სიახლეები


რატომ არ აქვთ ახალგაზრდა და ლამაზ გოგონებს საქართველოში ძიძად მუშაობის შანსი
24-09-2018
-
+


ძიძა, რომელიც ერთ-ერთ მოთხოვნად პროფესიად იქცა ქვეყანაში, არც თუ ადვილი მოსაძებნია. კარგი ძიძა რამდენიმე მკაცრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი თურმე ის გახლავთ, რომ არ უნდა იყოს უფრო ახალგაზრდა და ლამაზი, ვიდრე ოჯახის დიასახლისია.

როგორ ძიძებს ითხოვენ ოჯახები თავიანთი შვილებისთვის, რა პრეტენზიები აქვთ ძიძებს  და როგორი ძიძის შეშვება არ შეიძლება სახლში? ამ და სხვა კითხვებზე „ეტალონს“ სააგენტო „მერი პოპინსის“ ხელმძღვანელმა, ლელა გელაძემ უპასუხა

– ოჯახები, პირველ რიგში, ითხოვენ გამოცდილებას და რეკომენდაციებს წინა ოჯახებიდან. ძიძა უნდა იყოს მშვიდი ბუნების, კულტურული, განათლებული, სათნო და თბილი. ძირითადი მოთხოვნა 35-დან 55 წლამდე ასაკია. უმაღლესი განათლება აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია. თუ ახლაშობილისთვის ეძებენ, უნდათ, იყოს სამშობიაროში ნამუშევარი. ცოტა მოზრდილისთვის თუ უნდათ – პედაგოგი... საკუთარი შვილები თუ ჰყავს გაზრდილი ძიძას, ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა აუცილებელი არაა. 35 წლამდე ასაკის ძიძები არ უნდათ, რადგან, როგორც წესი, მათ პატარა შვილები ჰყავთ, დროც ნაკლები აქვთ.  მეტი გამოცდილება ვისაც აქვს და ბავშვისთვის ბებიასავითაა, ისეთი უფრო მოსწონთ.

–  ალბათ ძიძებსაც აქვთ თავიანთი მოთხოვნები, თუ როგორ ოჯახში არ იმუშავებენ...

– ძიძების მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ როცა ოჯახში შედიან სამუშაოდ, კიდევ სხვა საქმე არ დახვდეთ. საკმაოდ ხშირად, ძიძას ბავშვისთვის იყვანენ, მაგრამ მერე საოჯახო საქმესაც ავალებენ. ამბობენ, რომ ისედაც მიეხმარებიან, თუ დრო ექნებათ და უსაქმოდ არ დაჯდებიან, მაგრამ როცა ამას მოვალეობად უთვლიან, უკვე აღარ უნდათ.  თუ ერთის მაგივრად 2–3 ბავშვის მოვლას დაავალებენ, შესაბამისი ანაზღაურება უნდა გადაუხადონ. ხდება ისეც, რომ თუ მაგალითად, მოელაპარაკება ოჯახს, რომ იმუშავებს 10-დან 7 საათამდე, ტოვებენ საღამოს 8-9 საათამდე. 1-2-ჯერ თუ შემთხვევით მოხდა ასე, კიდევ შეიძლება, მაგრამ როცა ამას სისტემატური ხასიათი ეძლევა... დამქირავებელი კი ამბობს, არ მინდა ისეთი ძიძა, სულ საათზე რომ იყურება და გარბისო. თავისუფალი ადამიანები უნდათ, რომ მათზე იყოს ორიენტირებული და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს. დამქირავებლის ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა, არ დაიგვიანოს ძიძამ, რადგან სამსახურში რომ მიდიან, მასზე არიან დამოკიდებულნი. ძიძები ძირითადად გარეუბნებში ცხოვრობენ და გრძელი გზის გავლა უხდებათ, რის გამოც შესაძლებელია დააგვიანდეთ.

– ძიძობის მსურველი უფრო ბევრია თუ ოჯახი, ვინც ძიძას ეძებს?

– ძიძობის მსურველი ბევრია, მაგრამ კარგი ძიძის შერჩევა ადვილი არ არის. შეიძლება დღეში ჩვენთან ძიძობის 10 მსურველი მოვიდეს, მაგრამ ერთი ან ორი შეირჩეს.

– როგორ არჩევთ კარგ ძიძას?

– პირველ რიგში, მოწესრიგებული უნდა იყოს, სუფთად ეცვას. აუცილებელია კარგი მეტყველება. უპირატესობა ენიჭება უცხო ენების ცოდნას, განათლებას და ასევე, გამოცდილებას, რეკომენდაციებს. ძიძობის მსურველს ფსიქოლოგიც ესაუბრება და ჯანმრთელობის და ნასამართლეობის შესახებ ცნობებსაც ვთხოვთ.

უცხო ენები თუ იცის, კარგად მეტყველებს, კარგი განათლებაც აქვს, ძიძად რატომ უნდა იმუშაოს?!

– ძალიან უჭირთ და იმიტომ თანხმდებიან ასეთ სამუშაოზე. 50-55 წლის ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და იქ ისწავლა ენა, დაბრუნების შემდეგ ვეღარ შოულობენ სამსახურს... უცხოელების შეკვეთებსაც ვიღებთ. ბევრ რუსულ და ინგლისურენოვან ოჯახსაც უნდა ძიძა და მათთან ვუშვებთ ხოლმე საზღვარგარეთიდან ჩამოსულებს და იქ უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ.

ჩვენს ბაზაში რომ ჩავსვათ, ძიძობის მსურველი ნერვიული არ უნდა იყოს, არ უნდა ყვებოდეს წინა ოჯახის ცხოვრებაზე ბევრს. წინა ოჯახში რა სირთულე შეხვდა, რა თქმა უნდა, უნდა მოგვიყვეს, მაგრამ როცა ამას ნერვიულად ყვებიან და ბევრ ცუდს ამბობენ, კარგზე არ მეტყველებს... სხვა ოჯახს რომ შეახვედრებ ასეთს, ისიც იფიქრებს, ჩემგან რომ წავა, ასე ილაპარაკებსო. ადექვატური უნდა იყოს და უნდა მიგვახვედროს, როგორ აპირებს ბავშვის აღზრდას. საკუთარი შვილები როგორ ჰყავს აღზრდილი, ესეც მნიშვნელოვანია და ეტყობათ კიდეც, როცა კარგი შვილები ჰყავთ, რადგან ამაზე თავისუფლად საუბრობენ. ზოგი კი თავს არიდებს შვილებზე საუბარს. ბოლო დროს უამრავი ფაქტია, როცა ძიძები ბავშვს სცემენ და ხომ უნდა გავიგოთ, საკუთარ შვილებს როგორ ზრდიდა, რომ მერე ეს სხვის შვილებზე არ გადაიტანოს?! ზოგს შეიძლება ძალიან კარგი მეთოდი ჰქონდეს ბავშვის აღზრდის, მაგრამ ოჯახს როგორც უნდა, ისე უნდა მოიქცეს. მწეველი ძიძები არ მოსწონთ ოჯახებს...

– სოციალურ ქსელში ხშირად ქვეყნდება ძიძების მიერ ბავშვის ცემის ფაქტები. თქვენ მიერ შერჩეულ ძიძას თუ ჩაუდენია მსგავსი რამ?

– გარანტიის მიცემა ძალიან რთულია, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ ასეთი შემთხვევა არ გვქონია. ოჯახები გვიკავშირდებიან და გვიყვებიან, ვინ რა ჩაიდინა. ასეთი ძიძები ჩვენთან  „შავი სიაში“ ხვდებიან.

– როგორი ძიძები ხვდებიან „შავ სიაში“?

– უბრალო რამეზე ძიძას რეკომენდაციას არავინ უფუჭებს. ძირითადად, საუბარია იმაზე, თუ ბავშვს ცუდად მოექცა, ხელით შეეხო, უხეშად უპასუხა ან იქურდა. ამის გამო უფუჭდებათ რეკომენდაცია.

– ქურდობენ კიდეც?

– მაგასაც დადასტურება სჭირდება და რთულია, ხელი დაადო, მაგრამ როცა სახლში რაღაც დაიკარგა, უნდა ვიფრთხილოთ, რადგან ასეთი ადამიანი შეიძლება ჩვენს სააგენტოშიც მოვიდეს და აღრიცხვაზე დადგეს. დაკარგულა ფულიც, ოქროც, ტანსაცმელიც და საჭმელზეც კი უთქვამთ, რომ ძიძა იპარავდა. შაქარი ან ყავა ჩაიყარა და წაიღო, მალე მიმთავრდებაო... თუმცა, ყოფილა შემთხვევა, ოჯახში ოქროს ნივთი დაიკარგა, ატყდა ერთი ამბავი და ბოლოს მტვერსასრუტში იპოვეს.

– ანუ შეიძლება სრულიად უდანაშაულოს დააბრალონ?

– დიახ, მაგრამ როცა ეჭვი ჩნდება, საფრთხილოა და თავს ვარიდებთ, რომ ეს ძიძა სხვა ოჯახში გავუშვათ.

– უნდობლობის გამო გახშირდა ვიდეოთვალთვალი. როცა ოჯახს რაიმეზე ეჭვი შეაქვს, მაშინ აყენებენ კამერებს?

– ზოგი თავიდანვე აყენებს კამერებს, მაგრამ ხდება ისეც, რომ ბავშვი გაღიზიანებული ხვდება მშობლებს, არ ეკარება ძიძას... ამის მერე აყენებენ კამერებს. ერთი დედა ამტკიცებდა, ხელი კინაღამ მოტეხა ბავშვსო და ჩანაწერიც გამომიგზავნა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იმ კადრებში ვერაფერი დავინახე მსგავსი. ზოგი მშობელი იმდენად შეშინებული და ჩასაფრებულია, აზვიადებს კიდეც. კამერების დაყენება ადრე საკმაოდ ძვირი იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად ბევრი აყენებს, ალბათ აღარაა ასე ძვირი. ზოგჯერ ძიძამ იცის, რომ კამერის ქვეშ მუშაობს და ზოგჯერ არ იცის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ძიძები ყოველთვის მზად არიან, რომ შეიძლება ბინაში კამერა იყოს და, სხვათა შორის, არც ერთი ძიძა არ არის ამის წინააღმდეგი. კი, ბატონო, მიყურონ და დაინახონო, ამბობენ.

ზოგი მშობელი იმდენად რთულად არჩევს ძიძას...  20 ძიძაც გამოუცვლია, სანამ ჩვენთან მოვიდოდა და ჩვენგანაც 8 მაინც წაუყვანია. ასეთ დროს, ალბათ ოჯახის პრობლემაცაა, თორემ როგორ შეიძლება ყველა ცუდი ყოფილიყო?! ზოგ ოჯახში არც ერთი ძიძა არ ჩერდება, რადგან დაძაბული სიტუაციაა – ან ბებიაა სახლში, რომელიც დედისგან განსხვავებულს ეუბნება, ან სხვა რამ ხდება. ძიძასაც ხომ სჭირდება მშვიდი გარემო!..

– ცოლს თუ უეჭვიანია ძიძაზე?

– კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები. ლამაზი, ახალგაზრდა გოგონა წაუყვანიათ ძიძად და მერე ბავშვის დედას უთქვამს, გეხვეწებით, შემიცვალეთ, თორემ იმდენად კარგი გოგოა, შეიძლება ჩემს ქმარს შეუყვარდესო. ერთის ქმარს ხშირად უწევდა სახლში ყოფნა და... ასე რომ, ახალგაზრდა და ლამაზი ძიძები არ უნდათ დედებს.

– ანუ ერთ–ერთი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ძიძა უნდა შეარჩიოთ, ისიც არის, რომ ლამაზი არ იყოს?

– ასე გამოდის, მაგრამ უმრავლესობას სასიამოვნო გარეგნობის ქალი უნდა ძიძად. სასიამოვნო გარეგნობა კი მოდელის მონაცემებს არ გულისხმობს. ყველა არიდებს თავს კარგი გარეგნობის ახალგაზარდა გოგონას ოჯახში შეშვებას და ამიტომაცაა ყველაზე მისაღები 50 წლის ასაკი.

იყო შემთხვევა, როცა მამაკაცს მეუღლე არ ჰყავდა და ბავშვისთვის ძიძა აიყვანა. იმდენად მოეწონა ძიძა, რომ ბოლოს დაქორწინდნენ... ძიძის გამო ოჯახის დანგრევის შესახებ კი არ გვსმენია. როგორც ჩანს, საკმაოდ ფრთხილად იქცევიან დედები, ან ასეთი ამბები არ გახმაურებულა (იღიმის).


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება