ ენერგიას და ეს ყველაფერი უნდა იქნეს სწორად შეფასებული და დაფასებული. მაშინ, როდესაც პედაგოგი არის ასაკში, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა, იძულებულია ჩაატაროს 10 საათი, ვიდრე გავიდეს პენსიაზე და პენსიით მიღებული ანაზღაურება წამლებისთვისაც არ იყოს საკმარისი. შესაბამისი პენსიის არსებობის შემთხვევაში, არცერთ ასაკოვან პედაგოგს არ უღირს იაროს სკოლაში და ატაროს გაკვეთილები დამატებითი ანაზღაურებისთვის“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირინა მაისურაძე:

„იმდენად რთულია ბავშვებთან, მუდმივად სხვადასხვა შეხედულების ახალგაზრდებთან მუშაობა, ვფიქრობ, ეს შრომატევადი საქმიანობა - პედაგოგობა, სხვანაირად დაფასებული უნდა იყოს. შეუძლებელია ყველა ადამიანს ერთნაირი პენსია ჰქონდეს, რადგან ჩვენ, პედაგოგები ურთულესი პასუხისმგებლობების წინაშე ვდგავართ. ასაკოვანი პედაგოგებისთვის ძალიან რთულია სკოლაში გაკვეთილების ჩატარება, თუმცა მათ ხშირ შემთხვევაში სხვა გზა არ აქვთ. არ ჰყავთ შეძლებული ოჯახის წევრები, რომლებიც დაეხმარებიან მათ და მუშაობა არის თავის გადარჩენის ერთადერთი გზა. ვიქნებოდი მომხრე, საპენსიო ასაკში, პენსია იყოს არა მაღალი, არამედ იმდენად დამაკმაყოფილებელი მაინც, რომ დამატებითი შემოსავლისთვის აღარ მოუწიოს მუშაობა პენსიონერს“.

ქალაქ რუსთავის N5 საჯარო სკოლის დირექტორი არსენა დემეტრაშვილი:

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლიციელებსა და სამხედროებს დამსახურების მიხედვით ენიშნებათ კარგი პენსია. მაგრამ არ არსებობს არანაირი მსგავსი მექანიზმი პედაგოგებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კარგი რაღაცის მოფიქრება არის შესაძლებელი. მაგალითად, როგორც საზღვარგარეთ ხდება, პენსიაზე გასვლის შემდეგ შესაძლებელია მან უხელმძღვანელოს კათედრას, პრესკონფერენციებით და სხვადასხვა შეხვედრებით გაუზიაროს ცოდნა ახალგაზრდა თაობებს. ან თუნდაც, პენსიაზე გასვლის შემდეგ, მისი ასაკის შესაბამისად 3-5 წელი ისევ ჰქონდეს შესაძლებლობა, შემცირებული საათებით ჩაატაროს გაკვეთილები. ვფიქრობ, გამოსავალის მოძებნა შესაძლებელია. ამას კარგი მოფიქრება და დაგეგმვა სჭირდება. აუცილებელია სკოლებში ახალგაზრდა კადრების მიღება. როდესაც სტუდენტი ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, მომდევნო 2-3 წელში ის აუცილებლად უკვე უნდა შევიდეს სკოლაში მასწავლებლად. აუცილებელია პედაგოგს, დამსახურების, სტაჟის მიხედვით დაენიშნოს მაღალი პენსია, რომელიც მას მისცემს საშუალებას გზა დაუთმოს ახალგაზრდა თაობას. ან, რომელ პედაგოგს არ უნდა დაისვენოს, მიხედოს შვილიშვილებს. მაგრამ ამის პირობა აუცილებლად უნდა არსებობდეს“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის დირექტორი გამლეტ ისმაილოვი:

„ჩვენს სკოლაში ძალიან ცოტა ახალგაზრდა მასწავლებელია, სწორედ იმიტომ, რომ პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ასწავლიან ისევ და მათ ბევრი საათი აქვთ. აუცილებელია პედაგოგს პენსია ჰქონდეს იმდენად მაღალი, რომ მას არ მოუწიოს სკოლაში მუშაობა. თანაც, სკოლისთვის აუცილებელია ახალგაზრდა პედაგოგი, რადგან მან იცის ბევრი სიახლე და ამ ინოვაციებს დანერგავს სკოლაში“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ჭიღიტაშვილი:

„რამოდენიმე ჩემი კოლეგის აზრს ვიცნობ და ამ საკითხზე შემიძლია მათი სახელითაც ვისაუბრო. ძალიან ბევრი პედაგოგია, რომელიც ამბობს, რომ რომ იყოს მაღალი პენსია, სკოლაში გაკვეთილებს ვეღარ ჩავატარებდი და აუცილებლად ავარჩევდი პენსიასო. მოგეხსენებათ, პედაგოგის პროფესია არის ის პროფესია, როდესაც შეუძლია ადამიანს იმუშაოს და აიღოს ხელფასი და ასევე დანიშნული ჰქონდეს პენსია. ამდენად, პედაგოგები ცდილობენ პენსიასთან ერთად ასევე აიღონ ხელფასი სკოლიდან.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება