სიახლეები


რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მაძიებლები - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებია
13-08-2018
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლები თანამდებობის მიხედვით და მასწავლებლობის მაძიებლები.

ამ კანონის 21​2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

ბ) უნდა ჰქონდეთ განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

გ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ე) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

ვ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;“

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს დაემატა ქვეპუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლის სტატუსები და კრიტერიუმები, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ:

მოწვეული მასწავლებელი
− პირი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

შემცვლელი მასწავლებელი − დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელი პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგნებს იმ შემთხვევაში, თუ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, შეუძლებელია დროებით არმყოფი მასწავლებლის ჩანაცვლება ამავე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა მასწავლებლით, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მოწვეული მასწავლებლისათვის დადგენილ მოთხოვნებს;“

გარდა ამისა, განისაზღვრა მასწავლებლობის მაძიებლის უფლებები და სკოლაში საქმიანობის ვადები:

მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის შემთხვევაში) და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში:“

1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად.

3. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა.

4. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 2 წლისა. ამ პერიოდში მან უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში პირს ამ კანონის 21​3 მუხლით მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილი შესაბამისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ეთვლება.

5. მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას ამტკიცებს და წარმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

6. მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებლის ზედამხედველობისთვის პასუხისმგებელია ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც იგი ასწავლის.

7.  თუ მასწავლებლობის მაძიებელი ვერ დაძლევს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამას, მას უწყდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.

8. მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“

ამასთან, განისაზღვრა თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლები.  დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.“;

იხილეთ კანონი

კომენტარები


ეტალონი
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
უფროსი სპეცმასწავლებლების საგამოცდო ტესტის შეფასების სქემა და ზოგადი კრიტერიუმები
მასწავლებელთა საგამოცდი ტესტის შეფასების კრიტერიუმები ცნობილია
შეუძლიათ თუ არა კანდიდატებს გასაუბრების ეტაპის ვიდეო ან აუდიო ჩაწერა - ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიით დაინტერესებულთათვის
რომელ საგანმანათლებლო რესურსცენტრში რამდენი განაცხადი შევიდა უფროსის პოზიციის დასაკავებლად - ზოგიერთ რესურსცენტრში უფროსობის სურვილი 55-მა კადრმა გამოთქვა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
შედეგად კი, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ნარჩენები ნაგვის პარკებით გაიტანეს და ურნებში მოათავსეს
საინტერესო
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება