სიახლეები
სამასწავლებლო

უნდა ჩატარდეს თუ არა მე-6 და მე-10 კლასებში შიდასასკოლო გამოცდები - სკოლის დირექტორების მოსაზრებები
17-02-2019
-
+


Etaloni.ge აქტუალური საგანმანათლებლო საკითხების ირგვლივ სკოლის ლიდერი დირექტორების მოსაზრებების გაცნობას აგრძელებს.

ამჯერად, დავინტერესდით, როგორ აფასებენ წარმატებული მენეჯერები მე-6 და მე-10 კლასებში დაანონსებულ შიდასასკოლო გამოცდებს:

თბილისის N166 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე:

 

„შიდასასკოლო გამოცდები მნიშვნელოვანია, თუმცა, გააჩნია რა მიზნით ჩავატარებთ. მაგალითად, ჩვენს სკოლაში წლებია, მეექვსეკლასელები გამოცდებს აბარებენ, ოღონდ მხოლოდ მონიტორინგისთვის და მიღებული შედეგები წლიურ შეფასებაზე არ აისახება. ამ გზით მშობლებს შეუძლიათ გაიგონ შვილის ცოდნისა და განათლების დონე, სკოლას კი საშუალება გვეძლევა სწორად დავგეგმოთ სასწავლო პროცესი და სასურველ შედეგებზე გავიდეთ. ეს რაც შეეხება დაწყებით საფეხურს, მაღალ კლასში კი გამოცდა სამომავლო შედეგებზე უნდა აისახებოდეს, ის მოსწავლეებს მდგრადობას უქმნის, რომ მეტად მობილიზებულნი იყვნენ სწავლისა და წარმატებისკენ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა:

„ჩვენი სასკოლო საზოგადოება, ვფიქრობ, მზად არაა ნიშნებისა თუ გამოცდების გარეშე სწავლაზე ორიენტირებულობისთვის. მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც სჭირდებათ გამოცდები ორგანიზებული სწავლა-სწავლებისა და შედეგების განსასაზღვრად. ვეთანხმები საატესტატო გამოცდების გაუქმებას, რადგან ის მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრის საშუალებას არ გვაძლევდა, მასწავლებელიც ვერ იგებდა რაში დაუშვა ბავშვმა შეცდომა და რა მხრივ იყო საჭირო მუშაობა. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ დიაგნოსტიკურ გამოცდებს და შედეგების საფუძველზე განვსაზღვრავთ სწავლების ეფექტურ მიდგომებს. სკოლის მიზანი არა მოსწავლეების ჩაჭრა, არამედ საჭიროებების მიხედვით, მათი უნარების განვითარებაა. ამდენად, მივესალმები შიდასასკოლო გამოცდების შემოღებასა და შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას.“

რუსთავის N21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი:

„შიდასასკოლო გამოცდების ჩატარებას მივესალმები. თანაც, ვფიქრობ, კლასები სწორადაა შერჩეული, რადგან მე-6 კლასში დაწყებითი საფეხური სრულდება, მე-10 კლასი კი საშუალო საფეხურის მნიშვნელოვანი ეტაპია, თანაც, მიღებული შედეგების გაანალიზებისა და არსებული ხარვეზების აღმოფხვრისთვის მოსწავლესა და მასწავლებელს საკმარის დროს უტოვებს. შიდასასკოლო გამოცდებით საშუალება გვექნება ეროვნულ სასწავლო გეგმას მივყვეთ და შევაფასოთ ის, რასაც რეალურად ვასწავლით, საატესტატო გამოცდები კი პროგრამას იყო აცდენილი“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის  საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბუთხუზი:

„საატესტატო გამოცდების გაუქმების მომხრე რომ ვარ ეს ცალსახაა, თუმცა, საინტერესოა, რამდენად იქნება მორგებული შიდასასკოლო გამოცდები ეროვნულ სასწავლო გეგმას და რამდენად საფუძვლიანად შეამოწმებს მოსწავლის ცოდნას. ვფიქრობ, ტესტების ფორმატი იგივე შედეგებზე გაგვიყვანს, საჭიროა, უფრო ღრმა და საინტერესო მიდგომა, წიგნთან და აზროვნებასთან დაახლოვებული საგამოცდო საკითხები. მნიშვნელოვანია მასწავლებლების აზრის გათვალისწინებაც, რა სახით სურთ გამოცდის წარმართვა, შეფასების სისტემა რომ უნდა არსებობდეს ეს უდავოათუმცა მისი ფორმაა განსასაზღვრი, იქნება ეს გამოცდის, პროექტებისა თუ სხვა სახით“.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგარახლოს საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხორბალაძე:

„ჩემი შეხედულებით, საატესტატო გამოცდები ძალიან დამღლელი და სტრესული იყო მოსწავლეებისთვის. ბოლო კლასებში თავმოყრილი წერები რეალური ცოდნის გამოვლენისა და არსებული ხარვეზების გამოსწორების საშუალებას არ იძლეოდა. დაწყებით და საშუალო საფეხურზე ჩატარებული შიდასასკოლო გამოცდებით კი მოსწავლეები მეტად მობილიზებულნი იქნებიან და სწავლებაც შედეგზე ორიენტირებული გახდება“.

რუსთავის N10 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ფიროსმანაშვილი:

„მივესალმები შიდასასკოლო გამოცდების ჩატარებას. მე-6 კლასში შეჯამდება დაწყებით საფეხურზე მიღებული ცოდნა, ანალოგიურად მოხდება მე-10 კლასის შემთხვევაშიც. ჩვენ ისედაც ვატარებთ დიაგნოსტიკურ წერებს, რათა საჭიროების მიხედვით განვსაზღვროთ სამოქმედო და სასწავლო გეგმა. გამოცდა ხომ მიღებული ცოდნის შეჯამებაა, შედეგები კი გაწეული სამუშაოს შეფასებისა და ხარვეზების გამოსწორების საშუალებას იძლევა“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი სპარტაკ დათიკიშვილი:

„ვფიქრობ, გამოცდების საშუალებით მოსწავლეები მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საგაკვეთილო პროცესს. ამდენად, ვეთანხმები შიდასასკოლო გამოცდების ჩატარებასა და მოსწავლეთა განათლების დონის, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრისა და შემდეგ, საჭიროების მიხედვით, სწავლების გაძლიერებას. მნიშვნელოვანია სკოლის როლის ზრდა და მოსწავლეთა საჭიროებების თავად განსაზღვრა, თუმცა ვთვლი, რომ მეტნაკლებად, საერთო მიდგომა უნდა შემუშავდეს შიდასასკოლო გამოცდების ჩატარებისა“.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ლეკაშვილი:

„გამოცდების ხელაღებით გაუქმება არასწორად მიმაჩნია. ვთვლი, რომ შიდასასკოლო წერების ჩატარება მნიშვნელოვანია. სკოლაში ისედაც ვატარებდით გამოცდებს საბაზო საფეხურზე, შედეგების გაანალიზება სწავლებისთვის საჭირო მიმართულების მიცემაში გვეხმარება. ამდენად, მივესალმები მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდების დანიშვნას“.

მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა თვალაძე:

„შიდასასკოლო გამოცდების ჩატარება აუცილებელია. ამ გზით მოსწავლეები მობილიზებას გაუკეთებენ საკუთარ ცოდნას და მასალის გადამეორებით ნასწავლს განიმტკიცებენ. თანაც, ვფიქრობ, მსგავსი გამოცდები მოსწავლეთა საჭიროებებს მეტად იქნება მორგებული და სკოლაც შედეგების გაანალიზებით მეტად ეფექტურად მიჰყოფს ხელს სწავლების პროცესს“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის დირექტორი ვასო რატიანი:

„მე თუ მკითხავთ, არ მხოლოდ მე-6 და მე-10, არამდე თითოეულ კლასში უნდა ტარდებოდეს შიდასასკოლო გამოცდები. თანაც არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო უნდა იყოს, რათა წლის ბოლოს ამ გზით ჩავატაროთ მონიტორინგი, განვსაზღვროთ მოსწავლეთა ცოდნის დონე და სამომავლო სასწავლო გეგმა, საჭიროებიდან გამომდინარე“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
5 მიზეზი, რის გამოც ეროვნულებზე თქვენი სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის
რეგიონული სასწავლო ტური სპეცპედაგოგებისთვის - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს
პიროვნება

აბიტურიენტი რომ ვიყო პედაგოგობაზე ვიფიქრებდი და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი

 

ის მომავალი თაობის პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და წარმატებულ მომავალზე აქტიურად ზრუნავს
სკოლები
„თეატრი ბავშვის სულიერ აღზრდას ემსახურება და ესთეტიკური გემოვნების ფორმირებას უწყობს ხელს“
მოსწავლეებმა მხატვრულად წაკითხული პოეზიით დამსწრე საზოგადოება მოხიბლეს
სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ნაყოფიერი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული
საინტერესო
სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
სიახლეები
საზოგადოება