სიახლეები
საინტერესო

„არის შემთხვევა, როდესაც მამა მთვრალი მოდის სახლში და...“- რას წერდა ნოდარ დუმბაძე ბავშვების აღზრდის შესახებ
13-07-2018
-
+


ყველასთვის საყვარელი მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი და სცენარისტი ნოდარ დუმბაძე ბავშვების აღზრდისა და მათი სწორად განვითარების საკითხს საკმაოდ დიდ დროს უთმობდა. სწორედ ამიტომაცაა, რომ ნოდარ დუმბაძის ლექსები და ნაწარმოებები ბავშვური ხალასი იუმორითა და მრავალმხრივი სათავგადასავლო სცენარით გამოირჩევა.

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ავტორი ბავშვების აღზრდის თავისებურებების შესახებ წერს: 

„მშობლების როლი ბავშვის აღზრდის საქმეში განუზომელია. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვებიც გარკვეულ როლს ასრულებენ მშობლების აღზრდაში. განსაკუთრებით აქტიურობას იჩენენ ამ საქმეში 5-6 წლის ბავშვები.

ცნობილია, რომ ბალღი დაბადებიდან ერთი წლისთავზე იწყებს ტიტინს, რასაც ზოგიერთი მშობელი ტლიკინს უწოდებს. სწორედ ამ ტლიკინზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, ანალიზი გავუკეთო ამ საკითხს და მოგცეთ შესაძლებლობა, წინასწარ გაითვალისწინოთ იმ აღმზრდელობითი მეთოდის სიმკაცრე, რომელსაც თქვენს მიმართ იყენებენ ბავშვები. არის შემთხვევა, როდესაც ბავშვი ზამთარში თხოულობს საზამთროს, თქვენ ვერ უკმაყოფილებთ კანონიერ მოთხოვნას და უხსნით, რომ საზამთრო ზაფხულში მოდის. ბავშვს სამართლიანად უკვირს და გეკითხებათ:


– აბა, რატომ ჰქვია საზამთრო ?

ეს შეიძლება თქვენც არ იცოდეთ და ბავშვი გაუნათლებელი დარჩეს ბოტანიკის ამ სფეროში. მაგრამ ეს არაფერია, ახლა ამაზე არ მოგახსენებთ. არის შემთხვევა, როდესაც მამა მთვრალი მოდის სახლში და ბავშვი ეკითხება დედას:

– დედიკო, ლა მოუვიდა მამას?

– გამსკდარია!

ბავშვი იმავე წუთში მეტისმეტი ჩაბერვისას გამსკდარ თავის უვარგის ბურთს წარმოიდგენს და მოკლედ მოჭრის:

– გადავაგდოთ და აქალი ვიკიდოთ. 

ამას შეიძლება ყური მოჰკრას მამამ და ბავშვის ფიზიკური მოუმზადებლობა ბოროტად გამოიყენოს. სამაგიეროდ, შემდეგში სიფრთხილეს გამოიჩენს და აღარ გაილეშება. ადვილი შესაძლებელია, რომელიმე ოჯახის მამა საწყობის გამგეც იყოს და გამფლანგველიც. კიდევ უფრო ადვილი შესაძლებელია ასეთმა მამიკომ სახელმწიფოს კუთვნილი ათიოდე ყუთი საპონი შეჭამოს. გაიგებს ამას ბავშვი და მიმბაძველობით თვითონაც სცდის ამას, რასაც არასასურველი შედეგი მოჰყვება წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით.

- მამებო! არის არის გამორიცხული, რომ რომელიმე თქვენგანის შვილი მიუახლოვდეს ბაბუას (თქვენს მამას) და ჰკითოხს:

– ბაბუ, მამაჩემს რომ ყელში ამოუხვედი და კისერზე დააჯექი, ბევრი გასეირნა?

– რას ამბომ შვილო?!

– გუშინ მამამ დათიკო ბიძიას უთხრა, მომაშორე ეგ ბერიკაცი, თორემ ყელში ამომივიდა, სამი დღეა ჩემს კისერზე ზისო.

ბაბუას ჩიბუხი უვარდება ხელიდან, მამას კი აგონდება… როგორ კამათობდა ძმასთან, თუ ვინ უნდა არჩინოს 100 წლის მამა, რომელსაც დღეში ერთი ჭიქა ჩაი და ერთი ნაჭერი პური ჰყოფნის. ერთი და რამდენიმე დღის შემდეგ მივა შვილი მამასთან და სერიოზულად ჰკითხავს:

– მამიკო, რატომ არ ღრუტუნებ?

რატომ უნდა ვიღრუტუნო? შვილო?

– იმიტომ, რომ ღორი ხარ! ასე თქვა ბაბუამ!

რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგის შემდეგ ბავშვს საგრძნობლად უწითლდება ყვრიმალები და ყურის ბიბილოებიც უსივდება, მაგრამ მამა მაინც უფიქრდება თავის საქციელს და გარკვეულ მუშაობას ატარებს გაღორებული ავტორიტეტის აღსადგენად.დედებო! ძალიან ადვილი შესაძლებელია ანალოგიური ამბავი თქვენც დაგემართოთ: ერთ მშვენიერ დღეს მიუახლოვდეს თქვენი შვილი ბებიას (თქვენს დედამთილს) და სთხოვოს:

- ბებო, კუდი მაჩვენე რა!

ბებოს გაოცებისაგან სათვალე გაუვარდება, თქვენ კი გაგახსენდებათ, რომ გუშინ ბავშვის თანდასწრებით ქმარს უთხარით, დედაშენი კუდიანიაო. ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ მოვა თქვენივე შვილი, მოგაწოდებთ საპონს და გთხოვთ:

- დედიკო, პირი დაიბანე, თორემ ბებია ამბობს, რომ შენ პირშავი ხარ.

თქვენ აღარაფერი გაგონდებათ, პირიქით, გავიწყდებათ... და იწყება ოთახში დიდი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილის პოემის „რძალდედამთილიანის“ ინსცენირება".

ვფიქრობ, ეს მაგალითები ბევრ თქვენგანს დააფიქრებს და მსგავს შემთხვევებს გაახსენებს. ასე რომ, იყავით მეტად დაკვირვებულები და გაიაზრეთ, რას ლაპარაკობთ ბავშვის თანდასწრებით,“- წერს ნოდარ დუმბაძე. 

კომენტარები


სიახლეები
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი მყიდველის მიერ თანხის გადაცემის დროს დააკავეს
სკოლები
ღონისძიებას პედაგოგი მარინა ტაბიძე ხელმძღვანელობდა
საინტერესო
მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო 
შვანდტების ოჯახი მიჩიგანიდან ყოველწლიურად შვილების მატებითა
ძაღლი რიგანი და პატარა ოქროსთმიანი ბიჭი განუყრელი მეგობრები არიან
დილით რაც გსურთ, ყავის არომატული გემოს შეგრძნებაა
მშობლებს ყოველივე საუკეთესო სურთ საკუთარი პატარასთვის
ეტალონი
სიახლეები