სიახლეები


სკანდალი პირველი კლასის სახელმძღვანელოს გარშემო - „თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა?“
08-08-2018
-
+


სოციალურ ქსელში ორი დღეა არ მთავრდება დისკუსია პირველი კლასის ახალი სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც გამომცემლობა „ტრიასს“ ეკუთვნის. სახელმძღვანელოს გრიფი მოუხსნეს. აღნიშნულთან ერთად გრიფი კიდევ ერთ - გამომცემლობა „ელფის“ I-IV კლასებისთვის განკუთვნილ მათემატიკის სახელმძღვანელოს მოუხსნეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე რაერთხელ გააკეთა

სტატუსი ამ თემაზე ფილოლოგმა გია მურღულიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მან გრიფირებიდან ამოღებული პირველი კლასის სახელძღვანელოდან ერთ-ერთი ლექსი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა:

„ეს არის გამომცემლობა "ტრიასის" მიერ პირველკლასელთათვის მომზადებული სახელმძღვანელოსთვის (დედა ენისთვის) შერჩეული ერთ-ერთი ლექსი. მე ეს ლექსი არ მომწონს - ვისურვებდი, უფრო გემოვნებიანი ტექსტები შეერჩიათ წიგნისთვის. სხვა ხარვეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებას შევეკითხები: თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?

ორი ღორი

ერთი, ორი, ერთი, ორი, გზაზე მიდის ორი ღორი.
ცოტა ხნის წინ იქორწინეს, არ გასულა კვირა ორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, გაიარეს ქუჩა ორი.
ჭიშკარს აღებს დედა ღორი, სად წავიდა მამა ღორი?
ერთი, ორი, ერთი, ორი, ეზოში დგას დედა ღორი.
აქეთ-იქით იყურება: არსად არ ჩანს მამა ღორი.
სუფრას აწყობს დედა ღორი, მოიტანა სკამი ორი,
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ნერვიულობს დედა ღორი, რატომ არ ჩანს მამა ღორი?
5-3-7-2, მობილურით რეკავს ღორი.
ზარი გადის, არ პასუხობს, დაეკარგა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ყველგან ეძებს დედა ღორი,
აქეთ ეცა, იქით ეცა, მოირბინა ქუჩა ორი.
ღელავს, ოხრავს, ნერვიულობს, სადღაც გაქრა მამა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება დედა ღორი.
იქნებ კარგად ვერ მოძებნა და სახლშია მამა ღორი?
არსადაც არ დაკარგულა, ყვავილებს კრეფს მამა ღორი!
ძლიერ უნდა, ამ საღამოს გაახაროს დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, შინ ბრუნდება მამა ღორი.
ცოლს მიართვა თაიგული, გაახარა დედა ღორი.
სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, სუფრას უზის ორი ღორი,
სკამიც - ორი, ჭიქაც - ორი, კოვზიც - ორი, თეფშიც - ორი.
ყვავილები ძლიერ მოსწონს, იღიმება დედა ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ჭურჭელს რეცხავს ორი ღორი.
ჭიქა - ორი, კოვზი - ორი, ფაიფურის თეფშიც - ორი.
ახლა დროა დაისვენონ, დაიღალა ორი ღორი.
ერთი, ორი, ერთი, ორი, ნამდვილია, განა ჭორი,
დღესაც ცხოვრობს ლამაზ ქოხში ბედნიერად ორი ღორი.
ერთი არის დედა ღორი, მეორეა მამა ღორი.
გოჭებიც ჰყავთ ვარდისფერი, თან თორმეტი, განა ორი?
ქატოც - აქა, ფქვილიც - აქა! ერთი, ორი, ერთი, ორი.

ასეთი ვრცელი (განსაკუთრებით - პირველკლასელთათვის), ალოგიკური და მდარე გემოვნების განმასახიერებელი „ლექსის" დაწვრილებითი ანალიზითა და განხილვით მკითხველს არ გადავღლი - ეს ის შემთხვევაა, როდესაც ტექსტი საკუთარ თავზე უკიდურესი თვალსაჩინოებით „ლაპარაკობს". ორი კითხვა კი უნდა დავსვათ:
1. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ „შედევრის" შეტანა დედაენაში და როგორ მეტყველებს ეს არჩევანი ავტორთა ჯგუფის კომპეტენციასა და გემოვნებაზე?
2. იმ ადამიანებს (მაინცდამაინც ბევრნი არ არიან), რომლებიც ამ სახელმძღვანელოს იცავენ („ინოვაციურად" და „საუკეთესოდ", ასევე - სხვა სახელმძღვანელოთა შორის გამორჩეულად მიიჩნევენ), ასეთი ტექსტები ძალიან ეძვირფასებათ?“ - წერს მურღულია.

აღნიშნულ თემაზე სტატუსი გაავრცელა სოციალურ ქსელში  განათლების სფეროს ექსპერტმა პაატა პაპავამ:

„რამდენიმე დღეა, თვალყურს ვადევნებ ქართული ენის პირველი კლასის სახელმძღვანელოს დაბლოკვასთან დაკავშირებულ აურზაურს. ჩემთვის, როგორც  G-PriEd - ის წიგნიერების მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელისთვის, მეტად სასიხარულო აღმოჩნდა ცნობა გრიფის მინიჭების შესახებ. ეს იქნებოდა მომდევნო წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს სკოლებში განვრცობილი ანალიზურ-სინთეზური მიდგომით კითხვის სწავლებისკენ. აქედან გამომდინარე, მეტად მტკივნეულია ამ იდეისა და შესაბამისი მასალის შეჩერება, თანაც უხეირო და ბუნდოვანი მექანიზმებით.

ორი რამ მაინტერესებს და აუცილებლად უნდა გავარკვიო.

პირველ რიგში, მაინტერესებს, ამჯერად რა გახდა ალტერნატიული სახელმძღვანელოების დაბლოკვის მიზეზი: 

ა) არცოდნა იმისა, რომ არსებობს საყურადღებო, მოსინჯვის ღირსი ალტერნატიული ვარიანტები;
ბ) ჯიუტად აჩემება იმისა, რომ არსებობს ერთადერთი სწორი ალტერნატივა (რა თქმა უნდა, მას ალტერნატივა არ გააჩნია);
გ) სიმხდალე და შიში ალტერნატიულ მიდგომებთან შეხების მიმართ;
დ) ფარული ინტერესი იმგვარი სარგებლის მიღებისა, რომელიც ძველი ალტერნატივის შენარჩუნების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი;
ე) ბოღმა და შური ალტერნატიული მიდგომის დამნერგავთა მიმართ;
ვ) ალტერნატიული მიდგომის დაწუნება საღი, მიუკერძოებელი, დასაბუთებული შეფასების შედეგად? 

თუ კიდევ სხვა, უცნობი და აუხსნელი მიზეზი?

კიდევ, გულწრფელად მაინტერესებს, რას იტყოდა ბატონი იაკობი ამ ყველაფერზე, დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო? საერთოდ შევიდოდა კი სახელმძღვანელოების შეფასების კომისიაში? თუ ისევ ავტორობას არჩევდა? თითქმის ხელუხლებლად შეინარჩუნებდა საკუთარ დედაენას თუ შეიტანდა მასში ცვლილება-დამატებებს? რა აზრისა იქნებოდა ოცდამეერთე საუკუნეში იმ ძველი ტექსტებით კითხვის სწავლების შესახებ? რას იტყოდა ამ ახალ, განვრცობილი ანალიზურ-სინთეზური მიდგომით შექმნილ სახელმძღვანელოზე?“ - აღნიშნავს პაპავა. 



ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, მწერალი ლელა კოტორაშვილი ასევე გულდაწყვეტილია, რომ წიგნს გრიფირება არ შეუნარჩუნდა და თავის გულისტკივილს სოციალურ ქსელში გამოთქვამს:

პირველი კლასის წიგნში შეტანილი ლექსის - „ორი ღორის" - ირგვლივ ატეხილი ამბის გამო ძალიან შეშფოთებული ვარ. რომ წარმოვიდგენ ლექსისა თუ წიგნის ავტორების მდგომარეობას, კიდევ უფრო ვნერვიულობ.

იმიტომ, რომ მათი უმეტესობა ჩემი მეგობარია და სწორედ მათგან ვისწავლე ბევრი რამ, რაზეც ჩემი პედაგოგიკაა აგებული. მათ რჩევებს ვითვალისწინებ გასაუბრების, კონკურსებისა თუ კონფერენციების დროს. მათი არსებობა ჩემთვის დიდი ძალაა და თანამოაზრეებად ვთვლი. პირველ კლასთან წელს პირველად მქონდა შეხება. სწავლების მეთოდები სწორედ მათგან ვისწავლე.

ვესწრებოდი ხათუნას გაკვეთილებს და მის მიერ გამოყენებულ მეთოდებს ჩემს პრაქტიკაში ვნერგავდი. ჩუმად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ უსამართლობის მონაწილე გავხდები. ლექსი "ორი ღორი" არის არაჩვეულებრივი რესურსი მასწავლებლებისთვის. წარმოვიდგინე, რამდენ აქტივობას ავაგებდი მის ირგვლივ.

წარმოვიდგინე, როგორ ვიმხიარულებდით მე და ჩემი მოსწავლეები.

მოვაწყობდით მკითხველის თეატრს, წავიკითხავდით ძალიან სწრაფად, ან - ნელა, ან - სხვადასხვა ცხოველის ხმაბაძვით. თან ციფრებია გამოყენებული, რა თქმა უნდა, გამიზნულად.
დავუკავშირებდით მათემატიკას. თან იმდენი ლამაზი სიტყვაა: ჭიშკარი, ქოხი, გორა, ეზო, ქატო, ფაიფური... გავხაზავდით და გავაფერადებდით ამ სიტყვებს.

სიმღერით სწავლებას გავიხსენებდით და პაატას შექმნილ მუსიკას „ცა და მზე" გამოვიყენებდით. დავხატავდით ყველაზე საყვარელ ეპიზოდს, ანუ იმ ადგილს ლექსიდან, რომლის მოსმენისას გული აუჩქარდებოდათ. ლექსს ზეპირად არ ვისწავლიდით. ხალხური ზღაპრის დასასრულიც გულს ათბობს.

მარტო ამ სტრიქონის გამოა ლექსი წიგნში შესატანი:

„სიყვარულით გაფერადდა სახლი, ეზო, მთა და გორი".

მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟები ღორები არიან, ლექსი ძალიან ჰუმანურია. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლექსი არის რიტმული, მარტივი, სიტყვამრავალი. მე, როგორც მასწავლებელს, ამ ლექსის კითხვისას ჩემი უსაყვარლესი მეგობარი გამახსენდა, ღორებზე რომ არის შეყვარებული და მამაჩემი, მარნეულში ხელოვნური გუბე რომ მოუწყო ღორებს, ჯაგრისით ფხანდა ტალახში გატრუნულებს, მამა კი უხორხო ყელზე ხელს იჭერდა და ძლივს მაგებინებდა, ანტალია მოვუწყვეო.

არ მინდა, რომ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა ჩემთვის სტიმულის მომცემია, კარგი საქმე გაუცუდდეთ...“- წერს მასწავლებელი.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება