სიახლეები
სიახლეები

ფრთხილად: ინტერნეტშანტაჟი - როგორ დავიცვათ მსხვერპლი და ვებრძოლოთ დამნაშავეს
30-08-2018
-
+


საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რა დროსაც 16 წლის გოგონამ  ვირტუალური (კიბერ) შანტაჟის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თანამედროვე ეპოქის სახიფათო გამოწვევა-ინტერნეტ სივრცის კონტროლის სირთულე-კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა. 

რას გულისხმობს კიბერშანტაჟი და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა-აქტუალურ თემაზე Etaloni.ge იურისტსა და ფსიქოლოგს ესაუბრა. 

საიას იურისტის, რევაზ აჭარაძის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს ცნება „კიბერშანტაჟი“, თუმცა მუხლები, რომელიც მოიცავს „იძულებას“, „შანტაჟს“, „გამოძალვას“ და სხვა მსგავს დანაშაულს, კიბერსივრცესაც ეხება:

„სიტყვა „შანტაჟი“ სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლშია მოხსენიებული. მათ შორის: ოჯახში ძალადობის, ადამიანთა ვაჭრობის, პროსტიტუციაში ჩაბმის მუხლებში. თუმცა ცალკე კიბერშანტაჟი-ასეთი ცნება არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ კიბერდანაშაულს, კოდექსში ამასთან დაკავშირებით სულ რამდენიმე მუხლია. მაგალითად, მუხლი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის შესახებ; ან, მუხლი კომპიუტერული მონაცემების თუ სისტემის უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.  

„კიბერშანტაჟის“ დროს შესაძლებელია შემდეგი მუხლების გამოყენება-„იძულება“, ან „გამოძალვა“ და ა.შ. გააჩნია შემთხვევას. „იძულება“ გულისხმობს ადამიანის ქმედების თავისუფლების იძულებით შეზღუდვას. ანუ, ეს მოიცავს ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება. ფსიქიკური იძულება, სხვა ქმედებებთან ერთად, შეიძლება იყოს მუქარა სახელგამტეხი ცნობების გავრცელებაზე.“

იურისტის ცნობითვე, მსხვერპლმა, ან მსხვერპლთან დაახლოებულმა პირმა, რომელიც სავარაუდო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობს, დასახმარებლად საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართოს: 

„თუკი არსებობს რომელიმე დანაშაულის ნიშნები, რა დროსაც პიროვნების უფლებები ილახება, პირმა აუცილებლად საგამოძიებო ორგანოს-პოლიციას, პროკურატურას უნდა მიმართოს და ამის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდოს. შსს-ს აქვს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოც, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელია ამგვარი დანაშაულების სრულყოფილად გამოძიება-კომპიუტერის IP მისამართის დადგენიდან დაწყებული, მობილურის ნომრით იმ ადამიანის მოძიებით დასრულებული, ვინც დანაშაულის სჩადის“. 

აღსანიშნავია, რომ ხანდახან მსხვერპლი პოლიციასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს, რადგან არ სურს მისი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდეს. ამ დროს მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ  მსხვერპლის ანონიმურობა ყოველთვის დაცულია. 

რაც შეეხება კიბერშანტაჟის ფსიქოლოგიურ მხარეს, როგორც ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი  Etaloni.ge-სთან აცხადებს, მსხვერპლის ამოცნობა უფრო ადვილია, ვიდრე-მოძალადის. გაღიზიანება, უმიზეზო აგრესია, სოციუმისგან იზოლირება, დეპრესიისკენ მიდრეკილება, - ეს სიმპტომები საგანგაშოა, მითუმეტეს, კომპიუტერის ან მობილურის გამოყენების შემდეგ და აჩვენებს, რომ ადამიანზე შესაძლოა ვირტუალურად ძალადობდნენ:

„კიბერშანტაჟი-ესაა ინტერნეტის საშუალებით მოძალადის მიერ მსხვერპლზე განხორციელებული ძალადობა, რომელიც მის დაშინება-დაშანტაჟებას გულისხმობს. როგორც წესი, კიბერმოძალადეები შანტაჟისთვის პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტო ან ვიდეო მასალას, პირადი ხასიათის შეტყობინებებს მიმართავენ და მსხვერპლს ემუქრებიან, რომ მათ გაასაჯაროებენ. ამ ინფორმაციის მისაღებად კი კიბერმოძალადეები სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მისამართებს, ასევე, ნებისმიერ ტექნოლოგიურ საშუალებას იყენებენ, რომელიც მათ პირადი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარებათ.

კიბერშანტაჟს შესაძლო მსხვერპლი ამოიცნობს თუ დაუკვირდება მოძალადის ტაქტიკას: 

  • კიბერმოძალადეები, როგორც წესი, შენიღბულნი არიან; აქვთ არარეალური ინტერნეტ გვერდები, ანუ სხვა სახელებს, გვარებსა და ფოტოებს იყენებენ, რომ მსხვერპლის ნდობა მოიპოვონ.

  • ისინი თავდაპირველად დიდ ინტერესს ავლენენ მსხვერპლის პიროვნების მიმართ, რომ მასთან დაახლოვდნენ. 

  • ხშირადაა მათი მხრიდან მოთხოვნა ან თხოვნა, რომელიც მსხვერპლს უბიძგებს გასცეს მისი პირადი ინფორმაცია. ეს შესაძლოა იყოს კითხვაზე გულწრფელი პასუხები, ფოტოები, მიმოწერა, სოციალური ქსელის ან ელექტრონული გვერდის პაროლები და ა.შ. 

ადამიანი, რომელიც კიბერშანტაჟის მსხვერპლი ხდება, უფრო ადვილი ამოსაცნობია, ვიდრე-მოძალადე. ამ ადამიანებს აღენიშნებათ გუნება-განწყობის შეცვლა დროის მოკლე მონაკვეთში, ხდებიან ჩაკეტილები და ცდილობენ  სოციუმისგან იზოლირდნენ. ადვილად ღიზიანდებიან, განსაკუთრებით კომპიუტერთან ყოფნის დროს ან შემდგომ პერიოდში.

თუ კიბერმოძალადეს მასთან ტელეფონითაც აქვს კონტაქტი, შფოთვის გაძლიერება სატელეფონო შეტყობინებების მოსვლის, ან ზარის დროსაც შეიმჩნევა. ცდილობენ პირადი მოხმარების საგნები, მათ შორის ტელეფონი და კომპიუტერი სხვის ხელში არ მოხვდეს. ხდებიან აგრესიულები და არ ასახელებენ მიზეზებს.

ქვეითდება მათი აკადემიური მოსწრება და ზოგადად, მათი ყოველდღიური აქტივობების რიტმი იცვლება-ნელდება.

აღარ გამოხატავენ დადებით ემოციებს ისე, როგორც მანამდე და ხდებიან დეპრესიულები. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი სიმპტომები სხვა პრობლემების დროსაც შეიმჩნევა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადსაღებია და პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.“

ფსიქოლოგის განმარტებით, კიბერმოძალადეებს საერთო ხელწერა აქვთ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მოპოვების მცდელობას გულისხმობს. თუ ვინმე, მითუმეტეს უცნობი,  ინტერნეტით პაროლს, ინტიმურ ფოტოს, ვიდეო მასალას, ან პირად თემებზე გულწრფელ პასუხს ითხოვს, ფრთხილად: ის პოტენციურად კიბერშანტაჟიორია:

„კიბერშანტაჟისაგან თავის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის კარგად დაცვა.  პირადი ცხოვრების ამსახველი არანაირი მასალა არ უნდა  გაზიარდეს, მითუმეტეს იმ პიროვნებებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად უცნობები არიან. პაროლები, პირადი ფოტო თუ ვიდეო მასალა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა ადამიანისათვის. ხშირად კიბერმოძალადეები ითხოვენ გულწრფელ პასუხებს ინტიმურ და ძალიან პირადულ თემებზე და შესაძლო მსხვერპლმა ეს არ უნდა დაუშვას“. 

როგორ დავიცვათ არასრულწლოვანი შვილი, მითუმეტეს, როცა ამგვარ სიტუაციაში მსხვერპლის ნდობის მოპოვება ასმაგად რთულია? ფსიქოლოგის თქმით, აუცილებელია მოზარდმა სწორედ მშობლებისგან იცოდეს რას ნიშნავს კიბერბულინგი და რაც მთავარია, მათ უნდა ენდობოდეს, ეს კი მეგობრული ურთიერთობით მიიღწევა:

„პირველ რიგში მშობელი მუდმივად უნდა იყოს შვილთან კონტაქტში და მის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას აკვირდებოდეს. თუ ამ მიმართულებით უჩვეულო ცვლილებები შეიმჩნევა, აუცილებლად უნდა გაირკვეს რასთანაა ეს დაკავშირებული. მშობელმა უნდა ასწავლოს და აუხსნას შვილს რას ნიშნავს პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება და როგორ უნდა შეძლოს ეს ბავშვმა. ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ ქსელებში ბავშვის პირად გვერდზე არსებული ფოტო და ვიდეო მასალა რომელი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი. ნდობის მოსაპოვებლად კი აუცილებელია თანამშრომლური და მეგობრული ურთიერთობა. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში, ის ამით მშობლების სიყვარულს არ დაკარგავს“. 

ქეთი მესხიშვილის რჩევითვე, აკრძალვა გამოსავალი არ არის:

„ნუ აუკრძალავთ ბავშვს და ნუ დაემუქრებით ტექნიკის ჩამორთმევთ-ეს უარეს შედეგს გამოიღებს. უმჯობესია მისი სწორად გამოყენება ასწავლოთ“.  

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ
„აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება დაუნის სინდრომის შესახებ და ტოლერანტობის გრძნობის გაღვივება“
მათ შორს სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა
მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის - „სახატეები“
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება