სიახლეები


კონტროლდება თუ არა ქართულ ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის ხარისხი - რა საფრთხეებზე საუბრობს ეკოლოგი და გაეროს ექსპერტი
20-07-2018
-
+


აგრო-ეკო-ტოქსიკოლოგი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი, კომპანია „ეკოლაიფ კონსალტინგის“ დირექტორი ხათუნა ახალაია ამბობს, რომ იმ შხამ-ქიმიკატებს, რომლებიც საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის შესაწამლად გამოიყენება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება შეუძლია. ქვეყნის სურსათის უვნებლობის სააგენტო კი აცხადებს, რომ საზამთროში ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება, მაგრამ სხვა ინფორმაციას ფლობენ აგროეკოლოგიის სფეროში მომუშავე ექსპერტები. მათი მტკიცებით, საზამთროში, ნესვსა და სხვა პროდუქციაში ნიტრატებიც და სხვა მავნე ნივთიერებებიც, დასაშვებზე 3-4-ჯერ მეტია.

რატომ მიიჩნევა საზამთრო და ნესვი სხვა ხილზე მეტად მავნებლად, როგორ აკონტროლებს სახელმწიფო ქართულ ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ხილისა და ბოსტნეულის ხარისხს, როდის რა მივირთვათ, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს? ამ და სხვა  კითხვებზე Etaloni.ge-ს ხათუნა ახალაიამ უპასუხა. 

- 2016-2017 წლებში ორგანიზაცია „ეტიკმა“ ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ ნესვსა და საზამთროში 3-4-ჯერ მაღალი იყო ნიტრატებისა და ნიტრიტების შემცველობა. მდგომარეობა არ გამოსწორებულა - ფერმერულ მეურნეობებში დღემდე არ კონტროლდება სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება. არ ვიცით, რა ხარისხის შხამ-ქიმიკატები შემოდის, რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც მათ შემცველობასა და უვნებლობას განსაზღვრავს. პესტიციდები იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში, მაგრამ ხშირად ეტიკეტის გარეშე ყიდიან, ან იქვე ხდება გადაფუთვა... ფერმერს არ აქვს სახელმძღვანელო, რომლის მიხედვითაც უნდა მოამზადოს შესაწამლი ნაზავი და მხოლოდ იმის მიხედვით მოიხმარს, კონსულტანტმა რა უთხრა, ან მეზობელმა როგორ ასწავლა. ამ კონსულტანტების უმრავლესობაც არაა კვალიფიციური და არც არავინ ამოწმებს მათ კვალიფიკაციას. ნაზავი პროფესიონალურად უნდა მომზადდეს, რათა მისი ნარჩენი არ შერჩეს ხილს და ზიანის მომტანი არ იყოს.

- საერთოდ თუ კონტროლდება პესტიციდების მაღაზიები?

- ჩვენ კვლევა ჩავატარეთ ქვემო ქართლის რეგიონში, ის ეხებოდა პესტიციდების გამოყენებას და სპეციალიზებულ მაღაზიებში მათი რეალიზებისას დარღვევებს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მწირეა ცნობიერება ფერმერებისა, რომლებიც იყენებენ პესტიციდებს და არ იციან, როგორ დაიცვან თავიანთი ოჯახები თუ მომხმარებელი. ძალიან ბევრი დარღვევა აღმოვაჩინეთ. ამ მაღაზიების კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება და, როგორც ვიცი, აჯარიმებენ კიდეც, მაგრამ მერე მაინც იგივე გრძელდება. ან ჯარიმა არ არის ისეთი დიდი, ან ფიქრობენ, რომ დღეს რომ შეამოწმეს, ხვალაც არ შემამოწმებენ. რაიმე ეფექტური ნაბიჯების მოფიქრებაა საჭირო სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან.

ქვეყანაში რომ პროდუქციაში პესტიციდების დასაშვები ნორმა არ კონტროლდება, იქიდანაც ჩანს, რომ რამდენიმე ფერმერი, რომლებმაც სხვა ქვეყანაში სცადეს, მაგალითად ატმის შეტანა, უკან გამოაბრუნეს სწორედ ხილში პესტიციდების მაღალი შემცველობის გამო. მახსოვს ინგლისში არ შეატანინეს ჩვენს ფერმერს, არც საფრანგეთსა და გერმანიაში.

ყველა ევროპული ქვეყანა აკონტროლებს საკვებში პესტიციდების დასაშვენ ნორმას. როდესაც ფერმერს გამიზნულად მოჰყავს პროდუქცია და რომელიმე ქვეყანაში გატანა სურს, უნდა იცოდეს, რა დასაშვები ნორმებია იქ, რომ დიდ ზარალში არ ჩავარდეს.

- ჩვენს ქვეყანაში რაც შემოდის, ის თუ კონტროლდება?

- საერთოდ არანაირი კონტროლი არ არსებობს.

- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომ, მაგალითად, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების რაოდენობა არ აღემატება ზღვრულ ნორმებს...

- მათ დაიწყეს ამ პროდუქტების კვლევა. ისინი ამბობენ, რომ 30-მდე ანალიზი აიღეს, მათ შორის, 8 საზამთროსი და მათში არ აღმოჩნდა ნიტრატებისა და ნიტრიტების საგანგაშო შემცველობა. შეიძლება იმ საზამთროებში, რომლებიც მათ შეამოწმეს, მართლაც ასე იყო, მაგრამ რამდენიმე კონკრეტულმა მარკეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ დებს დახლზე ნესვსა და საზამთროს, რადგან მათში ამ ნივთიერებების ჭარბი დოზაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საფრთხე არსებობს.

- იქნებ მაღაზიები ამ განცხადებას თვითრეკლამად იყენებენ - ჩვენთან მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს ვყიდითო.

- სამწუხაროდ, მათ არ გაასაჯაროვეს იმ ანალიზების პასუხები, რაც თავად ჩაატარეს, მაგრამ ამბობენ, რომ სწორედ ქიმიური ნივთიერებების დასაშვებზე მეტის არსებობის გამო არ დევს მათ დახლზე ეს კულტურები.

- როგორც ამბობენ, მზიან ამინდში მოყვანილ ხილში ნაკლები ნიტრატებია, ვიდრე მზის მცხუნვარების გარეშე დამწიფებულშიო. ანუ მზის სხივები მოქმედებს შხამებზე?

- არა, მზე არაფერ შუაშია. მთავარია, დამწიფებული იყოს. სიმწიფის ხარისხის მიხედვით იკლებს პროდუქტში მავნე ნივთიერებების შემცველობა. საზამთროში ნიტრატები ხვდება წყალთან ერთად - ფესვიდან მიეწოდება. სიმწიფის პროცესში ეს ნიტრატები და ნიტრიტები გარდაიქმნება ფრუქტოზად თუ სახაროზად, რაც მავნე არ არის. თუ დამწიფებამდეა მოკრეფილი, ქიმიური ნივთიერების სახით რჩება პროდუქციაში და თავისთავად მავნეა.

- როდესაც საუბარია ნიტრატებზე, მუდამ საზამთროსა და ნესვზე საუბრობენ. სხვა ხილისგან განსხვავებით, ესენი უფრო მეტი შხამით მოჰყავთ?

- საზამთრო, ნესვი, ყაბაყი, გოგრა გამოირჩევა იმით, რომ მთლიანად ისრუტავს ნიადაგში არსებულ ყველა ქიმიურ ნივთიერებას. ხშირად, ამ კულტურებს ნიადაგის დასასუფთავებლად, იქიდან დაბინძურების გამოსატანად თესავენ და მერე მოწეულ პროდუქტს ყრიან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ნიადაგზეა მოყვანილი ასეთი ტიპის ბაღჩეული კულტურა. მნიშვნელოვანია ნიადაგის ანალიზები, სწორი აგროტექნიკური ღონისძიებები და პესტიციდების სწორად გამოყენება. გლეხმა მშვენივრად იცის, არის თუ არა მისი ტერიტორია დაბინძურებული და ასეთ ადგილას არ უნდა მოიყვანოს ეს კულტურები. 

როდესაც საკუთარი ოჯახისთვის მოჰყავთ პროდუქცია, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილით იქცევიან. ხშირად, როცა სტუმრად მიდიხარ, გეუბნებიან, ამ ბოსტანში ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის მომყავს და არ ვასხურებ შხამ-ქიმიკატებსო. სადაც დიდი ტერიტორია აქვთ და საიდანაც ბაზარზე გააქვთ პროდუქცია, ჩვეულებრივ მოიხმარენ. ანუ კარგად იცის, რომ პესტიციდები მავნეა და სახელიც ასეთი აქვს - შხამ-ქიმიკატები. ხშირად ისინი არ იწვევენ მყისიერ პრობლემას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გროვდება ორგანიზმში და მერე გარდაიქმნება ან კანცეროგენად, ან ხდება იმუნური სისტემის დაქვეითების მაპროვოცირებელი. ფერმერი უნდა მიხვდეს, რომ სხვისთვისაც ისეთივე წესით უნდა მოიყვანოს მოსავალი, როგორიც თავისი შვილებისთვის მოჰყავს და ამაში ჩვენც უნდა დავეხმაროთ - არ უნდა ვიყიდოთ მისგან მავნე პროდუქცია.

- როგორ დაიცვას თავი მომხმარებელმა, როგორ შეგვიძლია მივხვდეთ, რომ მავნე პროდუქტს ვყიდულობთ?

- ვერ მიხვდებით, თუ არ შემოწმდა ლაბორატორიაში. ყველა ხომ ვერ დაიწყებს ამის კვლევას და ამიტომ, უნდა კონტროლდებოდეს სავაჭრო ქსელები. ამისთვის არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, მომხმარებელთა ასოციაცია და საერთაშორისო დონორები, რომლებიც ეხმარებიან არა ბიზნეს სექტორს, არამედ მომხმარებელს. ხშირად ტარდება ასეთი სახის კვლევები.

- მაგრამ შედეგი მაინც არ დგება?

- არა, რადგან, ვისაც არ დაეზარა და პატარა მიწა ჰქონდა, ყველამ დაიწყო ფერმერული მეურნეობის გაშენება. ამ საქმეს კი ცოდნა უნდა.

რაც შეეხება იმას, როგორ დავიცვათ თავი, ხილი და ბოსტნეული აუცილებლად სეზონზე უნდა მიირთვათ. ნესვი და საზამთრო, სანამ სიმწიფეში არ შევა, არ უნდა იყიდოთ. ამის გარდა, უნდა იყიდოთ ისეთ ქსელებში, სადაც კონტროლდება პროდუქციის ხარისხი. ძველი ხალხი ამბობდა, რომ საზამთრო ჯობს მიირთვათ აგვისტოში. ამ დროს მასში უკვე დაბალანსებულია ყველა ის ღირებულება, რაც საზამთროს უნდა ჰქონდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მასში მაინც იყოს ნიტრატები, თუ ძალიან დიდი რაოდენობით მიაწოდეს აზოტოვანი სასუქები.

- საზამთრო, რომელიც მოწამვლას იწვევს, ესე იგი, ნიტრატებითაა დაბინძურებული?

- დიახ. თუ ხილს მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ აქვს და მაინც იწვევს რაღაც ტიპის მოწამვლის შეგრძნებას, ეს აუცილებლად მასში შემავალი ქიმიური ნივთიერებების დაგროვების ბრალია. სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში სწორედ ამ ჩივილით მიმართვიანობა ბოლო დროს ძალიან გაზრდილია.

- გამოდის, სურსათის ეროვნული სააგენტო გვიმალავს, რომ ფერმერები არაკეთილსინდისიერად გვექცევიან?

- სახელმწიფო უწყებები ასეთ დროს ძალიან ფრთხილობენ. არ უნდათ ბიზნესსექტორის დაზარალება და ხშირად არ აცხადებენ, თუ რაიმე პრობლემაა. ესენი ბიზნესსექტორზე ბევრს ფიქრობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიზნესსექტორი არ ფიქრობს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ეს სააგენტო ახლა გვეუბნება, 8 ნიმუშში არ აღმოჩნდაო. არ ვფიქრობ, რომ იტყუება, რადგან შეიძლება იმ 8 ნიმუშში მართლაც არაფერია, მაგრამ სხვას ამბობენ დიდი ქსელის მაღაზიები, რომლებსაც თავად აქვთ საშუალება, შეამოწმონ პროდუქციის ხარისხი. სურსათის ეროვნული სააგენტო ახლა სხვადასხვა რეგიონში ატარებს სხვადასხვა პროდუქციაზე ანალიზებს, რაც ძალიან კარგია. საქართველოში გვაქვს ლაბორატორია, სადაც ნიტრატებისა და ნიტრატების შემოწმება ხდება, მაგრამ სხვა ქიმიური ნივთიერებების შემცველობას ვერ ამოწმებენ.

ყველას ვურჩევ, ხილი მიირთვას სეზონზე და ან ისეთი, რომელიც საქართველოში მოდის და არა შემოტანილი ბანანი თუ ანანასი, რასაც შემოტანის დროს აუცილებლად უმატებენ დამცავ ქიმიურ ნივთიერებებს. ასე რომ, ჯობია, დაუმუშავებელი და ადგილობრივი ხილი მივირთვათ.

- მართალია, რომ ბოსტნეულის მოხარშვის დროს მასში მცირდება პესტიციდების რაოდენობა?

- ქიმიური ნივთიერება შეუძლებელია მოხარშვამ შეამციროს. მოხარშვა მხოლოდ მიკროორგანიზმებისგან ასუფთავებს, ქიმიური ნივთიერება რჩება.

- ხეზე მსხმოიარე ხილს რაც შეეხება, უფრო უსაფრთხოა?

- ხეზე მსხმოიარე ხილს მეტი ფილტრი აქვს ნიტრიტებთან და ნიტრატებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება სხვა პესტიციდებს, აქაც პრობლემაა. თუ რაიმე ისეთ ქიმიურ ნივთიერებას გამოყენებენ მისი შეწამვლისას, რომელიც არ იშლება დიდი ხნის განმავლობაში და რჩება პროდუქციაში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას დააზიანებს.

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
რეგისტრაცია დაიწყო და 100 ლარი ღირს - NAEC ტესტირებას 10 აპრილს ჩაატარებს
გამარჯვებულები სიგელებით, დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან
ავტორიზირებული საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების სია ცნობილია
მასწავლებლების გამოცდაზე რეგისტრაცია აპრილის პირველ ნახევარში დაიწყება - NAEC
პიროვნება
„ვფიქრობ მოსწავლეები დამახასიათებენ მეგობრულ, საყვარელ, სამართლიან მასწავლებლად“
სკოლები
მოსწავლეები სახალისო აქტივობებშიც ჩაერთნენ და გააფერადეს და დახატეს თემატური ნამუშევრები
მასწავლებელმა ისაუბრა ქართული ჯარის სიძლიერეზე, მოქალაქეობრივ ვალზე
ბავშვებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო პროგრამებს გაეცნენ
მოსწავლეებმა, წარმატებით დაძლიეს სასკოლო რაუნდის ბარიერი და ეროვნული რაუნდში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
საინტერესო შემთხვევაა ე.წ. მომთაბარე სკოლაც, სადაც ბავშვები განათლებას კარვებში იღებენ
სიახლეები
საზოგადოება