სიახლეები
ინტერვიუ

მამა გიორგი: „მოძღვრის შვილს არავინ მოუკლავს ხორავას ქუჩაზე, ის რომ არა, უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა“
30-11-2018
-
+


28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო. მართლმადიდებლები მას 40 დღე, ქრისტეშობამდე ინახავენ. საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილია. თევზის მიღება შეიძლება ასევე 1–2 იანვარს – ახალი წლის დღეებში...

ის, რაც უფროსებისთვის რთულად შესასრულებელი არ არის, ძნელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთათვისაც არა მხოლოდ მარხვის დაცვა, ეკლესიებში წირვებზე საათობით დგომაც რთულია. ავჭალის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე „ეტალონს“ მოუყვა, რა წესებს  ითვალისწინებს ეკლესია მცირე ასაკიანებისთვის და როგორი ღირებულებებით იზრდება ბავშვი, რომელიც მარხვას ინახავს და თავშეკავებას პატარაობიდან სწავლობს.

– მამა გიორგი, ხშირად მოზარდებს კი არა, უფროსებსაც უჭირთ ხანგრძლივი მარხვების დაცვა. რას ითვალისწინებს ეკლესია ამ მხრივ ბავშვებისა და მოზარდებისთვის და რა ასაკიდან არის დასაშვები მარხვა?

– მოძღვარს თითოეულ ბავშვთან და მოზრდილთან ინდივიდუალური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. თუ ბავშვი სნეულია, ან ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს და რასაც ექიმი უნიშნავს ის პროდუქტი – ხორცი, რძე და ა.შ. – აუცილებლად უნდა მიიღოს, მოძღვარი, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს და იკონომიის (შეწყალების პრინციპი ეკლესიაში) სახით უწესებს, რომ შეუძლია მარხვა სრულად არ დაიცვას, მაგრამ, თუ ბავშვი სრულიად ჯანმრთელია, მე, მაგალითად, 13–14 წლის ასაკიდან ვავალებ, რომ მარხვები შეინახოს.

რაც შეეხება უფრო უმცროს ასაკს, 5-6 წლიდან უნდა მივაჩვიოთ, რომ ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა დაიცვან. როცა ბავშვი თავის შეკავებას სწავლობს, ხასიათიც შესაბამისი უყალიბდება. დღევანდელ რეალობაში, ბავშვების უმრავლესობა ჯიუტია, არ ესმის მშობლის. როცა ადამიანი პატარაობიდან თავშეკავებას სწავლობს, ლოცულობს, ამბობს „მამაო ჩვენოს“, მოძღვართან მიდის, აღსარებას ამბობს და ეზიარება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მისი სულიერი ცხოვრების სწორი ფორმულირება მოხდება და გახდება მორჩილი მშობლების, ეკლესიის და გამოადგება თავის ოჯახსა და ქვეყანასაც. ტიპიკონის მიხედვით, ამ მარხვაში შაბათ-კვირასაა თევზით ხსნილი, მაგრამ, უწმინდესის კურთხევით, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, სხვა დღეებშიც შეუძლიათ ბავშვებს თუ მოზარდებს თევზის მიღება. მშობელმა უნდა შეურჩიოს ასევე სამარხვო კარაქი, ნამცხვარი თუ შოკოლადი და აღარ იქნება მარხვა რთული შესანახი.

– თუ მშობელი არ იცავს მარხვას, ბავშვს ალბათ გაუჭირდება მისი დაცვა. თუ არიან ბავშვები, რომლებიც ჩივიან, რომ მათ ოჯახი არ უწყობს ხელს საეკლესიო წესებით იცხოვრონ?

– დიახ, ხშირად ხდება ასე. მაგალითი მშობელმა უნდა მისცეს და ხელიც შეუწყოს, შესაბამისი საკვები მოუმზადოს. თუ მშობელი ურწმუნოა, უიმედო მდგომარეობა იქმნება ხოლმე. თუ მშობელი ბავშვს ხელს უშლის იმარხულოს, ეკლესია ითვალისწინებს მის მდგომარეობას და  ასეთ დროს ბავშვებს ვავალებთ, რომ ლოცვები მაინც თქვან და ზიარება მიიღონ.

ჩემთან დადიოდნენ ბავშვები  და მათი დედაც ასე თუ ისე ეკლესიური იყო. რომ ვთხოვდი, ემარხულათ, დედა არ ამარხულებდა, აჭმევდა მარხვაში ხორცს თუ ყველს. ახლა ის ბავშვები ეკლესიას ჩამოშორდნენ და დედა წუხს ამის გამო. ვეუბნები, ბავშვობაში რომ დაგეჯერებინა და ბავშვებს მარხვა შეენახათ, ელოცათ და ზიარებაც მიეღოთ, ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდნენ. მშობლებმა კი არ უნდა აუკრძალონ მარხვა, უნდა მიაჩვიონ.

– მამა გიორგი, ბრძანეთ, შეუძლიათ, სამარხვო შოკოლადი თუ ნამცხვარი ჭამონო. მარხვა ხომ დათმენას გულისხმობს. ხშირად განსჯის საგანი ხდება, რაღა მარხვის დაცვა გამოდის, როცა ნებისმიერი პროდუქტი შეგვიძლია მივიღოთ, რომელიც სამარხვოდ ითვლებაო?

– მაცხოვარი ამბობს, არა შემავალი შეაგინებს, არამედ გამომავალიო. მორიელი 150 დღე არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ნაკბენი ყველაზე სასტიკი ამ პერიოდშია, კლავს ადამიანს. რა აზრი აქვს, როცა ადამიანი მარხვას ინახავს და სიტყვით, საქმით, თუ თავისი ცხოვრების წესით სხვას ამწარებს?!  თუ ბავშვი მშობელს გაამწარებს, ასეთ მარხვის შენახვას აზრი არ აქვს! ასეთ შემთხვევაში, ეს იქნება დიეტა და არა სულიერ ცხოვრებაზე ფიქრი. მარხვა შერწყმული უნდა იყოს კეთილ საქმეებთან, აღსარებასთან, ზიარებასთან, ლოცვების გაძლიერებასთან, ბავშვების მშობლის მიმართ მორჩილებასთან... საკვები კი, ამ შემთხვევაში მხოლოდ დამხმარეა, რომ რაღაც დაითმინო.

– მამა გიორგი, ბავშვები დღევანდელ ეპოქაში დამოუკიდებლობას უფრო ეჩვევიან, აუცილებელია მორჩილებაში ყოფნა?

– ამ შემთხვევაში მორჩილებაში იგულისხმება ის, რომ მშობელს არ ეტლიკინებოდეს, ენას არ უბრუნებდეს, თორემ დამოუკიდებლობა აუცილებელია, არ უნდა იყოს მუდამ მშობელზე ჩამოკიდებული. ოჯახის აღზრდის ტრადიციაზეა დამოკიდებული, ბავშვი რამდენად დამოუკიდებელი იქნება. მე ვიცი ზრდასრული ადამიანები, რომლებიც მშობლის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამენ. ესეც არასწორი აღზრდაა. მარხვა ადამიანს სწორედ სულიერი ცხოვრების სწორად ფორმირებაში ეხმარება. ბავშვებისთვის მარხვა და თავშეკავება სწორედ იმას გულისხმობს, რომ ყველაფრის მიმართ არ ჰქონდეთ მიდრეკილება და იცოდნენ, რომ რაღაც ზღვარი არსებობს, რომლის იქით აღარ უნდა წავიდნენ.

– მამა გიორგი, ბავშვებისთვის ასევე რთულია საათობით წირვა-ლოცვაზე დგომა.

– დიახ და მშობლებს ვთხოვ ხოლმე, თვეების ანდა 3-4 წლის ბავშვები ზიარებამდე 10 წუთით ადრე  მოიყვანონ. სადაც ორი მოძღვარი მსახურობს, სპეციალურად ტარდება ბავშვებისთვის ხანმოკლე წირვა, რომელსაც ესწრებიან 4-დან 14 წლამდე ბავშვები. ეზიარებიან და მიდიან. ბავშვს წირვაზე საათობით ვერ გააჩერებ. ამ ყველაფერს გონიერი მიდგომა სჭირდება. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მოზარდს ფსიქიკა არ დაუზიანდეს და ჯანმრთელობა არ შეერყას. ზოგ ტაძარში გათბობა არ არის, ცივა და პატარებს კი არა, მოზრდილებს უჭირთ წირვაზე დგომა. მოძღვარმა უნდა ურჩიოს ბავშვს, როგორ მოიქცეს და რამდენ ხანს დაესწროს წირვას. დილაობით ცისკრის ლოცვა საათნახევარი გრძელდება. ამას მოსდევს წირვა. სხვადასხვა ტაძარში მწუხრი და ცისკარი ერთმანეთზეა მიბმული.  ჩვენთან ცისკარს მოზრდილები ესწრებიან. წირვა კი მოგვიანებით იწყება, რომ ბავშვებმა გაღვიძება მოასწრონ, მოწესრიგდნენ, მოვიდნენ და ეზიარონ.

იმ ბავშვის შინაგანი სამყარო, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს, იცვლება და საოცარი ხდება. ალბათ გინახავთ ჩვილი ბავშვი, რომელიც რაღაცას არის მიშტერებული და იცინის. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამ დროს ბავშვები ანგელოზებს ესაუბრებიან. პირველქმნილი, ადამის ცოდვა განსაკუთრებულ დაღს აჩენს ადამიანს და როცა ის ასაკში შედის, მიდრეკილი ხდება ცოდვებისკენ. ზიარების მადლი კი ეხმარება, რომ ამ ცოდვებისგან გათავისუფლდეს. სამწუხაროდ, გვინახავს ეკლესიის წიაღში გაზრდილი ბავშვები, რომლებიც შემდგომ ღვთის მგმობელები გამხდარან. მაგალითად, სტალინს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ შემდეგ რაც გააკეთა, ცნობილია. ჰიტლერზე ამბობდნენ, რომ ვეგეტარიანელი იყო. არადა, მილიონობით ადამიანი დახოცა. ამიტომაც, ბავშვის ფორმირება ეკლესიის წიაღში და ოჯახში ერთობლივად უნდა ხდებოდეს. მოძღვარმა უნდა აუხსნას ბავშვს და ესაუბროს სიყვარულზე, სწავლაზე... თუ მშობელიც უწყობს ხელს, ადამიანი სწორი გზით ვითარდება და ღმერთიც ეწევა.

– მამა გიორგი, ყველაზე მეტად რა აწუხებთ დღევანდელ მოზარდებს, რა არის მათი სატკივარი, რომელსაც გიმხელენ?

– აღსარების საიდუმლოს ვერ გავცემ, მაგრამ ზოგადად გეტყვით, რომ უჩივიან ნაკლებ სიყვარულს ოჯახის მხრიდან, მშობლების მხრიდან უპატივცემულობას, მათ სიზარმაცეს... მეგობრებთან ურთიერთობაზე წუხან ხშირად. ქუჩის პრობლემა არსებობს დიდი. ბავშვი ღრუბელივითაა – როგორც ღრუბელი წყალს, ისე ისრუტავს ყველაფერს. როცა ბავშვს მეგობრებიც კარგი ჰყავს, ოჯახიც ხელს უწყობს, ეს დიდი შეწევნაა. მშობლებს მოვუწოდებ, მათი შვილების მეგობრების წრე მიმოიხილონ და გამოიკვლიონ, სწორედ გარემოს და წრის გამო ხდება ამდენი მკვლელობა, დაჭრები... ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. თუ ბავშვი სწორად ფორმირდება, ასეთ საზოგადოებაში ნაკლებად მოხვდება. შეიძლება ასეთ გარჩევებშიც მოხვდნენ, მაგრამ იშვიათად. მაგალითად, ხორავას ქუჩაზე რომ მკვლელობა მოხდა, მათ შორის ეკლესიური და მაზიარებელი ბავშვებიც იყვნენ, მაგრამ, ხომ ნახეთ, როგორ შარში გაეხვნენ და, ფაქტობრივად, თავი დაიღუპეს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ვინ, როგორი კლასელი თუ მეზობელი გყავს გვერდით.

– მამა გიორგი, რადგან ამ თემას შევეხეთ, გკითხავთ: ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პირდაპირ ადებს ხელს მღვდლის შვილს – მან და კიდევ ერთმა მოკლეს ჩემი შვილიო. შეიძლება სხვა ოჯახმა გადამალოს თავისი შვილი, მაგრამ როდესაც საქმე მღვდლის შვილს ეხება, უფრო დიდი უხერხულობის შეგრძნება ჩნდება...

–  ის ბიჭი მამა შიო მენაბდეს შვილია. კარგად ვიცნობ ამ ოჯახს და ვიცი, რომ ის შუაში იდგა და იგერიებდა ორივე მხარეს, რომ ერთმანეთისთვის არაფერი დაეშავებინათ. „რუსთავი 2“-მა კი, როგორც სჩვევია, ეს ამბავი ისე გააშუქა, რომ ეკლესია და მღვდლის შვილი დაედანაშაულებინა. როგორც მე ვიცი, ჩხუბი რომ მოხდა სკოლაში, მერე ბავშვები შერიგებულან. მერე კი, სწორედ იმ ცხონებულ ბიჭს  მიუდია სიგარეტი სახეზე სხვისთვის. სწორედ ამას მოჰყვა დანა, დაჭრა და სიკვდილი, რაც თავისთავად საშინელი ტრაგედიაა. თუ მოძღვარი თავის შვილს ვერ აღზრდის, სხვას რაღაზე უნდა მიუთითოს?! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამა შიოს შვილი ამ ჩხუბში არაფერ შუაში იყო და, პირიქით, მისი დამსახურებაა, რომ კიდევ უფრო დიდი მსხვერპლით არ დამთავრდა ეს ამბავი. თვითონ ეს ბიჭიც დაჭრეს გაშველების დროს...


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება