სიახლეები
ინტერვიუ

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე შვილისთვის სკოლას ვერ არჩევს
09-11-2018
-
+


მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ასაკობრივ კატეგორიებში, ოლიმპიური ჩემპიონი მოზრდილებში, მსოფლიო ჩემპიონი ბლიც-ჭადრაკში, ევროპის ჩემპიონი ქალთა შორის, არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებული და გრან-პრის მფლობელი – ეს ტიტულები ახალგაზრდა ქართველ ქალბატონს, ნანა ძაგნიძეს ეკუთვნის.  

ნანა ქუთაისში დაიბადა და სკოლაც იქ დაამთავრა. 9 წლის ასაკში უკვე ევროპის ჩემპიონი იყო. ქუთაისის 25-ე სკოლა თავისი აღსაზრდელით ამაყობდა და ყველა შეჯიბრის შემდეგ, საიდანაც ნანა მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა, ზეიმს აწყობდა.  

ნანა დაოჯახებულია და ორი შვილის დედაა. მომდევნო სასწავლო წელს მისი უფროსი შვილი სკოლის მოსწავლე უნდა გახდეს, ამიტომ ახალი საზრუნავი აქვს – შვილისთვის შესაფერის სკოლას ეძებს.

- სკოლა მუდამ ხელს მიწყობდა, რომ ჭადრაკი მეთამაშა. როცა შეჯიბრიდან გამარჯვებული ვბრუნდებოდი, დიდ ზეიმს და ღონისძიებებს  აწყობდნენ, ჩემ მიმართ პატივისცემა რომ გამოეხატათ. ასე რომ, სკოლა ძალიან თბილად მახსენდება. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა, მაგრამ მაინც  კარგად ვსწავლობდი.  მათემატიკის მასწავლებელს ვუყვარდი ძალიან, რადგან ამ საგანში ყოველთვის გამორჩეული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვაცდენდი. დედაჩემი მათემატიკის პედაგოგია და მამაც ამ საგანს ასწავლიდა. როგორც კი ჭადრაკისგან თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, სასკოლო საგნებს ვმეცადინეობდი. 

ლექსების მოყოლა მიყვარდა, კარგად ვიზეპირებდი, მაგრამ ისტორიის სწავლა მიჭირდა და არ მსიამოვნებდა, მასწავლებელი გაკვეთილის მოსაყოლად რომ მიძახებდა. ისტორიის მასწავლებელს კი ვუყვარდი და მოსწონდა იქაური ამბების მოსმენა, რომელ ქვეყანაშიც შეჯიბრზე ვიყავი და მეც, ოღონდ გაკვეთილი არ მომეყოლა, როცა გამიძახებდა, ჩემს თავგადასავალს ვყვებოდი – რა ვნახე, რა დავათვალიერე. სკოლაში მუდამ სანიმუშო მოსწავლე ვიყავი და ჩემი, როგორც წარმატებული მოჭადრაკის სურათი, სულ იყო გამოკრული სტენდზე. 

- რომელი სკოლა დაამთავრეთ?

ქუთაისში ვცხოვრობდით. თავიდან იქ მე-40 გიმნაზიაში შემიყვანეს. მერე კი 25-ე სკოლაში გადამიყვანეს. დედა მუშაობდა იქვე ახლოს მდებარე ლიცეუმში და მას დავყავდი სკოლაში, ასე რომ, ქუთაისის 25-ე სკოლა დავამთავრე. 

ქართულს გვასწავლიდა დარეჯან გვიმსაძე და ჩვენი კლასის დამრიგებელიც იყო. გამორჩეული პედაგოგი იყო – გვასწავლიდა ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულს. დამოკიდებულებაც სხვაგვარი იყო, ვიდრე დღეს არის – პატივისცემა და მოკრძალება უფრო მეტი გვქონდა ერთმანეთის მიმართ. არ ვიცი, მაშინ მართლაც გამორჩეული დამოკიდებულება იყო  მოსწავლესა და მასწავლებლებს შორის, თუ მე გამიმართლა.

- რამდენი წლის იყავით, პირველი წარმატება რომ მოვიდა ჭადრაკში?

- 9 წლის ვიყავი, პირველად ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი 10 წლამდე გოგონათა შორის. მერე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ტიტულიც ავიღე ბევრჯერ ასაკობრივ ჯგუფებში. 

ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკში დავიწყე. 8 წლის უკვე უცხოეთში დავდიოდი. მანამდე, 10 წლამდე გოგონებში საქართველოს ჩემპიონი გავხდი, ასევე – იმერეთის ჩემპიონიც გახლდით. ასე რომ, წარმატება მალე მოვიდა. 

- ვინ შეგაყვარათ ჭადრაკი?

- თავიდან მამამ მასწავლა. მერე მასწავლებელთან, ხათუნა გუბელაძესთან მიმიყვანა. ლერი ესაძე და მერე ნანა ჭეფხოძე იყვნენ ჩემი მწვრთნელები. უფრო მოგვიანებით, სპორტულ სკოლა-ლიცეუმ „ავანგარდში“ გია მენაბდესთან გადავედი. მერე კი, როცა ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატის  პრიზიორიც გავხდი,  მშობლებმა გადაწყვიტეს, თბილისში გადმოვსულიყავით საცხოვრებლად, რადგან მაშინ საჭარდაკო სკოლა თბილისში უფრო ძლიერი იყო. 11 წლის ვიყავი, თბილიში რომ გადმოვედით ჩემი ჭადრაკის გამო. 

- და სკოლაში ისევ ქუთაისში დადიოდით?

- კი, ქუთაისში ჩავდიოდი სკოლის გამო. თბილისში ყოფნისას კი ჭადრაკით ვიყავი დაკავებული. რადგან კარგი მონაცემები მქონდა, ჩემი მშობლები ფიქრობდნენ, რომ პროფესიად ეს საქმე უნდა ამერჩია და პროფესიონალი მოჭადრაკე გავმხდარიყავი. ჩემი სკოლა ხელს მიწყობდა. როგორც ვიცი, დღეს ბავშვები ვერ აცდენენ სკოლას, არ უწყობენ ხელს, რომ, მაგალითად, ბავშვმა ჭადრაკი ითამაშოს პროფესიონალურ დონეზე. ამიტომაც არის, რომ შედეგები შემცირდა ბავშვებში. მშობლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება – სკოლაში სწავლას რომ მოაკლონ ყურადღება და ვერც მაღალი დონის მოჭადრაკე გამოვიდეს, რა ქნან მერე?! ამიტომ არჩევანს სკოლის სასარგებლოდ აკეთებენ და, შესაბამისად, კარგი მოჭადრაკე ბავშვები აღარც გვყავს. 

ჩემი უფროსი შვილი მომდევნო წელს უნდა შევიდეს სკოლაში. ყველა სკოლა მოვიარე და ჯერჯერობით ვერ ავარჩიე, რომელ სკოლაში შევიყვანო.

- როგორ სკოლას ეძებთ?

ვეძებ სკოლას, რომელიც ბავშვის ქართულ მოტივებზე გაზრდაზე იზრუნებს. პირველ რიგში, ქართული უნდა ისწავლოს კარგად და ასევე მინდა, უცხო ენებიც გაძლიერებულად ისწავლებოდეს. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, როგორი გარემო იქნება, როგორი პედაგოგები ეყოლება, როგორი ადგილი იქნება... მოგეხსენებათ, თბილისში სუნთქვა შეუძლებელია და ამიტომ სკოლას ვეძებ გარეუბნებში, სადაც სუფთა ჰაერი მეტია. ისიც მინდა, რომ ბავშვს სკოლაში ჯანსაღი ფსიქიკა ჩამოუყალიბდეს და დაკომპლექსებული არ იყოს. სკოლაში სწავლის დროს ბულინგის შემთხვევები მახსოვს და ამიტომ ვეძებ უფრო თავისუფალ გარემოს და თან მინდა, ისეთი განათლება მიიღოს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს – რამდენიმე უცხო ენა იცოდეს. კერძო სკოლას ვეძებ, რადგან იქ ჯგუფში მაქსიმუმ 20 ბავშვია. ბავშვმა რომ კარგად ისწავლოს, ბევრნი არ უნდა იყვნენ გაკვეთილზე. თან, კვების და უსაფრთხოების მომენტებიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც მშობლისთვის. 

- ამბობთ, ბულინგი მახსოვს სკოლაშიო. თქვენც შეგხებიათ  ეს პრობლემა?

- არა, მე მუდამ გათამამებული ვიყავი ჩემი წარმატებების გამო, მაგრამ დაჩაგვრის მომენტები მინახავს და არაერთხელ დამიფიქსირებია. მახსოვს, კლასელი კლასელს როგორ ჩაგრავდა და ეს განსაკუთრებით ბიჭებში იყო აშკარა.

- თქვენმა შვილმა ჭადრაკი იცის?

- ჩემი ბიჭი ჭადრაკზეც დადის, კარატეზეც. მინდა, მაქსიმალურად იყოს დატვირთული და მერე, მე-5 ან მე-6 კლასში რომ გადავა, რაც მეტად დააინტერესებს, თვითონ აირჩიოს და იმას გაჰყვეს. 

- ჭადრაკს დედა ასწავლის?

- დედას, სამწუხაროდ, არ აქვს მაგის დრო. ჩემმა მეგობარმა გახსნა საჭადრაკო კლუბი და იქ დაგვყავს. 

- როგორია ჭადრაკის სამყარო? ბავშვებს ალბათ უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა და ფიქრი.

- პატარა რომ ვიყავი, არც მე მომწონდა საათობით ჯდომა და, როგორც ყველას, მეც სათამაშოდ მიმიწევდა გული, მაგრამ მალე ავითვისე და წარმატებებიც მალე მოვიდა.  წარმატება კი იმდენად სასიამოვნოა... როცა რაიმე პარტიას თუ შეჯიბრს ვიგებდი, ჩემი ოჯახისთვის ეს დიდი  ზეიმი იყო. მამას ძალიან უხაროდა და ქეიფებს აწყობდა – ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს ეპატიჟებოდა. მამას თავადაც უყვარდა ჭადრაკი. მე კი მშობლები მიყვარდა ძალიან და მათი გახარება მსიამოვნებდა. თავიდან გამარჯვების ძირითადი მოტივი, ჩემების გახარება იყო. მერე კი მეც ძალიან შემიყვარდა, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა ჭადრაკი და ახლაც მაგით ვცხოვრობ.

ბავშვობაში ცელქი ვიყავი, მაგრამ მერე ჭადრაკმა დამადინჯა. ყველაფერი რთულია, რაც ნებისყოფას და უზომო შრომას მოითხოვს. დღეს ძალიან გაიზარდა კონკურენცია. ჭადრაკი განვითარდა და იმ ქვეყნებშიც კი პოპულარულია, სადაც მანამდე არ იყო. ახლა, სექტემბერში, ოლიმპიადა რომ ჩატარდა ბათუმში, გაოცებული ვიყავი, ბავშვები თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდნენ, ისე იბრძოდნენ. ყველგან ვითარდება ჭადრაკი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. სკოლამაც უნდა შეუწყოს ხელი, დაფინანსებაც მეტი უნდა ჰქონდეს ამ სფეროს და პოპულარიზაციაც მეტი სჭირდება. ჩემს ბავშვობაში ასაკობრივ შეჯიბრზე რომ მივდიოდით, 5-6 ოქროს მედალი მაინც ჩამოგვქონდა. დღეს ერთი ოქროს მედალი თუ ავიღეთ, ვზეიმობთ. 

- რა თვისებებს აყალიბებს ბავშვში ჭადრაკი?

ფიქრის უნარს, შორსმჭვრეტელობას, სწორად განსჯის უნარს და სწრაფად აზროვნებაშიც ეხმარება. პროფესიონალი მოჭადრაკის ცხოვრება ძალიან რთულია. ბავშვი შეიძლება მიიყვანო ჭადრაკზე და სულაც არაა აუცილებელი, პროფესიონალი მოჭადრაკე გახდეს. თუ ხედავ, რომ ბავშვს ამის განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მაშინ უნდა გააყოლო ამ სფეროს. თუ ნიჭი აქვს, დასაწყის ეტაპზევე გამოავლენს. თუ არ აქვს ასეთი ნიჭი, მაინც ისწავლოს ჭადრაკის თამაში, აუცილებლად გამოადგება ცხოვრებაში. ფიქრი, სიდინჯე, შრომისმოყვარეობა თუ სხვა თვისებები, რაც ჭადრაკს თან ახლავს, ბავშვს აუცილებლად გამოადგება. 

- ალბათ მეუღლე გიწყობთ ხელს, რომ ჭადრაკის კარგად თამაში შეძლოთ...

- დიახ, ძალიან მეხმარება. ორი შვილი გვყავს და ბავშვების დატოვება ყოველი შეჯიბრის წინ მეუღლესთან და ძიძასთან მიწევს... როცა შეჯიბრზე არ ვარ, ვცდილობ, სულ ბავშვებთან ვიყო. ვთამაშობთ, ვკითხულობთ, ვსეირნობთ... ყველა საქმეს გადავდებ, თუ ჭადრაკს არ ეხება და ბავშვებთან ვარ. 

- პედაგოგიურ საქმიანობასაც ხომ არ ეწევით?

- არა, არ მაქვს ამის დრო და საშუალება. ჯერჯერობით პირად შეჯიბრებებზე ვარ გადართული. ალბათ მოვა მაგის დროც. ჭადრაკის პედაგოგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთმინებაა, რომ აუხსნა, ესაუბრო... არ არის ადვილი. კარგ პედაგოგს მოსწავლეები უნდა უყვარდეს და ასევე – თავისი საქმე, რომ მისი მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები ამ დღესასწაულის ისტორიას, არსსა და მნიშვნელობასაც გაეცნენ და ცოდნა მეტად გაიღრმავეს 
მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესით მონაწილეობდნენ, მათ მოიძიეს არაერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს შესახებ
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება