სიახლეები
სკოლები

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს - როგორ გადასცემს და გაუღვივებს მოსწავლეს საგნის მიმართ ინტერესს“
10-08-2018
-
+


სასწავლო პროცესი მრავალ დეტალს მოიცავს - სასკოლო ინფრასტრუქტურას, სახელმძღვანელოების შინაარსს, პედაგოგის მიდგომასა და დამოკიდებულებას და ა.შ. მაგრამ ალბათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც მასწავლებლის მიერ მასალის სწორად მიწოდებას ენიჭება. 

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ სკოლების დირექტორები პედაგოგებისა და სახელმძღვანელოების როლს მოსწავლეთა მიერ საგნების შეყვარების მხრივ და თავად თუ ჰქონიათ მწარე გამოცდილება მოსწავლეობისას, როცა არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ მათ საგნის მიმართ დამოკიდებულება შეუცვალათ. 

აბედათის საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ ზარქუა: მასწავლებელზე არსებითად დამოკიდებულია მოსწავლეს საგანი ეყვარება თუ - არა. მის პროფესიონალიზმსა და გამართულ მეთოდიკაზე. ყველაზე მნიშვნელოვან საგნად და საფუძვლად  კი „დედა ენა“ მიმაჩნია. სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებითაც დასტურდება, რომ ბავშვებმა ელემენტარული რაღაცები არ იციან. ფაქტია, სავალალო მდგომარეობაა. ამაში ცალმხრივად ვინმეს ვერ დავადანაშაულებთ, ყველაფერი გლობალურად უნდა განვიხილოთ. მეთოდები და სისტემა არ არის იმ დონეზე, როგორც საჭიროა. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, ისეთი საგანი არ მახსენდება, რომელიც მოსწავლეობისას არ მომწონდა. ყველა საგანს ვსწავლობდი. 

ნაგებაროს საჯარო სკოლის დირექტორი თემურ დანელია: იყო საგნები, რომლებიც ძალიან მომწონდა, მაგრამ ასევე, ნამდვილად იყო საგნები, რომლებიც შედარებით არ მაინტერესებდა. საბოლოო ჯამში, თითქმის ყველა საგანს ვსწავლობდი და ვეცნობოდი. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელს - როგორ გადასცემს და გაუღვივებს ინტერესს საგნის მიმართ მოსწავლეს. სახელმძღვანელოსაც თავისი ადგილი უჭირავს. არის სახელმძღვანელოები, ბავშვს კი არა, მეც არ მიჩნდება სურვილი გადავშალო და წავიკითხო. ჩვენ სკოლაში მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება პედაგოგმა საგანი შეაყვაროს მოსწავლეს. ვცდილობთ, მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ვცდილობთ სწორად ავარჩიოთ, განვიხილოთ და ისე მივიღოთ. 

სკოლა „ჰელიოსის“ დირექტორი ქეთევან ვეშაპიძე: ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული მასწავლებელზე. შეიძლება ბავშვი განვითარებული იყოს ქართულში, მათემატიკაში, მაგრამ თუ მასწავლებელმა საჭირო მიდგომა ვერ გამონახა, შესაძლოა ეს ნიჭიერი ბავშვმა „დაკარგოს“. მე მყავდა მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს სულ გვეჩხუბებოდა და ამიტომ მისი საგანი ვერ შევიყვარეთ. მიუხედავად ამისა, ჩემი დროის სკოლა უფრო კარგი იყო, მოთხოვნების თუ დისციპლინის მხრივ, ვიდრე დღევანდელი სკოლაა. დღეს მასწავლებელს არ აქვს ის უფლებები, რაც ჩემს ბავშვობაში ჰქონდათ. ყველანაირ ზომებს ვიღებთ, რომ მოსწავლეებმა საგნები სწორად აღიქვან და შეიყვარონ: ვესწრებით გაკვეთილებს, მონიტორინგს ვახორციელებთ და ვაკვირდებით სასწავლო პროცესს. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოები და ამ მხრივ ხარვეზები, სამწუხაროდ, არსებობს.

ონოღიას სკოლის დირექტორი ემზარ შანგუა: სახელმძღვანელოზე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია, თუ როგორ აღიქვამს მოსწავლე საგანს, მაგრამ მეტი წილი მასწავლებელზე მოდის. ჩემი მოსწავლეობის დროს, თუ მასწავლებელი არადისციპლინირებული იყო, ან უინტერესოდ გადასცემდა ცოდნას, იმ საგანს დიდი ყურადღებით არ ეკიდებოდნენ. რომელი მასწავლებელიც უფრო მოხერხებული იყო და ბავშვთან მეგობრობდა, მეტი მონდომებით სწავლობდნენ იმ საგანს. ეს პრობლემაა დღესაც. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ახალი თაობის პედაგოგები შეემატნონ სკოლას, რომლებიც თანამედროვე სწავლების მეთოდებს დანერგავენ. სახელმძღვანელოსაც მნიშვნელობა აქვს. ძალიან გადატვირთული წიგნი, რომელიც ამავდროულად მოსაწყენია, ნაკლებ ინტერესს იწვევს. ამ დროს მოსწავლეს ურჩევნია იფიქროს, რომ მაინც ვერ ისწავლის და მოტივაცია დაეკარგოს. საჭიროა უფრო კომპაქტური სახელმძღვანელოები. ყველა ამ პრობლემას თანდათან გადაწყვეტა სჭირდება, ერთბაშად შეუძლებელია ყველა ამოცანა ამოხსნა. 

გურძემის სკოლის დირექტორი ჯამბულ ცაგურია: ჩემს დროშიც იყო ის, რომ მასწავლებლიდან გამომდინარე უყვარდებოდა ბავშვს საგანი, ან - პირიქით და ახლაც ასე არის. მე, პირადად, ყველა საგანი მიყვარდა და კარგად ვსწავლობდი. ვცდილობთ, რომ სკოლაში ყველა გაკვეთილის მიმდინარეობა ვაკონტროლოთ და ის მოსწავლეები, რომლებსაც კონკრეტული საგნები უფრო მოსწონთ, იმ მხრივ დავტვირთოთ და მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ. მასწავლებლებს ვეუბნებით, რომ ბავშვებს ნიჭის და ინტერესის მიხედვით მიაქციონ მეტი ყურადღება. რა თქმა უნდა, კარგია თუ სახელმძღვანელო შინაარსობრივად მრავალფეროვანია, მაგრამ სახელმძღვანელოზე მეტი როლი მასწავლებელს ენიჭება. მასწავლებელმა უნდა გაუღვივოს ბავშვს საგნის სიყვარული. 

ვედიდკარის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა მსხალაია: კვალიფიციური პედაგოგი საუკეთესო გაკვეთილის ავტორია. მასწავლებელი, რომელიც არამხოლოდ მუშაობს ბავშვთან და ეხმარება მას საგნობრივი ცოდნის მიღებაში, არამედ მასში ადამიანურ თვისებებსაც აყალიბებს. მე მყავდა ძალიან კარგი მასწავლებლები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბავშვები მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. პედაგოგი, ზოგადად, ყოველთვის ზრუნავს მოსწავლეებზე და არ შეიძლება დაიყოს როგორც  „ცუდი“ და „კარგი“. ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ მასწავლებლების და მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში თანაბარი იყოს. გვაქვს მონიტორინგის წესებიც, რომელიც არ არის სადამსჯელო, პირიქით, ეს არის მასწავლებლებისთვის დამხმარე საშუალება, რომ ხარვეზები იპოვონ და უკეთესი შედეგები მიიღონ. ამით მასწავლებლები თანამშრომლობენ ადმინისტრაციასთან და ერთმანეთს ეხმარებიან, რაც საბოლოო ჯამში სასწავლო პროცესზე აისახება. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ისინი მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით ავირჩიეთ. წლევანდელი სახელმძღვანელოები ძალიან კარგად არის შედგენილი. 

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი სოსო წულაია: პედაგოგი უნდა იყოს კვალიფიციური, სახელმძღვანელო კი შესაბამისად დახვეწილი და მოსწავლისთვის მარტივად გასაგები ენით დაწერილი. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის თუ მეგობრული დამოკიდებულებაა, მაშინ საგანსაც კარგად სწავლობს. მე მქონია უარყოფითი გამოცდილებაც, როცა მასწავლებელს მოსწავლის შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოუცვნია, მხოლოდ მაღალი ქულა დაუწერია და არანაირი წამახალისებელი ფორმა არ გამოუყენებია. შესაბამისად, ამ დროს კარგი მოსწავლე „იკარგება“. სწორედ ამიტომ, ჩვენ სკოლაში ხშირად განვიხილავთ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთდამოკიდებულებას, პოზიციას და ფსიქოლოგების დახმარებით თუ სხვადასხვა თეორიის შესწავლით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. 

მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ხარშილაძე: პედაგოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მომავლის ჩამოყალიბებაში და სკოლის სიყვარულში. რა თქმა უნდა, სახელმძღვანელოსაც თავისი როლი ენიჭება. მე, პირადად, ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ასეთი ხასიათი მქონდა - თუ მასწავლებლისგან ოდნავ უხეშობას ვიგრძნობდი (რაც იშვიათად ხდებოდა), შეიძლებოდა ის საგანი შემძულებოდა. ამ გამოცდილებას დღეს ვიყენებ და მასწავლებლებს ვეუბნები, რომ ზოგს მოფერება უხდება, ზოგს - ცოტა სიმკაცრე, მაგრამ შეურაცხყოფა - არავის. ყველანაირად ვცდილობთ, რომ თითოეული ბავშვი, როგორც ინდივიდი, ისე განვიხილოთ. 

ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა: დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმძღვანელოს, შემდეგ კი - მასწავლებელს. მინახავს სახელმძღვანელოები, რომელიც მოსწავლის ასაკს არ შეეფერება. სახელმძღვანელოს გაგება მოსწავლეს დამოუკიდებლადაც უნდა შეეძლოს. პედაგოგმა კი გასაგები ენით უნდა აუხსნას მას მასალა და სწავლის მოტივაცია მისცეს. ამის შემდეგ კი მთავარია მოსწავლეს სწავლა უნდოდეს და მშობელიც ხელს უწყობდეს, რომ გარკვეულ დროს გაკვეთილები ისწავლოს და გარკვეულ დროს - ითამაშოს. მე, პირადად, როცა მოსწავლე ვიყავი, რუსულ ენაში იმდენად გადატვირთული სახელმძღვანელო გვქონდა, რომ მისი სწავლის მოტივაცია იკარგებოდა. ახლაც გვაქვს ამგვარი ხარვეზები სახელმძღვანელოებში, რაც ძალიან სამწუხაროა. აუცილებელია, ამ მხრივ მოსწავლეთა ასაკობრივი დონე იყოს გათვალისწინებული.

წიფის საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა კვინიკაძე: პედაგოგები დიდ როლს თამაშობენ იმაში, შეუყვარდებათ თუ არა მოსწავლეებს კონკრეტული საგნები. სახელმძღვანელოს რაც შეეხება, თუ საინტერესოდ არ არის მასალა გადმოცემული, რთულია მისი აღქმა. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი სახელმძღვანელოები სრულყოფილია. სასურველია, ბავშვებისთვის ის მისაღებ და გასაგებ ენაზე იყოს ჩამოყალიბებული. როცა მოსწავლე ვიყავი, მათემატიკაში იმდენად კარგი პედაგოგი მყავდა, რომ სწორედ მან შემაყვარა ეს საგანი და პროფესიითაც მათემატიკოსი გამოვედი. ვერ ვიტყვი, რომ არსებობდა საგანი, რომელიც არ მიყვარდა, თუმცა იყო ერთ-ერთი პედაგოგი, რომელსაც დისციპლინა აკლდა და მის გაკვეთილზე ნაკლები ინტერესით შევდიოდით. ჩვენი სოფელი მაღალმთიანია და მცირე კონტიგენტიანი სკოლა გვაქვს. აქ საბედნიეროდ ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. 

უბისის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა სახვაძე: სახელმძღვანელოს და პედაგოგს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამაზეა დამოკიდებული მოსწავლე რამდენად გაერკვევა საგანში და შეიყვარებს მას. მე, პირადად, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა. ჩვენ სკოლაში მუდმივად ვესწრებით გაკვეთილებს, გამოვიკითხვათ მოსწავლეებს, მშობლებს და ასეთი მეთოდებით ვადგენთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი. 

სერგიეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გეგეჭკორი: დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგს. მასწავლებელმა მოსწავლეს მოტივაცია უნდა გაუზარდოს. მას სწავლის სურვილი უნდა აღუძრას. სახელმძღვანელოც საინტერესო და ბავშვის ასაკზე მორგებული უნდა იყოს. მყავდა ეტალონი პედაგოგი, რომელმაც ქართული ენა შემაყვარა. საბედნიეროდ, არ მყოლია ისეთი პედაგოგი, რომელიც რომელიმე საგნის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას შემიქმნიდა. სკოლაში გამოკითხვებს მუდმივად ვატარებთ, რომ გავარკვიოთ მასწავლებლები როგორ აფასებენ სასწავლო პროცესს, მოსწავლეები როგორ აფასებენ პედაგოგებს და ამის მიხედვით შესაბამისი ზომები მივიღოთ. 


კომენტარები


სკოლები
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა 
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება
სიახლეები
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში
საინტერესო
საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ ფერად და ლაღ გარემოში თქვენი შვილების მრავალმხრივ 
საბავშვო ბაღ ანბანელას „ერუდიტებში“ თქვენი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით 
ამერიკელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, სემ ტარასმა The History Channel-სთვის ფოტოების კოლექცია შექმნა 
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
ეტალონი

2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყვარლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
საზოგადოება