სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

შანსი ახალგაზრდებს - ვის შეუძლია გახდეს მაძიებელი მასწავლებელი
08-02-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვაზე.  სწორედ ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს „​მაძიებლობის პროგრამა“, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან ახალ კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს, სკოლებში დასაქმდნენ და პარალელურად პროფესიული განვითარებაც შეძლონ.

უფრო კონკრეტულად კი პირს თუ დამთავრებული აქვს მაგალითად, ქიმიის, ფიზიკის, ისტორიის ბაკალავრიატი და არ აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული, სკოლაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევში, შეუძლია, „მაძიებლობის პროგრამაში“ ჩაერთოს. 2 წლის შემდეგ კი თუ მაძიებელი მასწავლებელი ყველა კომპეტენციას დაადასტურებს,  უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც საგანი კარგად იცის და საუნივერსიტეტო სივრცეში კომპეტენციები აქვს ამ მიმართულებით დადასტურებული, ის შეძლებს, საინტერესოდ ასწავლოს საგანი.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლობის მაძიებლები? შეეძლება თუ არა მაძიებლობის სტატუსის მქონე პირს გაკვეთილის დამოუკიდებლად ჩატარება? რამდენად იქნება დაინტერესება სკოლების მხრიდან, რომ მათ გამოუცდელი კადრი აიყვანონ? ექნება თუ არა მაძიებლობის სტატუსის მქონე პირს  განსაზღვრული სავალდებულო საათები? - აღნიშნულ კითხვებზე პასუხი etaloni.ge-ს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოადგილემ, მანანა რატიანმა გასცა.

- ზოგადი განათლების კანონის ჩანაწერის მიხედვით, მაძიებელი შეიძლება გახდეს ის ახალგაზრდა, რომელსაც უნდა მასწავლებლად მუშაობის დაწყება და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისია. ანუ მას ახალი დამთავრებული აქვს მაგალითად, ქიმიის, ფიზიკის, ისტორიის ბაკალავრიატი და არ აქვს მასწავლებლის კვალიფიკაცია მინიჭებული.  ანუ სკოლაში ვაკანსიის არსებობის შემთხვევში, დირექტორს შეუძლია, ხელშეკრულება გაუფორმოს ასეთ პირს და უკვე სექტემბრიდან ჩაერთოს „მაძიებლობის პროგრამაში“.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2 წლის მანძილზე მაძიებლობის მქონე პირს შეუძლია დააგროვოს გარკვეული კომპეტენციები. ეს შესაბამისობაში უნდა იყოს მასწავლებლის დარგობრივ მახასიათებლებთან, რომლითაც ხელმძღვანელობენ აკადემიურ პროგრამებზე უმაღლესი სასწავლებლები მასწავლებლის კვალიფიკაციის მისანიჭებლად და მოსამზადებლად. სწორედ ამ კვალიფიკაციის დადასტურება მოხდება ეტაპობრივად.

- მაძიებლის სტატუსის შემოღების მიზეზი ერთის მხრივ, პროფესიაში ახალგაზრდა კადრების შემოსვლას უკავშირდება. როგორ ფიქრობთ, სკოლების მხრიდან რამდენად იქნება მოთხოვნა და სურვილი, რომ გამოუცდელი კადრები შეიყვანონ სკოლაში?

- სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ახალგაზრდებს დასჭირდებათ სისტემური, კომპლექსური მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენი ცენტრი გაუწევთ მათ, იქნება ეს პრაქტიკული ნაწილი თუ თეორიული კომპონენტი. ეს აპრობირებული მეთოდია სხვა ქვეყნებშიც, ეს გამოცდილება შესწავლილი არის.

ჩვენი ცენტრიც მიიჩნევს, რომ იმ ახალგაზრდამ, რომელმაც საგანი კარგად იცის და კომპეტენციები ახლახანს აქვს ამ მიმართულებით დადასტურებული საუნივერსიტეტო სივრცეში, ის შეძლებს, რომ სულ მცირე საინტერესოდ ასწავლოს საგანი და ჩვენ უკვე დავეხმარებით, იმაში რომ მან პედაგოგიკაში ძალიან მაღალ კვალიფიკაციას მიაღწიოს.

- საინტერესოა, მაძიებელი მასწავლებელი გაკვეთილზე დამოუკიდებლად შევა თუ ეყოლება პირი, რომელიც დახმარებას გაუწევს მას პროცესის წარმართვაში?

- ის ატარებს გაკვეთილს. ამასთან, ექნება საორიენტაციო ტრენინგები, ასევე თუ სკოლაში იქნება მენტორი ან წამყვანი მასწავლებელი, რომელსაც ამ ტიპის გამოცდილება აქვს,  გვექნება თანამშრომლობა, რომ მან გარკვეული კონსულტაცია გაუწიოს მაძიებლის სტატუსის მქონე პირს. მასწავლებლებისთვის, ალბათ, ეს ნაწილი საინტერესო იქნება. ხოლო თუ სკოლაში ამ მიმართულებით არ არის პედაგოგი ან შესაბამისი სტატუსი მქონე მასწავლებელი, მაშინ ცენტრი გაუწევს დახმარებას.

ეს იქნება დახმარება ტექნოლოგიების საშუალებით, რადგან შეიძლება მაძიებელი პირი რეგიონის სკოლაში შევიდეს და მთელი წლის განმავლობაში კონსულტირება და დახმარება იქნება ტექნოლოგიების გამოყენებით - გეგმებზე მუშაობა, გაკვეთილის გეგმის შედგენა, წარმართვა და ა.შ. რის შემდეგაც მოხდება მაძიებლის პრაქტიკის შეძენა. ასევე, 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ყველა კომპეტენციას დაადასტურებს, რაც მოთხოვნილი იქნება, მიენიჭება უკვე უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ამასთან, მას შემდეგ რაც იგი მოიპოვებს მასწავლებლის სტატუსს, შემდგომ მის გასაუმჯობესებლად უკვე შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობაც ექნება.

- ექნება თუ არა მაძიებლის სტატუსის მქონე პირს სკოლაში კონკრეტული საათები განსაზღვრული?

- ეს დამოკიდებულია სკოლაზე, რამდენ საათსაც თავად სკოლა მისცემს მაძიებლის სტატუსის მქონე პირს, იმდენ საათს ჩაატარებს. ცენტრალიზებულად არ არის განსაზღვრული რამდენი საათი უნდა მისცეს ამ სტატუსის მქონე პირს სკოლამ.

- ასევე გვაინტერესებს, შეეძლება თუ არა მაძიებლის სტატუსის მქონე პირს ნებისმიერ კლასში შესვლა?

- მაძიებლის სტატუსის მქონე პირს შეეძლება როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურებზე შესვლა. ეს გამომდინარეობს იმ დატვირთვიდან და ვაკანსიიდან, რომელიც სკოლას ექნება გამოცხადებული. ჩვენ დავეხმარებით, რომ მასწავლებელმა მაძიებლობის გზაზე შეივსოს ის კომპეტენციები, რომელიც მას სჭირდება, რათა საბოლოო ჯამში სისტემაში კვალიფიკაციური მასწავლებელი გვყავდეს.


კომენტარები


სკოლები
რემონტდება სკოლის ოთხივე სართული, დერეფნებში იცვლება იატაკი
გარემოსდაცვითი ბანაკი - Green Camp 22–27 ივლისს მშვიდობის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა
„გილოცავთ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!“
საქართველოს ჩემპიონატი მინი კალათბურთში მანავის ბავშვთა და ახალგაზრდობის ბანაკში ჩატარდა
სიახლეები
ინტეგრირების მიზანია  საბაზო განათლების მქონე პირებისთვის პროფესიის შესწავლასთან ერთად სრული განათლების მიწოდება
პირველკლასელთა დამრიგებლებისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული პორტაბელური კომპიუტერი არის სკოლის საკუთრება
მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა, თუმცა ჩართული არ იყო სქემაში
სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრში წარმოსადგენი განაცხადის ფორმა დამტკიცდა
საინტერესო
პატარის მუცლად ყოფნა, დედის მოლოდინი და განცდები მშობიარობის დროს ბავშვის დაბადების მომენტს დაუვიწყარს ხდის მშობლებისთვის
კარგია თუ ზურგჩანთას ექნება დამატებითი ქამარი
პიროვნება
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მაია ცქიტიშვილი 16 წლის იყო, დედა რომ გახდა
ეტალონი
განათლებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის
„არემჯი“ ორი წელია „ეტალონის“ მხარდამჭერი და ინტელექტ-ჩემპიონატის მეგობარი კომპანიაა
2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ღონისძიება საზეიმოდ დასრულდა
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობდა
მონაწილეები  მოსალოდნელ გამარჯვებებზე და შეგრძნებებზე გვესაუბრნენ.
საზოგადოება