სიახლეები
საინტერესო

I Don’t Belong Anywhere - ამბავი ქალზე, რომლის ადგილიც არსად არ იყო
01-08-2018
-
+


„არაფერი მესმოდა კინოზე და მხოლოდ „სენტროპეს ჟანდარმი“-ს ჟანრის ფილმები მქონდა ნანახი და ვფიქრობდი, რომ კინო მხოლოდ მაყურებლის გასართობად იყო. არც კი ვთვლიდი, რომ ის ხელოვნების გამოხატვის საშუალება იყო. „შეშლილ პიეროზეც“ როგორც ერთ ჩვეულებრივ ფილმზე, ისე წავედი, არც კი ვიცოდი ვინ იყო გოდარი, სათაური მომეწონა და ბილეთი იმიტომ შევიძინე  და პირველად ჩემს სიცოცხლეში ვნახე, რომ კინო ხელოვნება ყოფილა. დარბაზიდან გამოსვლისას, გადავწყვიტე გადამეღო ფილმი“.  

შანტალ აკერმანი 1950 წლის 6 ივნისს, ბრიუსელში დაიბადა. შანტალის დედა, ნატალი ოსვენციმის ბანაკს გადარჩენილი პოლონელი ქალი იყო, რომელმაც პოლონეთიდან გამოქცევის შემდეგ თავი ბელგიას შეაფარა. მოზარდობის პერიოდში, შანტალი და დედამისი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. შანტალი იხსენებდა, რომ დედამ პირობა ჩამოართვა, თუ მას სურდა კარიერა, უარი უნდა ეთქვა ახალგაზრდა დაქორწინებულიყო. ასეც მოიქცა, აკერმანი არასდროს დაქორწინებულა და მთელი თავისი ცხოვრება ფილმებს მიუძღვნა.

რეჟისორი 15 წლის იყო, როცა ჟან-ლუკ გოდარის ფილმის „შეშლილი პიერო“ ჩვენებას დაესწრო. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა მასში ადამიანი, რომელიც მზად იყო ახალი სიტყვა ეთქვა მსოფლიო კინემატოგრაფიაში. პირველი ფილმი 18 წლისამ გადაიღო. „ჩემი ქალაქის აფეთქება“ ასე ერქვა ფილმს, რომელიც 1971 წელს ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე აჩვენეს. იმავე წელს, აკერმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც 1972 წლამდე დარჩა.

შტატებში ყოფნის დროს აკერმანმა რამდენიმე ფილმი გადაიღო. ბელგიელი რეჟისორის განსაკუთრებულობა, გამორჩეულობა და ექსტრავაგანტულობა მისი კარიერის დასაწყისში შექმნილ ფილმებში განსაკუთრებით აისახა. მარიანა ლამბერტის დოკუმენტურ ფილმში შანტალ აკერმანის შესახებ, რეჟისორი ხუმრობით გვიყვება, თუ როგორ იშოვა ფული პირველი ფილმების გადასაღებად. „ნიუ-იორკში ჩავედი, უზარმაზარი ბარგით ხელში და არ ვიცოდი, რა მექნა. საბედნიეროდ, სამსახური ვიშოვე, მოლარედ, კინოთეატრში. და რას ვაკეთებდი? ბილეთს შუაზე ვხევდი და ნახევარს ერთ ადამიანს ვაძლევდი, მეორე ნახევარს – მეორეს. ბილეთები ხელიდან მეცლებოდა, ჯიბეები კი ფულით მევსებოდა და ასე, ამ ფულით შეიქმნა „ოთახი“ და „სასტუმრო მონტერეი“ (1972წ).

1973 წელს აკერმანი ბელგიაში დაბრუნდა. 1975 წელს კი ის თავის რეჟისორულ კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ფილმს ქმნის. „ჟან დილმანი, კომერციის სანაპირო 23, ბრიუსელი 1080“ – ასე ერქვა ფილმს, რომელმაც რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. ფილმის ჩვენება პირველად ბერლინის საერთშორისო ფორუმზე შედგა (ულრიხ გრეგორის დაარსებულ კინო ფესტივალზე). ფილმი დღესაც ყველა დროის ყველაზე ძლიერ ფემინისტურ ფილმად მიიჩნევა, „ნიუ-იორკ თაიმსმა“ კი ფილმს ფემინისტური კინოს პირველი შედევრი უწოდა. „ჟან დილმანი, კომერციის სანაპირო 23, ბრიუსელი 1080“ შუა ხნის ქვრივის, ჟანის ყოველდღიურ პრობლემებზე მოგვითხრობს. ის ახალგაზრდა შვილთან ერთად ბრიუსელის პატარა ბინაში ცხოვრობს და თავს პროსტიტუციით ირჩენს. ფილმის ნახვისას მაყურებელი დროის შეგრძნებას კარგავს, ახლანდელი ყოფნა და წარსულის ელემენტები ერთმანეთში ირევა. ჟანას ცხოვრება რეალურ დროშია ნაჩვენები. აკერმანი ამბობდა, რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება ეგრძნო მაყურებელს მთლიანი ფილმი და ჟანას ცხოვრების ტრაგიკულობა. „გრძელი სტატიკური კადრები უზრუნველყოფს მაყურებელს, ყოველთვის იცოდეს, სად ვარ მე“.

1974 წლიდან შანტალი უკვე აქტიურად იღებს ფილმებს. ბრიუსელიდან ნიუ-იორკამდე, პარიზიდან თელავივამდე, აზიასა თუ აღმოსავლეთ ევროპაში, ექსპერიმენტული ფილმების დიდი ტალღა წამოვიდა. შანტალ აკერმანის სახელი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, როგორც ნოვატორი, კინო-რადიკალი და ფემინური ფილმების პირველი პიონერი. „ევროპის ექსპერიმენტული შუქურა“ – ასე უწოდებდნენ მას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ისეთ რეჟისორებზე, როგორებიც არიან: გას ვან სანტი, ტოდ ჰეინსი და მიკაელ ჰანეკე.

შანტალთან მუშაობა არ იყო მარტივი. ფრანგი მსახიობი ავრორე კლემენტი შანტალს იხსენებს, როგორც ენერგიულ და ქარიზმატულ ქალს, რომელმაც ფილმზე „ანას შეხვედრები“ (1978 წ.) მსახიობი თავდაპირველად დაიწუნა. „პირველად რომ შევხვდი, მან მითხრა, შენ ჩემი ფილმისთვის არ გამოდგები, ზედმეტად ლამაზი ხარ. ვერაფერი ვუთხარი. გავიდა დრო და პარიზში ისევ შევხვდით ერთმანეთს და ის მოვიდა და თქვა: შენ სწორედ ის ხარ, ვინც მინდა, ერთად ვიმუშავოთ. მეც ვუპასუხე, ვიმუშავოთ“.

ავრორე კლემენტის გარდა შანტალთან მუშაობდნენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან ჟულიეტ ბინოში, უილიამ ჰერთი, ან ვაზემსკი, ლუ კასტელი, ფილიპ გარელი და სხვები.

რეჟისორის ამპლუაში შანტალ აკერმანს 40-ზე მეტი ფილმი აქვს გადაღებული, არის მრავალი კინოფესტივალის გამარჯვებული, იყო ბერლინის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

მან სრულიად შეცვალა ქალის პორტრეტი დიდ ეკრანზე, რევოლუცია მოახდინა და დაამკვიდრა მონტაჟისა და გადაღების სრულებით განსხვავებული მანერა, მაგიური ხანგრძლივი ხედები და არასტანდარტული კადრს მიღმა ტექსტები.

შანტალ აკერმანმა ბოლო ფილმი 2015 წელს გადაიღო. „No Home Movie” დოკუმენტური ფილმია, რომელიც რეჟისორმა დედის განვლილ ცხოვრებას მიუძღვნა, ოსვენციმის ბანაკიდან 2014 წლამდე.

შანტალ აკერმანი 2015 წლის 5 ოქტომბერს, პარიზში გარდაიცვალა. ფრანგული პრესის ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

წარმოიდგინეთ, ქალი მოკლე ქერა თმებით და ჭორფლებით, სულ ოდნავ დაწინწკლული ცხვირთან და თვალის უპეებთან. წარმოიდგინეთ? სწორედ ასეთი ქალი იყო შანტალ აკერმანი. თხელი, გამხდარი და ბელგიელებისთვის დამახასიათებელი ფრანგული აქცენტით მოსაუბრე. მიყვარს, როცა ფრანგულ ენაზე მოსაუბრე ხალხს ვუსმენ, შანტალიც ალბათ ამიტომ შემიყვარდა. ის ხომ განსაკუთრებული და თვალსაჩინო მაგალითია იმ ყველაფრის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვინდა, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. ბელგიაში დაბადებული გოგონას ისტორია, რომელმაც კინოში გადატრიალება მოახდინა, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი მეჩვენა მანამ, სანამ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს ვნახავდი. „ჩემი ადგილი არსად არაა“ ასე ჰქვია ფილმს, სადაც მე სხვანაირი შანტალი დავინახე. დიდი და ძლიერი რეჟისორები ბევრი ჰყოლია მსოფლიოს, მაგრამ შანტალისნაირი გულწრფელი ნაკლებად. მისი თითოეული ფილმი ცხოვრებაა, იუმორით სავსე, კომედიური, სევდიანი და უსამართლო ცხოვრება, რომლის ასე აშკარად დანახვასაც ცდილობს ის ჩვენთვის. ფილმები მისთვის გამოხატვის საშუალებაა, ამიტომაც იცავს სცენარის, სცენის, მონტაჟის თითოეულ ნაწილს ასე გააფთრებით. შანტალის საყვარელი რეჟისორი ჰიჩკოკი იყო, რომელზეც ის ამბობდა, რომ ალფერდი ზღუდავდა მაყურებელს, არ აძლევდა თავისუფლებას, ბოლომდე შეეგრძნო მაყურებელს ფილმი. რასაც წერს და როგორც წერს, მხოლოდ ეს უნდა ითამაშოს მსახიობმა, სხვა დანარჩენი გამორიცხულია, რადგან მაშინ ეს აღარ იქნება შანტალ აკერმანის კინო. ის იღებს ფილმებს, რათა იგრძნოს მაყურებელმა თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს მისი ბედი. „ფილმი არ უნდა გაიგო, არამედ იგრძნო“.

შანტალი ფილმებს ქმნიდა სულისა და გონების ერთმანეთთან შერწყმით. მისი ფილმების ყურებისას არ იღლები, არ გწყინდება, ეს არაა ამერიკული ბლოკბასტერი და არც ფრანგული მელოდრამა. ეს სულ სხვაა, რომლის მხოლოდ ფიზიკური აღქმა საკმარისი არაა. ფილმების შინაარსი შეიძლება მოჰყვე, მაგრამ ფილმს ვერ მოჰყვები.

თუ ერთხელ მაინც შეხედავ შანტალ აკერმანს, მიხვდები ეს ქალი როგორ ფილმებს იღებს. მისი ცხოვრებაც ერთი დიდი კინოა, რომლის სცენარიც თვითონ დაწერა. ისე იცხოვრა, როგორც უნდოდა და როგორც მოსწონდა. რამდენიც უნდოდა.

მსოფლიოსთვის შანტალი ყოველთვის იქნება ბელგიელი სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი ქალი, რომელმაც შექმნა ახალი კინო. ზოგისთვის კი იგი ცისფერ პერანგში და ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილი ქალია, მეტყველი, ცისფერი თვალებით, რომლის ადგილი არსად არ იყო. 


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება