სიახლეები
სამასწავლებლო

„ქულებით შეფასება სკოლაში საერთოდ არ უნდა იყოს“ - რას ფიქრობენ დირექტორები განმავითარებელ შეფასებაზე
15-01-2019
-
+


სკოლებში I-დან V კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით მოსწავლეები ქულებით (განმსაზღვრელი შეფასება) არ ფასდებიან, მათი შეფასება განმავითარებელი შეფასების მიხედვით ხდება.

კერძოდ კი ბოლო რამდენიმე წელია დაწყებითი კლასის მოსწავლეები ქულების ნაცვლად, სიმბოლურად - ვარსკვლავებით, დროშებთ, ღიმილებით ფასდებიან.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განმავითარებელი შეფასების მიზანს წარმოადგენს მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.

უნდა იწერებოდეს თუ არა ქულები პირველივე კლასიდან და როგორ აისახება განმავითარებელი შეფასება სასწავლო პროცესზე - აღნიშნულ საკითხზე  etaloni.ge სკოლების დირექტორებს ესაუბრა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე:

„ვფიქრობ, დაწყებით კლასებში, ქულებზე უფრო მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასება. შეფასების ეს სისტემა თავის მხრივ, მოიცავს ბავშვის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას. ეს ეხმარება მშობელს, გაიგოს რა კუთხით სჭირდება ბავშვს მეტი ყურადღება და განვითარება. ხოლო ნიშანი და ციფრი არ ეხმარება მშობელს ამ მხრივ. თანაც, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებით კლასებში ბავშვის ფსიქოლოგია არის მოუმზადებელი, ამ ასაკში აწყდება ბევრ სიახლეს და შეიძლება მისთვის რთული გასაგები იყოს ქულების სისტემაც“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ შავაძე:

„ხშირად ხდება, რომ ზოგიერთი ბავშვი კითხულობს, რატომ არ ვუწერთ ქულას და ამ დროს მასწავლებელი გარკვეულ შეფასებებს უკეთებს რვეულში. ვფიქრობ, ორივე შემთხვევა დასაშვებია“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ობოლაშვილი:

„მე რომ მკითხოთ, ქულებით შეფასება სკოლაში საერთოდ არ უნდა იყოს, არცერთ კლასში. იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, რა კუთხით სჭირდება მას მუშაობა და განვითარება, უკეთესი იქნებოდა შეფასება ყოფილიყო ყველა კლასში განმავითარებელი. ამდენად, ძალიან სწორია ის გადაწყვეტილება, რომ დაწყებით კლასებში მაინც ხდება ბავშვების შეფასება არა ქულებით, არამედ რაღაც სიმბოლური საშუალებებით, რადგან ეს არის სწორედ ის ასაკი, როდესაც არ შეიძლება ბავშვები განსხვავდებოდნენ ქულებითა და ნიშნებით ერთმანეთისგან. მასწავლებლის დაწერილი კომენტარი, რომელსაც მშობელი ნახულობს, არის ერთგვარი კონტაქტი მშობელსა და პედაგოგს შორის. ამდენად, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მაღალ კლასებშიც გაუქმდებოდა ქულათა სისტემა“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ნანდოშვილი- წიქარიშვილი:

„ვფიქრობ, უკეთესია დაწყებით კლასებში ქულები არ დაიწეროს, რადგან ქულებით და ნიშნებით შეფასებას აქვს მშობლებისთვის რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობა. მიუღებელია, როცა მათი ბავშვი სხვაზე დაბალ ქულებს იღებს. შემდეგ უკვე ბავშვებშიც ყალიბდება რაღაც არაჯანსაღი დამოკიდებულება რიგი საკითხების მიმართ. ამდენად, ალბათ, სჯობს იყოს დაწყებით კლასებში სიმბოლური განმავითარებელი შეფასებები“.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი როზა გველებიანი:

„ჩემი აზრით, დაწყებით კლასებშიც აუცილებლად უნდა არსებობდეს შეფასება ქულებით. მეორე კლასიდან მაინც უკვე უნდა ფასდებოდეს ბავშვის ცოდნის დონე ნიშნებით. უნდა იყოს კონკრეტულად განსაზღვრული და ბავშვისთვის გასაგები, როგორ სწავლობს და რა შეფასებას ღებულობს ამ სწავლაში“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი ნოფალ ალიევი:

„ჩემი აზრით, მოტივაციის ამაღლების თვალსაზრისით, ცუდი არ იქნებოდა ქულების მინიჭება. ალბათ, მეტად მოტივირებული იქნებოდნენ ბავშვები. ვფიქრობ, უფრო დადებითად აისახება ქულათა სისტემა სასწავლო პროცესებზე“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ანჯაფარიძე:

„დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, წახალისებისთვის არსებობს ვარსკვლავები, დროშები და ა.შ. ვფიქრობ, უკეთესი იქნება დაახლოებით მესამე კლასიდან ქულების სისტემა შემოვიდეს, მათი მოტივაციის გაზრდისთვის. ვინაიდან, უფრო პატარებს არ აქვთ იმის გააზრება რა არის ქულა, ნიშანი და ასე შემდეგ“.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მიქაძე:

„დაწყებითი კლასების შემთხვევაში ნორმალურია, რომ არ არსებობს ქულებით შეფასება. უფრო პოზიტიურად მოქმედებს ის წამახალისებელი შეფასებები, რაც ახლა გვაქვს პატარებისთვის. ვფიქრობ, გულდაწყვეტას იწვევს ბავშვებში ქულები და ნიშნები, ვიღაცა დაბალ შეფასებას იღებს, ვიღაც - მაღალს. ამდენად, თანასწორობის თვალსაზრისით, უკეთესია განმავითარებელი შეფასებები დაწყებით კლასებში“.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი სოხაძე:

„ამ თემასთან დაკავშირებით, მშობლების აზრიც ორად იყოფა. ზოგს მოსწონს, ზოგს - არ მოსწონს. მე თუ მკითხავთ, არ უნდა იყოს ისე, რომ ბავშვის ცოდნა არ ფასდებოდეს ქულებით. ვფიქრობ, თითოეული ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ნიშნები და ქულები“.

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ნინუა:

„მეხუთე კლასთან მიმართებაში, ვფიქრობ, პირველივე სემესტრში უნდა იყოს ქულებით შეფასება. მეტი მოტივაცია ექნებათ ბავშვებს. რაც შეეხება პირველიდან მეოთხე კლასამდე, მგონი საკმარისია ზოგადი შეფასებები“.

გიორგი ჭალადიდელის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ყალიჩავა:

„სწორად მიმაჩნია დაწყებით კლასებში ზოგადი შეფასებები. ბავშვებმა არ იციან, რას ნიშნავს ქულებით და ნიშნებით შეფასება. მეოთხე კლასის დამთავრების შემდეგ რომ დავუწეროთ ნიშნები, არც ეს მიმაჩნია სწორად. მეხუთე კლასის მოსწავლეს მეორე სემესტრიდან უკვე აქვს ოფიციალური შეფასება და ესეც ვფიქრობ, ძალიან სწორად არის გათვლილი და დაგეგმილი“.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულ 1422 პირს სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭება
„ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას“
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
პიროვნება
პედაგოგის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ მისმა მოსწავლეებმა უნივერსიტეტი წარმატებით დაამთავრეს
სკოლები
მოსწავლეებმა რეალურ ცხოვრებასთან პარალელები გაავლეს და დღევანდელ ყოფაზე საინტერესოდ იმსჯელეს
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და საინტერესო რესურსებიც შექმნეს
საბა ცაბაძე თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ქრისტინე გოგოლიძე კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია
სკოლაში მოსწავლეებს საქართველოს დროშები და თემატური პლაკატები ამშვენებდათ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება