სიახლეები


„ევროკავშირი ითხოვს, რომ არ დავაკავოთ ის არასრულწლოვნები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ჯერ ნასამართლევნი არ არიან“
19-07-2018
-
+


გასული წლის დეკემბერში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიება დღემდე დასრულებული არ არის. ამ საქმის ჩახლართვის ერთ-ერთ მიზეზად, სამართალდამცავები არსებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც, მოზარდი ვალდებული არაა გამოძიებას ჩვენება მისცეს.

საქმის ვითარება ბევრად საგანგაშოდაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. არასრულწლოვანი, რომელიც ნასამართლევი არ ყოფილა, იმდენ ნაკლებად მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, რამდენიც უნდა და პასუხსაც არ აგებს!

რა კოდექსი და კანონი მოქმედებს დღეს საქართველოში არასრულწლოვნებზე და როგორ არის წახალისებული მათ მიერ დანაშაულის ჩადენა? - ამ კითხვებზე Etaloni.ge-ს იურისტმა, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მწვრთნელმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, პაატა მეხრიშვილმა უპასუხა.

- ბატონო პაატა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების ჩიხში შეყვანის ერთ-ერთ მიზეზად სამართალდამცავები არასრულწლოვანთა მიმართ არსებულ მართლმსაჯულების კოდექსს იშველიებენ და ამბობენ, რომ მათი ვერდაკითხვის გამო შეექმნათ პრობლემები. რითი განსხვავდება სრულწლოვანისა და არასრულწლოვანის დაკითხვა ამ კოდექსის მიხედვით?

- დიახ, ამ საქმეზე ნამდვილად იყო დაკითხვის პრობლემები, რადგან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, პირი თუ უარს აცხადებს ნებაყოფლობით გამოკითხვაზე მონაწილეობის მიღებაში, პროცესის მწარმოებელს უფლება არ აქვს, მიმართოს სასამართლოს ამ მოწმის დაკითხვის თაობაზე. ანუ ამ უფლებას ეს კოდექსი გამომძიებელსა და პროკურორს უკრძალავს, რაც სრულწლოვანის შემთხვევაში სავალდებულოა. თუ სრულწლოვანი პირი ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს ამბობს და დადასტურებულია, რომ ის ფლობს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში, გამომძიებელს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ამ მოწმის დაკითხვის თაობაზე და მოწმე ვალდებულია, ჩვენება მისცეს. არასრულწლოვნების შემთხვევაში კი ეს არ და ვერ ხდება. სწორედ ამის გამო იყო, რომ არასრულწლოვნები, რომლებმაც არ მისცეს ჩვენება, ვერ დაავალდებულეს ჩვენების მიცემაში.

ერთია, რომ არასრულწლოვანთა ინტერესებზეა მორგებული ეს კოდექსი, რომ არ დავავალდებულოთ ჩვენების მიცემა, მაგრამ მართლმსაჯულებას სერიოზულად ეშლება ხოლმე ამით ხელი. 

- ეს კოდექსი სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს?

- ჩვენთან ამ კოდექსზე ბევრი იმუშავა საერთაშორისო ექსპერტმა, ავსტრიელმა რენატე უინთერმა. ეს გახლავთ ევროკავშირში მოღვაწე ექსპერტი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის არასურულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაში. საქართველოში ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების დროს იყო მონდომებული, რომ ეს განეხორციელებინა, მაგრამ მაშინ ვერ მიაღწია. მისი და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით შემუშავდა დღეს არსებული კოდექსი. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ბევრად წინ ვართ ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით არასრულწლოვანთა დაცულობის კუთხით, მაგრამ მართლმსაჯულებაში ეს პრობლემებს ქმნის. დღეს არასრულწლოვანი ბრალდებული იქნება, მოწმე თუ დაზარალებული, მისი საუკეთესო ინტერესია უპირველესი ამოსავალი და არა მართლმსაჯულებისა. მისი ფსიქიკის, ფსიქოემოციური მდგომარეობის დაცვის მიზნით ყველაფერი კეთდება, რომ პროცესში მონაწილეობამ მისი ტრავმირება და დაზარალება არ გამოიწვიოს.

- როცა მართლმსაჯულება აღსასრულებელია, ფსიქოლოგის ჩართულობითაც არ შეიძლება, რომ სიმართლე ათქმევინონ არასრულწლოვანს?

- ასეთ დროს, ფსიქოლოგის ჩართულობას კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს. გასაგებია, რომ ფსიქოლოგის ჩართულობით კითხვები სწორად იქნება დასმული და ბავშვის ფსიქიკა არ დაზიანდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, კანონი იმასაც უშვებს, რომ არასრულწლოვანს შეუძლია საერთოდ არ მისცეს ჩვენება. იტყვის, არ მინდა ჩვენების მიცემაო და იქ მთავრდება ყველაფერი. საკამათოა, რომელი სჯობს - მართლმსაჯულების ინტერესი, თუ არასრულწლოვანის ასეთი მაღალი დაცულობა. ხორავას ქუჩის ამბავი შეიძლება მავანთათვის დამაფიქრებელიც აღმოჩნდეს, რომ ამ კუთხით რაღაც შესაცვლელია.

- დადასტურებული დანაშაულის შემთხვევაში, არასრულწლოვნის დაკავების პროცედურაც განსხვავდება სრულწლოვნის დაკავებისგან?

- დაკავების პროცესი დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მაშინვე საქმის კურსში აყენებენ მშობელს, აუცილებელია ადვოკატი, რომელსაც არყოლის შემთხვევაში, თავად უნიშნავენ. თუ პოლიციელმა დანაშაულზე წაასწრო, შეიძლება ის პოლიციელი არ იყოს სპეციალიზირებული არასრულწლოვანთა კუთხით და აუცილებლად სპეციალიზირებულ გამომძიებელს უნდა გადასცეს.

- პრესით ისიც გაჟღერდა, რომ დადასტურებულად, ვიდეოკამერებით დაფიქსირებული, მაგალითად, მაღაზიის გაქურდვის დროსაც კი არ შეიძლება არასრულწლოვანის დაკავება.

- ამავე კოდექსით, თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელიც არ არის ნასამართლევი და ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის სახით, მაქსიმუმ 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუ დანაშაულზე წასწრების შემთხვევაა, ეს დაკავებას და დანაშაულის აღკვეთას ხელს არ უშლის, მაგრამ, რადგან თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელის სახე, არ გამოიყენება, ამიტომ, დაკავებისაგანაც თავს იკავებენ. 

საცდელად არის შემოტანილი ეს კოდექსი ჩვენს რეალობაში თუ რა ხდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ევროკავშირი ითხოვს, რომ სტანდარტი მაღალი იყოს და არ დავაკავოთ ის არასრულწლოვნები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ჯერ ნასამართლევნი არ არიან. მე პირადად მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ათეულობით ქურდობა აქვს ჩადენილი არასრულწლოვანს და არ აკავებენ. ამის შესახებ მქონია კიდეც საუბარი გამომძიებელთან, პროკურორთან... კი, გასაგებია არასრულწლოვნის ინტერესი, მაგრამ მუდმივად დანაშაულს რომ სჩადის, რაღაც ფორმით ხომ უნდა დავაკავოთ და აღვკვეთოთ მის მიერ დანაშაულის ჩადენა?! არადა, თეორიულ დონეზე, კანონი არ კრძალავს პირის დაკავებას და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. კოდექსი კი აღარ უშლის ხელს, პრაქტიკის დონეზეა დარეგულირებული. როგორც ადვოკატი, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ... გასაგებია ევროკავშირი და დაცულობა, მაგრამ საცდელი კურდღლები ხომ არ უნდა ვიყოთ?!

- ეს ხომ, ფაქტობრივად, დანაშაულის წახალისებაა?

- ათი ქურდობა ჩაიდინა ერთმა არასრულწლოვანმა. ქურდობასაც აქვს მაკვალიფიცირებელი გარემოებები. აქაც არსებობს მძიმე და ნაკლებადმძიმე დანაშაული. ბოლოს მაღაზიიდან 10 ათასი ლარის ტელეფონები გამოიტანა. ეს უკვე ნაკლებადმძიმე დანაშაული აღარ არის.

- ტელეფონები მაინც თუ დააბრუნებინეს?

- არა, სად დააბრუნებინეს?! დანაშაულზე არ წაუსწრიათ. მერე დადგინდა, რომ მისი ჩადენილი იყო. თუ წაასწრებდნენ, სახლში არ გაატანდნენ, მაგრამ... სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ბრალი აქვს წაყენებული, მაგრამ პატიმრობა არ არის გამოყენებული და ისევ გარეთაა. ახლა უკვე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, მის მიმართ რა სასჯელს გამოიყენებენ. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსამართლე მის მიმართ რაღაც სასჯელს, ალბათ, გამოიყენებს, მაგრამ ჯერ კიდევ გარეთ არის და დანაშაულს დანაშაულს უმატებს. მოსამართლეს შეუძლია, პატიმრობაც გამოიყენოს. ამ ადამიანს მე უკვე აღარ ვიცავ, სხვაა მისი ადვოკატი და არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს საქმე.

გასაგებია, რომ არასრულწლოვანია და შეიძლება ერთხელ შეცდეს, მეორედაც, მაგრამ რომ ხედავ მუდმივად აგრძელებს დანაშაულის ჩადენას და რეალურად დანაშაულის პრევენცია ვერ ხდება და თავად ამ არასრულწლოვანის ცხოვრებას ვერ ვასწორებთ, ჩარევა აუცილებელია და მათ შორის, პატიმრობის შეფარდებაც უნდა იქნას გამოყენებული. აქამდე თუ არასრულწლოვანთა კოლონიაში 200-300 პირი იყო ხოლმე, დღეისათვის იქ 20-25-ია, რომლებმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინეს - მოკვლა, დაჭრა... რატომღაც სტანდარტივითაა, რომ თუ ერთხელ გასამართლდა და მეორედაც ჩაიდენს რამეს, დააპატიმრებენ, მაგრამ როცა ნასამართლევი არ არის, შეუძლია დანაშაულს დანაშაული დაუმატოს.

- არასრულწლოვანის მშობელს თუ ეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა?

- არა. შეუძლებელია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შვილის მაგივრად მშობელს დაეკისროს. ერთადერთი, სამოქალაქო სამართლის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით, შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მშობელს, თუმცა, ეს რომ მომხდარიყო ქართულ რეალობაში, არცკი მახსენდება.

- მაგალითად, რა შეიძლება დაეკისროს მშობელს კანონით?

- თუ არასრუწლოვანმა ჩაიდინა ადმინისტრაციული გადაცდომა ან სხვა რამ და ვინმეს ზიანი მიადგა, მშობელს შეიძლება ამ ზიანის ანაზღაურება დაეკისროს, თუ მშობელი არ დაადასტურებს, რომ მისი აქტიური მოქმედების შედეგად, ეს ამბავი არ იქნებოდა თავიდან აცილებული. შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ამ შესაძლებლობის რეალიზებაც სხვადასხვაგვარადაა გაგებული.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება