სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

„მისი პერსონაჟები დღეს მის საფლავთან დგანან“-ნოდარ დუმბაძის გარდაცვალებიდან 34 წელი გავიდა
14-09-2018
-
+


„მას შემდეგ, რაც პირველად დაგინახე, მე ვაღიარე აბსოლუტური ჭეშმარიტება მშვენიერებისა...“

- სად მნახა ნეტავ? - ჩაიხითხითა ბებიამ. ილიკო ყურებს არ უჯერებდა.

„მე გავიგე არსი ჩემი ყოფიერებისა, მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი სულიერი განცდისა და ესთეტიკური შემეცნებისა...“ _ განაგრძობდა ილარიონი.

- ეს ადგილი რაღაც ვერ გავიგე, _ თქვა ბებიამ.

- სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო ოლღა! - თქვა ილარიონმა...“
-ეს არის ნაწყვეტი ნოდარ დუმბაძის პირველი და ყველაზე პოპულარული რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ყველასთვის საყვარელი მწერლის გარდაცვალებიდან დღეს 34 წელი გავიდა. 

ნოდარ დუმბაძე 1928 წლის 14 ივლისს თბილისში დაიბადა. მწერალმა პირველი რომანი - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 28 წლის ასაკში შექმნა, რომელიც გამოცემისთანავე პოპულარული გახდა. დღეს ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ნოდარ დუმბაძის რომანებიდან - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“,  „მე ვხედავ მზეს“,  „მზიანი ღამე“,  „ნუ გეშინია, დედა!“, „თეთრი ბაირაღები“ და „მარადისობის კანონი“, ნაწილი მაინც არ წაუკითხავს და არ შეყვარებია.

სიცოცხლეშივე აღიარებული მწერალი 1984 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად დაკრძალული იყო ქალაქ თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.

მწერალზე, რომელმაც ეპოქა შექმნა და თანამედროვეობას არ კარგავს, Etaloni.ge-სთან მისმა შვილმა, ქალბატონმა ქეთევან დუმბაძემ ისაუბრა. 

-ქალბატონო ქეთევან, რა არის თქვენი პირველი ემოცია, როდესაც მამას იხსენებთ? 

-მამას კი არ ვიხსენებ, მამასთან ერთად ვაგრძელებ ცხოვრებას. მთელი ეს 34 წელი, რაც მამა არ არის, დღე არ გადის მის გარეშე. მარტო მე კი არ ვარ ასე-ქუჩაში მაჩერებენ, მცნობენ, რადგან მამას ვგავარ. მეფერებიან და მამაზე ბევრ თბილ სიტყვას მეუბნებიან. ამიტომ ის განცდა, რომ მამა აღარ არის-არ მაქვს. 

-როგორი მამა იყო მწერალი, რომლის ნაწარმოებები ყველასთვის ცრემლიანი სიცილის მიზეზი ხდება? 

-მეგობრული და მასწავლებელი მამა იყო. ოღონდ ეს შეფარვით ხდებოდა. ის ყვებოდა ამბებს, როგორც იგავებს, თავისი თუ სხვისი ცხოვრებიდან და ჩვენც ვხვდებოდით თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით. მას არასდროს ჭკუა არ დაურიგებია ჩვენთვის. ის ჩვენთან ერთად თამაშობდა და ზოგადად, ყველაფრის მაგალითი იყო.

-შემოქმედებითი პროცესის დროს რა სჭირდებოდა? 

-განმარტოება და სიმშვიდე. ამის დარაჯი კი ჩვენ ოჯახში დედა იყო. მამა ღამე მუშაობდა, როცა ჩვენ ვიძინებდით. შემდეგ უკვე, როცა ავადმყოფობდა, თავის ოთახში იკეტებოდა და ჩვენ მას არ ვაწუხებდით. ყველანაირ პირობას ვუქმნიდით, რომ მშვიდად ემუშავა. 



ნოდარ დუმბაძე ქალიშვილებთან და სიძესთან ერთად

-გაქვთ რომელიმე ნაწარმოების შექმნის პროცესში მონაწილეობა მიღებული?

-მამას ხელნაწერები, რომელიც ყოველთვის სამუშაო მაგიდაზე იყო გაშლილი, არასდროს დაუმალავს. ჩვენ კი შექმნის პროცესშივე ვკითხულობდით ეპიზოდებს. როცა ნაწარმოები დასრულდებოდა, ჯერ დედა კითხულობდა, შემდეგ-მანანა (უფროსი შვილი), მერე მეც წამოვიზარდე და მძიმეებს ვუსვამდი ხოლმე. თუმცა, რა თქმა უნდა, თავად ტექსტს არასდროს ვეხებოდით. 

-შეგიძლიათ გამოყოთ მამის რომელიმე ნაწარმოები და თქვათ, რომ განსაკუთრებით გიყვართ? 

-მამის ყველა მოთხრობა მიყვარს, რომანებიდან კი-„მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი“.  

მამა 56 წლის ასაკში რომ გარდაიცვალა, განცდა, თუ რა ახალგაზრდა წავიდა, მაშინ არ მქონდა. მერე და მერე მივხვდი, რომ ის ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა... 

-თქვენ ბრძანდებოდით „მზიურის“ დირექტორი, იმ საბავშვო ქალაქის, რომლის აშენების იდეაც ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. როგორ შეაფასებთ „მზიურის“ მდგომარეობას დღეს და რა გეგმებია ამ ქალაქის გარშემო?

-„მზიური“ იმ სახით, რა სახითაც ნოდარი ოცნებობდა, რა თქმა უნდა, აღარ არსებობს. იმიტომ, რომ ის უნდა ყოფილიყო ზოოპარკიდან ბეთანიამდე. მაგრამ, რაც გადარჩა იმის შესახებ ვიცი, რომ არსებობს გენერალური გეგმა, პროექტი მუშავდება და სულ მალე „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 

და ბოლოს, დღეს, მამას გარდაცვალების გარდა, მამას მთაწმინდაზე გადასვენების დღეა. სულ ვამბობ, რომ ამ დღეს მამას მეორე სიცოცხლე დაიწყო. დღეს მამას სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სეზონს ხსნის სპექტაკლით- „მე ვხედავ მზეს“. მთაწმინდაზე ვიყავით მამას საფლავთან და ყველა მსახიობი ამოვიდა, რომელიც ამ სპექტაკლში მონაწილეობს. საოცარი რამ არის-34 წელი გავიდა და მისი პერსონაჟები მის საფლავზე ადიან და თვალცრემლიანები დგანან. ეს არის ალბათ მარადისობა...

კომენტარები


სკოლები
მოსწავლეებმა ვაჟას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე კედლის გაზეთი შექმნეს
სუსანა ტარიელიძემ წარადგინა თემა:  ,,განმავითარებელი შეფასება დაწყებით კლასებში“
სიახლეები
ვებინარები ბიოლოგიის, ინგლისურის, ქიმიის საგნებსა და ჯგუფური სამუშაოს შეფასებაში ჩატარდება
28 და 29 ნოემბერს თბილისის 150 საბავშვო ბაგა-ბაღი აღსაზრდელებს არ მიიღებს
თბილისის N132 საჯარო სკოლაში ლიდერი დირექტორის, თამარ მაჭარაშვილის ინიციატივით, 
საინტერესო
„სოფლის ბავშვები არიან ჯანიანები, ენების მცოდნე, კეთილები და კაცური კაცები"
დრო ისევ დატრიალდა წრეზე, მალე 2019 წელი მოვა და Etaloni.ge თქვენთან ერთად 
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, ნოემბრის მიმდინარე კვირა მარტივი არ იქნება

დაივიწყეთ პერფექციონიზმი: დაე თქვენი პატარას აგებული კოშკი იყოს „არასწორი“ და არათანაბარი.


ბავშვის ინტელექტუალური შესაძლებლობები მემკვიდრეობითობაზე 40%-ით არის დამოკიდებული
ეტალონი
2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წყალტუბოს ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული გორის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია
საზოგადოება