სიახლეები


რა აცვია მასწავლებელს - სასექტემბროდ...
22-08-2018
-
+


მაია სარიშვილი პოეტი, პედაგოგი, ლიტერატურული კრებულებისა და რადიო პიესების ავტორი გახლვათ. 

განსაკუთრებულად წერს დედა-შვილის ურთიერთობაზე, სკოლასა და მასწავლებლებზე.

ამჯერად გთავაზობთ, მაია სარიშვილის მოთხრობა-ჩანახატს მასწავლებელზე.

„რა აცვია მასწავლებელს - სასექტემბროდ...

ჩემი პირველი მასწავლებელი ქვრივი იყო და შავი კაბები ეცვა. იმ ფერადი ასოებისა და ფერადი ციფრების სურნელში, რომელიც საკლასო ოთხში იდგა, მისი შავი კაბების უცნაური სიმძიმე კიდევ უფრო მძაფრდებოდა და ზოგჯერ მეგონა, ეს კაბები ნაჭრის კი არ იყო, შავი კვამლივით ჰქონდა შემოხვეული ტანზე და სუნიც ისეთი დამწვარი შეშის დგებოდა ზოგჯერ, ხველა შეიძლებოდა აგვარდნოდა, თუ ახლოს დაუდგებოდი…

მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ იყო საშიში ამბავი ჩემთვის. მე მომწონდა მისი სადა შავი ტანსაცმელი, რადგან ამ სიშავის მიღმა რაღაც მაშინ აუხსნელი იდუმალება იდგა და გულსაკლავი სიმართლე იმის შესახებ, რომ დიდობა ცოტათი საშიშია და უკიდეგანოდ საინტერესო. თვითონაც შავგვრემანი ქალი იყო. შავი თმებითა და მუქი თვალებით. თითები ჰქონდა ოდნავ მსხვილი და მუდამ ისეთი თბილი, შეხების გარეშეც რომ ხვდები – თბილია… მე იგი მიყვარდა და მეგონა ჯადოქარი, რადგან მეჩვენებოდა, რომ რასაც გაეკარებოდა, ყველაფერი შავთეთრდებოდა თითქოს. და ეს არ იყო დეპრესიული სიშავთეთრე. ეს იყო მატყუარა ფერებს მიღმა მდგარი სიმართლის დანახვება.

პირველად სწორედ მან აღმომაჩენინა, რომ ფეიერვერკებს, დღესასწაულებსა და ხმაურიან ბედნიერებათა მიღმა დგას რაღაც სხვა, ძალიან ჩუმი, მართალი სამყარო, სადაც ყველაფერი ისეთივე ოდნავი სევდითაა დამძიმებული, როგორც ნისლი – წყლით. სულ მეგონა, რომ ფერად კაბებში სხვანაირი იქნებოდა. ისიც სხვებივით უნებური მატყუარა, რომ სიცოცხლე მხოლოდ ხმაურია. ამ კაბებმა კი ტანში შეუტანეს მთავარი სიმართლე სამყაროზე და ეს სიმართლეც ყოველი უჯრედით მიიღო ამ ქალმა, თორემ შავკაბიანი ბევრი მინახავს მანამდეც და მას მერეც, მაგრამ მაგრამ ამხელა სათქმელი შეეტანოს კაბის ფერს ტანში, არასდროს მინახავს. ყვირილი რომ არ შეეძლო და არც ხმამაღალი სიცილი, ესეც ამ კაბების ამბები იყო. არ მახსენდება ამ უცნაურ ზღვარს მიღმა გადაედგას თუნდაც ნაბიჯი და ან ამახარხარებელი სიხარულით ავსებულიყოს, ან ამაკივლებელი სიბრაზით. მეც მუდამ მშვიდი ვიჯექი მის წინ: არც მხიარული, არც მწუხარე და არც უგრძნობელი. პირიქით, იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ეს ქალი ატარებდა და რომლითაც ასხვაფერებდა ირგვლივ ყველაფერს, იმხელა ემოცია იდგა, იმდენი უწყინარი სიგიჟე, რომ ლექსების წერა დამაწყებინა.

ეს ლექსები ჯერ მხოლოდ ნივთებსა და მოვლენებში იდგნენ მღვრიედ და გაურკვევლად და სიტყვათა უძლურების გამო არც ჩქარობდნენ ფურცლებზე მიფენას. რას ლაპარაკობდა არ მახსოვს. არც შენიშვნა მახსოვს მისგან, არც – შექება. არც ის, როგორ ხსნიდა გაკვეთილს და საერთოდ, ამ ქალთან დაკავშირებული ამბები მუნჯი კინოკადრებივით მიდგას მეხსიერებაში.
ერთხელ, არ ვიცი თავბრუ დაეხვა თუ რა მოხდა, წაბორძიკდა, სკამს ჩაეჭიდა, სკამი აყირავდა, ჩანთა ამოპირქვავდა, იქიდან უამრავი ნივთი ამოიყარა და მთელ კლასში მიმოიფანტა საშინელი ხმაურით. მე მომეჩვენა, რომ ჩანთიდან კი არა, ტანიდან ამოეყარა რაღაც ისეთი მთავარი, რაც სიცოცხლეს ნიშნავს. მეგონა მოკვდა!… არ მომკვდარა. ახლაც ცოცხალია.

არ ვიცი მის გამოა თუ არა, რომ წლების შემდეგ, მე თვითონ გავხდი მასწავლებელი. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ რატომღაც ეს ქალი საერთოდ არ გამხსენებია მასწავლებლობის დროს. მხოლოდ ერთხელ, როცა მესამეკლასელმა ლიკა ცინაძემ მომწერა წერილი, მაშინ გამახსენდა იგი. ლიკას წერილი კი ასეთი იყო: “თქვენ დღეს ხართ ძალიან ლამაზი, რადგან გაცვიათ ყვითელი ჯემპრი და გიკეთიათ ყვითელი საყურე. მე მიხარია, როცა ხართ ლამაზი. ელენე მეუბნება ჩემზეც მისწერეო. ამასაც უხარია ფერადი რაღაცეები რომ გაცვიათ ხოლმე. ჩვენ გვრცხვენია, რომ ეს მოგწერეთ”...

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება