სიახლეები
საინტერესო

ლექსები, რომლებიც 17 სექტემბრისთვის შვილებს უნდა ასწავლოთ
11-09-2018
-
+


„აბა ვის უნდა ლექსი თქვას“? - ამ ფრაზას სწავლის პირველ დღეს ხშირად ამბობენ მასწავლებლები. კლასში მორიდებით მსხდომი მოსწავლეები ხმას არ ამოიღებენ, მაგრამ ყველაზე გამბედავი ხელებს აწევენ და ერთმანეთს სწავლის დაწყებას ლექსებით მიულოცავენ. 

მანამდე კი მოსწავლეებს სკოლის ეზოში გამართულ ზეიმზე უწევთ თავის გამოჩენა, სადაც ასევე ლექსებით ან პატარა ჩანახატებით ულოცავენ ერთმანეთს და სკოლას 17 სექტემბერს. 

etaloni.ge გთავაზობთ ლექსებს, რომლის სწავლაც რამდენიმე დღეში ძალიან წაგადგებათ.

***
ცხრათვალა მზით ნაფერი,
ცხრა მთა გადმონაფრენი,
ლერწამ-ლელის ცხრა ღერით
სექტემბერი რას მღერის?
საგალობელს სწავლისას,
სადიდებელს შრომისას.
არ მოსცდეთო წამითაც,
მზისკენ გიხმობთ შორი გზა!
მაღალ მწვერვალებამდე
სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ
წიგნებს ნაზიარევი
ცოდნის ოქრო ზარები.
ბეჯითს, გამრჯე მეგობარს,
რომ შევუქებთ მარჯვენას,
ზარმაცს ისიც ეყოფა
სირცხვილად და სასჯელად.
ასე წკრიალ-წკრიალით,
ასე ტია-ტიათი
თავს დაგფრენდნენ ფრიალით
ფრთაშესხმული ფრიადი.
ცამ ღრუბელი გაშოროთ,
ეს დღე არ ღირს უთქვენოდ.
სიყვარული სამშობლოს
საქმით უნდა უჩვენოთ /გივი ჭიჭინაძე/

***
გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!
გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!
გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება! /ალეკო შენგელია/

***
სკოლისათვის ვემზადები,
ახლა უკვე დიდი ვარ,
დღეს პირველად,
სულ პირველად
მე სკოლაში მივდივარ.
ჩანთას ვეძებ,
წიგნებს ვეძებ,
არ ვივიწყებ არაფერს,
უჰ, რამდენჯერ სავსე ჩანთა
ისევ ამოვალაგე.
ფანჯარაზე ჭრელი კატა
წევს და ჩუმად კრუტუნებს.
ჩემს უცნაურ ორომტრიალს
ის შორიდან უყურებს.
ჭრელ კუდს იქნევს, ქურდბაცაცას
ულვაშები უბზინავს,
თან დამცინის: ეგ ჩანთა ხომ
გასტენეო უწინაც...
სტყუი, ფისო, შემომხედე!
ახლა მართლა დიდი ვარ,
დამიჯერე,
დღეს ნამდვილად
მე სკოლაში მივდივარ /ქეთევან ქუჩუკაშვილი/

*** 
წერა-კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მივდივარ!..
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ხუთებზე ვისწავლი,
ჩემს დედიკოს ვფიცავარ! /ნოდარ დუმბაძე/

***

თვლაც ვიცი და ანგარიშიც
არასდროს არ მეშლება,
ხტუნვა_თამაშზე ფიქრებით
ხელი არ შემეშლება.

დილით ადრე წამოდგომა,
არც მე არ მეზარება,
ჩემი ჩანთის ჩალაგება
კი არ დამეზარება.

წიგნებიც და რვეულებიც,
კოხტად,სუფთად მექნება,
აჯა_ბაჯა ნახატებით
ერთიც არ აჭრელდება.

ჰოდა,ბარემ მეც გამიშვით,
იმ მადლიან სკოლაში,
ყველას უნდა გავაგონო,
სწავლა არის მოდაში!  /ნინო მზესელი/


კომენტარები


სკოლები
სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის N103 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს შთამბეჭდავად შეხვდა
სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს აღსაზრდელებს სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა
სიახლეები
მონდომებული მოსწავლეები, შვილებზე განსაკუთრებულად მზრუნველი მშობლები, 
დამტკიცდა 2018-2019 სასწავლო წლისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში


Etaloni.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე ესაუბრა



მიხელ ბატიაშვილმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რომელიც განათლების სფეროში დაინერგა.


სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 180 საბავშვო ბაღში განახლდა
საინტერესო
წარსულში ადამიანები უფრო შეზღუდულები იყვნენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას
პირველ დღეს საბჭოთა მოსწავლეები სკოლაში ფორმით მიდიოდნენ


ეტალონი
„ესაა ჩემპიონატი, რომელიც მოსწავლეებს ძალიან ბევრს რამეს აძლევს“
„კვირის კითხვის“ სწორი პასუხია
დღეს ოთხშაბათია! - Etaloni.ge ყოველ ოთხშაბათს საინტერესო და სახალისო რუბრიკას
საზოგადოება