სიახლეები
ინტერვიუ

როგორ გაუცრუა სკოლამ იმედები სოფო ბათილაშვილს - „ბავშვები ერთმანეთის წინააღმდეგ აგვამხედრეს...“
27-08-2018
-
+


პროექტ „მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულ სოფო ბათილაშვილს სკოლაში სიარული არ უყვარდა. ამბობს, რომ სკოლაში ცხოვრების ბევრი საუკეთესო წელი დაკარგა, რადგან მისი აზრით, ქვეყანაში არ გვაქვს ჯანმრთელი, პროგრესისკენ მიმართული სასწავლო სისტემა.

სოფო ბათილაშვილი „ეტალონს“ სკოლის პერიოდსა და იმ ამბებზე მოუყვა, რაც მოსწავლეობისას მის პროტესტს იწვევდა.

– თბილისის 83-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. როცა სკოლაში მივედი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან საინტერესო სამყაროში მოვხვდი, რადგან მანამდე საბავშვო ბაღშიც არ მივლია. თუმცა, პირველივე დღეს რაღაც არ მომეწონა, მაგრამ ვერ მივხვდი, რა. ეს შეგრძნება ემოციის დონეზე დღემდე გამომყვა. ახლა კი, სხვა განვითარებული ქვეყნების სასწავლო პროგრამებს რომ ვეცნობი, ვხვდები, რა არ მომწონდა. არ მომწონდა, როცა უფრო დიდი ყურადღება იმას ექცეოდა, თუ როგორ შეასრულე დავალება, ვიდრე, მაგალითად, მეგობრობას. ჩამშვებობა უფრო კარგი ტონი იყო, ვიდრე ერთად რაღაცის გამოსწორება. ასეთი ამბები მტკივნეულად მახსენდება. ბავშვები ერთმანეთის წინააღმდეგ აგვამხედრეს.

– ვინ – მასწავლებლებმა, მშობლებმა?...

– მასწავლებლებმა, მაგრამ ეს ყველას არ ეხება. მაგალითად, ჩემი ისტორიის მასწავლებელი, ნონა მჭედლიძე, დღეს ჩემი უახლოესი მეგობარია. მან მომცა დიდი თავისუფლება და ამით შემაყვარა თავისი საგანი. ისტორიას გვაწვდიდა არა როგორც ზღაპარს, არამედ გვეხმარებოდა ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში. მერე, სამოქალაქო განათლებასაც გვასწავლიდა. მან მასწავლა კრიტიკული აზროვნება და ცუდ ამბავში კარგი მხარის დანახვაც.

მასწავლებლების უმრავლესობა არ მომწონდა. შეიძლება განათლება გქონდეს, საგანი, რომელსაც ასწავლი, კარგად იცოდე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამ არ გაგაჩნდეს, რაც ძალიან საჭიროა პედაგოგისთვის. ეს გახლავთ ბავშვებისთვის სიყვარულის და მეგობრობის ჩანერგვის ნიჭი. მე არ ვყავდი მასწავლებლებს ამოჩემებული, მაგრამ ასეთები იყვნენ ჩემს კლასში და მათ მიმართ სწორედ მასწავლებლების მხრიდან მიდიოდა სერიოზული ბულინგი, რასაც ალბათ ვერც კი იაზრებდნენ. ამ ბავშვებს მერე სხვა ბავშვებიც დასცინოდნენ, რადგან მასწავლებელმა რაღაც ცუდად უთხრა და ვერ გაიაზრა იმ წინადადების არსი და სიმძიმე. ამის გამო, იმ ბავშვებს კომპლექსი უვითარდებოდათ, იკეტებოდნენ, თანაკლასელებთან  ცუდი ურთიერთობა უყალიბდებოდათ... იმ სასწავლო გარემოში რობოტები უფრო ვიყავით, ვიდრე თავისუფალი ადამიანები. ამიტომაც არ მიყვარდა სკოლა.

მორიგეობის ცხრილში სულ გოგონები ვეწერეთ ხოლმე, სანამ მე არ ამოვიღე ხმა და არ გავაპროტესტე. ბევრ სხვა რამეზეც მიჩნდებოდა  პროტესტის გრძნობა და როცა ამას ვაფიქსირებდი, რაღაცნაირად გარიყულად ვგრძნობდი თავს.

– გოგონებისგან რჩებოდით გარიყული თუ ბიჭებისგან, მაგალითად მორიგეობის ცხრილის გაპროტესტებისას?

–  ორივე მხრიდან. რამდენიმე გოგო ვერც მიხვდა, რატომ ვთქვი უარი მორიგეობაზე, სანამ ბიჭებიც არ ჩაწერეს და ეს ბიჭებმაც გააპროტესტეს. ეს ყველაფერი ჩემს რამდენიმე თანაკლასელს ეხება და არა მთელ კლასს. ბავშვებში კიდევ უფრო არ იყო იმდენად მძიმე სიტუაცია, რამდენადაც მასწავლებლებში. თითოეულს თუ გაესაუბრებოდი, მათ ბევრ კარგ თვისებასაც დაინახავდი, მაგრამ ძალიან უჭირდათ მოსწავლეებთან ურთიერთობა. მთელი ჩემი 12- წლიანი სწავლა იცით როგორ აღიქმება? მასწავლებელი უყვირის მოსწავლეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საგანი მაინტერესებდა, მაგრამ იმდენად მეშლებოდა ხმა ალიაქოთით, მოსწავლეების ხმაურითა და მასწავლებლების ყვირილით, მერჩივნა, აღარც გაკვეთილისთვის მომესმინა, არც ამ ქაოსისთვის და ჩემთვის ჩუმად ვმჯდარიყავი. ყოველდღე, სკოლიდან წამოსულს თავი მტკიოდა.

– როგორ სწავლობდით, რა ნიშნები გყავდათ?

– 9 კლასი, ფაქტობრივად, 10-იანებზე დავამთავრე. მე-9 კლასში მხოლოდ ქიმიაში გამომყვა 9-იანი. მაშინ კი ძალიან დამწყდა გული, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დიდი სისულელეა, ნიშნებზე იყო დამოკიდებული. ნიშანი ნამდვილად არ ასახავს შენი რეალური ცოდნის დონეს. საკმაოდ მოწესრიგებული და მონდომებული მოსწავლე ვიყავი და გული დამწყდა, მაგრამ საკუთარი თავიც დავადანაშაულე. საერთოდ, როცა რამე მიჭირს ცხოვრებაში, პირველ რიგში, ჯერ ჩემს თავს ვადანაშაულებ და მერე – მეორე მხარეს. გადავწყვიტე, გამომესწორებინა ის ხარვეზები, რაც საკუთარ თავში ვიპოვე. კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი იმ ცოდნით, რაც სკოლაში მივიღე. ვფიქრობ, ბევრი ვისწავლე, მაგრამ ბევრიც დამაკლდა. მე-9 კლასის მერე აღარც მიმიქცევია ნიშნებისთვის ყურადღება და ახლა რომ მკითხოთ, ისიც კი არ ვიცი, რა ნიშნებზე დავხურე სკოლა. მე-10 კლასში ვიყავი, როცა „იქს ფაქტორში“ ვმონაწილეობდი და სკოლაში არც დავდიოდი, მოვუკელი სწავლას. მე-11 კლასში მივხვდი, რომ ბევრი რამ გამოვტოვე წინა წელს, რამაც ცოტა შემაშინა, მაგრამ აბიტურიენტობის წელს ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ბევრი ვიკითხე, ბევრი ვიშრომე, ბევრ ლექციას დავესწარი, „იუთუბზეც“ მოვუსმინე ლექციებს და მაშინ მოხდა აფეთქება ჩემს ტვინში, იმდენი ინფორმაცია მივიღე. ვემზადებოდი და ძალიან კარგი რეპეტიტორები შემხვდა.

ჩემი ფსიქიკა სკოლის პერიოდში მთლად ჯანსაღად არ იყო, რადგან ეს პერიოდი იყო ყოველდღიური რუტინა. ვთვლი, რომ სკოლაში ბევრი კარგი წელი დავკარგე და ალბათ სხვებიც მოსწავლეც კარგავენ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ჯანმრთელი, პროგრესისკენ მიმართული სასწავლო სისტემა. ჩემი აზრით, სკოლამ უნდა მოგცეს ზოგადი განათლება და დაგეხმაროს იმ ინტერესების აღმოჩენაში, რაც შეიძლება გქონდეს, მაგრამ ვერ ხვდებოდე. სამწუხაროდ, ამ ინტერესების აღმოჩენას სკოლაში ხელს უფრო უშლიან, ვიდრე ეხმარებიან. ისეთი ჩაკეტილი ბავშვები მინახავს მასწავლებლების მხრიდან დაცინვის გამო, ისეთი ტალანტები ვერ დაუნახავთ და ისე დაუჩაგრავთ თავისი გაურკვეველი ხუმრობებით, რომელიც სინამდვილეში ბულინგი და დაცინვაა... ეს ბავშვები შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაკეტილები დარჩნენ. ერთი სიტყვით, მასწავლებლის ერთმა დაუფიქრებელმა ხუმრობამ შეიძლება ვიღაცას მთელი ცხოვრება შეუცვალოს.

– თქვენზეც თუ ხორციელდებოდა მსგავსი რამ, მაგალითად, სიმღერის გამო?

– რაღაც გულსატკენი ფაქტები იყო, მაგრამ არ მინდა, დეტალები მოვყვე. ძალიან მწყდებოდა გული, მაგრამ მე პატარაობიდან მებრძოლი ვარ და მოტივაცია უფრო მომცა ასეთმა მიდგომამ, ვიდრე დამთრგუნა.

–  როდიდან მღერით?

–  რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. დედა პროფესიით ვოკალისტია. მუცელშიც სიმღერებს მასმენინებდა, ბავშვობიდან მამღერებდა და, ერთი სიტყვით, მუსიკასთან ერთად გავიზარდე. ერთ მშვენიერ დღეს არ აღმომიჩენია, რომ მუსიკოსობა მინდოდა. ეს სულ ჩემს გულში იყო. პირველ კლასში სკოლის ზეიმზე რომ ვიმღერე, უკვე ვიცოდი, რომ ეს იყო ის, რისგანაც სიამოვნებას ვიღებ.

მასწავლებლები კი მაქებდნენ სიმღერის გამო, მაგრამ სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ მუსიკის მიმართ ჩემს გატაცებას. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, არ სჯეროდათ, რომ შეიძლება ვიღაცამ აკეთოს თავისი საყვარელი საქმე, ამით სიამოვნებაც მიიღოს და მისგან მიღებული შემოსავალით იცხოვროს კიდეც. თვითონ მიიჩნევდნენ, რომ რადგან მასწავლებლები იყვნენ, წარმატებულები არ გახლდნენ. ეს სრული აბსურდია, რადგან მასწავლებლობა ერთ–ერთი საპასუხისმგებლო და საამაყო პროფესიად უნდა ითვლებოდეს. ბავშვი თუ გამოხატავდა ხოლმე სურვილს, მასწავლებლობა მინდაო, ისე ცინიკურად იღიმოდნენ, ყველაფრის სურვილს დაგიკარგავდნენ.

– ალბათ თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გამოც ფიქრობენ ასე...

–  დიახ და ცუდია, რომ მასწავლებლებს დაბალი ანაზღაურება აქვთ. მაგალითად, ჩემთვის  ანაზღაურებას მნიშვნელობა არ აქვს, რასაც უნდა მიხდიდნენ, მაინც ერთი გულით ვმღერი. როცა შენი საქმე ძალიან გიყვარს და, მით უმეტეს, როცა მასწავლებელი ხარ და პატარა ბავშვებთან გიწევს შეხება, რომლებიც შენივე ქვეყნის მოქალაქეები არიან და ხვალ შენს სახელმწიფოს უნდა ჩაუდგნენ სათავეში, განსაკუთრებული ენთუზიაზმით უნდა იმუშავო. საწყენია, რომ ჩვენს მასწავლებლებში ენთუზიაზმის მაგივრად დიდ სევდას ვხედავდი. გაკვეთილზე თავიანთი პრობლემებით დახუნძლულები შემოდიოდნენ. სახეზე ეწერათ, რომ პრობლემები ჰქონდათ, რაც ძალიან დამთრგუნველი იყო.

– გაკვეთილზე სიმღერა ხომ არ გინდებოდათ?

– კი და განსაკუთრებით – დამამთავრებელ კლასებში. აღარ შემეძლო ხოლმე 45 წუთი გაკვეთილზე ჯდომა და ჩუმად, ჩემთვის ვღიღინებდი. უცბად, მასწავლებელი რომ დაიძახებდა, რა ზუზუნიაო, ვხვდებოდი, რომ ჩემი ხმა იყო და ვჩუმდებოდი. ასეთი რამ ლექციაზეც მომსვლია – ჩუმად ვმღერი ხოლმე რაღაც ფრაზას.

– როგორც ჩანს, ცელქი ბავშვი იყავით.

– ძალიან. იმდენად ცელქი ვიყავი, ჩემს მშობლებს ეშინოდათ, სკოლაში როგორ მოვიქცეოდი. ორი წამით არ შემეძლო ერთ ადგილზე გაჩერება, სულ ყირაზე გადავდიოდი. სკოლაში რომ მივედი და დედაჩემი კრებაზე მივიდა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სკოლაში რადიკალურად განსხვავებული – წყნარი, მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი. სახლში და ეზოში კი ყველაფერს თავზე ვიმხობდი. სკოლაში სხვების ზუზუნით მტკივდებოდა თავი, სახლში კი ჩემი ზუზუნით ვატკიებდი ყველას თავს.

– სკოლის დამთავრების მერე სად გააგრძელეთ სწავლა?

– კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე გადავედი. ფსიქოლოგობა არ მინდა, მაგრამ ვეძებდი ისეთ პროფესიას, რომელიც დამეხმარებოდა საკუთარი თავის აღმოჩენა-შეცნობაში. ბევრ ისეთ რამეს ვგრძნობდი, რასაც ვერ ვხსნიდი. ბევრი რამის თქმა მინდოდა სხვა ადამიანებისთვის, მაგრამ არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა. ამიტომ, ვიფიქრე, ისეთი პროფესია შემეძინა, რომელიც მუსიკასთანაც ახლოს იქნებოდა და ჩემი თავის შეცნობაშიც დამეხმარებოდა. ამ მხრივ, სხვა რა უნდა ამერჩია, თუ არა ფსიქოლოგია?! ეს ჩემი გონებისთვის საკვებია. თან, იმდენად კარგი გარემო დამხვდა, ჩემი ფსიქოლოგიის ლექტორი ისეთი კარგი ადამიანი და პროფესიონალი აღმოჩნდა, რომ ერთ სემესტრში ბევრ კითხვაზე მაპოვნინა პასუხი. რამდენიმე ისეთი საგანიც გავიარე, რამაც ბევრი რამ მომცა და მუსიკაშიც ყველაფერი კარგად წავიდა. რაც უფრო მეტ საკვებს ვაწვდი ტვინს, მით უფრო კარგად მიმდის საქმე მუსიკაში, მით უფრო მეტი მუზა მომდის.

– მუშაობთ კიდეც?

–  დიახ, „მხოლოდ ქართულის“ მერე ვატარებ კონცერტებს და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. ნიჭიერთა ათწლედშიც ვსწავლობ და იქ სწავლის ბოლო წელი დამრჩა.

– საყვარელი წიგნი თუ გაქვთ?

– არ მაქვს საყვარელი არც წიგნი, არც ფილმი და არც სიმღერა, რადგან როგორც კი რამე ახალს ვკითხულობ, ყველაფერში ვპოულობ მარგალიტებს, რაც ცხოვრებაში მადგება. ძალიან მიყვარს ატლასების, გეოგრაფიული და, საერთოდ, შემეცნებითი მასალების კითხვა.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
„განათლების სისტემაში ასეულობით ვაკანსია გვაქვს და ჰაერივით გვჭირდება ცოდნამიღებული ახალგაზრდები...“
ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით „ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
„ბევრი ჩემი მოსწავლის ოჯახში ჩემი აღზრდილი სამი თაობა ცხოვრობს ერთად. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვისაც და მათთვისაც“
„ვფიქრობ, ქარიზმა, შარმი, პიროვნული ხიბლი აუცილებელია მასწავლებლისთვის, სკოლის ლიდერისთვის“
სკოლები
კონკურსის მონაწილეები იყვნენ მე-9 და მე-10  კლასის მოსწავლეები: ნინო ყიფშიძე, მარიამ ნადირაძე, ქეთი გოგოლაძე, ლიზი ძინძიბაძე და მარიამ შეყლაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაჯილდოვდება ის მონაწილე, რომელმაც მაქსიმალური ქულის 70% და მეტი დააგროვა
მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა განახორციელეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მოსწავლეების თვალი დანახული წელიწადის ყველაზე ფერადი სეზონი და საინტერესო გამოფენა - დღე, რომელიც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და რაც მთავარია, ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება