სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო

შეუძლია თუ არა მშობელს, რომ შვილის გაკვეთილს დაესწროს?!
15-01-2019
-
+


იმისთვის რომ საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი შვილის გაკვეთილს დაესწროს, აუცილებელია, განცხადებით მიმართოს სკოლის დირექტორს და გაკვეთილზე დასწრების მიზეზები განუმარტოს. 

როგორც თბილისისა და რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, მშობლის გაკვეთილზე დასწრება კანონით არ არის დარეგულირებული, თუმცა, კონკრეტული მიზეზების არსებობის შემთხვევაში, გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობაზე დირექტორები მშობლებს უარს არ ეუბნებიან.

როგორც თბილისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გალაქტიონ მინდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მსგავსი მოთხოვნით მშობლებს მისთვისაც მიუმართავთ და ამას დადებითი შედეგი მოუტანია.

„რა თქმა უნდა, მშობელს აქვს უფლება შვილის გაკვეთილს დაესწროს, თუმცა, ამისთვის წინასწარ უნდა შემოიტანოს განცხადება დირექტორის სახელზე. ასევე, განცხადებაში კონკრეტულად უნდა იყოს მითითებული რომელ საგანზე სურს მშობელს დასწრება და რა მიზეზით, ვინაიდან თუ ეს მიზეზი საკამათოა და მშობელი ჩასაფრებულის პოზიციაშია, მაშინ დირექტორი აკეთებს ლავირებას. თუმცა, ის რომ მშობელს უფლება აქვს შვილის გაკვეთილს დაესწროს, ეს გარდაუვალია, მაგრამ არა ყოველდღე და ყველა გაკვეთილზე.

ასეთი პრეცედენტი მეც მქონია, რომ მშობელს გაკვეთილზე დასწრების სურვილი გამოუთქვამს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბავშვი ამბობდა, თითქოს, მასწავლებელი გაკვეთილს კარგად ვერ უხსნიდა. თუმცა, მშობელი რომ დაესწრო გაკვეთილს, აღმოაჩინა, რომ მასწავლებლის ცუდი ახსნა არაფერ შუაში იყო და ჩვენც მადლობა გადაგვიხადა“, - განაცხადა გალაქტიონ მინდიაშვილმა.

„თუ მშობელს აქვს დასაბუთებული მიზეზი და პირობა რის გამოც სურს, გაეცნოს თავისი შვილის სოციალურ მდგომარეობას კლასში, მაშინ აღნიშნული თხოვნით სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს, - ამის შესახებ etaloni.ge-ს თბილისის N149 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯუღელმა განუცხადა.

„ზოგადად მშობლის დასწრება გაკვეთილზე არანაირი კანონით არ არის განსაზღვრული, თუმცა, თუ არის ამის საჭიროება და მშობლის გაკვეთილზე დასწრება მოსწავლის მდგომარეობას გამოასწორებს, ამ შემთხვევაში მე მიმაჩნია, რომ დირექტორი უნდა წავიდეს თანამშრომლობაზე და მშობელს გაკვეთილზე დასწრების უფლება მისცეს.

ამასთან, გაკვეთილზე დასასწრებად აუცილებელია მასწავლებლის თანხმობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობელს თან ახლდეს დირექციის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია გაკვეთილის შეფასებაში. მსგავსი თხოვნით მშობლებს ჩემთვისაც მოუმართავთ, დასწრებიან, თუმცა, შენიშვნა ან პრეტენზია არასდროს უთქვამთ გაკვეთილის შემდგომ. სიმართლე გითხრათ, ბოლო 2 წლის განმავლობაში მსგავსი თხოვნით არც ერთ მშობელს არ მოუმართავს, ადრე უფრო ყოფილა მსგავსი თხოვნა მშობლების მხრიდან“, - გვითხრა ნანა ჯუღელმა.

როგორც თბილისის N158 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მელქაძე აცხადებს, მსგავსი თხოვნით მისთვის მშობელს აქამდე არასდროს მიუმართავს, მაგრამ თუ ამისი სურვილი და შესაბამისი მიზეზი იქნება, მაშინ პრობლემას ვერ ხედვას.

„ჩემი პრაქტიკის განმავლობაში არც ერთ მშობელს არ მოუმართავს მსგავსი თხოვნით. თუმცა, თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, მასწავლებელთან შეთანხმებისა და მისი თანხმობის შემთხვევაში მე წინააღმდეგი არ ვიქნები მშობელი დაესწროს შვილის გაკვეთილს. ასეთ დროს მშობელმა შესაძლოა, უკეთ დაინახოს რა პრობლემების წინაშე დგას მისი შვილი კლასში, ამიტომ მე ამაში ცუდს და საპრობლემოს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა მელქაძემ.

მშობლების გაკვეთილზე დასწრებას მიესალმება დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებიაც.

„აუცილებელიც კია მშობელი გაკვეთილს დაესწროს. ჩვენთვის არაერთხელ მოუმართავთ მსგავსი თხოვნით მშობლებს. მათ უნდა მიმართონ ადმინისტრაციას, დირექტორს და თუ ნებას დართავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მშობლის გაკვეთილზე დასწრებას, რა თქმა უნდა, შეუძლია. თანამშრომლობა აუცილებელიც კი არის. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხშირი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან ხშრად ყოფილა ინიციატივა, მშობელი გაკვეთილს დასწრებოდა, მათ რატომღაც თავს შეუკავებიათ“, - განაცხადა დავით ნაჭყებიამ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება