სიახლეები
სამასწავლებლო

იყო თუ არა აუცილებელი არდადეგების გახანგრძლივება და ხორციელდება თუ არა სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები - დირექტორების შეფასებები
16-01-2019
-
+


საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული ვირუსების გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდა.

რამდენად აუცილებელი იყო სკოლებში სწავლის დაწყების გადადება და ხორციელდება თუ არა გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები?! - ამჯერად, აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge  ტყიბულის, სამტრედიისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების სკოლების დირექტორებს გაესაუბრა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ბარბაქაძე:

„ვფიქრობ, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო სამინისტროს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უმჯობესია სწავლის რამდენიმე დღით გადადება. გაცდენილი საათები სწავლის დაწყების შემდეგ ანაზღაურდება. ჩვენი სკოლა გავრცელებულ ეპიდემიასთან დაკავშირებით, უკვე ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს და ემზადება საგაკვეთილო პროცესების აღდგენისთვის“.

ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ვაჩეიშვილი:

„ჩვენი სკოლა პატარაა და ყოველთვის ვკითხულობ მოსწავლეების მდგომარეობას. იყო ჩვენი რამდენიმე ბავშვი გაციებული, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა საგანგაშო მდგომარეობა. სამინისტროს მიერ განხორციელებული ეს ღონისძიება ალბათ, მისაღები იყო. როდესაც საზოგადოებას ეშინია არსებული ეპიდემიის, შესაძლებელია, სკოლაში არ გამოუშვას ბავშვი, მით უმეტეს, ზამთარში დიდი თოვლისა და სიცივის დროს. შესაბამისად, მაინც ჩაიშლება საგაკვეთილო პროცესი. ამ გაცდენილ დღეებს, ცხადია, ავანაზღაურებთ სწავლის დაწყების შემდეგ. მანამდე კი სკოლაში დაგეგმილია სადეზინფექციო სამუშაოები“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სკინდორის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ბიწაძე:

„საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ალბათ, ნამდვილად აუცილებელი იყო სწავლის გადადება, თუნდაც, რამდენიმე დღით. ეს პერიოდი გვექნება საშუალება, დინამიკაც გავიგოთ, მშობლებთანაც გვქონდეს ურთიერთობა და მათი აზრი გავითვალისწინოთ. ისინი იმდენად არიან შეშინებული, რომ ახლა სკოლის დაწყება ნამდვილად არ იქნებოდა სწორი. ბავშვები ვერ შეძლებდნენ გაკვეთილებზე დასწრებას. სკოლაში სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე უკვე დაიწყება დასუფთავებითი სამუშაოები, შესაბამისი ხსნარებითა და სხვა საშუალებებით“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლის დირექტორი იროდი გიორგაძე:

„სამინისტროს ეს გადაწყვეტილება არსებული მდგომარეობის ფონზე, ნამდვილად მიმაჩნია მიზანშეწონილად. ვფიქრობ, სწავლა აუცილებლად უნდა გადადებულიყო. ამ „​შესვენებას“ ჩვენი სკოლა აქტიურად იყენებს სადეზინფექციო სამუშაოების შესასრულებლად. ვაწარმოებთ დასუფთავებას შესაბამისი ხსნარებით, როგორც სველ წერტილებში, ისე საკლასო ოთახებში და ამგვარად ვცდილობთ, ყურადღება მივაქციოთ ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვას“.

ქალაქ სამტრედიის N7 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი: 

„ახლა ეს გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი და დროული. გაცდენილი გაკვეთილები შემდეგ ანაზღაურდება. შესაძლებელია, სწავლამ ზაფხულშიც გადაიწიოს, თუმცა, ახლა ასე სჯობს ნამდვილად. სკოლა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. სკოლას აქვს ხელშეკრულება ერთ-ერთი ორგანიზაციასთან, რომელიც პასუხისმგებელია სისუფთავეზე“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ბიწაძე:

„გადაწყვეტილება, სწავლის გადადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენს პირობებში არ იყო აუცილებელი. ჩვენს სოფელში ეს ვირუსი არ არის გავრცელებული, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მე ვერ ვხედავ საჭიროებას, თუმცა, სკოლაში, როგორც ადრე, ახლაც მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამას. ვირუსი, რომელზეც ინფორმაცია ვრცელდება, არის ძალიან საშიში და ამდენად, თავის დაზღვევა მაინც აუცილებელია“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ნანიკაშვილი:

„ჩემი აზრით, არ იყო სწავლის გადადება აუცილებელი. ჩვენს სოფელში ჯანმრთელი ხალხი ცხოვრობს და ჩვენს სკოლაში მსგავსი პრობლემა არ არის. რაც შეეხება დეზინფექციას, მხოლოდ სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციის გამო არ ტარდება სკოლაში დასუფთავება, მაგას არც უნდა რეკომენდაცია. სისუფთავის გარეშე სკოლა წარმოუდგენელია“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი:

„სწავლის გადადება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ არ გაცივდნენ ბავშვები და არ გადაედოთ ერთმანეთისგან ვირუსი. სკოლა დიდ ყურადღებას აქცევს სისუფთავეს და ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამდენად სადეზინფექციო სამუშაოებიც, დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღებით განხორციელდება“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ხვედელიძე:

„არ ვფიქრობ, რომ სწავლის გადადება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ზამთრის პერიოდში ყოველთვის არის ასეთი ვირუსები, მაგრამ რადგან ყოველდღიურად ასეთ ინფორმაციები ვრცელდება შიშმა შეიპყრო საზოგადოება. ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი - 52 მოსწავლე გვყავს. ამ რაოდენობიდან როცა 10 მოსწავლე აცდენს უკვე პრობლემაა სასწავლო პროცესისთვის. ჩვენი სკოლა ემზადება უკვე სასწავლო პროცესის აღდგენისთვის. ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი რომან ჩაფიძე:

„ჩემი აზრით, მაინც და მაინც არ იყო ამის აუცილებლობა, რადგან ვირუსი ვირუსია და შესაძლებელია, შემდგომაც გავრცელდეს ასეთნაირად. ამდენად, არ ვფიქრობ, რომ აუცილებელი ყოფილიყო ამ დროით სწავლის შეჩერება. სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა სისუფთავეს და მით უმეტეს ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სკოლის დეზინფექციას“.

სამტრედიის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ჭანტურია:

„ეპიდემია რომ გავრცელებულია, ფაქტია. ბავშთა დიდი რაოდენობა თავისთავად ვერ გამოცხადდებოდა და დაბალი იქნებოდა სწავლის ხარისხი. ამდენად, აუცილებელი იყო სწავლის გადადება. თუ თებერვალში კიდევ ერთი ეტაპია მოსალოდნელი ამ შემთხვევაში პრევენციის ზომები რამდენად იქნება მიღებული ამაზე წინასწარ საუბარი ალბათ რთულია. ჩვენ რაც შეგვძლია ვაკეთებთ, ხელშეკრულება გვაქვს ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომლებმაც მოგვიტანეს ხსნარები. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად  ხდება ამ კუთხით მობილიზება“.

სამტრედიის N8 საჯარო სკოლის დირექტორი ჯულიეტა ჩხაიძე:

„გაციებული და დავირუსებული ბავშვი უნდა იყოს სახლში და არ იაროს სკოლაში. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება სამინისტროს მხრიდან. დეკემბრის თვეში ისედაც ძალიან ბევრი გაცდენა დაფიქსირდა. რაც შეეხება სადეზინფექციო სამუშაოებს, სკოლაში უკვე ჩატარდა და მომავალშიც მიექცევა ყურადღება რა თქმა უნდა“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ასანიძე:

„ვფიქრობ, სამინისტროს ეს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად აისახება დადებითად. ეს ეპიდემიაა და მძვინვარებს საქართველოში. მით უმეტეს, ამ პერიოდში, როცა უკვე პიკია ამ მდგომარეობის, ვფიქრობ, სწავლის გადადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც ნორმალურია. ჩვენს სკოლაში ყოველთვის ხორციელდებოდა და ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სადეზინფექციო სამუშაოებს. არსებობს ასეთი ორგანიზაცია, ვინც იღებს პასუხისმგებლობას ამ მხრივ. უკვე ორი წელია ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ და პერიოდულად ხდება სკოლის ტერიტორიის დასუფთავება“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა აბესაძე:

„სწავლის გადადება იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, შესაძლებელია უფრო მეტ ხანსაც გადავდოთ, რადგან ჩვენს პატარა სკოლაშიც კი ძალიან ბევრი მოსწავლე გაციებულია. სწავლის დაწყებამდე, ვითვალისწინებთ სამინისტროს რეკომენდაციას და მართალია აქამდეც აქტიურად ხორციელდებოდა სკოლის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დიდი ყურადღება მიექცევა ამ საკითხს“.

სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა თევზაძე:

„15 იანვარს რომ სწავლა დაწყებულიყო სკოლაში, მაინც არავინ მოვიდოდა შიშის გამო. პრობლემები შეექმნებოდათ ბავშვებს გაცდენებისთვის, რადგან ეს მერე ძალიან ცუდად აისახებოდა შედეგებზე. ჩვენ მაინც უნდა გაგვეტარებინა ეს გაცდენები. მოგეხსენებათ, საპატიო არის თუ არ არის საპატიო, გაცდენა 30%-ზე მეტი თუ არის ექსტერნის გამოცდა ენიშნება მოსწავლეს და ამდენად, ამ პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, ნამდვილად აუცილებელი იყო სწავლის გადადება. ამჟამად, სკოლაში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. ერთხელ უკვე გავაკეთეთ სხვადასხვა საშუალებით სკოლის დასუფთავება და სწავლის დაწყებამდე კიდევ ერთხელ დასუფთავდება ყველაფერი საფუძვლიანად“.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგორზღვის საჯარო სკოლის დირექტორი გრიგოლ კიკვაძე:

„სწავლის გადადება, ალბათ, იყო მნიშვნელოვანი. ამაზე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სკოლაში მიმდინარეობს უკვე სადეზინფექციო სამუშაოები. მე სკოლაში ვარ და ახლაც მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები. ამდენად, ამ მხრივ ბავშვი სკოლაში უსაფრთხოდ იგრძნობს“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნი გამეზარდაშვილი:

„არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, დროული იყო სამინისტროს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები და ვემზადებით სწავლის დასაწყებად“.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება