სიახლეები
სამასწავლებლო

„ტყიდან ეზოში ნაძვის ხე გადმოვრგეთ“ - სკოლებში საახალწლო სამზადისი დაიწყო
18-12-2018
-
+


ახალი წელი ახლოვდება და სამზადისში სკოლებიც ჩაერთნენ: მოსწავლეები თემატური ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მშობლები შვილებისთვის სპეციალურ ფორმებს არჩევენ, მასწავლებლები კი საზეიმო ნომრებს დგამენ. საახალწლო ფუსფუსის შესახებ Etaloni.ge-სთან დირექტორები საუბრობენ, რომლებიც დეტალურად აღწერენ, თუ რა იგეგმება სასწავლო სივრცეებში.  

შუახევის მუნიციპალიტეტის კარაპეტის საჯარო სკოლა, დირექტორი ვალოდია ზოიძე: 

ახალი წლისთვის ორ ღონისძიებას ვგეგმავთ. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და სულ 17 მოსწავლე გვყავს, რომლებიც არდადეგებზე გადიან, 26 დეკემბერს ჩავატარებთ კონცერტს, შემდეგ კი მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოს, სახელწოდებით „მობრძანდი წელო ახალო“. აღნიშნულის ფარგლებში მოწაფეები შემოგვთავაზებენ  საახალწლო სიმღერებს,  გასართობ ნომრებს და თეატრალურ დადგმას. ეს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას გულისხმობს. 

ასლან შაინიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის წაბლანის საჯარო სკოლა, დირექტორი გულნარა შაინიძე:

ჩვენ სკოლაში რემონტი მიმდინარეობს, თან დარბაზიც არ გვაქვს, ამიტომ საახალწლო ღონისძიებას მხოლოდ საბაზო საფეხურისთვის-I-VI კლასებისთვის ჩავატარებთ. ნომრებს პედაგოგები დგამენ, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები ლექსებს, ცეკვებს თუ იუმორისტულ დადგმებს შემოგვთავაზებენ. დასასრულს, საუკეთესო მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი გამოვლონდება, რომლებიც სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

ხულოს მუნიციპალიტეტის კალოთის საჯარო სკოლა, დირექტორი შორენა მამულაძე: 

ნაძვის ხე და საკლასო ოთახები უკვე მოვრთეთ, საახალწლო ღონისძიებას კი 28 დეკემბერს ვაპირებთ. მოსწავლეები თამაშებს, პიესებს, სიმღერებს წარმოგვიდგენენ. სკოლას მსგავსი ზეიმებისთვის სპეციალური ფორმებიც აქვს უკვე შეკერილი, ამიტომ წელს აღარ დაგვჭირდება მათი დამზადება. დამსწრეები დირექცია და მშობლები იქნებიან. ასეთი აქტივობები მოსწავლეებს ახალისებს და სტიმულს მატებს. 

დავით მამულაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო თხილვანის საჯარო სკოლა, დირექტორი რამაზ ქამაშიძე:

ახალი წლისთვის კარნავალს ვგეგმავთ, სადაც მოსწავლეები მხატვრულ კითხვას, ლექსებს, სიმღერებს, იუმორისტულ ნომრებსა და ცეკვებს შემოგვთავაზებენ. ნომრები პედაგოგებმა მოამზადეს. ღონისძიებას მშობლები დაესწრებიან. ნაძვის ხე კი სააქტო დარბაზში განვათასეთ, რომლის მორთვაშიც მონაწილეობა მოწაფეებმა მიიღეს. 

ტბელ აბუსერიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის საჯარო სკოლა, დირექტორი ედუარდ ბოლქვაძე:

საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. კერძოდ, კლასებს შორის სპორტულ შეჯიბრს გავმართავთ, სადაც გამარჯვებულს თასი გადაეცემა, პირველ-მეორე ადგილზე გასულებს კი -მედლები.  ასევე, მოვაწყობთ ზეიმს, რომელიც სკოლის დარბაზში გაიმართება, სადაც მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ, მშობლები, პედკოლექტივი და დირექცია კი დაესწრება. აღნიშნული 27 ან 28 დეკემბერს ჩატარდება. მსგავსს აქტივობებს მოსწავლეთა წახალისების მიზანი აქვს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გორგაძეების საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა კონცელიძე:

რამდენიმე ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი: მე-9 კლასი კარნავალს გამართავს, სახელწოდებით - „ბედნიერი ახალი წელი“.  სხვა კლასები ამ კვირას დაგეგმილ ღონისძიებაში ჩაერთვებიან, რომელიც ღვაწლმოსილი პედაგოგის გაცილებას ეძღვნება. უმცროსკლასელები კი ზეიმს ცალკე მოაწყობენ. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლა, დირექტორი ეთერ ნაკაიძე:

საახალწლო ღონისძიებას 27 დეკემბერს ვგეგმავთ. მანამდე სკოლა მოვრთეთ. კარნავალში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ, მშობლები და მასწავლებლები კი მათ ახალ წელს მიულოცავენ.  აქტივობის ხელმძღვანელი სკოლის თვითმმართველობაა.  აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი რაიონის კინოსახლმა კონკურსი დააწესა, სადაც მონაწილეობას ვიღებთ. ამისთვის ქაღალდისგან ნაძვის ხე გავაკეთეთ და გავაგზავნეთ. ველით შედეგებს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გვარას საჯარო სკოლა, დირექტორი  ნოდარ გოგმაჩაძე: 

საახალწო ღონისძიებები უკვე დავიწყეთ. კერძოდ, პირველმა კლასმა ღონისძიება მოაწყო, რომლითაც „შემოდგომა გააცილა“ და ახალი წლისთვის მზადება გამოაცხადა. ასევე,  ერთ-ერთი კლასი ექსკურსიაზე იყო, რომლითაც რაიონის ცხოვრებას გაეცნო, შემდეგ კი თემის წერას აპირებენ, სახელწოდებით  - „რაიონის საეკლესიო ცხოვრება“. რაც შეეხება მთავარ ღონისძიებას, ის 27 დეკემბერს ჩატარდება, რომელსაც სკოლის წარმომადგენლები, მშობლების და სოფლის საკრებულოს თავმჯდომარეც დაესწრება. პარალელურად კი სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდება. ასევე, არდადეგების პერიოდში ექსკურსიებიც დავგეგმეთ.  

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქობულეთის საჯარო სკოლა, დირექტორი  ნაირა მახარაძე:

საშობაო ღონისძიებებს უკვე ვმართავთ. მთავარი დღესასწაული გვექნება ასე - პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ცალკე მოეწყობა, დანარჩენი კლასები - ცალკე. ასევე, სკოლის ეზოში ნაძვის ხეს ვრთავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისედაც ბევრი ნაძვის ხეები გვაქვს, იმდენად მაღლები არიან, რომ სპეციალურად ახალი წლისთვის ტყიდან 3-მეტრიანი ნაძვის ხე ფესვებიანად გადმოვრგეთ და მას მოვრთავთ. რაც მთვარია, არ გახმება და ჩვენს ეზოს დაამშვენებს.  პარალელურად, გვინდა, ეზოში მდებარე ათმეტრიანი ნაძვის ხეც  ელექტრონათურებით გავანათოთ, რისთვისაც სპონსორს ვეძებთ. 

დმანისის მუნიციპალიტეტის ტნუსის საჯარო სკოლა, დირექტორი შახვალად ნაბიევი:

ახალი წლისთვის კარნავალი გვექნება, რომელშიც მთელი სკოლა ჩაერთვება. აღნიშნულის ფარგლებში ინტელექტუალური შეჯიბრიც ჩატარდება, სადაც გამარჯვებულები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საჩუქრებს მიიღებენ, თუმცა სიურპრიზის სახით-არ ეცოდინებათ რა შეფუთვაში რა საჩუქარი იქნება. ასევე, პედაგოგები უმცროსკლასელებისთვისაც ღონისძიებებს გეგმავენ. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მუხროვანის საჯარო სკოლა, დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა:

ამ ეტაპზე ჩვენ სკოლას (რომელიც მცირეკონტიგენტიანია) საკუთარი შენობა არ აქვს, სხვის შენობაში ვართ განთავსებული, ამიტომ საახალწლო ღონისძიებას მოკრძალებულად, საკუთარი სახსრებით, საკლასო ოთახში გავმართავთ. სულ 31 მოსწავლე გვყავს და ისინი 28 დეკემბერს სიმღერებს, ლექსებსა და თეატრალურ დადგმას წარმოგვიდგენენ. აღნიშნულს მშობლები და მასწავლებლები დაესწრებიან. ბოლოს კი მოწაფეებს სკოლისგან საჩუქრად ტკბილეული გადაეცემათ. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის საჯარო სკოლა, დირექტორი ჯამბულ ცაგურია: 

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და საკუთარი ხარჯებით შემდეგ ღონისძიებას ვგეგმავთ - მოსწავლეები კარნავალს მოაწყობენ, სადაც იმღერებენ, იცეკვებენ და ლექსებს წარმოთქვამენ. ასევე, გვეყოლება თოვლის ბაბუა (ერთ-ერთი მოსწავლე), რომელიც უმცროსკლასელებს ტკბილეულს დაურიგებს. სკოლას მუსიკალური ცენტრი გვაქვს და მხიარულ განწყობას ვიქმნით. 

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა, დირექტორი ელგუჯა სულავა:

ახალი წლისთვის უკვე ვემზადებით. მოსწავლეებმა საკუთარი კლასები მორთეს. ასევე, ღონისძიებას გავმართავთ, სადაც მოწაფეები ლექსებს წაიკითხავენ, სიმღერებს შეასრულებენ და თეატრალურ დადგმას წარმოგვიდგენენ. ბოლოს კი  წარჩინებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდებიან. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ოლეგ გულორდავა:

ახალი წლისთვის სკოლა ძალიან ბევრმ სხვადასხვა სახის ღონისძიებას გეგმავს. აღნიშნულში მშობლები როგორც დამსწრეები, ასევე მონაწილეებიც კი იქნებიან. მოსწავლეები კი ცეკვებს, ქართულ სიმღერებსა თუ იუმორისტულ დადგმებს წარმოგვიდგენენ. მოკლედ, სკოლა ახალი წლისთვის სრულიად მზად არის. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის ჭვინთის საჯარო სკოლა, დირექტორი  გიორგი გაგნიძე:

ახალი წლისთვის მოსწავლეები მუსიკალური ნომრებით, ლექსებითა და  სკეტჩებით გაფორმებულ ღონისძიებას გვთავაზობენ, ერთი მოწაფე კი  პიანინოზე მუსიკალურ ნომერსაც შეგვისრულებს. სკოლის მორთვას ახლა ვიწყებთ. აღვნიშნავ, რომ მანამდე უმცროსკლასელებისთვის სხვადასხვა სახის კონკურსები ჩავატარეთ, გამარჯვებულები კი სწორედ საახალწლო ღონისძიებაზე წიგნებით დასაჩუქრდებიან. 

ასპინძის მუნიციპალიტეტის რუსთავის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი დიასამიძე:


დაწყებითი კლასები 25 იანვარს გეგმავენ საახალწლო ღონისძიების ჩატარებას, რომლებშიც მშობლებიც არიან ჩართულნი. კერძოდ, მათი დამხარებით კლასები მოირთო, ასევე, ზეიმთან დაკავშირებით იდეები მოგვაწოდეს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, კარნავალის ორგანიზატორები პედაგოგები არიან, რომლის ფარგლებშიც ნომინაციებიც იქნება და მოწაფეები ტკბილეულითა თუ წიგნებით დაჯილდოვდებიან. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჩხენიშის საჯარო სკოლა, დირექტორი სვეტლანა ტყვაცირია:

საახალწლო ღონისძიებები ჩვენთან 21 იანვრიდან იწყება. სამივე საფეხურისთვის სხვადასხვა აქტივობა  გვაქვს დაგეგმილი. კერძოდ, უმცროსკლასელებს ზღაპრის გმირები გაართობენ, საბაზო საფეხურისთვის კულინარიული ღონისძიება მოეწყობა, საშუალო საფეხურისთვის კი მხიარული შეჯიბრი გაიმართება, სადაც მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოავლენენ. ამით მოწაფეებისთვის არაფორმალური გარემოც იქმნება. წლის ბოლოს კი საშუალო საფეხურზე (მე-10 კლასი) დიდ ღონისძიებას ვგეგმავთ. 

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნოღის საჯარო სკოლა, დირექტორი ციალა ძნელაძე:

საახალწლო ღონისძიებები დაწყებით კლასებსა და მაღალ კლასებში ცალ-ცალკე გაიმართება. აღნიშნულის ფარგლებში მოეწყობა ცეკვები, სიმღერები, იუმორისტული სკეტჩები და ხალხურ საკრავზე შესრულებული ნომრებიც გვექნება.  მშობლები  სპეციალური, ზეიმისთვის საჭირო ფორმების შეკერვაში გვეხმარებიან.  დასასრულს, მოსწავლეები ტკბილეულით  დაჯილდოვდებიან, რომელსაც მათ თოვლის ბაბუა გადასცემს.

ხობის მუნიციპალიტეტის  ქარიატის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ალექსანდრია:

ახალი წლისთვის კარნავალს ვაწყობთ, სადაც მოსწავლეები საკუთარ შემოქდებას - მხატვრულ კითხვას, ლექსებს, იუმორისტულ ნომრებს, სიმღერებსა თუ ცეკვებს წარმოგვიდგენენ. მათ შორის მონაწილეობას მასწავლებლებიც მიიღებენ. ნომინაციებიც გვექნება - წლის ყველაზე წარმატებული მოსწავლე  და სხვა. პრიზებად კი მოწაფეების მიერ დამზადებული სამშვენისები დარიგდება. 

თბილისის N207 საჯარო სკოლა, დირექტორი ზურაბ ჩხაიძე:

სკოლას დარბაზი არ აქვს, ამიტომ საერთო ღონისძიება არ გვექნება. სამაგიეროდ ყველა კლასში, საფეხურების მიხედვით, სხვადასხვა თარიღში ზეიმები მოეწყობა, რომელშიც დირექცია, მსობლები და მოსწვალეები ჩაერთვებიან. სკოლა საახალწლოდ უკვე მორთულია. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გომის საჯარო სკოლა, დირექტორი მაყვალა თევზაძე:

საინტერესო და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გვექნება, სადაც მონაწილეობას ყველა მოსწავლე მიიღებს. სიმღერები, ცეკვები, იუმორისტული დადგმები, თემატური აქტივობები -სრულად იქნება წარმოდგენილი. ახალ წელს ზეიმით ვხვდებით.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება