სიახლეები
სამასწავლებლო

როდის კარგავს მოსწავლე სწავლის მოტივაციას და რას აკეთებს სკოლა ამ დროს - გაეცანით დირექტორების ხედვას
17-11-2018
-
+


მოსწავლისთვის სწავლის მოტივაციის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ეს განსაზღვრავს მის მიერ განათლების სრულყოფილად მიღებას. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა მოწაფე სხვადასხვა მიზეზის გამო სწავლას თავს ანებებს. რა იწვევს აღნიშნულს  და როგორ ებრძვიან მას საჯარო სკოლებში, ამ თემის გარშემო Etaloni.ge სკოლის დირექტორებს ესაუბრა.

წაღვლის საჯარო სკოლა, დირექტორი მზია კაპანაძე:

ჩემი ხედვით, მოსწავლეს სწავლის მოტივაციას უკარგავს ის, რომ ხედავენ უმაღლეს დამთავრებულების ნაწილსაც არ აქვთ სამსახური. ვფიქრობ, ისიც მოქმედებს, რომ ძალიან დაბალი ქულებით შეუძლიათ სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარება, ან - უმაღლესში მოწყობა. ოჯახურ გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხანდახან ბავშვებს მშობლებისგანაც კი ესმით ამგვარი მიუღებელი რამ, რომ უსწავლელადაც შეიძლება კარგი ცხოვრების მოწყობა. ასე, რომ საკითხი კომპლექსურია. მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად, სხვა ხერხებთან ერთად,  სკოლაში გამოჩენილი ადამიანების სტუმრობას მივმართავთ, რომელთა გამოცდილებასაც მოწაფეები ისმენენ და იზიარებენ.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა, დირექტორი ნუნუ კოპალიანი:

დირექტორთან ერთად მასწავლებელი გახლავართ და ჩემი გამოცდილებით, მოსწავლე მოტივაციას მაშინ კარგავს, როცა ხედავს, რომ სწავლას ფასი არ აქვს. ეს სამწუხარო რეალობა. ჩვენ არგუმენტირებულად გვიმტკიცებენ, რომ ვინც კარგად ისწავლა, მათ ამ ქვეყანაში ცუდი ცხოვრება აქვთ - უსამსახურო და ა.შ. მაშინ როცა უსწავლელთა ნაწილმა სხვადასხვა მიზეზით წარმატებას მიაღწია. ჩვენ გვიჭირს იმის დამტკიცება, რომ ეს ასე არ არის, თუმცა, ბუნებრივია ვცდილობთ. მაგალითსაც მოგიყვანთ - მოსწავლეებმა შემთხვევით ნახეს პედაგოგთა ხელფასები და გაეცინათ. როცა მიზეზი ვიკითხეთ, გვიპასუხეს, რატომ უნდა მოსურვებოდათ მასწავლებლად მუშაობა, მაშინ, როცა ასეთ დაბალ ანაზღაურებას ხედავდნენ. მათ შევებრალეთ და ეს ძალიან ცუდია. მოტივაციის ასამაღლებლად ვეუბნებით, რომ დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად დაედება ფასი განათლებას და სწავლას, თუმცა, რთულია, როცა მყარი არგუმენტები არ გაქვს...

ჩქუმის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინე დავითულიანი:

მასწავლებელზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუკი პედაგოგი კარგია, მოსწავლეს სწავლის მოტივაციაც აქვს. ოჯახურ მდგომარეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მუდმივი მონიტორინგის შედეგად გამოვავლინოთ თუ არსებობს მოსწავლესა და პედაგოგს შორის კომუნიკაციაში ხარვეზი, ასევე, მასწავლებლები გადავამზადოთ, მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს დავესწროთ და შესაბამისად, მოწაფეებს მოტივაცია ავუმაღლოთ.

რუსთავის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი არსენა დემეტრაშვილი:

პროგრამებისა და სასწავლო პროცესის გადატვირთვა - ეს უკარგავს მოსწავლეს მოტივაციას. მოსწავლეს დღეში 7 გაკვეთილზე დასწრება, რომ უწევს (თუ არადა, შაბათს ასწავლეთო), ეს, რა თქმა უნდა, მოწაფის მოტივაციაზე უარყოფითად მოქმედებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი გავამრავალფეროვნოთ და სახალისო გავხადოთ, ასევე, ღონისძიებები ჩავატაროთ, სადაც ჩაერთვებიან და შესაბამისად, სწავლის პროცესი მათთვის ნაკლებად რუტინული გახდება.

რუსთავის N10 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ფიროსმანიშვილი:

ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ოჯახში მთავარი პრიორიტეტი შვილების განათლებაა, პრობლემა ნაკლებად არსებობს. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო მშობელთა ნაწილს დრო არ აქვს შვილებს სათანადო ყურადღება მიაქციონ და რა თქმა უნდა, მოსწავლეც ამით სარგებლობს.  მიზეზი შეიძლება გადატვირთული სახელმძღვანელოც იყოს, პედაგოგიც, სასკოლო გარემოც და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუზარდოთ მათ სწავლის მოტივაცია და ყველანაირად ვცდილობთ მოსწავლეთა წახალისებას, მშობლებთან კომუნიკაციას, მოწაფეების შექებას, ღონისძიებების მოწყობას და სხვ.

რუსთავის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი არინა ბულია-მელქაძე:

მოსწავლე სწავლის მოტივაციას მაშინ კარგავს, როცა საგანი არ ესმის, ხოლო პედაგოგი ამ დროს ინდივიდუალურად არ უდგება და არ ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა მოსწავლის ჩამორჩენის მიზეზი. ასევე, გარემო, მოსწავლეთა გარკვეული წრე (რომლებიც მასზე გავლენას ახდენენ)  და ოჯახიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური ფაქტორები  შეიძლება იყოს მოწაფისთვის სწავლის მიმართ ინტერესის დაკარგვის საბაბი.  ჩვენ აუცილებლად ინდივიდუალურად ვუდგებით ყველა მოსწავლეს, ვცდილობთ გავარკვიოთ რა მიზეზით ჩამორჩა პროგრამას, წრეები და კლუბები გვაქვს შექმნილი, რომ დამატებითი ინტერესის სფერო გაუჩნდეს, შესაბამისად, ყველანაირად ვცდილობთ მათი ინტერესის გაზრდას.

თერჯოლის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი რუსუდან უსუფაშვილი:

ყველაზე კარგი იქნებოდა, დიფერენცირებული სწავლა რომ არსებობდეს. ეს გულისხმობს მოსწავლის ინტერესების და შესაძლებლობის გათვალისწინებას. მაგალითად, მე-5 კლასის შემდეგ უკვე სასურველია მოწაფეებმა ჰუმანიტარული და ტექნიკური ინტერესების მიხედვით განაგრძონ სწავლა. ჩვენთან მეწარმეობის გაკვეთილი ტარდება და ამის მიმართ საოცრად დიდ ინტერესს იჩენენ. ეს აჩვენებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას რომ მოსწავლეს საგანი აინტერესებს. ოჯახსაც დიდი მნიშვნელობა აქვს - როცა მშობლები ნაკლებ ჩართულობას გამოხატავენ ბავშვის სწავლის პროცესის მიმართ, მოწაფესაც მოტივაცია ეკარგება.

ცხუნკურის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინო ჯალიაშვილი:

თუ მოსწავლე დაუმსახურებელ შეფასებას მიიღებს (მაღალ თუ დაბალ ნიშანს, მნიშვნელობა არ აქვს), მას სწავლის მოტივაცია ეკარგება. ასევე, აუცილებელია მოწაფის შესაძლებლობის გათვალისწინება. შეიძლება მოსწავლეს სხვა მხრივ ჰქონდეს ნიჭი და ეს პედაგოგმა აუცილებლად უნდა შეამჩნიოს და მის განვითარებაში დაეხმაროს.  ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვების ყველა შესაძლებლობა დავინახოთ და განვავითაროთ

თბილისის N67 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა ჟორჟოლიანი:

სკოლაში უნდა იყოს მასწავლებელზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო შექმნილი. ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, სასწავლო რესურსითა თუ ინტერნეტკომუნიკაციით დასრულებული, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს. ამის შემდეგ, მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო გარემო უნდა შექმნას. სწავლის მოტივაცია მოსწავლეს სწორედ მაშინ ეკარგება, როცა რთულია მისთვის პროგრამა და ვერ იგებს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მოწაფეებს მოტივაციის მიმცემი სასწავლო გარემო შევუქმნათ და მათი მონაცემებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად მივუდგეთ.

ღრღმაღელის საჯარო სკოლა,  დირექტორი ტარიელ ჯიჯიეშვილი:

როცა მასწავლებელი არაობიექტურად ექცევა მოწაფეს და უსამართლოდ შეაფასებს, ის სწავლის მოტივაციას კარგავს. შესაბამისად, პედაგოგზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ჩვენ ხშირად ვესწრებით საგაკვეთილო პროცესს და მასწავლებლებთან მუდმივად ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი უკეთესი შედეგის მისაღწევად.

სნოს საჯარო სკოლა, დირექტორი ტარიელ ფირანიშვილი:

არ შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს უფლება გააცდინოს სკოლა, რადგან ამგვარი მიდგომა მათ სწავლის მოტივაციას უკრძალავს. ჩვენ ვსაუბრობთ მშობლებთან და პედაგოგებთან, რომ გავარკვიოთ, რა სჭირდებათ მათ მოტივაციის ასამაღლებლად. გვაქვს სხვადასხვა წრე თუ კლუბი, სადაც მოსწავლეები ერთვებიან.

ჭობარეთის საჯარო სკოლა, დირექტორი მაყვალა ჯვარიძე:

მიზეზი შეიძლება იყოს როგორც პედაგოგი, ასევე - სასწავლო გარემო. ასეთ დროს შესაბამისს საუბრებს ვატარებთ პედაგოგებთან, რათა მოსწავლის ფსიქოლოგია შეისწავლონ, გაარკვიონ რა არის მისი ჩამორჩენის მიზეზი და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით, რომ მოწაფემ სწავლის მოტივაცია დაიბრუნოს.

ვაშლევის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ლურსმანიშვილი:

საკითხი კომპლექსურია: იმისთვის, რომ მოსწავლემ სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს, მისი განათლების პროცესში მშობელიც უნდა იყოს ჩართული  და მასწავლებელიც მოწოდების სიმაღლეზე უნდა იდგეს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ წავახალისოთ მოწაფეები და მათი მონაცემები დროზე შევამჩნიოთ და დავაფასოთ.

ხარაგაული-ხევის საჯარო სკოლა, დირექტორი მერი ხადილაშვილი:

უსამართლოდ გაცემული შენიშვნა, ან თუნდაც - შექება, სოციალური გარემო, ოჯახი -ბევრი რამ შეიძლება იყოს მოსწავლისთვის სწავლის მოტივაციის დაკარგვის მიზეზი. ჩვენ პედაგოგებთან შეხვედრებს ვატარებთ და  მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად სხვადასხვა და ნაყოფიერ გზას მივმართავთ.

სართიჭალის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ირინა მაისურაძე:

ბევრი რამ პედაგოგზეა დამოკიდებული -თუ გაკვეთილი უინტერესოდ ჩატარდა, მოსწავლეს სწავლის მოტივაციაც ეკარგება. ეს ჩვენ სკოლაში არ ხდება, რადგან ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ და პედაგოგები მუდმივად გადავამზადოთ.

სართიჭალის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი სპარტაკ დათიკაშვილი:

მოსწავლის მოტივაცია, რომ კარგად ისწავლოს, უმეტესად პედაგოგზეა დამოკიდებული. როგორც აწვდის მასწავლებელი მასალას, მოწაფეც ისე ინტერესდება. მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სულ ვმუშაობთ, რომ სასწავლო პროცესი მუდმივად იხვეწებოდეს. მათ შორის შედის პედაგოგების ტრენინგებზე გადამზადება თუ მოსწავლეთა სხვადასხვა ოლიმპიადაში ჩართვა.

კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლებისთვის დამხმარე სახელმძღვანელოს ახალი ვარიანტი შეიქმნა
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
წიგნის სიყვარულის გაღვივების და ინტერესის გაჩენის მიზნით სკოლა ამ დღეს ყოველწლიურად სხვადასხვა სახის აქტივობით უერთდება
პროექტზე მუშაობდნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები მასწავლებელ ხათუნა ქამადაძესთან ერთად

 
ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის VI კლასში ბუნების გაკვეთილზე გაიმართა ლექცია-სემინარი
 
ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება