სიახლეები
ინტერვიუ

სტუდენტები და პენსიონერები საბანკო სესხს ვეღარ აიღებენ
07-09-2018
-
+


საქართველოს საბანკო სისტემაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. რეგულაცია სესხის აღების მსურველის შემოსავლების დადასტურებას მოითხოვს. სესხის დამტკიცების პროცედურა რთულდება და შემოსავლების დაუდასტურებლობის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება. გაუქმდა ე.წ. სტუდენტური სესხები, რომელიც საკმაოდ შეღავათიანად ითვლებოდა.

კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, რა შემთხვევაში შეუძლია სტუდენტს ბანკიდან სესხის მიღება, რა ელით იმ სტუდენტებს, რომლებმაც სტუდენტური სესხი წლების წინ აიღეს და დღემდე ბანკის ვალი აქვთ? ამ და სხვა კითხვებზე „ეტალონს“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ უპასუხა.

-  გიორგი, კონკრეტულად რას გულისხმობს ახალი საბანკო რეგულაციები, ვინ ვეღარ მიიღებს ბანკიდან სესხს?

- რეგულირებას დაექვემდებარა საკრედიტო ბიუროები, თუმცა ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ ერთია საქართველოში და ეს გახლავთ „კრედიტ ინფო საქართველო“. საკრედიტო ბიუროები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებენ ინფორმაციას მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის, გადახდების შესახებ და ამ ინფორმაციას აწვდიან კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.

- აქამდეც ხომ არსებობდა ასეთი ინფორმაციები და ე.წ. შავი სიაც?

- შავი სია ამას არასოდეს ერქვა. არსებობდა როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ჩანაწერები. თუ კლიენტს ნეგატიური საკრედიტო ისტორია ექნება, ის არ დაიმალება და ბანკი ამის შესახებ მაინც შეიტყობს, რადგან ერთიანი საკრედიტო ამონაწერი იარსებებს,  რომელიც ყოველ ორ კვირაში განახლდება. თუ ვადაგადაცილება გექნება სესხზე, ეს აისახება საკრედიტო ისტორიაში, თუმცა ეს არ იქნება ცალკე,  ე.წ. შავი სია. 1 სექტემბრიდან ეროვნული ბანკი დაარეგულირებს საკრედიტო ბიუროს საქმიანობას, რაც თავისთავად გამოიწვევს იმას, რომ მეტი ნდობა იქნება საკრედიტო ბიუროს მიმართ,  პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის მეტი გარანტია იქნება და ეს დადებითად აისახება მომხმარებლებზე და ამ ბაზარსაც გააჯანსაღებს. აქამდე პრობლემა იყო საკრედიტო ინფორმაციის მოძიება  და ზოგი კომპანია მას ისე მოიპოვებდა, რომ არღვევდა მომხმარებლის უფლებებს. ახლა კი ეროვნული ბანკი დაარეგულირებს როგორც ფინანსურ, ისე პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას.

შემცირდება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი და 100%-ის ნაცვლად 50% გახდება, რაც ძირითადად დაარტყამს ონლაინ სესხების გამცემ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რადგან კომერციული ბანკების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის ზღვარი 50%-ის ქვემოთ არის ძირითად საბანკო პროდუქტებზე, თუმცა ონლაინ სესხების კომპანიებს ასე არ ჰქონდათ.

- რას ნიშნავს ეს, იქნებ ყველასთვის გასაგებად აგვიხსნათ...

- თუ წლიურად ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი  საშუალოდ 5-6% იყო ონლაინ სესხის შემთხვევაში, ახლა 3-4% იქნება. შესაბამისად, ველოდებით, რომ ონლაინსესხების გამცემი კომპანიების რაოდენობა შემცირდება, ისინი გამსხვილდებიან და მხოლოდ ასე მოახერხებენ, რომ გადაურჩნენ ახალ რეგულაციებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჭირდებათ ბაზარზე დარჩენა და ოპერირება.

- რაც შეეხება სესხების გაცემას, მაგალითად, ისევ იარსებებს ე.წ. სტუდენტური სესხი?

- დღესაც არსებობს ასეთი პროდუქტი, თუმცა ახალი რეგულაციებით, სტუდენტებს შეეზღუდებათ მისი ხელმისაწვდომობა. იყო შემთხვევები, როცა სტუდენტები ვეღარ ახერხებდნენ სესხის გადახდას და პრობლემები ექმნებოდათ. მე თავად არ ვარ სესხის გაცემის პირობების ასეთი გამკაცრების მომხრე, რადგან, ჩემი აზრით, ადამიანმა თავად უკეთ იცის, აქვს თუ არა სესხის გადახდის შესაძლებობა, მაგრამ ხშირად სტუდენტი, თუ დაბალშემოსავლიანი მოქალაქე იღებდა სესხს და შემდეგ ვეღარ ახერხებდა მის დაბრუნებას. სწორედ ჭარბვალიანობამ გამოიწვია სესხების გაცემის შეზღუდვა.  სესხების მიღება შეეზღუდა თვითდასაქმებულ ადამიანებს. ადრე თუ ადამიანს თავისი შემოსავლის დადასტურება არ შეეძლო, ის მაინც იღებდა სესხს.ახლა, თუ შემოსავალს არ დაადასტურებს, არ მისცემენ თანხას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბანკი გამოიჩენს კეთილ ნებას მის მისამართით.

- თუ თვითდასაქმებულს კარგი საკრედიტო ისტორია აქვს?

- მაინც ვერ მიიღებს სესხს, თუ არ დაადასტურა თავისი შემოსავალი. ზოგი ადამიანი შეიძლება ვერ აცნობიერებდეს, რამხელა პრობლემები შეიძლება შეექმნას. თვითდასაქმებულები ჩვენთან არიან ტაქსის მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, რომლებიც შემოსავალს არ აფიქსირებენ.

კარგი საკრედიტო ისტორიის არსებობის შემთხვევაში პატარა კომერციულ ბანკებს შეუძლიათ მათზე სესხი გასცენ, მაგრამ დიდი და მსხვილი ბანკები ვეღარ გასცემენ. შესაბამისად, თვითდასაქმებულებმა, განვადების თუ სამომხმარებლო ტიპის პროდუქტებისთვის, შეუძლიათ მიმართონ შედარებით პატარა ბანკებს.

- სტუდენტური სესხების გაცემამ რა სიტუაცია შექმნა, ბევრს დარჩა დავალიანება გადაუხდელი?

- ამ მხრივ დიდი პრობლემები არ არსებობდა, მაგრამ საერთო რეგულაციებში მაინც მოხვდნენ. სტუდენტების უმრავლესობა, ვისაც სამსახური არ აქვს, რისკჯგუფში შედიან და სესხს ვეღარ მიიღებენ.  სტუდენტს აძლევდნენ საშუალებას, მაშინ გადაეხადა, როცა ის მუშაობას დაიწყებდა, თუმცა თავისი არსით, ეს იყო ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი და მარკეტინგულად იყო შეფუთული. მშობელს ახლაც არავინ უკრძალავს სესხის აღებას ამ მიზნით. უბრალოდ, მას აღარ ერქმევა სტუდენტური, ის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი იქნება.

სესხის აღება შეეზღუდება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, დასაქმებულებიც რომ იყვნენ. ეს რეგულაციები ერთ ქვაბში აქცევს ყველას. 66 წლის ადამიანი, რომელიც მუშაობს, რისკჯგუფში შედის, რადგან შეიძლება გაუარესდეს მისი ჯანმრთელობა, ან გარდაიცვალოს და წარმოიქმნას პრობლემა. სულ გვესმოდა, რომ ყველას ვალი გვაქვს, ვეღარ იხდიდნენ... საპენსიო სესხებიც სულ განხილვის საგანი იყო, რატომ აძლევენ პენსიონერს სესხსო... ახლა აღარ მისცემენ და მათ მოუწევთ, ნათესავს თუ მეზობელს ესესხონ და თანხის შოვნის სხვა გზა მოძებნონ, რადგან არც კომერციული ბანკი და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მათ სესხს აღარ მისცემენ.

- ბევრი პენსიონერი წინასწარ იღებდა პენსიას...

- დიახ, ესეც ჩვეულებრივი სესხია და ამაზეა საუბარი, რომ ვეღარ აიღებენ. ჩვენს ქვეყანაში ფულზე ხელმისაწვდომობა ძალიან დაბალი იყო და სესხებზე ხელმისაწვდომობა - მაღალი. ახლა ეს ციფრები ნელ-ნელა დაუახლოვდება ერთმანეთს. სესხის საშუალებით ადამიანები საკუთარი მდგომარეობის ან გაუმჯობესებას ახერხებდნენ, ან გაუარესებას. რა შედეგებს მივიღებთ ამ ცვლილებებით, შემცირდება თუ არა ჭარბვალიანობა და ხომ არ შეფერხდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, დრო გვაჩვენებს.

- სტუდენტს, რომელსაც თავის დროზე  შემოსავლების დადასტურების გარეშე, მისცეს სესხი ვერ გადაიხადა  და ამან  გაუფუჭა საკრედიტო ისტორია, რა ელის? 

- ვისაც სესხი ჰქონდა და ვერ იხდიდა, მათ მდგომარეობას ვერაფერი გამოასწორებს და ვერც საკრედიტო ისტორია გაუუმჯობესდებათ. ის ვალი ისევ დასაბრუნებელია. ახლა მთავარია, ახალი სესხები არ დაიმატონ და კიდევ უფრო არ გაიუარესონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა.

როცა ბანკი და მომხმარებელი აფორმებს ხელშეკრულებას, პასუხისმგებლობას ორივე მხარე იღებს. როცა ადამიანი ხელს აწერს ხელშეკრულებას, იღებს ფულს, მის დაბრუნებაზეც ხომ უნდა იფიქროს?! მორალური მომენტი სხვაა, მაგრამ იურიდიულად ასეა. აიღო, ისესხა და არ აბრუნებს. რომ აიღო, ხომ კარგი იყო?! მსესხებლების ფინანსური მდგომარეობა იმან გააუარეს, რომ ბანკები სესხს აძლევდნენ მათაც, ვისაც ნეგატიური საკრედიტო ისტორია ჰქონდა. დიდი პრობლემები განსაკუთრებით ონლაინ სესხების გაცემას შექმნა, რადგან ონლაინ სესხებს სწორედ მათ აძლევდნენ, ვისაც საკრედიტო ისტორია უკვე გაფუჭებული ჰქონდა. ბევრი შემთხვევაა, როცა ადამიანმა 5-6 ონლაინ სესხი ერთდროულად აიღო. მერე ითამაშა კაზინოში და ის, რა თქმა უნდა, ვეღარ მოახერხებდა ფულის დაბრუნებას.

18 წლიდან ადამიანი არჩევნებში მონაწილეობს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლება ეძლევა და ძალით, ესემესის გაგზავნით როგორ უნდა ააღებინო სესხი?! კარგია, როცა ფული გერიცხება და კომფორტულად გრძნობ თავს, თუმცა როცა გადახდის დრო დგება და მერე უკან იხევ, არ არის სწორი საქციელი.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ქობულეთის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
სიახლეები
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს, ატირდება“ - 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა
რესურსცენტრების ახალი დებულება - რომელ 5 ტერიტორიულ ორგანოს შეეხო ცვლილება და რა დაევალათ სკოლის დირექტორებისა თუ სამეურვეო საბჭოების მიმართულებით
ეროვნული გამოცდების შეფასების კრიტერიუმები - რა უნდა გაითვალისწინოთ საგნების მიხედვით
რა სიმბოლური დატვირთა აქვს ჯეჯილს - დათესვის დრო და მოსვლის წესები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„დასუფთავების აქცია მოსახლეობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა“,- ამბობენ სკოლაში
სპექტაკლი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით, საოცარი დეკორაცია, რომელიც თავს აფხაზეთის სანაპიროზე გაგრძნობინებდათ
საინტერესო
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები სასწავლო პროცესში, როგორც სწავლების სტრატეგია?
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
სიახლეები
საზოგადოება