სიახლეები
ინტერვიუ

ლევან ბერძენიშვილი: „დღევანდელი სტუდენტების 80% არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სტუდენტი!“
09-10-2018
-
+


ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს, რომელიც რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორია,  სკოლაში სიარული ძალიან უყვარდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ იქ გოგონები ბუთქუნა ლოყებზე ეფერებოდნენ. სწავლაც უყვარდა. ამბობს, რომ რაც კითხვა ისწავლა, მას მერე წიგნი ხელიდან აღარ გაუგდია.

ლევან ბერძენიშვილმა „ეტალონს“ თავის ბავშვობაზე უამბო და საგანმანათლებლო სისტემაში დღეს არსებული პრობლემებისგან თავის დაღწევის მისეული ხედვაც გაუზიარა.

- სკოლასთან ძალიან თბილი და ტკბილი მოგონებები მაკავშირებს. ასეთი მოგონება კი, უპირველეს ყოვლისა, ჩემს მასწავლებლებს უკავშირდება. მე ბათუმელი ვარ. სკოლა ჩემს სახლთან ახლოს იყო. სახლიდან ერთი ქუჩას გადავკვეთავდი და სკოლაში აღმოვჩნდებოდი. იმ შენობაში, სადაც ჩვენი სკოლა იყო განთავსებული, კიდევ ორი სასწავლებელი ფუნქციონირებდა - საფერშლო და სავაჭრო, სადაც სულ გოგონები სწავლობდნენ. ასე რომ, მე რომ სკოლაში შევედი, ასეთ ამბავს წავაწყდი - მოდიოდნენ ორივე ამ სასწავლებლისა და ჩვენი სკოლის უფროსკლასელი გოგონები და მეფერებოდნენ. პუტკუნა ბავშვი ვიყავი და... ამის გამო მახსოვს, სკოლაში მისვლა როგორი დიდი ნეტარება იყო ჩემთვის. ჩემი სკოლაც ყოფილი ქალთა სკოლა იყო. ამიტომ, მასწავლებლების უმეტესობა ქალები იყვნენ. ქალთა გარემოში ყოველთვის კარგად ვგრძნობდი თავს. მერე, საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში დირექტორი რომ ვიყავი, იქაც უმეტესობა ქალი იყო და უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, იქაც უმცირესობაში ვიყავი, სულ გოგონები იყვნენ. ქალების გარემო კი ჩემზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა. ესენი იყვნენ თბილი და საყვარელი ადამიანები, რომლებიც სულ მეფერებოდნენ და ცდილობდნენ, ჩემთვის რაღაც სასიკეთო გაეკეთებინათ. ჩემი სკოლის დირექტორიც კარგი ადამიანი იყო, სასწავლო ნაწილიც და სხვა მასწავლებლებიც.

ჩემი პირველი მასწავლებელი, ტატიანა ჩიჩუა მახსოვს კარგად, ასევე მერე - გიგინეიშვილი, მაგრამ სკოლიდან განსაკუთრებით ერთი  მასწავლებლის სიყვარული გამომყვა. ეს გახლდათ ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა ღლონტი. მას  ვუმადლი ყველაფერს, თუკი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში ან ვერ გამიკეთებია, ყველაფერი ნანას ბრალია. ნანა ღლონტი ჩემთვის ღმერთი იყო. ულამაზესი და უნიჭიერესი ქალი გახლდათ. ასევე იყო ძალიან თავისუფლად მოაზროვნე - საბჭოთა დროში ბედავდა და ვინც არ მოსწონდა, იმის ნაწარმოებებს არ გვასწავლიდა. კომუნისტი პრინციპულად არ იყო. პირადად მე სკოლიდან გამოვიტანე სერიოზული ცოდნა.

- სკოლა ოქროს მედალზე გაქვთ დამთავრებული...

- დიახ, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრეთ მეც და ჩემმა ძმამ დავითმაც. მერე, ჩემი ძმა გაქურდეს და ჩვენი მედლებიც გაიყოლეს სულ ტყუილად. ოქროს მედალი კი ერქვა, მაგრამ ერთ გრამ ოქროსაც არ შეიცავდა...

სკოლაში წასვლა ისე მიხაროდა...  მთელი აგვისტო მოწყენილი ვიყავი. ახლაც ასე ვარ - სანამ სწავლა დაიწყება, ცუდად ვარ. ახლა დაიწყო სწავლა უნივერსიტეტებში და ცოტა ამოვისუნთქე. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სკოლა ვერ შენარჩუნდა, თუმცა ის შენობა კი გადარჩა და ახლა სხვა სკოლის ნომერი აქვს, მისი ნაწილი გახდა. წელს ბათუმში რომ ვიყავი, დავინახე, თავზე რაღაცას აშენებდნენ იმ შენობას, ანუ მთლად ისე არ დატოვეს, როგორც მე გამიხარდებოდა...

- რაიმე თუ ჩაგიდენიათ სკოლაში ისეთი, რის გამოც დაგსაჯეს?

- დიახ, ჩამიდენია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვსწავლობდი, ცელქიც ვიყავი. ერთი მასწავლებელი არ მოგვწონდა. მაშინ შემოიღეს საგანი საზოგადოებათმცოდნეობა და მოიყვანეს რომელიღაც ქარხანაში მომუშავე პარტიული კაცი. ეს კაცი ლენინზე გველაპარაკებოდა და თან ცოტა უხეში და უზრდელიც იყო. მასწავლებელს არ ჰგავდა და არც იყო მასწავლებელი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ მისი დასჯა. ამ კაცს ერთი თვისება ჰქონდა - ფეხებს შემოაწყობდა ხოლმე რაღაცაზე. ერთ დღესაც, ავდექი და რადიატორი გავტეხე, საიდანაც წყალი ჟონავდა. ყველა ბავშვი გავაფრთხილეთ, რომ არავინ ამდგარიყო. იმ კაცს ფეხები ჰქონდა შემოწყობილი და მთელი კლასი წყლით გაივსო ისე, რომ ვერ შეამჩნია. მას ასეთი თვისება ჰქონდა -  უცბად წამოხტებოდა და ლენინზე საუბარს იწყებდა. რომ წამოხტა, წყალში აღმოჩნდა. გადაირია! გვიჩივლა დირექტორთან და დაიწყო საქმის გარჩევები. ბოლოს გაირკვა, რომ მე ვიყავი ამ ყველაფრის მოთავე და მოინდომა ჩემი დასჯა - ყოფაქცევაში უნდა დაეწერათ დაბალი ნიშანი, რომ მედალი ვერ ამეღო. მასწავლებლებმა დამიცვეს და გადამარჩინეს. ერთმა მოსწავლემ ჩამიშვა - დირექტორის მეზობლად ცხოვრობდა და... 

ამ ამბის გამო დედაჩემიც დაიბარეს. დედაჩემი იმ დროს სხვა სკოლაში ასწავლიდა. გაურჩიეს საქმე თავის კოლეგას. იქ დაიძაბა ვითარება და ორად გაიყო მასწავლებელთა აზრი. დირექტორი იყო ჩემ წინააღმდეგ და მას ჰყავდა ასევე თავისი ამალა, რომლებიც ძირითადად ისინი იყვნენ, ვისთანაც მე შეხება არ მქონია. ვინც მე მასწავლიდა, ისინი ისეთი სიტყვებით გამოვიდნენ და ისე დამიცვეს, მათ მიმართ მუდამ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი - რამე კარგი უნდა გავაკეთო, რომ ეს ხალხი არ შევარცხვინო-მეთქი. მერე სამინისტრო ჩაერია ამ ყველაფერში და მინისტრის მოადგილე დამეხმარა, რომ არ გამრიცხეს სკოლიდან.

როცა საქმე ღირსებას ეხებოდა, არავის არაფერს შევარჩენდით. მახსოვს,ერთმა მასწავლებელმა მოსწავლეს მათხოვარი უწოდა, რის გამოც ისეთი ამბავი ავტეხეთ, იმ მასწავლებელს სკოლიდან წასვლა მოუწია.

- შატალოზეც დადიოდით?

- დიახ, დავდიოდით და, როგორც წესი, შატალო ზღავზე წასვლას ნიშნავდა. ბათუმში ერთი კოშკურაა გადმოსახტომი, „ვიშკას“ რომ ეძახიან. მე ყველაზე ზემოდან ვხტებოდი ხოლმე და ეს დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა. ეს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებდა.

- სკოლაში ალბათ სასიყვარულო ამბებიც იყო...

- ასეთი ამბების გარეშე სკოლა როგორ იქნებოდა?! მე ვიყავი ექსკურსიების დიდი მოყვარული. ჩემი სკოლა ექსკურსიებში მაგარი არ იყო. პატარა და ღარიბი სკოლა იყო. მხოლოდ ერთ-ორ ადგილას ვიყავით. დედაჩემის სკოლა კი ცნობილი იყო ექსკურსიებით და მეც მათთან ერთად დავდიოდი. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და დიდი სიყვარულის ისტორიაც გვქონდა...

კლასშიც მქონდა სასიყვარულო ამბები, მაგრამ ახლა მოყოლა მერიდება... სანაძლეო დავდე, ამ გოგოს ვათქმევინებ, რომ ვუყვარვარ-მეთქი. სანაძლეო კი მოვიგე, მაგრამ იმ გოგონამ გაიგო და დიდი ამბები ატყდა.

- თქვენ არ გიყვარდათ?

- არა, თუმცა იმ მომენტში მომეჩვენა, რომ სიყვარულიც იყო. მას ძალიან ეწყინა.მერე, ცხოვრებამ მომცა საშუალება, რომ ეს დანაშაული გამომესწორებინა. თანამდებობაზე ვიყავი და მისთვის დახმარებისაღმოჩენა შევძელი.

- ძირითადად ალბათ ჰუმანიტარული საგნები გიყვარდათ...

- მათემატიკასა და ქართულს თანაბრად ვსწავლობდი. მე-10 კლასში, ორივე საგანში, რესპუბლიკურ ტურში მივიღე მონაწილეობა და ორივეში გავიმარჯვე. თავიდან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე,  მაგრამ იქ კაცების გარემოს ვერ გავუძელი და ორი წლის მერე თავიდან ჩავაბარე უნივერსიტეტში და გავხდი ფილოლოგი, თორემ ისე ინჟინერი უნდა გამოვსულიყავი.

- წიგნების კითხვის დიდ მოყვარულად ითვლებით. კითხვა ადრე დაიწყეთ?

- დიახ, 3 წლის რომ ვიყავი, ჩემს უფროს ძმასთან ერთად, რომელიც 5 წლის იყო, ოჯახურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი - „ვეფხისტყაოსნიდან“ სცენებს ვდგამდით. უამრავი ლექსი ვიცოდი. გამომიყვანდნენ ხოლმე სტუმრებთან და გრძელ-გრძელ ლექსებს ვამბობდი. კითხვაც მალევე დავიწყე. კითხვა და ჭამა ერთნაირად მიყვარდა. ჩემს ლოგინში პურის ნამცეცებსა და ქონიანი ხელებით დასვრილ წიგნებს პოულობდნენ. წიგნს ხან სოსისიან ხელს მოვკიდებდი, ხან - ყველიანს... სულ ვკითხულობდი. პატარა ვიყავი, „ჯაყოს ხიზნები“ რომ წავიკითხე. მაშინ რა გავიგე, არ მახსოვს, მაგრამ მაგარი რომ იყო, კი მივხვდი. „გრაფი მონტე კრისტო“ სამი დიდი ტომი იყო, მაგრამ რომ დავამთავრე, დიუმაზე გამწარებული ვიყავი  - „სამ მუშკეტერს“ აქვს გაგრძელება, „ოცი წლის შემდეგ,“, „ათი წლის შემდეგ“ და „გრაფი მონტე კრისტოს“ რატომ არ აქვს გაგრძელება-მეთქი. 

სკოლაში ვსწავლობდი, როცა ბიბლია ჩავიგდე ხელში და წავიკითხე. არ იშოვებოდა და  ძველ ქართულად წავიკითხე, ვწვალობდი, მასწავლებელს ვეკითხებოდი სიტყვების მნიშვნელობას. რასაც ვკითხულობდი, ყველაფერს ვამუშავებდი - ცალკე რვეული მქონდა და... ანუ ფილოლოგის მონაცემები ძალიან ადრე გამომაჩნდა. კითხვას რაც მივეჩვიე, მას მერე აღარ გავჩერებულვარ. ჩვევად მაქვს და თუ არ წავიკითხავ, ის დღე დაკარგულია და ცუდად ვარ. ნახევარი საათით მაინც უნდა მოიცალო, რომ რაღაც წაიკითხო.

მამაჩემის გავლენას განვიცდი ალბათ. ის მხოლოდ ორ ვითარებაში მახსოვს - ან ჟურნალს-გაზეთს კითხულობდა, ან წიგნს. სხვანაირი მამა მე არ მახსოვს. მე უამრავს ვკითხულობდი, მაგრამ მამა ჩემზე ამბობდა, მაგის ხელში წიგნი არ დამინახავსო. თვლიდა, რომ მე არ ვიყავი მაგარი მკითხველი და მასთან შედარებით მართლაც ასე იყო. მნიშვნელოვანი სწორედ ესაა - თუ ოჯახში მშობლები კითხულობენ, ამას ბავშვები აუცილებლად აქცევენ ყურადღებას. მშობელს თუ უნდა, მისმა შვილმა წაიკითხოს,  ყველაზე კარგი საშუალებაა, თვითონ მისცეს ამის მაგალითი.

- დღევანდელ განათლების სისტემაში რა მოგწონთ და რა - არა?

- მე კარგი პედაგოგები მყავდა. იმავე დროს სხვას შეიძლება არ ჰყავდა კარგი მასწავლებელი. დღესაც იგივე პრობლემაა - ვიღაცას გაუმართლებს და ვიღაცას არა, რადგან ზოგს ასწავლის, მაგალითად ჩემი ცოლი, რომელიც ძალიან კარგი მასწავლებელია და ზოგს - სხვისი ცოლი, რომელიც შეიძლება ასეთი კარგი პედაგოგი არ არის. ეს მაშინაც და ახლაც, გამართლების ამბავია.

საბჭოთა განათლების სისტემა მოწესრიგებული იყო. 8 წლიან სწავლას რომ დაამთავრებდა ბავშვი, არავინ მიათრევდა მე-9 და მე-10 კლასში. პროფესიულ სასწავლებლებში მიდიოდნენ და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს ყველას ვაიძულებთ სკოლა დაამთავროს. ამ დროს, უმეტესობა არაფრისგამკეთებელია. საბჭოთა დროს სკოლის ატესტატსაც ჰქონდა მნიშვნელობა. დღევანდელ სისტემაში სკოლის ატესტატი არაფერს ნიშნავს. 

სკოლიდან უნივერსიტეტში ხვდებიან და წერა-კითხვა არ იციან. დღევანდელი სტუდენტების 80% არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სტუდენტი! სისტემა, რომელმაც გაამარტივა უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზა და სკოლაში ცოდნის შეძენა საერთოდ წაშალა, კატასტროფაა! ამას საბჭოთა განათლების სისტემა ჯობდა. დღევანდელ საქართველოში პრობლემურია სკოლა. ყველა განათლების მინისტრი ლაპარაკობს უმაღლეს სასწავლებლებზე, მაღალ ტექნოლოგიებზე, მაგრამ არავინ ახსენებს  სკოლას. არადა, მთავარი პრობლემა სკოლაა. სკოლის მთავარი პრობლემა კი მასწავლებელია. 

საქართველოში არ ჩამოყალიბდა სისტემა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს მასწავლებლობისადმი სწრაფვა ექნებათ. მასწავლებლებს არ აქვთ მაღალი ხელფასი და ყველა რომ გავყაროთ, ვინც გასაგდებია, ვერ შევავსებთ მათ კადრებს. ამიტომაც ვერ ვაგდებთ. ახალიც არ მოდის... გენიოსი მასწავლებლები იბადებოდნენ, დღესაც იბადებიან და 500 წლის მერეც დაიბადებიან, მაგრამ სისტემატიურად რომ მოვიზიდოთ მასწავლებლები სკოლისთვის, ამისთვის არაფერი კეთდება. საქართველოში მასწავლებელი ბოლოდან მეორე ადგილზეა ხელფასის მიხედვით. მეთევზეები არიან კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში და ბიბლიოთეკარები. ასე კი ვითარება არ გამოსწორდება.

- თქვენი რჩევა რა იქნება ამ კუთხით?

- პირველ რიგში, 10-ჯერ მეტი დაფინანსება უნდა ჰქონდეს სკოლებს და უნდა ვიზრუნოთ არა უმაღლეს სასწავლებლებზე, არამედ სკოლაზე, რადგან იქ გვაქვს პრობლემა. უმაღლესში წვალობენ,  რაღაცას სწავლობენ და მაგისტრატურაში შეიძლება კარგი სტუდენტიც კი ნახო, მაგრამ სკოლიდან მოსული კარგი სტუდენტი დიდი იშვიათობაა.


კომენტარები


ეტალონი
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
სააღდგომოდ 400 ლარს ეს ოჯახები მიიღებენ - ბიუჯეტი
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ნამუშევარი მოამზადეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისური ენის ცოდნა გამოავლინეს
გარდა თამარ დევდარიანისა, ღონისძიებას ასევე უძღვებოდნენ სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კათედრის წევრი მასწავლებლები
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება